Get All Access for $5/mo

მომავლის 10 სოციალური მედიატენდენცია ძლიერდება და ფეხს იკიდებს ის ძლიერი სოციალური მედიატენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც მომხმარებელზე, ისე ბრენდებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

გასულ პერიოდში სოციალურმა ქსელმა რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიაში მიიღო მონაწილეობა: Facebook-მა Snapchat-ის მომხმარებლები Instagram-ში შეიტყუა; აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის ოფიციალური პოზიცია Twitter-ზე მინიმალური 140 სიმბოლოთი გამოხატა; Apple-მა კი განაცხადა, რომ მობილურ მოწყობილობებთან ჩვენი ურთიერთობის ფორმას შეცვლიდა. მომავალში სოციალური მედია უფრო მეტ არეულობას გეგმავს, რადგან სამყაროში ახალი ტექნოლოგიური მიღწევები იკიდებს ფეხს, მასთან ერთად კი მკვიდრდება სოციალური მედიის შეცვლასთან დაკავშირებული ახალი სოციალური ნორმებიც.

გაეცანით მომავლის 10 სოციალურ მედიატენდენციას:

დამატებითი რეალობის (AR) შესაძლებლობები

Apple-მა Steve Jobs Theater-ის პირველივე ღონისძიებაზე განაცხადა ახალი პროდუქტების შესახებ, რომ სმარტფონებს უკვე ახალი ჩიპი აქვს, რომელიც მომხმარებელს აზიარებს დამატებით რეალობას (AR - აღქმის არეალში ნებისმიერი მონაცემის შეყვანა გარემოზე მონაცემთა დასამატებლად და ინფორმაციის აღქმის გასაუმჯობესებლად). ეს, პირველ რიგში, მობილურ თამაშებზე ახდენს გავლენას. სავარაუდოდ, ამ ახალ შესაძლებლობას სოციალური მედიაპლატფორმებიც გამოიყენებენ.

მაგალითად, სრულიად ადვილი შესაძლებელია, Snapchat-მა ან Instagram-მა სულ მალე ის ფილტრები გამოიყენონ, რომლებიც მომხმარებელს მეგობართან ან სხვა ცნობილ ადამიანებთან სელფების დისტანციურად გადაღების შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ, AR-ის მეშვეობით. ზუსტად ასე შეძლებენ ბრენდები თავიანთი პროდუქტების მომხმარებლის სახლში პროეცირებას სოციალური ქსელების სპეციალური ფილტრებით.

Instagram Stories-ის პოპულარობა დღითიდღე იზრდება

ფუნქციით Instagram Stories ყოველთვიურად 200 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ასეთი ტემპებით Instagram-ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობის ნახევარი სულ მალე Stories-ის გამოიყენებს. ეს ნიშნავს, რომ ბრენდებმა, რომლებიც Instagram-ის მომხმარებლებით არიან დაინტერესებულნი, დრო უნდა გამონახონ და Instagram Stories-ის დაეუფლონ.

ინვესტირების გაგრძელება გავლენის (influencer) მარკეტინგში

მარკეტოლოგთა 90%-ზე მეტი გავლენის მარკეტინგის სტრატეგიას წარმატებულად მიიჩნევს. კომპანიები, როგორიცაა North Face, Hubspot და Rolex, სოციალურ ქსელებში ახალ აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად და არსებულთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად სწორედ ამ სტრატეგიას იყენებენ.

აშკარაა, რომ ბრენდებს, რომლებმაც ტრადიციული სარეკლამო სტრატეგია აირჩიეს, სოციალური ქსელების მომხმარებლებთან დაკავშირება რთულად გამოსდიოდათ. ამიტომაც მომავალში სრულიად მოსალოდნელია, გავლენის მარკეტინგულ სტრატეგიას იმავე მიზნით გაცილებით მეტმა ბრენდმა მიმართოს - კერძოდ, მათ, რომლებიც ტრადიციულ სტრატეგიებს უგულებელყოფენ.

მთელი ყურადღება 1990-იანი და 2000-იანი წლების თაობებზე

Goldman Sachs-ის ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ორგანიზაციათა უმრავლესობისათვის 1986-1996 წლებში დაბადებულებზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო 1990-იანი და 2000-იანი წლების თაობები. მათ ახლა უნდა შეაბიჯონ მშრომელთა რიგებში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ძლიერი მსყიდველობითი შესაძლებლობებიც გაუჩნდეთ.

ბრენდები ამ ფაქტის გათვალისწინებით სოციალურ მედიასტრატეგიას შეცვლიან. დიდ ინვესტიციებს ელოდეთ ისეთ პლატფორმებში, რომლებიც 1990-იანელებსა და 2000-იანელებს უყვართ, ანუ Snapchat-სა და Instagram-ში.

ბრენდების მეტი მონაწილეობა SMS შეტყობინებათა პლატფორმებში

მთელ მსოფლიოში 2,5 მილიარდი ადამიანი იყენებს SMS შეტყობინებათა პლატფორმებს. მიუხედავად ამისა, ბრენდები, პირველ რიგში, მაინც სოციალური ქსელებით ამჯობინებენ დაკავშირებას მომხმარებელთან. ხელოვნური ინტელექტი, ხმოვანი ასისტენტები და ჩატბოტები (კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინტერნეტით მომხმარებელთან საუბრის სიმულაციას ახდენს) ბრენდებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პერსონალურად შესთავაზონ პროდუქცია ისეთი SMS პლატფორმებით, როგორიცაა Messenger, WhatsApp და Kik.

პირდაპირი ტრანსლაციის (live streaming) განვითარება

ის, რაც ოდესღაც ახალი ტრიუკი იყო, დღეს სოციალური მედიის ნაწილი გახდა და დიდმა თუ პატარა ბრენდებმა ყურადღების მისაპყრობად "ლაივების" გამოყენება დაიწყეს.

თუ დააკვირდებით, საქართველოში ესთეტიკური მედიცინის ცენტრები სწორედ "ლაივების" საშუალებით მიდიან მომხმარებელთა გულებამდე, რადგან პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით აჩვენებენ, როგორ უწევენ ექიმები თავიანთ მომსახურებას ცნობილ ადამიანებს. უამრავი ადამიანი უყურებს ჩართვას და ხდება გვერდის გამომწერი, მოგვიანებით კი - მომხმარებელიც.

მომავალში უფრო მეტი ბრენდი აღიარებს პირდაპირი ტრანსლაციის ძალას და აუცილებლად შეიტანს თავის ყოველთვიურ გეგმებში.

Twitter-ის ახლებურად გააზრება

Twitter-მა გასულ წელს ვერ შეძლო თავის ხელმომწერთა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა. ფაქტობრივად, LinkedIn-ს, Facebook-სა და Instagram-ს გაცილებით მეტი მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში. Twitter-მა ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირდაპირი ტრანსლაციის უფლებაც დაკარგა (Amazon-მა შეძლო მისი მოპოვება). სავარაუდოდ, Twitter-ის ხელმძღვანელობა მომავალში ახალ გეგმას შეიმუშავებს პლატფორმის გასააქტიურებლად.

შესაძლოა, ის კერძო ინვესტორებმა იყიდონ, Twitter-მა პლატფორმა შეცვალოს და ხელმოწერის სხვა ელემენტები დაამატოს, ან განახლდეს ის სარეკლამო არჩევანი, რომლითაც იგი სხვა პლატფორმებს ჩამორჩება.

ციფრული კომუნიკაციის სერვისი ფეხს იკიდებს

Houseparty ციფრული კომუნიკაციის პლატფორმაა, ვიდეოშეხვედრა, რომელსაც ყოველდღიურად მილიონი ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით, ასეთი საინტერესო აუდიტორია - 1990-იანი და 2000-იანი წლების თაობები. ეს გახლავთ მეგობრებთან ციფრული ურთიერთობის საუკეთესო საშუალება, ისეთი წარმატებული, რომ Facebook-იც კი დროდადრო ეძებს ანალოგიურ საშუალებათა შექმნის გზებს თავის პლატფორმებზე.

უკვე დავრწმუნდით, როგორი მნიშვნელოვანი გახდა სოციალურ მედიაში ვიდეო. ამ ტენდენციის აშკარა გამოხატულებაა ციფრული კომუნიკაციის სერვისი პირდაპირ ეთერში. შესაძლოა, Facebook-მა Houseparty-ის მსგავსი პროდუქტის შესახებ განაცხადოს, რაც მას ისევე შესძენს მომხმარებელს, როგორც Stories-ის დამატებით მოახერხა Instagram-მა.

Facebook Spaces (ვირტუალური რეალობა) ფეხს იკიდებს Facebook არ არის დაინტერესებული პირდაპირი ტრანსლაციით და მუშაობს პროექტზე Spaces, რომლის დანიშნულებაა მეგობრების დაკავშირება ვირტუალურ რეალობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ Facebook ვირტუალური რეალობის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Oculus-ის მფლობელია, გასაკვირი არ იქნება, რომ სოციალური მედიის გიგანტი პლატფორმის განვითარებას ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ცდილობს.

Facebook სულ ახლო მომავალში იქნება მზად Spaces-სთვის და სოციალური მედიის ვირტუალური რეალობა პირველი წარმატებული პროდუქტი გახდება.

სოციალური პლატფორმები უპირატესობას ანიჭებენ მართვის გაცილებით ძლიერ პოლიტიკას

2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სადავო გადაწყვეტილებათა შემდეგ, სოციალური ქსელების პლატფორმებმა მართვის პრაქტიკულ გზას მიმართეს. Facebook-მა ათასობით განაცხადი გამოააშკარავა, რომლებიც, როგორც ჩანს, რუსეთის ჩარევას უკავშირდებოდა. ამასთან, მან ახალ ხელოვნურ ინტელექტსა და მონიტორინგის სხვა ფორმებში ჩადო ინვესტიცია.

Facebook და Twitter ბოლო წლებში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ჩანს, ეს პლატფორმები ქცევის კოდექსისა და მართვის ძლიერ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს, რომელიც ბრენდებს მომავალში კრიტიკისგან დაიცავს.

შეჯამება

რას ველოდოთ ახლო მომავალში?

სოციალურ ქსელებში ძლიერდება და ძალას იკრებს ის ახალი ტენდენციები, რომლებიც მომავალში გავლენას მოახდენს როგორც მომხმარებლებზე, ისე ბრენდებზე. ვიდეონაკადი (video streaming - ნაკადური მულტიმედია, რომელშიც ვიდეოფაილის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში ინტერნეტით მიეწოდება მომხმარებელს. ეს იძლევა ინტერნეტში ვიდეოფაილის ჩამოტვირთვის გარეშე ყურების საშუალებას) და ვირტუალური რეალობა ფართოდ მოიკიდებს ფეხს. გარდა ამისა, ბრენდები ისეთ სოციალურ პლატფორმებს გამოიყენებენ, როგორიცაა Instagram და Snapchat, რადგან როგორც 1990-იანების, ისე 2000-იანების თაობები ყველაზე მეტ დროს აქ ატარებენ.

სრულიად რეალურია ახალი iPhone-ებიც სოციალური მედიის ნაწილად იქცეს, რაც რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელი ჩანდა.

და ბოლოს, Twitter და Facebook თავიანთ პოლიტიკაში ცვლილებას შეიტანენ, რომ ბრენდები პოლიტიკური კრიტიკისგან დაიცვან და მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი