Cyber Monday Sale! 50% Off All Access

BIM³ - ციფრული რევოლუცია სამშენებლო ინდუსტრიაში ვინ როგორ აშენებს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

თანამედროვე მსოფლიოში გაციფრულების პროცესი აქამდე არნახულ მასშტაბებს აღწევს. ციფრულმა ტექნოლოგიებმა და მუშაობის ახლებურმა მეთოდებმა პრაქტიკულად ყველა სფეროში შეაღწიეს და როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებლის ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივეს. ცხადია, გამონაკლისს არც აიმ (არქიტექტურა/ინჟინერია/მშენებლობა) ინდუსტრია წარმოადგენს და ინოვაციურმა გადაწყვეტებმა აქაც იჩინა თავი. განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში კი, BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია და ქართულ ბაზარზე, მშენებლობის სრულ ციკლში BIM-ის დანერგვის მოწინავე კომპანია − "ბიმ კუბი" მოექცნენ, რაზეც Entrepreneur დაწვრილებით მოგახსენებთ.

იმისათვის, რომ BIM ტექნოლოგიის უპირატესობა ნათლად დაგანახვოთ, თვალი გადავავლოთ შენების ტრადიციულ პროცესს, მის ისტორიასა და პრობლემატიკას, რასაც როგორც დამკვეთები, ისე მშენებლები დღემდე აწყდებიან.

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, შენებისა და დაგეგმარების პროცესს, ინფორმაციული მოდელირების ტექნოლოგიის დანერგვამდე, პრინციპული ცვლილება არ განუცდია. არქიტექტორი ესაუბრება დამკვეთს, იღებს მისგან ინფორმაციას შენობის სასურველი ვიზუალისა და დიზაინის შესახებ; შემდეგ, კონსტრუქტორებისა და ინჟინრების ჩართულობით, არქიტექტორი მუშაობს ნახაზებზე და ინფორმაციის მიმოცვლა დამკვეთსა და პროექტის ავტორებს შორის, როგორც წესი, ამ ნახაზებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

ორგანზომილებიანი ნახაზები ხშირად შემაფერხებელი ფაქტორი ხდება, ვინაიდან სრული სურათის დანახვის გარეშე, დეტალების გათვალისწინება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ეს კი, შემდგომი შეცდომების, პროექტის გადაკეთების, აშენებულის ნგრევისა და ხელახალი შენების, დიდი ფინანსური თუ ადამიანური რესურსების ირაციონალური ფლანგვისა და უამრავი სხვა პრობლემის განმაპირობებელია.

ინოვაციური, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა ტრადიციული მიდგომების არასახარბიელო სტატისტიკურმა მონაცემებმა განაპირობა და შეიქმნა BIM-სისტემა, რომელიც სამგანზომილებიანი მოდელების აგებით, ინფორმაციის მიმოცვლას ამარტივებს და ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

რა არის BIM-ის მნიშვნელოვანი სარგებელი?

  • შეცდომების რაოდენობა მცირდება 30-40%-ით
  • გადაკეთებისა და ცვლილების საჭიროება მცირდება 20-35%-ით
  • ვაუმჯობესებთ ფინანსების დაგეგმვასა და კონტროლს 15-25% ით
  • პროექტის ხანგრძლივობა მცირდება 15-20%-ით
  • მშენებლობის პროცესით გამოწვეული ნახშირბადის ემისია 5-10%-მდე მცირდება
  • შრომა 20-40%-მდე უფრო პროდუქტიული ხდება
  • 10-15%-ით ვამცირებთ სამშენებლო ნარჩენებს

BIM-ის მეშვეობით, პროექტში ჩართული თითოეული მხარე, იქნება ეს არქიტექტორი, კონსტრუქტორი თუ ინჟინერი, ერთობლივად მუშაობს კონკრეტულ პროექტზე, რაც მშენებლობის პროცესს მეტად პროდუქტიულს ხდის.

ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-ტექნოლოგიის პიონერად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ კომპანია "ბიმ კუბი", რომელიც 2020 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინჟინერ-მშენებლების − თეიმურაზ გელაშვილისა და ოთარ დავითაძის მიერ დაარსდა. ეს გახლავთ პირველი კომპანია ქართულ "აიმ" ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებელს შენობა-ნაგებობების პროექტირება/ მშენებლობის ციკლს სრულად BIM-ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს.

"ბიმ კუბის" მისიაა შენობა-ნაგებობების პროექტირება, სრული სამშენებლო პროცესის მართვა, სამშენებლო მენეჯმენტი და კონსალტინგი, ინოვაციური ტექნოლოგია BIM-ის გამოყენებით.

იმის დასადგენად, თუ რამ განაპირობა ასეთ რთულ, პანდემიურ რეალობაში საქმიანობის დაწყება, Entrepreneur კომპანია "ბიმ კუბის" თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ოთარ დავითაძეს გაესაუბრა.

ოთარ დავითაძე: "პანდემიური ვითარების გამო, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. გარემო პირობებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სამშენებლო სფეროც გადასულიყო ავტომატიზებულ და ციფრულ სამუშაო პროცესებზე. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, "აიმ"-ინდუსტრიისთვის შეგვეთავაზებინა არსებული სირთულეების პრაქტიკული გადაწყვეტები და შეგვეკრიბა ამ სფეროში გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი, რომელიც აქტიურად იქნებოდა ჩართული ამ პროცესებში".

კომპანია "ბიმ კუბი" გვთავაზობს მულტიფუნქციურ საპროექტო მომსახურებას. იგი სრულად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და უზრუნველყოფს სამუშაოთა ტექნოლოგიურ თუ ესთეტიკურ ჭრილში, მაღალი სტანდარტის დაცვას.

პროექტირების ეტაპი მოიცავს:

  • კონცეპტუალურ დიზაინს
  • სრულ არქიტექტურულ პროექტს
  • სრულ კონსტრუქციულ პროექტს
  • სრულ საინჟინრო სისტემების პროექტს
  • არქიტექტურულ და კონსტრუქციულ დოკუმენტაციას
  • ინტერიერის დიზაინს
  • ქალაქგეგმარებას
  • დეტალურ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას

რაც შეეხება "ბიმ კუბის" მომსახურებას, სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით, კომპანია გვთავაზობს ისეთი მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა: საჯარო, საგანმანათლებლო, სასტუმრო და სპორტული დანიშნულების ცენტრები; საოფისე სივრცეები; ინდუსტრიული შენობა-ნაგებობები; სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები; სავაჭრო ცენტრები და ა.შ.

სამშენებლო სამუშაოები მოიაზრებს შემდეგ მიმართულებებს:

  • რკინა-ბეტონის სამუშაოები;
  • ლითონის კონსტრუქციები;
  • ხის კონსტრუქციები;
  • სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

"ბიმ კუბის" საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება და სამონტაჟო სამუშაოები თამაშობს. პროექტირების სტადიაზე ენერგოეფექტურობა და მდგრადობის პრინციპებია გათვალისწინებული, რაც თავის მხრივ, დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების წინაპირობაა.

საინჟინრო სამუშაოები აერთიანებს: ელექტრობის, სუსტი დენების, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს, და სადრენაჟე სისტემების მოწყობას.

"ბიმ კუბის" გუნდი მომხმარებელს მშენებლობის მენეჯმენტისა და კონსალტინგის სერვისსაც სთავაზობს. მენეჯმენტი მოიცავს მოსამზადებელი სამუშაოებისა და რისკის ანალიზს, შესყიდვებს, სამუშაოების შესრულებასა და მის კონტროლს თითოეულ ეტაპზე; ასევე, სახელშეკრულებო პროცესების მენეჯმენტს, პროექტის დასრულებასა და ექსპლუატაციაში მიღებას. ამ ყველაფრის ერთობლიობა, საშუალებას გვაძლევს დამატებითი ხარჯები ავიცილოთ და მშენებლობისათვის დადგენილი ვადები მკაცრად დავიცვათ. ექსპერტები მუშაობის დაწყებამდე განიხილავენ ბიუჯეტს, პროექტის გეგმა-გრაფიკს, დიზაინს, სპეციფიკაციებს, კომერციულ წინადადებებს, კონტრაქტებსა და ა.შ.

რას უზრუნველყოფს "ბიმ კუბი" ქართულ სამშენებლო ბაზარზე?

  • ზუსტი და გამჭვირვალე სახარჯთაღრიცხვო სისტემის დანერგვას, რომელიც ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების ერთ-ერთი წინაპირობაა
  • პროექტის დიზაინისა და სამშენებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას
  • პროექტის დაგეგმვას, რისკის მართვასა და წარმოქმნილი პრობლემების უმოკლეს დროში გადაჭრას
  • დროში გახანგრძლივებულ გარანტიებსა და მდგრად გადაწყვეტილებებს
  • დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და ახალ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით

საბოლოო ჯამში, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების შერჩევის პროცესზე, რომელიც სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უძღვის. აგრეთვე, რაც მთავარია, დამკვეთი ფართომასშტაბიან და ინტეგრირებულ გუნდთან ურთიერთობს, რომელიც ბიუჯეტის მაქსიმალურად სწორად გამოყენებასა და დაგეგმვას უზრუნველყოფს. მომხმარებელი ეცნობა პროექტში ჩართული თითოეული კომპანიისა თუ მომწოდებლის ხარისხსა და გამოცდილებას და ინფორმირებულია პროექტის მიმდინარეობის სტადიების შესახებ, რაც მისი თითოეული ეტაპის წარმართვაში ჩართულობას ზრდის.

"ბიმ კუბის" გუნდის წევრები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან, რომელთა შესრულებული პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავი და მასშტაბურია.

"ბიმ კუბის" გუნდის პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: TBC-ის თბილისის ბიზნესცენტრი; "აქსის თაუერსი"; "თბილისის ზღვის პლაზა"; "ჰოლიდეი-ინნ თელავი"; ბათუმის "ჰილტონი"; "Le Meridien ბათუმი"; "შატო მუხრანი"; საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია; "ბათუმის სამორინე Campione"; რესტორანი "რესპუბლიკა" და მრავალი სხვა.

კომპანია "ბიმ კუბი", თავის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბაზარზე "თამაშის ახალი წესების დანერგვას" გეგმავს.

თუ როგორ აპირებენ ამ ამბიციური გეგმის განხორციელებას, ოთარ დავითაძემ გაგვანდო, რომ:

"ქართულ სამშენებლო ბაზარზე დამკვიდრებული სტანდარტი უკვე მოძველებულია და საჭიროებს განახლებას, BIM-ტექნოლოგია კი, წარმოადგენს ბაზარზე ახალი თამაშის წესების შემოღების საშუალებას, რაც თავის მხრივ, დარგის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროცესის დაწყება წარმოადგენს ქართული სამშენებლო ბაზრის უმთავრეს საჭიროებას და სწორედ ეს გახლავთ ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა".

კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, Entrepreneur-ს, "ბიმ კუბის" თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, თეიმურაზ გელაშვილი ესაუბრა:

"რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ამ მომენტისათვის დეველოპერულ კომპანიებთან და კერძო სექტორის სხვა საშუალო და მცირე წარმომადგენლებთან მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა. აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს საგანმანათლებლო ხასიათის აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ინფორმირებას BIM-პროცესების შესახებ".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს