ინტერვიუ წარმატებულ ფინტექ ანტრეპრენერთან, რომელიც Goldman Sachs-მა შეიძინა Clarity Money-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ადამ დელი იხსენებს, თუ როგორ მიიპყრო მისმა აპლიკაციამ Goldman Marcus by Goldman Sachs-ის ყურადღება
By დენ ბოვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ამ სერიაში ნამდვილი ანტრეპრენერების რჩევებს, იდეებსა და მოსაზრებებს გიზიარებთ, რომლებსაც ყოველდღიურ ბიზნესბრძოლებში უწევთ ამ ყველაფრის კეთება (პასუხები შემოკლებული და რედაქტირებულია)
გთხოვთ, ორი სიტყვით აგვიხსნათ, რა არის სინამდვილეში Clarity Money?
მე ადამ დელი ვარ, Clarity Money-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ეს პირადი ფინანსების მართვის უფასო აპლიკაციაა, რომელიც მონაცემების გამოყენებით სრულიად ნათელ წარმოდგენას გიქმნით თქვენს რეალურ ფინანსურ არჩევანზე და იმაზეც, თუ რა სახის შესაძლებლობები გაქვთ თქვენი ფინანსური ცხოვრების კურსის შესაცვლელად. Clarity Money 2018 წლის აპრილში Goldman Sachs-მა შეიძინა, რომელიც ამჟამად Marcus by Goldman Sachs® ოჯახის ნაწილია.
გქონდათ პირადი გამოცდილება, რომელმაც მოვლენების ამგვარი გზით განვითარება განაპირობა? როგორი იყო თქვენი "გასხივოსნების" მომენტი?
მე Mint-ის (პირადი ფინანსების მართვის უფასო ვებსერვისი) მომხმარებელი ვიყავი და მიმაჩნდა კიდეც პირადი ფინანსების მართვის საუკეთესო საშუალებად. Mint-ს წარსულის მონიტორინგის პანელი აქვს, მე კი "მომავლის ღილაკის" შექმნა მინდოდა. რადგან ტელეფონებით უფრო მეტი და მეტი ადამიანი იღებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, გზის მოძებნას ვცდილობდი, თუ როგორ გამოგვეყენებინა ხარჯვითი ჩვევების ანალიზისა და მომხმარებლისთვის მარტივი და ეფექტური იდეების მისაწოდებლად მეცნიერება ციფრების შესახებ.
როგორია ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ადამიანები პირად ფინანსებთან დაკავშირებით უშვებენ?
ყველაზე ხშირად ადამიანები თითქოს იგნორირებას უკეთებენ საკუთარ ფინანსებს და სწორედ ეს იწვევს ურთიერთობების გართულებას ბანკებთან და სისტემასთან, რომელიც მათ საწინააღმდეგოდაა მომართული. ხშირად ბანკებს საკუთარ კლიენტებთან გულახდილი ურთიერთობა არ აქვთ, ფარული გადასახადები, საკომისიოები აქვთ დაწესებული და ამავე დროს, არც სიცხადე შეაქვთ ამ საკითხში, რაც თავისთავად ქმნის უნდობლობის ატმოსფეროს. თავის მხრივ, მომხმარებლებს აშინებთ იმის გამორკვევა, თუ როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, იმიტომ, რომ ეს დამთრგუნველია, ან შიშობენ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ვერაფერს გააკეთებენ. მიუხედავად ამისა, თქვენი ფინანსური მდგომარეობის სრული სურათი აუცილებელია იმისათვის, რომ რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა გქონდეთ.
არსებობს თუ არა მდგომარეობის გამოსწორების რაიმე სწრაფი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ადამიანთა უმრავლესობა დადებით გავლენას მოახდენს თავიანთ ფინანსებზე?
ბევრი რამ არსებობს, რაც ერთი შეხედვით იმაზე რთული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. სულ ორიოდე წუთში რამდენიმე მოქმედების მეშვეობით ადამიანები ნათლად დაინახავენ, თუ როგორ შეიძლება საკუთარ ფინანსებზე გავლენის მყისიერად მოახდენა. მე, მაგალითად, ყველას ფინანსების მართვის აპლიკაცია Clarity Money-ის ჩამოტვირთვას ვურჩევდი. თუმცა, გარდა ამისა, ადამიანებს იგივეს გაკეთება სწრაფი მოქმედებებითაც შეუძლიათ.
კიდევ ერთი მარტივი ნაბიჯი თქვენი საკრედიტო ანგარიშის გადახედვას გულისხმობს, რომელიც თქვენი ფინანსური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ორიენტირია. ასევე იმ საპენსიო გეგმის გადახედვასაც გთავაზობთ, რომელიც თქვენს კომპანიაშია დანერგილი. გაარკვიეთ, თავსებადია თუ არა იგი დაგროვებით საპენსიო პროგრამა 401K-სთან.
გარშემო მილიონობით აპლიკაცია არსებობს. როგორც შეძელით ამ წრის გარღვევა? როგორ გაღიარათ Goldman Sachs-მა?
ჩვენ ინსტიტუციური სახის კომპანიებმა მოგვაქციეს ყურადღება და შედეგად, რამდენიმე წინადადება მივიღეთ. იმ დროისათვის აპლიკაციის გაყიდვა მიზნად არ გვქონდა დასახული, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ Goldman Sachs-თან ბევრი რამ გვაერთიანებდა. ჩვენსავით ისინიც რაღაცის შექმნას ცდილობდნენ, რაც კლიენტების ინტერესებს უკავშირდებოდა.
ისეთს რას ურჩევდით ახალბედებს, რომლებიც აპლიკაციების შექმნაზე მუშაობენ, დაწყებისას რომ გსურდათ თქვენთვისაც ერჩიათ?
ჩემი რჩევაა ყოველთვის კლიენტით დაიწყოთ და დაუღალავად იმუშაოთ მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაღაც ისეთი შექმენით, რაც მათი მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ეს ყველაზე მთავარია. საბოლოოდ, სხვა არაფერს აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა. თქვენს გზას აუცილებლად იპოვით, თუ მთელი ძალით ცდილობთ რაღაც ისეთის შექმნას, რაც თქვენი კლიენტებისთვის ჭეშმარიტ ღირებულებას წარმოადგენს და მათთვისაც დიდი გამოცდილების შეძენა იქნება.
როგორია თქვენი მართვის სტილი?
ჩემი მოვალეობა კონცეფციის განსაზღვრა და მაღალი სტანდარტის დადგენაა − როგორც ჩემთვის, ისე ნებისმიერისთვის ჩემს გუნდში. ჩემი მოლოდინი არასოდეს უნდა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე ისინი საკუთარ თავს უსახავენ. ყოველდღიურად ვცდილობ რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, მზად ვარ პრობლემა გადავჭრა, და ზუსტად ისეთ ადამიანებს ვეძებ, რომლებსაც ასეთი აზროვნება აქვთ.
გარდა ამისა, საუკეთესო თანამშრომლებზე კი არა, საუკეთესო გუნდის შექმნაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. თითოეული ადამიანის როლის განსაზღვრისას იმ ამოცანებს ვაქცევ ყურადღებას, რომელთა შესრულებაც ამ კონკრეტულ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს უკეთესი გახდეს. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანებისგან მაქსიმალურის მისაღებად საუკეთესო გზა იმის დადგენაა, თუ რა უდევს საფუძვლად მათ პირად და პროფესიულ გეგმებს, და იმასაც, რომ დასახული ამოცანა ამ გეგმებს შეესაბამება.
გაქვთ თუ არა რაიმე დევიზი ან ციტატა, რომელიც თქვენი მამოძრავებელი ძალაა?
ჩვენი დევიზები და ციტატები Clarity Money-აპლიკაციის ზედა პანელზე ყოველდღიურად იცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, ეს იმ აპლიკაციის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. ჩემი ფილოსოფია მოქმედებაზე გადასვლა, გამოხმაურების მიღება, ამოცანის შესრულება და გამეორებაა. ჩემი აზრით, სწორედ ამ ციკლით მიაღწევთ პროგრესსა და ინოვაციებს.