რობოტმა უმუშევარი დამტოვა? შიში უსაფუძვლო არ არის!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მასაიოში გაიმართა და საქაღალდე დახურა. უკვე ოცდახუთი სადაზღვევო შემთხვევა ჰქონდა განხილული, აქედან ცხრამეტი კლიენტის სასარგებლოდ გადაწყდა, ექვსი კი გადამოწმების შემდეგ არ ანაზღაურდა. კმაყოფილი იყო, გეგმით დღეში ოცდაორი შემთხვევის განხილვა ევალებოდა. სავარძელში გადაწვა და ფიქრებს გაუყვა. ასე თუ გააგრძელებს, სამ წელიწადში მენეჯერულ პოზიციაზე გადავა. გაზრდილი ანაზღაურებით უკეთეს ბინაზე აიღებს იპოთეკას და მერე მეორე ბავშვის ყოლაც შეეძლებათ. ფიქრები ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა: "ხუთ წუთში საკონფერენციოში გელოდებით".
საკონფერენციოში ნელი ნაბიჯით შევიდა. ოც კაცზე გათვლილ ოთახში ოცდაცამეტი ადამიანი დათვალა − ავტოდაზღვევის შემთხვევების განხილვების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი. ეუცნაურა, ასეთი შეხვედრები წესით მხოლოდ წლის დასაწყისში იმართებოდა. გულმა ცუდი უგრძნო.
ოთახში დეპარტამენტის უფროსი შემოვიდა, თან სამი კაცი მოჰყვებოდა. მასაიოშიმ ორი იცნო − მისი უფროსის უფროსი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყვნენ. მესამე ამერიკელს ჰგავდა. ოთხეულმა პოდიუმს მიაღწია, შემოტრიალდა და შეკრებილ საზოგადოებას თავი დაუკრა. მასაიოშის ცუდის მოლოდინი გაუმძაფრდა.
"ჩვენი სადაზღვევო კომპანია კონკურენტებისგან ინოვაციით გამოირჩევა", − საზეიმო ტონით დაიწყო აღმასრულებელმა დირექტორმა, − "ამის დასტურია სადაზღვევო შემთხვევების შეფასების ის ავტომატური სისტემაც, რომელსაც უკვე ერთი წელია თქვენი დახმარებით ვტესტავთ. ტესტირების პროცესში სისტემა იმდენად დაიხვეწა, რომ მას უკვე აბსოლუტურად უშეცდომოდ შეუძლია სადაზღვევო შემთხვევების განხილვა. მისი სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ ჩვენ განხილვების შეცდომას ნულზე დავიყვანთ, ხოლო განხილვის საშუალო დრო დღენახევრიდან ორმოც წამზე ჩამოვა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ტესტირებაში მონაწილეობისთვის და", − აქ ხელი ამერიკელისკენ გაიშვირა, − "კომპანია IBM-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემის მოწოდებისთვის". ამერიკელმა გაიღიმა და თავი დაუკრა საზოგადოებას.
დირექტორმა უხერხულად ჩაახველა. "როგორც იცით, თავიდან სისტემა მხოლოდ შემფასებლის დამხმარედ იყო გათვლილი. თუმცა, იმის შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ სისტემა სრულყოფილად მუშაობს, კომპანიის მენეჯმენტმა გააცნობიერა, რომ ავტოდაზღვევის შემთხვევების განხილვის დეპარტამენტი საჭირო საერთოდ აღარაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არც სხვა სამუშაო ადგილები გვაქვს. თქვენი შემცირება მოგვიწევს. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა..."
მასაიოში გამოერკვა და გააცნობიერა, რომ ხელები უკანკალებდა. ახალ სახლში გადასვლის ოცნება უნდა დაევიწყებინა. სავარაუდოდ, ამ სახლის გაყიდვაც მოუწევდა და ტოკიოდან გადასვლაც. მომღიმარ ამერიკელს კიდევ ერთხელ შეხედა და თავისი ნივთების ჩასალაგებლად გავიდა.
მასაიოში გამოგონილი პერსონაჟია, თუმცა ამბავი ნამდვილია: ორი წლის წინ დიდმა იაპონურმა სადაზღვევო კომპანიამ 34 თანამშრომელი IBM-ის ხელოვნური ინტელექტით (Watson) ჩაანაცვლა. ნამდვილია შიშიც, რომ რობოტები უმუშევარს დაგვტოვებენ. ამ სტატიაში სწორედ ამ თემას მიმოვიხილავთ.
რობოტული მომავალი
შიში უსაფუძვლო ნამდვილად არ არის − ხელოვნური ინტელექტი უკვე ისეთ სფეროებს იპყრობს, რომელიც შემდეგი რამდენიმე ათეული წელი მაინც მისთვის მიუწვდომლად მიიჩნეოდა. სულ ახლახან ჩინური სტრატეგიული თამაშის, "გოს" თანამედროვეობის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა და 16-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლი სე-დოლმა პენსიაში გასვლა გადაწყვიტა მას მერე, რაც Google-ის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა ის ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ჩემპიონმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის დამარცხება შეუძლებელი გახდა და ცდას აზრი აღარ აქვს.
ეს ცვლილებები ბიზნესსამყაროზე უკვე კარგა ხანია, რაც აისახება. როგორც ვახსენეთ, ორი წლის წლის წინ დიდმა იაპონურმა სადაზღვევო კომპანიამ 34 თანამშრომელი ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლა. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ხარჯებს მილიონი დოლარით შეამცირებდა და პროდუქტიულობას 30%-ით გაზრდიდა. და ეს ტენდენცია მხოლოდ გაძლიერდება: საკონსულტაციო კომპანია Mckinsey-მ 2016 წელს იწინასწარმეტყველა, რომ 2025 წლისთვის სადაზღვევო ინდუსტრიაში ავტომატიზაცია სამუშაო ადგილების 25%-ს შეეხება.
მშვიდად არც სხვა სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ იყონ: სხვადასხვა შეფასებით, შემდეგ 10 წელიწადში ავტომატიზაცია გავლენას მოახდენს 20-დან 60%-მდე წილზე სამუშაო ადგილებისა. ზოგიერთი სამუშაო ადგილი საერთოდ გაქრება. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ის პოზიციები დგას, რომლებიც მეტ-ნაკლებად განმეორებითი ხასიათის ქმედებების შესრულებას გულისხმობს და შემოქმედებით მიდგომას არ მოითხოვს (მექანიკოსები, ტრაქტორისტები, ამწეს ოპერატორები და ა.შ.), რადგანაც ასეთი სამუშაოს შესრულება რობოტებისთვისაც შესაძლებელი გახდება.
ცვლილებები იმდენად რეალურია და იმდენად სწრაფად მოხდება, რომ ბარაკ ობამამაც კი თავისი პრეზიდენტობის მიწურულს გაკეთებულ გამოსვლაში მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო: "ეკონომიკური გამოწვევის შემდეგი ტალღა საზღვარგარეთიდან კი არა, ავტომატიზაციის უმოწყალოდ სწრაფი ტემპიდან მოდის და საშუალო ფენის ბევრ სამუშაო ადგილს შეიწირავს", − განაცხადა მან.
მოსახლეობაში განწყობაც შესაბამისია: როგორც Gallup-ის კვლევამ აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში აჩვენა, მოსახლეობის ორი მესამედი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამუშაო ადგილების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
საქმე არც ისე ცუდადაა
ის, რომ დღეს არსებული სამუშაოს დიდ წილს რობოტები აიღებენ თავის თავზე, აუცილებლად არ გულისხმობს იმას, თითქოს ჩვენ უმუშევრები დავრჩებით, ან სამუშაო ადგილები შემცირდება. ეს დასკვნა ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია: თუ სამუშაოს რობოტები გადაიბარებენ, სამუშაო ადგილები როგორ არ შემცირდება?..
საქმე ისაა, რომ სრული ავტომატიზაცია სამუშაოების შედარებით მცირე ნაწილს ემუქრება. 2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საკონსულტაციო კომპანია Mckinsey აღნიშნავს, რომ ეკონომიკაში არსებული პროფესიების უმრავლესობის (60%) აქტივობების მინიმუმ 30%-ის ავტომატიზაცია შეიძლება, თუმცა სრული ავტომატიზაცია პროფესიების მხოლოდ 5%-ს შეეხება.
რა დაემართება პროფესიების იმ 60%-ს, სადაც აქტივობის მნიშვნელოვანი წილი ავტომატიზდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით? ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ პროფესიებში დასაქმებულთა პროდუქტიულობა და ანაზღაურება გაიზრდება. კიდევ უფრო უცნაურია, რომ ხშირ შემთხვევაში ავტომატიზება არათუ არ შეამცირებს სამუშაო ადგილების რაოდენობას, არამედ გაზრდის კიდეც მას.
ამის შესანიშნავი მაგალითი ინდუსტრიული რევოლუციის ადრეული წლებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ: საკერავი დაზგების გამოგონების შემდეგ ტანსაცმლის კერვის პროცესის უდიდესი ნაწილი ავტომატიზებული გახდა და მკერავები ჯამური სამუშაოს მხოლოდ 10%-ს ასრულებდნენ. თუმცა ამის გამო მკერავთა რაოდენობა არათუ არ შემცირდა, არამედ მრავალჯერ გაიზარდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ ავტომატიზებამ ტანსაცმლის ფასი ძალიან დასწია და საშუალო და დაბალი შეძლების ხალხს ისტორიაში პირველად გაუჩნდა საშუალება, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჰქონოდა. ამის გამო ტანსაცმელზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ავტომატიზების პირობებშიც კი ბევრად მეტი მკერავი გახდა საჭირო. მეტიც − რადგანაც მკერავები უფრო მაღალტექნოლოგიურ სამუშაოს ასრულებდნენ და პროდუქტიულობა ბევრად მეტი ჰქონდათ, მათი ანაზღაურებაც გაიზარდა.
ეს დინამიკა ხელოვნური ინტელექტით ავტომატიზების ეპოქაშიც მეორდება. მაგალითად ადვოკატის ასისტენტის პროფესია შეგვიძლია განვიხილოთ. ადვოკატის ასისტენტის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა საქმის მომზადებისას საქმის მასალების გავლა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და შეჯამებაა. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და ასისტენტების რესურსი საადვოკატო ფირმებისთვის ჯამში მნიშვნელოვანი ხარჯია. მას შემდეგ, რაც ამ სფეროში გაჩნდა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები, რომლებიც ნაწილობრივ ავტომატიზებას უკეთებენ საქმის მასალების მოძიებასა და შეჯამებას, ადვოკატის ასისტენტების პროდუქტიულობამ ძალიან მოიმატა. ამან ასისტენტის ხარჯი ერთ საქმეზე შეამცირა და, შესაბამისად, ასისტენტებზე მოთხოვნაც გაიზარდა.
გარდა ამისა, მოსალოდნელია სრულიად ახალი პროფესიების გაჩენა. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ახალ პროფესიებსა და სამუშაო ადგილებს ქმნის, თუმცა ნაკლებად ცნობილია, რომ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, ბევრად მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, ვიდრე ქრება. მაგალითად, კომპიუტერების გაჩენამ აშშ-ში 3 მილიონი სამუშაო ადგილი გააქრო, მაგრამ ამავდროულად 19 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა.
რომ შევაჯამოთ, ხელოვნური ინტელექტის ძირითადი გავლენა სამუშაო ადგილებზე პროდუქტიულობისა და შემოქმედებითი სამუშაოს წილის ზრდა იქნება. პროფესიების შედარებით მცირე ნაწილი (5%-მდე) გაქრება და ეს ძირითადად არაშემოქმედებით პროფესიებს შეეხება. საბოლოოდ კი მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შეცვლილ ეკონომიკაში ჯამში ბევრად მეტი პროფესია (და სამუშაო ადგილი) გაჩნდება, ვიდრე გაქრება.
როგორ მოვემზადოთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის?
ის, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტენსიური გამოყენება პროფესიების დიდ უმრავლესობას კი არ გააქრობს, არამედ შეცვლის, არ ნიშნავს, რომ ამ რევოლუციისთვის მომზადება საჭირო არაა.
წამყვანი კომპანიები უკვე აცნობიერებენ ამ მოვლენის მნიშვნელოვანებას და თავიანთი პერსონალის შესაბამისად გადამზადებას იწყებენ. კომპანია Amazon-მა $700 მილიონი გამოყო 2025 წლამდე 100,000 თანამშრომლის გადასამზადებლად. ეს გასაკვირი არაა იმის ფონზე, რომ თუ ათი წლის წინ "ამაზონის" საწყობში მომუშავე თანამშრომელი უბრალოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა ყოფილიყო, დღეს იმავე თანამშრომელმა რობოტებთან მუშაობა და მათი მართვაც უნდა იცოდეს, რადგანაც "ამაზონის" საწყობები დიდი დოზით ავტომატიზებულია.
ამ ინიციატივებში მთავრობებიც კი ერთვებიან: ფინეთის ხელისუფლებამ 2020 წლის საახალწლო საჩუქრად ევროკავშირის მოსახლეობას ხელოვნური ინტელექტის მოკლე კურსი შესთავაზა. კურსში გასაგები ენითაა ახსნილი ხელოვნური ინტელექტის ძირითადი იდეები.
მოსალოდნელია, რომ პროფესიათა დიდი ნაწილი ძირეულად შეიცვლება. გაიზრდება შემოქმედებითი სამუშაოს და შემცირდება რუტინული, გამეორებითი სამუშაოს წილები. ახალ სამუშაო რეალობაში წარმატებული იქნებიან ის პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის ძნელი გასამეორებელი იქნება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აზრით, ასეთებია ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი, პროგრამირება, შემოქმედებითი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, ადამიანებთან ურთიერთობისა და ლიდერობის უნარები და ა.შ.
დასკვნა
ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია, როგორც წინა რევოლუციები, საბოლოო ჯამში ბევრად მეტი მატერიალური სიმდიდრის შექმნაში დაგვეხმარება. არც ახლა დარჩება ვინმე დაუსაქმებელი, პირიქით − მოსალოდნელია, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, არსებულები კი უფრო საინტერესო, შემოქმედებითი და პროდუქტიული გახდება. მოკლედ, ჩვენ სამსახურებს კი არ დავკარგავთ, არამედ სამუშაოს მოსაწყენ ნაწილს გადავაბარებთ რობოტებს და საინტერესო ნაწილისთვის მეტი ყურადღების დათმობა შეგვეძლება.
თუმცა, როგორც ყველა რევოლუციისას, ახლაც მთავარი გამოწვევა ახალ რეალობაზე სწრაფად მორგება და მისთვის საჭირო უნარების ათვისება იქნება. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს, ერთი მხრივ, გადაამზადოს არსებული სამუშაო ძალა და მეორე მხრივ, მოამზადოს მომავალი თაობა ახალი რეალობისთვის.