Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული NFT კრიპტოისტორიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ურთიერთშეუცვლელი ტოკენები (NFT) გახლავთ უნიკალური კრიპტოაქტივები, რომლებიც, როგორც წესი, ციფრული ხელოვნების ნიმუშების სახითაა წარმოდგენილი და საკოლექციო დატვირთვას ატარებს. NFT-ის განვითარებამ და უნიკალური, იშვიათი ციფრული აქტივების გამოჩენამ, დროთა განმავლობაში წარმოუდგენლად გაზარდა მათი ღირებულება და ინტერესი როგორც შემქმნელების, ისე ინვესტორების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს NFT-ის ღირებულება განსაკუთრებულად გაიზარდა. ათასობით ინვესტორი დაინტერესდა ციფრული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირებით, რა დროსაც ამ აქტივების გასაყიდმა ფასმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. და მაინც, რა განაპირობებს NFT-ის ღირებულებას?

როგორც ნებისმიერი აქტივის, ისე NFT-ის ფასიც მასზე მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპს ეფუძნება. NFT-ების კოლექციები ლიმიტირებულია და კონკრეტული კრიპტოაქტივის რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია შემქმნელების მიერ. თუმცა არსებობს რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც, რაც ამ აქტივის ღირებულებაზე ახდენს გავლენას. ხშირია შემთხვევები, როდესაც რომელიღაც NFT არა მარტო საკოლექციო მიზნით იქმნება, არამედ მისი ფლობა, ავტომატურად გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს მფლობელს. მაგალითად, ზოგიერთი NFT P2E თამაშებისათვის გამოიყენება, ზოგი მათგანი მფლობელს სხვადასხვა დახურული საზოგადოების წევრად აქცევს, ხოლო კრიპტოაქტივების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა კონცერტების, ღონისძიებებისა და ივენთების ერთგვარ აბონემენტსაც კი წარმოადგენდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, NFT გარდა მხატვრული ღირებულებისა, გარკვეულ დამატებით ღირებულებასაც ქმნის მისი მფლობელისთვის.

ახლა კი, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ NFT-ს, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაყიდულა:

1. Everydays: The First 5000 Days − $69,3 მილიონი

Everydays: The First 5000 Days − გახლავთ ამერიკელი გრაფიკული დიზაინერის, მაიკ ვინკელმანის (Beeple) ნამუშევარი. ეს NFT 2021 წლის თებერვალში $69,3 მილიონად გაიყიდა Christie's-ის აუქციონზე.

ეს NFT არის Beeple-ის 5000-ზე მეტი ნამუშევრისგან შემდგარი კოლაჟი. 2007 წლიდან მოყოლებული, 13 წლის განმავლობაში Beeple ყოველდღიურად ტვირთავდა საკუთარ Instagram-გვერდზე ახალ ნამუშევრებს. მისი ციფრული ტილოების უმეტესობა პოსტაპოკალიპსურ პეიზაჟებს მოიცავს და ხშირად კავშირშია მიმდინარე მოვლენებთან და პოპ-კულტურასთან. ეს NFT კოლაჟი კი, შესაძლოა ხელოვანის შემოქმედებითი განვითარების ერთგვარ მატიანედ მივიჩნიოთ.

2. საათი $52,7 მილიონი

საათზე გამოსახულია დინამიკური ტაიმერი, რომელიც ითვლის WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის მიერ ციხეში გატარებული დღეების რაოდენობას. ასანჟს შპიონაჟთან დაკავშირებული საკმაოდ სადავო ბრალდება აქვს წაყენებული და ბრიტანეთიდან აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში, ამერიკული სამართლის თანახმად, 175-წლიანი სასჯელი ელის (მიმდინარე წლის 17 ივნისს ბრიტანეთის მხარემ ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო).

NFT-პროექტს მხატვარი პაკი და თავად ასანჟი კურირებდნენ, ხოლო საბოლოოდ იგი 2022 წლის თებერვალში 16 953 ETH (ეთერიუმი)-ად გაიყიდა. პროექტის ავტორების თქმით, მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ორგანიზაციებს.

3. HUMAN ONE – $28,9 მილიონი

Beeple-ის კიდევ ერთი ნამუშევარი − Human One არის ხელოვანის მიერ შექმნილი პირველი ფიზიკური სკულპტურა. ეს NFT კი 2021 წლის ნოემბერში Christie's-ს აუქციონზე 28,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

HUMAN ONE − მოძრავი სამგანზომილებიანი ინსტალაციაა 4 ციფრული ეკრანით. მასზე გამოსახულია უსასრულო ვიდეო კოსმონავტისა, რომელიც დღე-ღამის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მოგზაურობს. ჰიბრიდული ნამუშევრით Beeple-მ საკუთარი შემოქმედებითი ამბიციები გამოხატა ციფრული სამყაროს ფარგლებს გარეთ.

4. CryptoPunk #5822 $23,7 მილიონი

ერთ-ერთი პირველი NFT-პროექტი CryptoPunk დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ ციფრულ აქტივებად რჩება კრიპტოსამყაროში. CryptoPunk #5822 2022 წლის თებერვალში 8000 ETH-ად გაიყიდა. ეს კონკრეტული NFT ყველაზე იშვიათია უცხოპლანეტური გამოცემიდან, რაც მას გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის.

5. CryptoPunk #7523 $11,75 მილიონი

მნიშვნელობით მეორე NFT CryptoPunk ოჯახიდან, რომელიც Sotheby's-ის აუქციონზე 11,75 მილიონ დოლარად გაიყიდა 2021 წლის ივნისში. ის არა მარტო იშვიათი უცხოპლანეტური გამოცემის წარმომადგენელი, არამედ ერთადერთი უცხოპლანეტელია ამ სერიაში, რომელსაც ნიღაბი აქვს და რამაც მოხიბლა მისი მყიდველი.

6. TPunk #3442 $10,5 მილიონი

საზოგადოების ნაწილი TPunks-ს CryptoPunks-ის Tron-ისეულ ინტერპრეტაციად მიიჩნევს, ყველასათვის ნაცნობი პიქსელიზებული სახეებით, ლიმიტირებული რაოდენობითა და ატრიბუტებით. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი NFT ამ სერიიდან TPunk #3442 გახლავთ, რომელიც 2021 წლის აგვისტოში 120 მილიონ TRX-ად (კრიპტოვალუტა) გაიყიდა. ეს ყველაზე ძვირადღირებული NFT-ა, რომელიც Tron-ის ბლოკჩეინზე ოდესმე გაყიდულა.

7. CryptoPunk #4156 $10,26 მილიონი

მორიგი CryptoPunk ყველაზე ძვირადღირებული NFT-ების ჩამონათვალში. CryptoPunk #4156 − მაიმუნი ლურჯი თავსაბურავით. ცნობისათვის, მისმა ყოველმა მფლობელმა ეს აქტივი 1,25 მილიონ დოლარად შეიძინა 2021 წლის თებერვალში და იმავე წლის დეკემბერში უკვე $10,26 მილიონად გაყიდა.

8. CryptoPunk #5577 $7,7 მილიონი

ჩამონათვალის მერვე ადგილს კვლავ CryptoPunk-ის წარმომადგენელი იკავებს, ამჯერად − მაიმუნი კოვბოის ქუდით. CryptoPunk #5577 2022 წლის თებერვალში 2501 ეთერიუმად გაიყიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად არ დასტურდება, მისი სავარაუდო მფლობელი რობერტ ლეშნერი − კომპანია Compound Finance-ის გენერალური დირექტორია, რომელმაც შეძენის შემდეგ "დატვიტა" – Yeehaw.

9. CryptoPunk #3100 $7,58 მილიონი

ეს NFT 2021 წლის მარტში 7,58 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა 2022 წლის მაისის მონაცემით, მისი საბაზრო ღირებულება უკვე 35 000 ეთერიუმს შეადგენდა. თუკი იგი უახლოეს მომავალში გაიყიდება, ეს NFT ავტომატურად CryptoPunks-ის სერიის ყველაზე ძვირადღირებულ აქტივად იქცევა.

10. CryptoPunk #7804 $7,57 მილიონი

CryptoPunk #7804 − ჩვენი ჩამონათვალის მეექვსე CryptoPunk, რომელიც ჩიბუხით, კეპითა და სათვალითაა წარმოდგენილი, #7804 2021 წლის მარტში 7,57 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს