Cyber Monday Sale! 50% Off All Access

CHILDFUND IN GEORGIA ბავშვთა კეთილდღეობისათვის! ბავშვთა განათლების, უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ChildFund in Georgia საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიას საქართველოში ბავშვთა განათლების, უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. Childfund In Georgia მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ასევე, ბავშვების განვითარებაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამჟამად ის პროექტს "სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით" ChildFund Deutschland-თან სტრატეგიული პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. მიზანს საქართველოს 5 რეგიონში, 1000 მოსწავლის სოციალური მეწარმეობის საკითხებში გაცნობიერება და გადამზადება წარმოადგენს, რათა მათ საკუთარი რეგიონების რესურსების სწორად გააზრება და მათი ინოვაციური გამოყენებით სოციალური ხასიათის მიკროსაწარმოების დაგეგმვა, დაფუძნება და მართვა შეძლონ. პროექტი რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს, კახეთს, აჭარას, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს მოიცავს.

ორგანიზაციას სურს, მოზარდების ინფორმირებითა და სათანადო მომზადებით, მათ ადგილზე დამაგრებას, დასაქმებასა და მიგრაციული ტალღების შეჩერებას შეუწყოს ხელი. პროექტის პირველი ფაზა, რომელიც 2020 წლის 1 ივლისს დაიწყო, სრულდება. შემდეგი ფაზა კი, რომელიც უკვე უშუალოდ ბავშვების მიერ აქტიურ ჩართულობას, პროექტების წარმოდგენასა და 40 ფინალისტის გამოვლენას გულისხმობს, 2021 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. თუ როგორ მიმდინარეობს პროექტი და რას მოიცავს მისი ეტაპები, ამის შესახებ Entrepreneur-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ოსიტაშვილი და პროექტის კოორდინატორი ნიკა ჩიტიშვილი უყვებიან:

"პროექტის პირველი, ანუ ძირითადი ნაწილი თანამშრომლების შერჩევას, სატრენინგო მასალების შედგენას, ტრენერთა შერჩევას, მათთვის ამ მასალების გადაცემასა და მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობდა, მეორე ფაზა კი ითვალისწინებს გერმანელი ექსპერტების ჩამოყვანასა და პროექტის ფინალურ ეტაპზე მათ ჩართულობას. სამიზნე 5 რეგიონი იმ პოტენციალის გათვალისწინებით შევარჩიეთ, რაც ამ კუთხეებს აქვთ და რომელიც აუცილებლად ასათვისებელი და გამოსაყენებელია. მაგალითად, რაჭა, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენიცალი აქვს, ამავდროულად საკმაოდ მოშორებული რეგიონია ქალაქიდან და ძალზე საინტერესოდ მივიჩნიეთ ამ რეგიონში შესვლა. თითოეულში დავინახეთ ის საფუძველი და შანსი, რომელიც სოციალური საწარმოების დაარსებასა და განვითარებას სჭირდება. აქტიურად ვითანამშრომლეთ რესურსცენტრებთან და შემდეგ მათი დახმარებით სკოლებთან, რომლებიც ბავშვებში ინტერესის აღძვრასა და მათ აქტიურ ჩართვაში დაგვეხმარნენ. სკოლებსა და რესურსცენტრებს ამ ყველაფერში მართლაც დიდი როლი მიუძღვით. სწორედ მათ უნდა წაახალისონ და მოტივაცია მისცენ ბავშვებს ამგვარი აქტივობებისთვის. პროექტის წარმართვაც მათ აქტიურ უკუკავშირზეა დაფუძნებული", − ნინო ოსიტაშვილი.

"ბავშვებთან შეხვედრებისა და ტრენინგების დაწყებისთანავე, მათთვის დეტალურად დავიწყეთ განმარტება, თუ რა არის სოციალური მეწარმეობა და რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი მეწარმეობისგან. პროექტის იდეაც სწორედ ეს არის, რომ ამ ბავშვებამდე სწორად მივიტანოთ და დავანახოთ სოციალური მეწარმეობის არსი, მისი სიკეთეები. განსაკუთრებით ეს რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვისაა საჭირო, რადგან მათ ირგვლივ ამის დასაწყებად აუთვისებელი რესურსები მართლაც არსებობს, რომელსაც სწორად დანახვა, გააზრება და გაანალიზება სჭირდება. აი, ამ ახალი იდეების აღმოჩენასა და მათ განხორციელებაში ვეხმარებით ბავშვებს", − ნიკა ჩიტიშვილი.

ორგანიზაციისა და გამოცდილი ტრენერების აქტიური ძალისხმევით კი მოზარდები არსებული შესაძლებლობების არეალის დანახვასა და გაცნობიერებასთან ერთად, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისკენაც დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რითაც არა მხოლოდ საკუთარ თავსა და კონკრეტულ სოციალურ პრობლემას, არამედ მთლიანად რეგიონს ეხმარებიან განვითარებასა და სიახლეების ათვისებაში. წასახალისებლად 40 საუკეთესო იდეას 2021 წლის ზაფხულში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით სიმბოლური გრანტიც გადაეცემა, რათა იდეისა და პროექტის ხორცშესასხმელად მოქმედება დაიწყონ. სწორი სტარტის ასაღებად კი კვალიფიციური ტრენერები და გამოცდილი მეწარმეები, მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ამ დროის განმავლობაში რეგულარულად უზიარებენ.

"ჩვენი საგანგებოდ შერჩეული ტრენერები ძალიან საინტერესოდ მუშაობენ მონაწილეებთან. არაერთმა ბავშვმა, რომელიც აქამდე სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულიც კი არ ყოფილა, დიდი შანსია, რომ ამის შემდეგ სერიოზულად გადაწყვიტოს ამ საქმიანობის წამოწყება. პრაქტიკულ მაგალითებს ვაჩვენებთ, ვახვედრებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა და ღირებული გამოცდილება დააგროვეს. აშკარაა, რომ ასეთი შეხვედრები ბავშვებზე მძაფრ დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და მოტივაციას უღვიძებს", − ამბობს ნიკა ჩიტიშვილი.

სამოტივაციო შეხვედრებთან ერთად, ტრენინგ-პროგრამა და სასწავლო მოდული ისეა გათვლილი, რომ მონაწილეებმა ანალიტიკური უნარები განივითარონ და მიღებული ინფორმაციის გაანალიზება,

გადამუშავება და ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შემთხვევებზე მორგება შეძლონ. ამასთანვე, გაიუმჯობესონ კვლევის უნარები, მეთოდები და ბიზნესგეგმის შედგენის საბაზისო პრინციპები, რაც ნებისმიერი საქმიანობის წამოსაწყებად აუცილებლად დასჭირდებათ.

"სამოტივაციო ნაწილთან ერთად, ყურადღება ეთმობა ბიზნესსაკითხებისა და კომპონენტების გაცნობას, რაც ყველა ტიპის საწარმოს დაგეგმვისა და ამუშავებისთვისაა მნიშვნელოვანი. აუცილებელია, მოსწავლეები კარგად აცნობიერებდნენ ეკონომიკის ძირითად მახასიათებლებსა და პრინციპებს, რათა თავიანთ მეწარმეობასა და საქმეს მეტი ღირებული კომპონენტი შემატონ".

ამ და კიდევ სხვა არაერთი აქტივობით, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის დახმარებებით, Childfund In Georgia ცდილობს საქართველოში ბავშვთა მდგომარეობა არაერთი მიმართულებით გააუმჯობესოს. ორგანიზაციაში კარგად აცნობიერებენ, რომ განათლების სისტემაში სათანადო ჩართულობისთვის აუცილებელია, ბავშვებს საბაზისო ყოფითი პირობები ჰქონდეთ დაკმაყოფილებული. ამისთვის კი დონორთა და პარტნიორთა წრეს მუდმივად აფართოებენ, რათა არსებულ პრობლემებთან შეჭიდება საერთო ძალისხმევით ეფექტურად შეძლონ. პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის უმთავრეს იარაღს კი მომავალი თაობის განათლებასა და ცოდნაში ხედავენ.

"განათლება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არაა. ეს უპირველესად, ახლებური აზროვნების სტიმულირებაა. ბავშვს აუცილებლად უნდა შეეძლოს არსებული მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება. უპირველეს ყოვლისა, ამ პროექტით გვინდა, ბავშვები დავაფიქროთ. ამისთვის მათთან ურთიერთობის მაქსიმალურად ინტერაქციული ფორმატი გვაქვს შერჩეული. მართალია შეზღუდვების გამო ტრენინგების ნაწილის ჩატარება დისტანციურად მოგვიწია, თუმცა ამას ხარისხზე გავლენა არ მოუხდენია", − ნიკა ჩიტიშვილი.

"ამ პროექტით გვინდა ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ მათ თავად შეუძლიათ იყვნენ ცვლილებების ავტორები, გადაწყვეტილების მიმღებები და არავის უნდა ელოდონ, როცა პრობლემებს აწყდებიან. უნდა დაფიქრდნენ, მონახონ გზა და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ. სწორედ ასეთი მოზარდებისა და მოქალაქეების ფორმირებას ემსახურება ჩვენი ფონდის მუშაობა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ გერმანულ მხარეს, რომ ეხმარება ქართველ ბავშვებსა და ოჯახებს; ყველა დონორს, რომელიც ჩართულია. ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მხარდაჭერას. ირგვლივ უამრავი პრობლემაა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერთან გამკლავება შეიძლება", − ნინო ოსიტაშვილი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!