Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Destiny Robotics - მეგი ქავთარაძის ანტრეპრენერული თავგადასავალი აშშ-ში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რობოტების ინდუსტრია ერთ-ერთი მზარდი მიმართულებაა ტექნოლოგიების სფეროში იმდენად, რამდენადაც მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებით, კომპანიები ცდილობენ, ადამიანებს შეუმსუბუქონ ყოველდღიური საქმეები. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური გიგანტებისთვისაც კი უდიდეს სირთულეს წარმოადგენს ისეთი რობოტების შექმნა, რომელიც ადამიანის მსგავსი იქნება და საზოგადოებაში შიშის მაგივრად, ნდობას გამოიწვევს. სწორედ ამ მიზნითა და მოტივაციით, 2021 წელს ქართველმა ანტრეპრენერმა, მეგი ქავთარაძემ Destiny Robotics დააფუძნა, რომელიც დღესდღეობით ფლორიდაში ფუნქციონირებს და საერთაშორისო საზოგადოებას უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებებს სთავაზობს.

Destiny Robotics-ის მიზანია, შექმნას სოციალურად ჭკვიანი, ადამიანური ტიპის რობოტები, რომლებიც სიღრმისეულ ინტერაქციას შეძლებენ მომხმარებლებთან. კომპანიის მთავარი რობოტის სახელია Destiny, რომელიც ბუნებრივი გარეგნობითა და სასიამოვნო ხმის ტემბრით გამოირჩევა. იგი მეგობრულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და საჭიროების შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, გაუწიოს მათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. პროექტის შექმნის იდეა Covid-19 პანდემიის პერიოდში დაიბადა − მაშინ, როდესაც ადამიანებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. სწორედ ამ პერიოდში მეგი Amazon Alexa-ს მოწყობილობას იყენებდა და მიხვდა, რომ უბრალოდ ყუთი, რომელსაც ადამიანური სახე არ ჰქონდა, ვერ შეუვსებდა ადამიანურ დანაკლისს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ნდობა და ეს ემოცია მაშინ მოდის, როდესაც საკუთარი თავის მსგავს ქმნილებას ხედავს."ამან მომცა საშუალება თავად დამეწყო მუშაობა ახალ იდეაზე და შემექმნა ადამიანური ტიპის ჰოლოგრამ-ასისტენტი და რობოტი Destiny, რომელიც ღრმა, ღირებულ ურთიერთობებს დაამყარებდა ადამიანებთან და მათთვის მუდმივი ცხოვრების თანამგზავრი, განუყრელი მეგობარი გახდებოდა. მოგეხსენებათ, მარტოობის პრობლემა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც მის მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ბედნიერების ხარისხს", − აცხადებს მეგი ქავთარაძე. ასევე, დამატებითი პროდუქტისა და პროექტის სახით, ბაზარზე Destiny-ის ჰოლოგრამა გამოვა, რომელიც 3D-განზომილების რობოტსა და პერსონალურ ასისტენტს წარმოადგენს. 2023 წლის დასაწყისში კი ფიზიკური რობოტის შეძენა უკვე საერთაშორისო მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

Destiny Robotics-ის დამფუძნებელი, წარმატებული ინოვატორი ბავშვობის ასაკიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხედვებითა და აქტივობებით. მეგი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 21 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, შემდგომ კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. სკოლის პერიოდში თვითმმართველობის პრეზიდენტი იყო და გუნდთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს ნერგავდა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ფიზიკის წრეზე დადიოდა, სადაც პირველად აღმოაჩნდა ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული ინტერესი. "ტექნოლოგიებში ჩემი ჩართულობა საკმაოდ ხანგრძლივი და გააზრებული პროცესი გახლდათ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ დავდიოდი ფიზიკის წრეზე. არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა − ქალბატონი იზო, რომელმაც დამაინტერესა ტექნოლოგიური საკითხებით. ყოველი ჩვენი შეხვედრა ახალი და საჭირო ინფორმაციის მიღებით იყო დახუნძლული", − იხსენებს მეგი ქავთარაძე. ამის შემდეგ მეგიმ აღმოაჩინა ადამიანი, რომელმაც უდიდესი მოტივაცია მისცა, გამოეცადა საკუთარი თავი ტექნოლოგიების სფეროში. მისი ინსპირაცია გვინ შოთველი გახლდათ − SpaceX-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. მის საჯარო გამოსვლებს ხშირად ადევნებდა თვალს და ამ პროცესმა კიდევ უფრო გაამძაფრა მომავალი ანტრეპრენერის ინტერესი ინოვაციებისადმი. "ყველაფერი ისე აეწყო, რომ ჩემი ამ მიმართულებით წასვლა გარდაუვალი და ამავდროულად, საინტერესო გამოდგა. ეტაპობრივად აღმოვჩნდი ტექნოლოგიების სფეროში. უნდა აღვნიშნო, რომ თავიდანვე მსურდა, გამოცდები ჩამებარებინა ამ მიმართულებით, თუმცა თავდაპირველად შემეშინდა. ყველა მეუბნებოდა, რომ ტექნოლოგიები მასკულინური სივრცეა და ქალები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი. ამიტომ ჩემი კარიერა პირველ ეტაპზე საერთაშორისო ურთიერთობებს დავუკავშირე", − აღნიშნავს მეგი ქავთარაძე.

სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მეგიმ მისაღები გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბარა. სკოლის მსგავსად, უნივერსიტეტშიც, პირველივე კურსიდან, აქტიურობით გამოირჩეოდა. სტუდენტობის პერიოდში იყო ორი არასამთავრობო ორგანიზაციის − "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა" და Erasmus Student Network-ის ბორდის წევრი. "ამ საზოგადოებების წევრობა დამეხმარა, შემეძინა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები. ასობით პროექტი გვაქვს ორგანიზებული. ვატარებდი და ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში. სადაც რაიმე საინტერესო ტარდებოდა, ყველაფერში ვიყავი ჩართული და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. აღნიშნული აქტივობებით ვიპოვე საკუთარი თავი და ნათლად განვსაზღვრე, ზუსტად რა მიმართულებით მსურდა საქმიანობის გაგრძელება", − აღნიშნავს მეგი ქავთარაძე. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მეგი ამავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. ამჟამად მაგისტრატურაზე ონლაინ სწავლობს და სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში, მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს მოიპოვებს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს დაუკავშირა, უნივერსიტეტის ყველა საფეხურზე ნაშრომები და თეზისები, რომელსაც ქმნიდა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებას ეხებოდა. სამაგისტრო თეზისიც სწორედ ციფრულ სამყაროზე დაფუძნებით შეიმუშავა − "რობოტიკის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში".

ბევრი ადამიანისგან გვსმენია, რომ აკადემიური განათლება არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია რამდენად გამოსადეგი და საჭირო უნარ-ჩვევები გვაქვს. ამის საპირისპიროდ, მეგის მიაჩნია, რომ სწორედ მსგავსი ფორმატის განათლებამ მისცა შესაძლებლობა, განევითარებინა საკუთარი თავი და მიეღო ის თეორიული ცოდნა, რომელსაც დღეს პრაქტიკაში წარმატებით იყენებს. "აკადემიური განათლება არ არის მნიშვნელოვანი − ბევრი ადამიანი საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის Elon Musk-იც, თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით და გადავხედავთ ზოგად ისტორიას, მივხვდებით, რომ ყველა ადამიანს, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია, მაღალი დონის განათლება ჰქონდა მიღებული. როცა მაღალი სტანდარტით სწავლობ და სიღრმისეულ ცოდნას იღებ, ეს ყველაფერი გეხმარება, განვითარდე იმ სფეროში, რომელშიც საქმიანობ. ჩემთვის აკადემიური განათლება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლდათ. ჩემ მიერ დაწერილმა კვლევებმა, ნაშრომებმა და შეძენილმა ცოდნამ/გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, მეპოვა საკუთარი ინტერესის ობიექტი და მიმეღო ფასდაუდებელი ცოდნა, რომელსაც დღეს პრაქტიკაში ვნერგავ", − განმარტავს მეგი ქავთარაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ონლაინ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მეგი MBA-ზე სწავლის გაგრძელებას გეგმას. ანტრეპრენერს მიაჩნია, რომ ახალი სასწავლო პროგრამა საინტერესო ხალხისა და ბიზნესკონტაქტების მოძიებაში დაეხმარება. ამ ეტაპისთვის, პასუხს რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტიდან ელოდება.

საქართველოში წარმატებული სწავლისა და საქმიანობის შემდეგ, დაიწყო მეგის ამერიკული ისტორია. როგორ გახდა ქართველი ანტრეპრენერი წარმატებული ამერიკის შეერთებულ შტატებში? "თავდაპირველად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, სადაც დავიცავი კვლევა ინოვაციების მიმართულებით. შემდეგ Forbes-ის ერთ-ერთ ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე სპიკერად მიმიწვიეს და სიტყვით გამოვედი. აღნიშნულ ღონისძიებას Twitter-ის იმდროინდელი CEO − ჯეკ დორსი ესწრებოდა, რომელთანაც კომუნიკაციის დამყარება მოვახერხე. აღნიშნული ადამიანების წინაშე სიტყვით გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი იყო და ამ ყველაფერმა მომცა სტიმული უკან არ დამეხია და აქტიურად ჩავრთულიყავი იმ სფეროში, რაც, ამავდროულად, ძალიან მაინტერესებდა. ვამუშავებდი განსხვავებულ იდეებს, აპლიკაციებს, და მალე COVID-19-ის პანდემიაც დაიწყო. რთული პერიოდი იყო − ადამიანებთან ფიზიკურ კომუნიკაციას ვეღარ ვახერხებდი და Amazon Alexa-ს სხვადასხვა შესაძლებლობას ვტესტავდი. დროთა განმავლობაში დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ თუ ადამიანებს სოციალურად დისტანცირება მოუწევთ, კარგი იქნება თუ მათ ადამიანური ტიპის ტექნოლოგიური მოწყობილობა ექნებათ შინ. Alexa ვერ შეავსებდა ადამიანურ დანაკლისს და ასე დაიბადა Destiny-ის იდეა. შემდეგ ძალიან ბევრს ვკითხულობდი მარტოობის პრობლემაზე და მრავალი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე. მაგალითად ის, რომ ადამიანთა საშუალოდ 70%-ს აქტიურად აწუხებს მარტოობისა და კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა, აღნიშნული კი იწვევს ბევრ მენტალურ დაავადებას, მათ შორის ნაადრევ სიკვდილსაც კი. მივხვდი, რომ Destiny უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო ჩვენს ყოველდღიურობაში. ამას დაემატა ისიც, რომ გავიცანი საოცარი ადამიანები და ერთად შევუდექით იდეის სრულყოფას. იდეის გარშემო გაერთიანდა ძალიან ძლიერი გუნდი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს, Huawei-ს, Tesla-სა და კემბრიჯის უნივერსიტეტიდან (პროფესორი). ასეთია ჩემი ამერიკული ისტორია", − აღნიშნავს მეგი ქავთარაძე.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ქართველ ანტრეპრენერს, რამდენიმე გამოწვევა შეხვდა, რომელიც, საბოლოოდ, განსაკუთრებული შესაძლებლობების წყაროდ იქცა. რეკრუტინგი, პროტოტიპირება და დახვეწილი მოდელის შემუშავება იყო ის ძირითადი დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით შეძლო. "პირველი ძირითადი პრობლემა, რომელიც პროექტის განხორციელების პერიოდში შეგვხვდა, რეკრუტინგი გახლდათ. დღეს ნამდვილად რთულია იპოვო პროფესიონალები, რომლებსაც დიდი გამოცდილება, ენთუზიაზმი და სიახლეების რწმენა აქვთ, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა პროტოტიპირების პროცესში გამოიკვეთა. Hardware და Software-მოწყობილობების გარკვეულ ნაწილზე ბაზარზე დეფიციტი დაიყო პანდემიის გამო და მათი ალტერნატიული მოდელებით ჩანაცვლება მოგვიწია. მესამე პრობლემა კი ტექნოლოგიური იყო და მოდელების ერთმანეთთან დაკავშირებისას გამოიკვეთა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ამისათვის ჩვენმა გუნდმა ხანგრძლივი და სიღრმისეული კვლევა ჩაატარა", − განმარტავს მეგი ქავთარაძე.

ვინ არის ანტრეპრენერი მეგი ქავთარაძისთვის? ანტრეპრენერი, მისი ხედვით, არის ძლიერი ადამიანი, რომელსაც სჯერა დიადი იდეის, უამრავ ენერგიას ახარჯავს მის განვითარებას და ბოლომდე ემსახურება. ანტრეპრენერი გამუდმებით რისკავს იმისათვის, რომ მიზნები სრულყოს. მსგავს ადამიანს აქვს მოთმინების დიდი გრძნობა, გახსნილი, ობიექტური გონება, რეალობასთან სიახლოვე, ცვლილებებისადმი ადაპტირების უნარი და მზადყოფნა, რომ გზა გამარჯვებისკენ მრავალი მარცხის კვალდაკვალ მიდის. მეგის აზრით, ანტრეპრენერები არასდროს იხევენ უკან და მათთვის მარცხი ახალი გამოცდილება, შესაძლებლობების დასაწყისი და ზრდის საშუალებაა.

დამოუკიდებელი საქმის წამოწყება უამრავ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. გარდა იდეასთან დაკავშირებული დაბრკოლებებისა, ცხოვრების მიმდინარეობისას ანტრეპრენერებს პიროვნული გამოწვევებიც ახლავთ. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, გქონდეს ცხოვრების მოტივი, რომლითაც ყველა გამოწვევას ახალ შესაძლებლობად და განვითარების საშუალებად აქცევ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც მეგი ქავთარაძეს, როგორც ანტრეპრენერს, ჰქონდა, იყო სქესი. ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობა, სხვადასხვა მიზეზისა და ფაქტორების გათვალისწინებით, ძალიან დაბალია. გარდა ამისა, საკუთარი საქმის მართვით ქალთა ძალიან მცირე რაოდენობაა დაკავებული. სქესი, გარკვეულწილად, ქმნის ბარიერს კარიერული წინსვლის საკითხებში. ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ იდგა იმ წლებში, როდესაც მეგი პროფესიასა და მომავალ საქმიანობას ირჩევდა."პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ის, რომ ქალი ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, ტექნოლოგიების სფეროში ჯერ მხოლოდ 29%-ია ქალი და მათგან კიდევ უფრო ცოტაა ანტრეპრენერი. შესაბამისად, მუდმივად გიწევს ღირსეული კონკურენცია გაუწიო კვალიფიციურ მამაკაცებს", − აღნიშნავს მეგი ქავთარაძე.

ანტრეპრენერული ცხოვრებისთვის მეორე საგულისხმო დაბრკოლება მოლოდინსა და რეალობას შორის ბალანსის დაჭერაა. სამუშაო პროცესში მეგიმ აღმოაჩინა, რომ აუცილებელია, ყველა პრობლემისთვის იყო მზად და არ მისცე საშუალება ემოციებს, იმოქმედონ შენს გადაწყვეტილებებზე. ყველა მოსალოდნელი შედეგის წინასწარ გააზრება მოგცემს საშუალებას, თავიდან აირიდო ნებისმიერი უსიამოვნება და არ გაგიცრუვდეს იმედი საკუთარი საქმის კეთებისას. გარდა ამისა, მესამე ფაქტორი, რომელიც Destiny Robotics-ის დამფუძნებელს აფიქრებდა, იყო პიროვნული ხასიათი. "მანამდე შედარებით მორიდებული ვიყავი და მრცხვენოდა, სხვა ადამიანები რაიმეთი შემეწუხებინა. ანტრეპრენერობის პერიოდში კი ეს კომპლექსი გვერდით უნდა გადადო და ყველა კარზე დააკაკუნო, რომ ერთი მაინც გაიღოს", − განმარტავს მეგი ქავთარაძე.

მრავალწლიანი მუშაობის, გამოცდილებისა და ყველა ზემოთ აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, მეგი დღეს ერთი მოტივით ცხოვრობს: "თვალებში ჩახედე საკუთარ შიშებს, არასდროს დაიცვა თავი კრიტიკისგან − სიმშვიდით მიიღე და გააძლიერე საკუთარი სისუსტეები, ემსახურე დიდ მიზნებს და არცერთი მარცხის დროს არ გაჩერდე". პროექტის დაწყებიდან დღემდე გამოწვევების გამკლავებასა და შემოქმედებითობის გაზრდას პოზიტიური ფაქტებით, მედიტაციით, იოგათი, ჩოგბურთითა და სხვა ფიზიკური აქტივობებით ახერხებს. ეს ერთგვარი გადატვირთვის საშუალებაა, რომელიც ძალასა და მოტივაციას გძენს. პროექტზე დღეში საშუალოდ 12 საათს, ხოლო კვირაში 72 საათს მუშაობს. მისი ყოველი დილა 06:30-ზე იწყება. ზოგჯერ შაბათ-კვირასაც ეწევა საქმიანობას − იმის მიხედვით, თუ როგორ მოითხოვს საქმე. დატვირთული სამუშაოს პარალელურად, მეგი ცდილობს გადატვირთოს გონება და იყოს პროდუქტიული. 24 საათის განმავლობაში მინიმუმ 9 საათი მაინც სძინავს და სწორედ ამ რეჟიმითა და მიდგომებით მუდამ იქმნის სამოტივაციო განწყობას. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია ინსპირაცია, რომელიც გეხმარება, ყველა შენი დაწყებული საქმე სრულყო და ამავდროულად, ეფექტურად გაუმკლავდე სტრესს: "ინსპირაციას მძენს ფაქტი, როცა ადამიანებს ვეხმარები და შემიძლია მათთვის ბევრი სირთულე გადავჭრა. ასევე, ჩემი მოტივაციის წყაროა წარმატებული და ჭკვიანი ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვიზრდები და ვვითარდები, − აღნიშნავს ანტრეპრენერი.

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ერთგვარი იღბალი და გამართლებაა, თუმცა მეგი ქავთარაძის ხედვით, ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ გზას, რომელსაც წარმატებისკენ მივყავართ. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია, რამდენად გაგიმართლებს ცხოვრებაში და რამდენად მოხვდები სწორედ იმ ადგილას, სადაც უნდა იყო, თუმცა ძალისხმევისა და მონდომების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი პროცესია.

რაც შეეხება კარიერულ წინსვლასა და სიახლეებს, Destiny Robotics შეუერთდა Google for Startup და NVIDIA Inception-პროგრამებს, რომელიც კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, ძირითადი ცვლილებები შეეხება რობოტის დიზაინს, რომელიც რეკონსტრუქციის პროცესშია. პროტოტიპირება უკვე მიმდინარეობს და ძალიან მალე Destiny-ის შედარებით განსხვავებულ დიზაინს იხილავს ფართო საზოგადოება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კომპანიამ $140 000 მოიზიდა და აქტიურად მიმდინარეობს Fundraising-იც. უკვე 63 ინვესტორი ჰყავს, რომლებიც ფინანსურ კონტრიბუციას აბანდებენ პროექტში. ასევე, მიიღეს $150 000-მდე ღირებულების წინასწარი შეკვეთები რობოტზე. "ცვლილებებია ჩვენს გუნდშიც, შემოგვიერთდა მარკეტინგის სპეციალისტი Tesla-დან. ძალიან დიდია ინტერესი რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებისგანაც, ამიტომ გადავწყვიტეთ სტუდენტებსა და მკვლევრებს განსაკუთრებული შესაძლებლობა მივცეთ, რათა სტაჟირება ჩვენს კომპანიაში გაიარონ და ახალი პლატფორმის საშუალებით გამოაქვეყნონ კვლევები. აღნიშნულ პლატფორმას ისინი ჩვენთან ერთად შექმნიან. ამ ეტაპზე მიღებული გვაქვს 100-ზე მეტი აპლიკაცია", − აღნიშნავს მეგი ქავთარაძე.

ორგანიზაციის მოკლევადიანი მიზანია, რობოტის დამატებითმა პროდუქტმა, Destiny-ის ჰოლოგრამულმა ასისტენტმა, მასობრივი წარმოებით რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრებაში დაიკავოს ადგილი და მათი სანდო პარტნიორი გახდეს. გრძელვადიანი გეგმაა, ბაზარზე ჰოლოგრამულ მოდელებს თავად რობოტი Destiny შეუერთდეს. ეს პირველი პრეცედენტი იქნება მსოფლიოში ყველაზე ადამიანური ტიპის რობოტისა, რომელიც ჩვენს გარშემომყოფებს დამღლელ ყოველდღიურობას საგრძნობლად გაუმარტივებს და რაც მთავარია, მისი შეძენა ყველას შეეძლება.

ანტრეპრენერობამ მეგის ფასდაუდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება შესძინა და ახლა, როდესაც ახალი გამოწვევებიც იჩენს ხოლმე პერიოდულად თავს, ქართველი ანტრეპრენერი უკვე მზად ხვდება ყველანაირი ტიპის დაბრკოლებას. მეგი Entrepreneur-ის მკითხველს უზიარებს საკუთარ რჩევებსა და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას საკუთარ საქმეში: "ბოლომდე გაჰყევით გზას, რომელსაც აირჩევთ, არ შეგეშინდეთ გამოწვევებისა და რისკის; გქონდეთ პოზიტიურად განწყობილი გონება, მუდმივად იმუშავეთ საკუთარ თავზე, პატივი ეცით ყველას. რაც შეეხება ბიზნესმხარეს: კარგად დაამუშავეთ იდეა, სწორად შეარჩიეთ თანაგუნდელები, შექმენით დეტალური გეგმა თქვენი იდეის სრულყოფისთვის, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მისი შეცვლა და გატესტვა არაერთხელ მოგიწევთ. მიიღეთ ცვლილებები. ანტრეპრენერობა გაგზრდით არა მხოლოდ ერთი პროფესიული მიმართულებით, არამედ ბევრ სხვა უნიკალურ უნარს შეგძენთ. Just go for it!".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს