დრო ფულია! დასაკარგი დრო კი არ გვაქვს! ის ვინც ცდილობს დაეწიოს, თავიდანვე წამგებიან პოზიციაშია
By ნინო ჭყონია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენ დიდი გარდაქმნების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც დინამიურად სწრაფად იცვლება, ბევრი ჩვენთვის ტრადიციული მიდგომა და მეთოდი. გარდაქმნები შეეხება ჩვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არათუ ფეხი ავუწყოთ აღნიშნულ გარდაქმებს არამედ უშუალო მონაწილეობა მივიღოთ მათში, რადგან როგორც ნათქვამია: ის ვინც ცდილობს დაეწიოს, თავიდანვე წამგებიან პოზიციაშია.
ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი, უნდა ვეცადოთ აღნიშნული გარდაქმნების "ტალღის ქიმზე" ყოფნას და არა რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩენას, მითუმეტეს რომ ამისთვის ყველა სასტარტო პირობა გვაქვს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულ, პრო დასავლური ფასეულობების ქვეყანას.
სულ რამდენიმე ათწლეულის წინ, უკან მოვიტოვეთ უძრაობისა და რკინის ფარდის რუხი წარსული და ეხლა ის მომენტია როდესაც ჩვენ, ჩვენს ახალ თაობასთან ერთად, არ უნდა შევუშინდეთ ახალ გამოწვევებს და გადავდგათ თამამი ნაბიჯები მომავლისაკენ, არ უნდა შევუშინდეთ ინოვაციებს, წავახალისოთ ყველა ახალი თუნდაც ოდნავ პერსპექტიული სტარტაპი, რადგან არავინ იცის თუ რომელი მათგანი "გაისვრის" შემდგომში, ბევრი უცხოური გიგანტის მსგავსად. მოვხსნათ დამატებითი ბარიერები და შეზღუდვები, ვებრძოლოთ სტერეოტიპულ და ხშირ შემთხვევაში შაბლონურ აზროვნებას რაც ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას წინსვლაში, პირიქით ბალასტივით აწევს მას და უკან ხევს.
სწორედ ამ სტერეოტიპული აზროვნების, პოლიტიკისა და პროგრამების შედეგია ის რომ 2021 წლისთვის კვლავ ვრჩებით, ტურიზმისა და ბორჯომის ეკონომიკად რომელიც კვლავ დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი ემიგრანტების სავალუტო გზავნილებზე, ექსპორტის სტრუქტურაში კი ტრადიციულად წამყვანი ხვედრითი წილი ათწლეულების მანძილზე ფერად ლითონებს უკავია, იქნება ეს სპილენძის მადნები და კონცენტრატები თუ ფეროშენადნობები.
ჯამურად ეს ყველაფერი ის ძირითადი მარკერებია რომელიც არ გვეხმარება წინსვლაში, არ ქმნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს საქართველოსთვის.
ჩვენი ეკონომიკისთვის გვჭირდება ახალი შოკური თერაპია, რადიკალურად ახალი მიდგომა და ხედვა რაც ასევე რადიკალურად გარდაქმნის ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას და მოგვიტანს არა პროგნოზირებად 3% ან 4% ყოველწლიურ ზრდას არამედ მოგვიტანს ორნიშნიან ყოველწლიურ ზრდას.
დრო ფულია! დასაკარგი დრო კი არ გვაქვს. ჩვენ ყოველ გაცდენილ წელთან ერთად ვკარგავთ კაცობრიობისთვის ორ უძვირფასეს რესურს: დროს და ფულს. ამიტომ ეკონომიკა დღესვე უნდა გადავიყვანოთ დიჯიტალიზაციის, ახალი საფონდო ბაზრების, IT ტექნოლოგიების, მწვანე ეკონომიკის რელსებზე, რაზეც დამოკიდებულია არა ჩვენი მომავალი არამედ უკვე ის აწმყო, რომელიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია დადგა, ჩვენც კი როგორც ევროპული დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი სწორედ ამ მხრივ უნდა ვპოზიციონირებდეთ ჩვენს თავს და სწორედ ამ მიმართულებებს უნდა ვუკავშირებდეთ ჩვენს ევროპულ, დასავლურ მომავალს .
ჩვენს თავს უნდა დავუსვათ ერთი მარტივი მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა : რატომაც არა?
დიახ, სწორედ რომ რატომაც არა?
რატომ არ შეგვიძლია საქართველო ვაქციოთ ახალ უნიკალურ "სილიკონ ველად"?
რატომ არ უნდა მოვიზიდოთ მთელი მსოფლიოდან ახალგაზრდა, პერსპექტიული IT სპეციალისტები, ჩვენს ქვეყანაში და რატომ უნდა მიდიოდნენ არათუ სან-ფრანცისკოში არამედ ისეთ ჩვენსავით პატარა ქვეყნებში როგორიცაა ესტონეთი ან ბელორუსი?
რატომ არ უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში ისეთი მსოფლიო დონის დღეს უკვე რამდენიმე ასეულ მილიონიანი კაპიტალიზაციის სტარტაპები როგორიცაა Skype, MSQRD, Vochi, PandaDoc ან თუნდაც Viber-ი? იმის გათვალისწინებით რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სწორედ რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნებში ესტონეთში, ბელორუსიაში და ისრაელში შეიქმნა.
რატომაც არა? ეს თუ შეძლო ჩვენზე პატარა ესტონეთმა ან ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის ხელში ბელორუსმა, ჩვენ რა გვიშლის ხელს?
სწორედ ეხლა ბელორუსში 1 წლის წინ განვითარებული მოვლენები უნდა გამოვიყენოთ როგორც უნიკალური შანსი იმისა, რომ ბელორუსული ტექნოლოგიების პარკიდან დაწყებული კომპანიებისა და ტექნოლოგიების მასიური გადინება ჩვენს სასარგებლოთ წარვმართოთ და ყველა ამ კომპანიასა თუ სპეციალისტს თავისი გამოცდილებით ფართოთ გავუღოთ ჩვენი ქვეყნის კარები, რომ სწორედ ჩვენთან და არა სხვა ქვეყანაში მოხდეს მათი გადინება, რაც ჩვენი ადგილობრივი კომპანიებისთვისაც და ზოგადად დარგისთვის დიდი სტიმული იქნება .
რატომაც არა?
მაგრამ ამისთვის საჭიროა სტერეოტიპების ბარიერების მყარი კედლების დანგრევა, და ახალი შესაძლებლობების შექმნა, ჩვენი მენტალობის რადიკალური შეცვლა, მიუხედავად მრავალი არსებული გამოწვევისა .
და რაც მთავარია, ეს გარდაქმნები უნდა დავიწყოთ, აქ და ახლა თორემ ხვალ უკვე გვიანი იქნება. დასაკარგი დრო კი არც ჩვენ და არც ჩვენ ქვეყანას არ აქვს.
მსოფლიოს სწორედ რომ თამამი გადაწყვეტილებები და ადამიანები ამოძრავებენ.
დიახ, სწორედ რომ აქ და ახლა და სწორედ რომ რატომაც არა? იმისთვის რომ კიდევ დიდი ხანი არ დავრჩეთ ტურიზმის, გზავნილებისა და ბორჯომის ეკონომიკად.