Get All Access for $5/mo

გიორგი ბოლქვაძე - ქართული სპირტიანი სასმლის წარმოების პიონერი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რუბრიკაში "ქართველები უცხოეთში" ვცდილობთ გაგაცნოთ იმ საინტერესო და წარმატებული ადამიანების ცხოვრება, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობდნენ და დღესაც საქმიანობენ. იმის მიუხედავად, რომ მცირე ასაკში წავიდნენ საქართველოდან, ეს ადამიანები მაინც არ ივიწყებენ სამშობლოს და მუდამ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის წინსვლაში რაიმე წვლილი შეიტანონ. დღევანდელ სტატიაში ქართული სპირტიანი სასმლის წარმოების პიონერს − გიორგი ბოლქვაძეს გაგაცნობთ. საქართველოში სპირტისა და არყის წარმოების ფუძემდებლად დამსახურებულად მიიჩნევა დავით სარაჯიშვილი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაიცნოს გიორგი ბოლქვაძე, რომელსაც არანაკლებ დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში.

საქართველოში "მაგარი სასმელების" წარმოებას საფუძველი გიორგი ქაიხოსროს ძე ბოლქვაძემ ჩაუყარა. პირველად მან შეიმუშავა რეცეპტები, რომლებიც შემდგომში წარმოებაში ჩაეშვა. 1865-1900-იან წლებში, მან დაამზადა მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი სხვადასხვაგვარი სპირტი, ნაყენები და სასმელები − ბრენდი, არაყი, ლიქიორი, რომი, რომლებმაც საერთაშორისო და სამრეწველო გამოფენების 100-ზე მეტი მედალი და ჯილდო მიიღო.

მეცნიერი და ანტრეპრენერი 1835 წელს გურიაში, სოფელ ბახვში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად, სწავლა ათენის მიწათმოქმედების აკადემიაში დაიწყო. ღვინის წარმოებასა და არყის ხდის, წმენდის, გასუფთავებისა და შეზავების ტექნოლოგიას კი კონსტანტინოპოლში დაეუფლა.

საქართველოში დაბრუნებისთანავე, გიორგი ბოლქვაძე იწყებს "მაგარი სასმელების" წარმოებას და დავით სარაჯიშვილზე 23 წლით ადრე, 1865 წელს უკვე აქვს თავისი, ქუთაისის ლიქიორისა და არყის ქარხანა, რომელიც "ამიერ-იმიერ კავკასიაში ერთადერთ მაღალ აღჭურვილ სამრეწველო ქარხნად" მიიჩნეოდა. აქ დამზადებული სასმელები უნიკალური იყო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაშიც, რადგან უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული სპირტიანი სასმელების ძირითადი ნედლეული ქართული იყო. წარმოება სხვადასხვა ტიპის "მაგარ სასმელს" უშვებდა, რაზეც 1870 წლით დათარიღებული, ფრანგულ ენაზე დაბეჭდილი საექსპორტო-სარეკლამო ფურცელი: "ბოლქვაძისა და მისი კომპანიის ქარხანა" მეტყველებს. ასევე, ძალიან პოპულარული იყო ბოლქვაძის არაყი "ქინაქინა".

ივანე ჯავახიშვილი წერდა: "საოცრად ვითარდებოდა ქართული კონიაკის ისტორია. იგი დაიბადა ქუთაისში, 1865 წელს − მაშინ, როდესაც გ. ბოლქვაძემ მისი პირველი ნიმუშები შექმნა, რომლებმაც სხვადასხვა გამოფენაზე არაერთი ჯილდო მოიპოვეს, მათ შორის 1878 წელს პარიზში, სადაც სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, ბოლქვაძის კონიაკმა მარკით "კავკასიური ნატურალური კონიაკი", ოქროს მედალი მოიპოვა". ამ კონიაკმა სხვადასხვა გამოფენაზე კიდევ 18 მედალი მიიღო, აქედან 5 − უმაღლესი დონის.

1876-1990 წლებში, გიორგი ბოლქვაძის კონიაკებმა 30-ზე მეტ მსოფლიო, საერთაშორისო და სპეციალიზებულ სამრეწველო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია და ა.შ. პირადად გიორგის 17 სხვადასხვა ქვეყნის ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ფრანგული MERITE AGRICOLE, 2 სახის "შევალიე და ოფიცერ", "ვაზის რესტავრაციისთვის"; ორდენი-ნიშნები პარიზის ნაციონალური აკადემიისგან, ბრიუსელის მსოფლიო მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნების აკადემიისგან.

ანტრეპრენერის მრავალრიცხოვანი ასორტიმენტიდან, დღესდღეობით, მხოლოდ ცხრა სახეობის სპირტი, ოთხგვარი კონიაკი, სამი რთული ლიქიორი, რვა სხვადასხვაგვარი ლიქიორი, ორი სახის რომი და რთული სამეფო არაყია ცნობილი. დღეს ბოლქვაძის კონიაკის წარმოების ტექნოლოგიის ორი მიმართულებაა ცნობილი: "ნატურალური" და "ხელოვნური". ნატურალურის წარმოება 1865 წელს, ხოლო ხელოვნურის − 1873 წელს დაიწყო.

ქართული სპირტიანი სასმელების სულისჩამდგმელი 1920 წელს გარდაიცვალა.