ინებე - ჯანსაღი დიეტა ადგილზე მიტანით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალგაზრდა წყვილმა – მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა საკუთარი საქმის წამოწყება მაშინ მოინდომეს, როდესაც საქართველოში სიტყვა "სტარტაპერი" წარუმატებელ კორპორაციულ კარიერასთან ასოცირდებოდა. არადა, მათი კარიერა წარუმატებლის გარდა ყველაფერი იყო. ლეკო და მარიტა მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდნენ, თუმცა ხისტი სამუშაო დრო, ფიქსირებული ხელფასი და პარასკევი დღის მოსვლაზე ოცნება, დიდად არ ხიბლავდათ. ამიტომ გამუდმებით ფიქრობდნენ, რომ საკუთარი საქმე დაეწყოთ. იდეების დამუშავებას 2014 წელს შეუდგნენ და 2016-ში სტარტი აიღეს. ასე შეიქმნა WWW.INEBE.GE – დიეტური მენიუს ადგილზე მიტანის ვებპლატფორმა. ახალგაზრდა ანტრეპრენერებს უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემის გადაჭრა დასჭირდათ, თუმცა ექსპერიმენტებში გათენებული ღამეები უნიკალური ქართული პროდუქტის დაარსებად ნამდვილად ღირდა – WWW.INEBE.GE პლატფორმაა მათთვის, ვისაც ჯანსაღად და დიეტურად კვება სურს.
"ბევრ კორპორაციაში გვიმუშავია. ხშირად ვაკვირდებოდით თანამშრომლებს და გავაცნობიერეთ, რომ თუკი ადამიანს, მიუხედავად პოზიციისა და შემოსავლისა, ერთი სული აქვს, როდის მოვა პარასკევი, და მთელი თვე მხოლოდ ხელფასის დღეს ელოდება, ესე იგი ცხოვრებით უკმაყოფილოა და რაღაც უნდა შეცვალოს. გამოსავალი ერთია − უნდა აკეთო საქმე, რომელიც ისე გეყვარება, რომ მზად იქნები მიუძღვნა ნებისმიერი დღე" – ლეკო შათირიშვილმა და მარიტა გენებაშვილმა კარიერული გზის გადააზრება 2014 წელს დაიწყეს.
იქამდე იყო ქორწინება, წარმატებულ კომპანიებში გატარებული წლები, გრენობლის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და დაუსრულებელი მზადება საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. გაითვალისწინეთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც სტარტაპერობა სულაც არ იწვევდა გარშემომყოფებში ისეთ აღფრთოვანებასა და პატივისცემას, როგორსაც დღეს.
ჰობი, როგორც ბიზნესიდეა
წყვილს საერთო გატაცებები ჰქონდა. ფოტოგრაფიასა და კულინარიას ერთად დაეუფლნენ. "სანამ თავად არ შეეჯახები ჯანმრთელობის პრობლემას, ვერ აფასებ დაბალანსებული კვების მნიშვნელობას. გარკვეულ მომენტში უბრალოდ იძულებული გავხდი, დილით, სენდვიჩის ნაცვლად, შვრიის ფაფა მომემზადებინა". მარიტა ჯერ მარტივი კერძების სწორად მომზადებაში დახელოვნდა, შემდეგ კი ყოველკვირეულად ახალ-ახალ კერძს ქმნიდა. "ინტერნეტში რა მასალა და სერიალიც კი არსებობდა კულინარიის შესახებ, ყველაფერს ვუყურეთ. თემამ მოგვხიბლა, თან აღმოჩნდა, რომ კარგადაც გამოგვდიოდა", – იხსენებს მარიტა.
ლეკო "ნატახტარში" მუშაობდა, მარიტა კი "საქართველოს ბანკში", ელექტრონული კომერციის მიმართულებით. პროფესიულ გამოცდილებას ჰობიც დაემატა და დაიბადა საუკეთესო ჰიბრიდული პროექტის – საკვების ელექტრონული კომერციის პლატფორმის შექმნის იდეა.
კონცეფციაზე მუშაობა წყვილმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ქართულ ბაზარზე Foodpanda-ც კი არ იყო შემოსული. თუმცა, იდეის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდა: "ინებეს" ბაზარზე გამოჩენისას, უკვე რამდენიმე კომპანია ოპერირებდა საკვების ადგილზე მიტანის სერვისით.
"თითქმის 2 წელი დაგვჭირდა ფინანსების მობილიზებისთვის და ვებპლატფორმის შესაქმნელად. სესხი ავიღეთ, კომერციული სამზარეულო ყველა სტანდარტის დაცვით გავარემონტეთ", – ამბობს ლეკო. საწყის ეტაპზე ბევრი დაბრკოლება შეხვდათ. მაგალითად, ელექტრონული კომერციის პლატფორმის ასაწყობად, დიდი კომპანიის დაქირავების ფინანსები არ გააჩნდათ, ამიტომაც რამდენიმე ფრილანსერს მიმართეს, რის გამოც ვებსაიტის შექმნა დროში გაიწელა და საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამ დააგვიანა.
"იმ პერიოდში არანაირი საგრანტო პროგრამა არ არსებობდა, რომ სტარტაპის განვითარებაში წაგვხმარებოდა. მაღალი რისკის სესხები დამწყები ბიზნესისთვის საერთოდ არ გაიცემოდა", – იხსენებს ლეკო და იმასაც გვიმხელს, რომ იპოთეკური სესხის ნაწილი, სახლის რემონტის ნაცვლად, ბიზნესს მოახმარეს.
მცდარი ბიზნესმოდელი
2016 წელს www.inebe.ge ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. პლატფორმა ნებისმიერ მსურველს ლანჩის სამსახურსა თუ შინ მიტანის სერვისს სთავაზობდა. კომპანიას 10-მდე კურიერი ემსახურებოდა. "ინებე" საკურიერო სერვისის კომპანიას არ იყენებდა − თავად შეიძინეს მოპედები, რომლებითაც მათივე თანამშრომელი კურიერები გადაადგილდებოდნენ. როგორც ლეკო შათირიშვილი ამბობს, საკუთარი კურიერების აყვანა საკურიერო სერვისის ქირაობას მეტი კონტროლის გამო ამჯობინეს. "და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დიდი შეცდომა. ლოგისტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ყოველდღიურ ოპერაციებს გვირთულებდა".
მუშაობის პროცესში გამოირკვა, რომ წყვილი არა ერთ, არამედ ორ ძალიან რთულ ბიზნესპროცესს უძღვებოდა. პირველი კომერციული სამზარეულო იყო, მეორე კი – საკურიერო სერვისი.
"2016 წელთან შედარებით, დღეს საკურიერო სერვისების რაოდენობა გაიზარდა, განვითარდა. იმ პერიოდში ისეთი ადამიანის პოვნაც კი ჭირდა, ვინც მოპედის მართვა იცოდა", – იხსენებს მარიტა. "მოძიებით კი მოვიძიეთ, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მათი მართვა იყო რთული". მაგალითად, წვიმიან ამინდში, როდესაც შეკვეთების რაოდენობა ერთიორად იყო გაზრდილი, ანტრეპრენერები დილით თანამშრომლებისგან რამდენიმე ზარს იღებდნენ. კურიერები ეუბნებოდნენ, რომ ავად არიან და შინიდან ვერ გამოდიან. წყვილს შეკვეთილი ლანჩების მიტანა საკუთარი და მეგობრების მორიგი შეცდომა უშუალოდ ბიზნესმოდელში დაუშვეს. www.inebe.ge თავდაპირველად სტანდარტულ ლანჩმენიუებს ქმნიდა. მოთხოვნა დიდი იყო. თუმცა, ძირითადი დატვირთვა შუადღის ორსაათიან მონაკვეთზე მოდიოდა. შესაბამისად, როგორც მზარეულებს, ისე კურიერებს, ცაიტნოტში უწევდათ მუშაობა. აქ 2 ტიპის პრობლემა ჩნდებოდა. უპირველესად, შეკვეთის მიტანა გვიანდებოდა, რადგან მზარეულებსაც და კურიერებსაც დიდი დატვირთვით უწევდათ მცირე დროში მუშაობა.
"რესტორანსა და კაფეს ერთი დადებითი მხარე აქვს: როდესაც პიკის საათია, კვების ობიექტში რიგს ხედავთ და თავად წყვეტთ, დაელოდოთ თუ სხვაგან წახვიდეთ. ჩვენ შემთხვევაში კი რიგი მომხმარებლისათვის უხილავი იყო. შეკვეთას 30 წუთი ელოდები და გაურკვეველი მიზეზის გამო აგვიანებს. ამ დროს მიზეზს ვერ ხედავ და არც გაინტერესებს. უბრალოდ, ბრაზდები", – ამბობს ლეკო.
მეორე პრობლემა ფინანსური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე აქტიური პერიოდი დღის პირველი ნახევარი იყო, წყვილს მზარეულების დაქირავება მთელი დღით უწევდა, რადგან პროფესიონალი მზარეულის 2 საათით აყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით შეკვეთის მცირე დროში მომზადებასა და მიტანას ძალიან ბევრი მზარეული და კურიერი ესაჭიროებოდა. აღნიშნული ფაქტორები სახელფასო ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდიდა.
წინასწარ გაუთვლელი ხარჯები ამით არ დამთავრებულა. www.inebe.ge-ს იდეის ჩასახვის წუთიდან, მარიტა და ლეკო შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული საკვები უმაღლესი ხარისხის იქნებოდა. "საუკეთესო მომწოდებლები გვყავს", – ამბობს მარიტა. მიუხედავად მაღალი ხარისხის პროდუქციის მაღალი ფასისა, ანტრეპრენერებს სურდათ, მათი მენიუ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როდესაც საქმე განფასებამდე მივიდა, წყვილმა ერთი შეხედვით ყველაფერი გათვალა. "მაგალითად, სპაგეტი "კარბონარა" აიღეთ. მისი ფასი ბაზარზე საშუალოდ 17 ლარია. როდესაც საკვების თვითღირებულება გადავთვალეთ, გაირკვა, რომ შემადგენელი ინგრედიენტების ღირებულება 7-8 ლარს არ აღემატებოდა. მივიჩნიეთ, რომ 17 ლარი ძვირი იყო და ჩვენ შევძლებდით 12 ლარად გაგვეყიდა, მუშაობისას კი უამრავ დაფარულ ხარჯს მივაგენით. სამზარეულოში უზარმაზარი დანაკარგი და ზედდებული ხარჯია, რომელიც, თუკი ღირებულებაში არ ჩადე, ვერ იარსებებ.
ახალი ბიზნესმოდელი
როდესაც წყვილი ამდენი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მიხვდა, რომ საჭირო იყო სასწრაფო ზომები მიეღოთ. სწორედ აქ გამოიჩინეს პრინციპულობა და შვილივით ნაზარდი ლანჩმენიუების მიტანის სერვისი საერთოდ გააუქმეს. კომპანიამ არსებობა მთლიანად დიეტური მენიუების მიტანის სერვისით ჩაანაცვლა.
"ლანჩ-მენიუებმა მთელი ჩვენი რესურსი წაიღო − ემოციურიც, ფინანსურიც. რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ყველა სტარტაპერის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა გიწევს აღიარო, რომ რაღაც არ გამოგივიდა და სხვა მიმართულებით უნდა გააგრძელო სვლა. ჩვენც ლანჩებზე უარი ვთქვით და დიეტებზე ვკონცენტრირდით", – გვიყვება მარიტა.
ლანჩმენიუების ჩანაცვლებამ რამდენიმე შეღავათი მოიტანა. რადგან დიეტური მენიუ წინასწარ დაგეგმილი პროდუქტია, კომპანიას შეუძლია ყოველი მომდევნო დღის რაციონი წინა საღამოს გააგზავნოს. აღნიშნულმა ფაქტორმა საგრძნობლად შეამცირა დაქირავებულთა რაოდენობა, შესაბამისად – ხელფასისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიც. ექვსიდან სამმა კურიერმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო 10 მზარეულიდან მხოლოდ 5-მა. პიკური დატვირთვის მოხსნამ საკურიერო სერვისიც დახვეწა და არც შემკვეთს ეჩქარება დღის ულუფის მიღება.
თუმცა დიეტურ მენიუებზე გადასვლასაც ახლდა პრობლემები. გაჭირდა ისეთი მზარეულების პოვნა, რომელთაც უცხიმო თუ უშაქრო, თუმცა არანაკლებ გემრიელი კერძების დამზადება შეეძლოთ. "უნდა იცოდე, როგორ შეწვა კვერცხი ისე, რომ ტაფაზე ზეთი არ დაასხა. ან როგორ მოამზადო სოუსის ბაზა ფქვილისა და კარაქის გამოყენების გარეშე. ინტერნეტში აურაცხელი მასალა მოვიძიეთ, შევისწავლეთ ყველაფერი, რაც ჯანსაღ კვებას შეეხებოდა. დავიწყეთ ენდოკრინოლოგებთან და დიეტოლოგებთან ერთად მუშაობა", – იხსენებს მარიტა.
ასე შეიქმნა www.inebe.ge-ს დიეტური მენიუების მთელი მრავალფეროვნება: დუკანის დიეტის მენიუ, ექსპრეს-მენიუ, ფიტნეს-მენიუ, ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტა, დედების დიეტა, პრემიერდიეტა.
წონის კლების მსურველთათვის და არა მარტო
ჯანსაღი კვება მოიაზრებს მრავალფეროვანი, დაბალანსებული კერძების მიღებას დღეში 4-ჯერ, მცირე ულუფებით. ვებსაიტზე არსებული კალკულატორით შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენი კალორია უნდა მიიღოთ არსებული წონის შესანარჩუნებლად, ან დასაკლებად, შემდეგ კი სასურველი მენიუ შეარჩიოთ. თითოეულის ენერგეტიკული შემადგენლობა 1200-იდან 1800 კალორიამდე მერყეობს.
დიეტების არჩევანი ისეთია, რომ თითქმის ყველა ტიპის მომხმარებელს ერგება. მაგალითად, თუ ძალიან დიდია ეგრეთ წოდებული დუკანის დიეტა. მისი დახმარებით, პირველსავე კვირაში საგრძნობია შედეგი, რაც მოტივაციასაც უზრდის ადამიანებს, რომ გააგრძელონ დიეტა და უკვე დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ. დუკანის დიეტაში 4 დღე მხოლოდ ცილოვანი პროდუქტითაა გაჯერებული, შემდეგ კი დღეგამოშვებით შემოდის ბოსტნეული. კიდევ ერთი მიმართულებაა პალეო. "პალეო დაფუძნებულია იდეაზე, რომ ადამიანს ჯანსაღი კვებისთვის მხოლოდ ის საკვები ესაჭიროება, რომელსაც ჩვენი წინაპრები პალეოლითის ხანაში მიირთმევდნენ, ანუ ხორცეული, ბოსტნეული და ხილი. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებას მცირე მოდიფიკაცია გავუკეთეთ და მენიუს ძალიან მცირე რაოდენობით ბურღულეული დავამატეთ, რადგან დღესდღეობით ამ ტიპის საკვების მიღება ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", – ამბობს მარიტა. ვეგეტარიანული დიეტის შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი ბოსტნეულს, თხილეულს, რძის პროდუქტებსა და კვერცხს იღებს. მოკლედ, ყველაფერს ხორცეულის გარდა. სრულიად მცენარეული კვებაა ვეგანური მენიუ, რომელშიც უკვე აღარც რძის პროდუქტები და კვერცხი შედის. ამ დიეტას ხშირად მიმართავენ მარხვის პერიოდში.
ერთკვირიანი დიეტის ღირებულება 199 ლარიდან იწყება, მათთვის კი, ვინც ვერ წყვეტს, უღირს თუ არა თანხის 7-დღიან კვებაში გადახდა, შეუძლია Inebe.ge-ს შესაძლებლობები ერთჯერადი გამოწერით გამოსცადოს და საშუალოდ 30 ლარად ერთი დღის მენიუ შეუკვეთოს. შესაძლებელია ასევე 5-დღიანი დიეტის გამოწერაც, თუკი შაბათ-კვირას მომხმარებელი ქალაქიდან გადის, ან უბრალოდ, სურს ე.წ. cheat day მოიწყოს, ანუ მიირთვას ის, რაც მოუნდება.
"საერთო ჯამში, საიტზე 5000 უნიკალური მომხმარებელია დაფიქსირებული. არსებობენ ისეთებიც, ვინც პირველსავე დღიდან ჩვენს მენიუს იწერენ და ისეთებიც, რომლებიც ყოველკვირა სხვადასხვა ტიპის დიეტას უკვეთავენ. რა თქმა უნდა ისინიც, ვინც ერთხელ შეუკვეთა და შემდეგ აღარ დაბრუნებულა", – ამბობს ლეკო.
www.inebe.ge დაარსების დღიდან, მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსს იკვლევს. უპირველესად, მაქსიმალურად ზრუნავს, რომ უკმაყოფილო მომხმარებელს ანგარიში გაუწიოს. ლეკოს თქმით, "მომხმარებელს საერთოდ არ აინტერესებს ვინ ხარ, რა გზა გამოიარე. თუნდაც დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იდეალური კერძი გავაგზავნეთ, თუკი მომხმარებელს არ მოსწონს, თანხას უპირობოდ ვუბრუნებთ. გვჯერა, რომ თუკი გრძელვადიანი ბიზნესგათვლა გაქვთ, მომხმარებელს უნდა მოუსმინოთ".
Inebe.ge-ს ამ ეტაპზე ჯეროვანი კონკურენტი ქართულ ბაზარზე არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ახალმა კომპანიამ მსგავსი პროდუქტის შექმნა მოისურვა და არაერთმა კაფემ დიეტური კვების მიტანის სერვისიც შექმნა, მარიტასა და ლეკოს პროდუქტის პირდაპირი კონკურენტის გახსენება უჭირთ. ბევრი შეცდომისა და რთული პერიოდების გავლის შემდეგ, Inebe.ge უკვე 2 წელია არსებობს და ყოლვედღიურად ახალ გზას ეძებს განვითარებისთვის.