Join our Waitlist for Expert Advice!

კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

დედოფლისწყაროელ ფერმერს, გიორგი ხოსროშვილს, 15 წელია კახეთში ხორბალი, ქერი და სიმინდი მოჰყავს. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც გადაწყვიტა, ხორბლის წარმოება ახალი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით* ეცადა. მეთოდი ფერმერებს ევროკავშირისა და FAO აგრონომებმა, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს. პროექტი კახელ ფერმერებს ხელს უწყობს, ნულოვანი დამუშავების მეთოდით, მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდასა და დანახარჯების ოპტიმიზაციაში.

გიორგი ამბობს, რომ მიწის დამუშავების ამ ახალი მეთოდის შესახებ რეგიონში არაფერი იყო ცნობილი, სანამ მას ეს მეთოდი ექსტენციის სპეციალისტებმა არ შესთავაზეს. ფერმერისთვის საკმაოდ უცნაური იყო ის ფაქტი, რომ აგრონომებმა მას შემოდგომის ნაცვლად, ხორბალი გაზაფხულზე დაათესინეს.

გიორგი ხოსროშვილი მთლიანობაში 130 ჰექტარი მიწის მფლობელია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა მან საწყის ეტაპზე, მხოლოდ 1 ჰექტარზე გარისკა. FAO-ს აგრონომები და ექსტენციის სპეციალისტები მას მთელი ჩატარებული სამუშაოების განმავლობაში დახმარებას უწევდნენ. საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა და ფერმერის საკონსულტაციო დახმარება ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ნულოვანი დამუშავების მეთოდს ნახშირბადის ნაკლები გამოყოფა და ჰაერის ნაკლები დაბინძურება ახლავს თან.

შედეგმა გიორგიც გააოცა და მისი მეზობელი ფერმერებიც, რომლებიც მომავალი სეზონიდან იგივე მეთოდის დანერგვას განიხილავენ.

"მექანიზაციაზე და საწვავზე 20%-მდე თანხა დავზოგე, რადგან ნულოვან დამუშავებას გაცილებით ნაკლები ინვესტიცია სჭირდება", ამბობს გიორგი. "ხორბალი ჩემს ნაკვეთზე თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში დავთესე, ეს კახეთში პირველად ხდება და შედეგი, ვფიქრობ, სახეზეა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეთოდი შესანიშნავად მუშაობს".

ვინაიდან მოსავალი მართლაც კარგია, მომავალი წლიდან გიორგი ნულოვანი დამუშავების მეთოდს უფრო დიდ ნაკვეთზე გამოიყენებს, ისევე, როგორც მისი მეზობელი ფერმერები. რაც უფრო დიდია ნაკვეთი, მით უფრო დიდ თანხას ზოგავს ფერმერი მექანიზაციაზე და მით ნაკლები ზიანი ადგება გარემოს მიწის ტრადიციული დამუშავებისას გამოყოფილი გამონაბოლქვით. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი თავსებადია ისეთ გავრცელებულ კულტურებთან როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი და ქერი.

"FAO და ევროკავშირი მუდმივად მხარს უჭერენ ქართველ ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში ახალი და ეკონომიური ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენი აგრონომების მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული მეთოდები უფრო დიდი მოსავლის აღებას უწყობენ ხელს, ნაკლები ხარჯით და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებით", - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა საქართველოში.

ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მეთოდია. ის არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ასევე იცავს ნიადაგს ეროზიისგან და ამცირებს კახეთში გავრცელებული მოკლევადიანი გვალვებით გამოწვეულ ზიანს.

"მეტიც, ფერმერებს აღარ მოუწევთ ნამჯის დაწვა, რადგან ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს ნამჯის გამოყენებას მულჩირებისთვის, რაც ნიადაგს უნარჩუნებს ტენიანობას, ამცირებს წვიმით გამოწვეულ ზიანს, სარეველების გავრცელებას და უკეთეს მოსავალს იძლევა ტექნოლოგიის გამოყენების მეორე ან მესამე წელს. აქედან გამომდინარე, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი იდეალურია კახეთის რეგიონისთვის", - ამბობს ალან პინედა, FAO-ს აგრონომი.

გიორგის ნაკვეთი ერთ-ერთია მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და FAO-ს მიერ მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთებიდან. უახლესი ტექნოლოგიები შეთავაზება ფერმერებისთვის არამხოლოდ ხორბლის, ქერისა და სიმინდის საწარმოებლად, არამედ ბოსტნეული მოსაყვანადაც მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოს მცირემიწიან მაღალმთიანეთში. FAO-ს აგრონომები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთო ძალისხმევით აწყობენ ფერმერთა საველე სკოლებს და ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

*ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის მიწის დამუშავების ტექნიკა, ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედებით. მინიმალური დამუშავებისას ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავ წარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნებისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია