Get All Access for $5/mo

Lunchoba - თქვენი გემრიელი ბიზნესლანჩისთვის ქართული ციფრული კაფეტერია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

Lunchoba ქართული ციფრული კაფეტერიაა, რომელიც საქართველოში პარტნიორ თანამედროვე ოფისებსა და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, აპლიკაციის მეშვეობით საკუთარ თანამშრომლებს კორპორაციული კაფეტერია ფიზიკური სივრცის დათმობის გარეშე შესთავაზონ.

Lunchoba 1 წლის წინ დაარსდა, თუმცა ბაზარზე 2019 წლის მაისში გამოჩნდა.

მისი დამფუძნებელი ნიკო რეხვიაშვილია, რომელმაც სერვისი ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო "რედბერის" სტარტაპსტუდიასთან ერთად შექმნა.

"რედბერი" Lunchoba-ს დეველოპმენტის, დიზაინის, კომუნიკაციის სერვისებით უზრუნველყოფს და მენეჯმენტშიც უწევს დახმარებას.

ნიკო რეხვიაშვილის თქმით, Lunchoba მზარეულებისა და ლოგისტიკის მხრივ განსაკუთრებულად ძლიერი გუნდით გამოირჩევა, რომელიც ახალი სერვისის სწრაფი და ხარისხიანი ზრდის გარანტია.

Lunchoba პირველი სტარტაპია საქართველოში, რომელიც ოფისებში მომუშავე ადამიანებისთვის ლანჩის პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მთლიანი სერვისი, დაწყებული აპლიკაციით, და საჭმლის მომზადებითა და მიტანის სერვისით დამთავრებული, მთლიანად ლანჩის აუცილებელი და ჯანსაღი საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა მიმართული. ყოველი შემდეგი დღისთვის აპლიკაციაში ახალი, 6 ლანჩბოქსისგან შემდგარი მენიუ იტვირთება. თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად შემდეგი დღის 11:00-მდე ამზადებს შეკვეთას, ჩვენს კურიერს კი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიაქვს ჩვენი კლიენტებისთვის ლანჩი ოფისში", - ეუბნება ნიკო რეხვიაშვილი Entrepreneur-ს.

Lunchoba შემთხვევით არ შექმნილა. დამფუძნებლების დაკვირვებით, საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, მოთხოვნა საჭმლის გამოძახების სერვისზე ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიშისთვის ისეთი სათანადო სერვისითა და პროდუქტით ეპასუხათ, რომელიც ოფისში ჯანსაღი და გემრიელი საჭმლის კომფორტულად გამოძახებას შესთავაზებდა ორგანიზაციებს.
"იდეა აღმოვაჩინეთ, რათა საკუთარი თავებისთვის გვეშველა. პირადად მე მქონდა დანიშნული სულ ოდნავ პრეტენზიული დიეტა და ჩემთვის ყოველი დღე ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული, თუ რა მეშველა საკუთარი თავისთვის ლანჩის დროს. როდესაც გავიაზრეთ, რომ ლანჩის მირთმევა ბევრი ადამიანისთვის პრობლემური იყო, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ამ პრობლემებს სათანადოდ გასცემდა პასუხს", - ამბობს ნიკო.

საწყისი იდეა და დღევანდელი პროდუქტი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. ეს კი იმ უკუკავშირის დამსახურებაა, რომელსაც მომხმარებელი სერვისის საპასუხოდ აწვდის და რომელსაც გუნდი გულისყურით უსმენს. გუნდისთვის უცვლელი და მყარი მოცემულობები არ არსებობს და ისინი მომხმარებელთა სურვილების, საჭიროებებისა და აუცილებლობების შესაბამისად იცვლება.

Lunchoba 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

  • სამზარეულო
  • მიტანის სერვისი
  • აპლიკაცია

"ძალიან სწრაფად ვიზრდებით, ვვითარდებით და შესაბამისად, ბიზნესის ეს ელემენტებიც უნდა გვიწყობდეს ხელს. ამჟამად ჩვენთვის გამოწვევაა სამზარეულოს გაფართოება და მეტი შეკვეთის ხარისხიანად და დროულად მიწოდება. ასევე, გამოწვევაა მიტანის სერვისის გაფართოება და ციფრული პროდუქტების განვითარება ისე, რომ ზუსტად პასუხობდეს ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს", - აცხადებს ნიკო რეხვიაშვილი.

Lunchoba-ს შექმნისთვის საწყისი ინვესტიცია "რედბერის" სტარტაპსტუდიის მხრიდან განხორციელდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ზრდაზე ორიენტირებული სტარტაპი ვართ, საქართველოს რეალობაში ჩვენ გვწამს - სტარტაპმა აუცილებელია მალე შეძლოს მოგებაზე გასვლა და მუდმივად გარე ინვესტიციაზე არ იყოს დამოკიდებული", - ნიკო რეხვიაშვილი.

Lunchoba-ს და მის გუნდს დიდი მიზნები აქვთ.

ინვესტიციის ეტაპს ზამთრის ბოლოს ელოდებიან, რის შემდეგაც უკვე ერთი დიდი ცენტრალიზებული სამზარეულოსა და ასევე რამდენიმე შედარებით პატარა სამზარეულოს ქალაქის მასშტაბით გახსნას გეგმავენ.

Lunchoba-ს ასევე სურს, რომ სერვისმა ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოსინჯოს, რადგან როგორც გუნდი ფიქრობს, სერვისი რეგიონის ქვეყნებისთვის საკმაოდ საინტერესოა. ამის თქმის საფუძველს, მათ მიმართ საქართველოში გაზრდილი ინტერესი და მოთხოვნა აძლევთ.

"აქამდე ჩვენი მარკეტინგი მთლიანად word of mouth-ზე იყო დაფუძნებული, რადგან ჩვენი გაყიდვები B2B კომპანიის გაყიდვების მსგავსია. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებსაც ჩვენთან თანამშრომლობა სურთ, თვითონ გვიკავშირდებიან. თუ საწყის თვეებში ჩვენ ვცდილობდით კომპანიებთან მისვლას და დარწმუნებას, რომ მათ ეს პროდუქტი გამოადგებოდათ, ბოლო დროს პირიქით ხდება - კომპანიები თავად გვიკავშირდებიან და გვთავაზობენ თანამშრომლობას", - გვეუბნება ნიკო.


Lunchoba-ს და მის გუნდს დიდი გეგმები აქთ. განვითარების სტრატეგია აქედანვე მკაფიოდაა განსაზღვრული. ახალი პარტნიორი კომპანიები მუდმივად ემატებათ. ზრდის პარალელურად კი მჭიდრო კომუნიკაციის არხებსა და ხარისხს მომხმარებლებთან მუდმივად ავითარებენ, რათა ნებისმიერი პრობლემა დროულად გადაჭრან და სერვისი გააუმჯობესონ.

"დამწყები ბიზნესებისთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ ბაზარზე სწრაფად "დაილანჩონ", თუნდაც არა ბოლომდე დასრულებული

პროდუქტით და ეცადონ მალე შეიძინონ პირველი მომხმარებლები. ამის შემდეგ კი ყურადღებით უსმინონ და სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციით, და არა საკუთარი დაშვებებით, განავითარონ პროდუქტი თუ სერვისი", - ურჩევს ნიკო რეხვიაშვილი მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ბიზნესში.

Lunchoba კი შემდეგი დიდ ნაბიჯებისთვის ემზადება და ჯანსაღი, კომფორტული ლანჩისთვის კიდევ უფრო დახვეწილ პროდუქტებსა და სერვისს უმზადებს მომხმარებლებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე