სამშენებლო კომპანია ''დაგი'' – სამშენებლო ბიზნესის 20 წელი 300-ზე მეტი პროექტი დაარსებიდან დღემდე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სოციალისტური ბანაკის ეკონომიკაც ინგრეოდა, ორმა ადამიანმა დამოუკიდებელი საქართველოს სამშენებლო სექტორის ისტორიის შექმნა დაიწყო: საბჭოთა სამშენებლო "ტრესტის" გამოცდილებით, დიდხანს ნარჩევი კადრებით, იმ დროისთვის მოძიებული მინიმალური ტექნიკითა და მაქსიმალური მონდომებით, სამშენებლო კომპანია "დაგი" დაარსდა.
პირველი პროექტი მამადავითის ტაძრის რეაბილიტაცია იყო, მას მოყვა კონსერვატორიისა და ილია ჭავჭავაძის მუზეუმების რეკონსტრუქცია, და მიხვდნენ, რომ ეკონომიკის გაძლიერებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო და მთელი რესურსი ამ კომპანიის განვითარებაში, კადრების გადამზადებასა და თანამედროვე ტექნიკის შესყიდვაში უნდა ჩაედოთ. დღეს "დაგის" საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა − დაარსებიდან დღემდე 300-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული საქართველოს ტერიტორიაზე. "დაგის" სახელს უკავშირდება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, სათაფლიის ნაკრძალი, სასტუმრო "ანაკლია", მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერის თეატრი, ვანის მუზეუმი და მრავალი სხვა პროექტი. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს. კომპანია მუდმივად ცდილობს მიჰყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას, ინოვაციებს. სამშენებლო პროცესში სწორედ თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც საშუალებას იძლევა დამკვეთისათვის მაქსიმალურად ოპტიმიზებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები იქნას შეთავაზებული.
Entrepreneur-ს სამშენებლო ინდუსტრიის გამოწვევებისა და ზოგადად, ამ სფეროს ფუნქციონირებაზე გოგი გულორდავა, "დაგის" დამფუძნებელი ესაუბრა.
როგორც იგი აღნიშნავს, მიმდინარე პანდემიის დროს, არ დარჩენილა ბიზნესი, რომელსაც უჩვეულო გამოწვევების გადალახვა არ დასჭირდა. რა თქმა უნდა, მათი კომპანიაც ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ყველაზე დიდი გამოწვევა კი იყო უკვე დაწყებული პროექტების − მშენებლობებისა თუ რესტავრაციების გაგრძელება.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მკაცრი პროტოკოლის გათვალისწინებით, "დაგიმ" შეიძინა უსაფრთხოებისთვის საჭირო აქსესუარები − სამედიცინო პირბადეები, ანტივირუსული და სადეზინფექციო სითხეები, საინფორმაციო ბროშურები, დისტანციური თერმომეტრები და ა.შ. ამ პროდუქციით მომარაგდა ლოკაციები და დაიწყო თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ყოველდღიური, აქტიური ზრუნვა. როგორც ამბობენ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიო პანდემია სრულად არ იქნება დამარცხებული.
სამშენებლო სექტორის საჭიროებებსა და პერსპექტივებზე საუბრისას, გოგი გულორდავა ამბობს: "ქვეყნის განვითარების პარალელურად, ვითარდება ინფრასტრუქტურაც. შესაბამისად, სამშენებლო სექტორიც ვალდებულია ფეხი აუწყოს და განვითარდეს. ბაზარი კონკურენტუნარიანია, რაც საშუალებას გვაძლევს არ მოვდუნდეთ და განვვითარდეთ. აუცილებელია საზღვრებს გარეთ მეტი გასვლა, ახალი ტექნოლოგიების სწავლა და შემდეგ დანერგვა, ამისათვის კი საჭიროა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხალხის გაგზავნა, კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების შექმნა, პოპულარიზაცია და მუშა-ხელოსანთა გადამზადება".
"დაგი" მუდმივად ცდილობს მიჰყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და
ინოვაციებს, და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები თუ ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებულ იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების გადამზადებაზე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო შეჩერდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი − კადრების საზღვარგარეთ გადამზადებისა და ე.წ. AAC ენერგოეფექტური გაზობეტონის ბლოკის წარმოების დაწყებისა, თუმცა თემა ძალაშია და პანდემიის დასრულებისთანავე, "დაგი" ამ ახალ ტექნოლოგიას საქართველოში ჩამოიტანს, თანამშრომლები კი გადამზადდებიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ თურქეთსა და გერმანიაში.
უახლოეს მომავალში "დაგი" დაასრულებს ისეთი პროექტების სამუშაოებს, როგორებიცაა: დევნილთა საცხოვრებელი კორპუსი ზუგდიდსა და ბათუმში; უკვე დასრულდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია და სულ მალე, შესაძლებელი იქნება ვიზიტორებისთვის გახსნა. ასევე, ძალიან მალე ჩაბარდება რამდენიმე საჯარო სკოლა და პროფესიული სასწავლებელი.
კორონავირუსის პერიოდში კომპანიამ განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინა თანამშრომლების კუთხით. როგორც ბატონი გოგი აღნიშნავს, "დაგისთვის" არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში, არამედ ყოველთვის პრიორიტეტული იყო შრომის უსაფრთხოების თემატიკა: "მინდა აღვნიშნო, რომ "დაგი" პირველი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სერტიფიკატები: ISO OHSAS 18001:2007 და ISO 14001:2004, რითაც ძალიან ვამაყობთ. კომპანიაში ძალიან დიდი როლი ენიჭება შრომის უსაფრთხოების დაცვას.
"დაგის" მხოლოდ ძალიან მცირე ხნით, მკაცრი კარანტინის გამოცხადების პერიოდში მოუწია სამშენებლო სამუშაოების შეჩერება, თუმცა ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობისა და რესტავრაციის დასრულების ვადებზე. ესენია: უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, საჯარო რეესტრი. ასევე მუშაობის აქტიური პროცესი შევინარჩუნეთ მარნეულში და გავაგრძელეთ პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონი მკაცრ საკარანტინო ზონაში აღმოჩნდა, სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მკაცრი პროტოკოლის გათვალისწინებით მიმდინარეობდა".
ამ ეტაპზე, კომპანია სრულად ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, COVID- 19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოების შესახებ. ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ობიექტებზე. ზრუნვა საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეული ობიექტი აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო სითხეებით, საინფორმაციო ბროშურებითა და სამედიცინო ნიღბებით. გაიცა ასევე მკაცრი რეკომენდაციები მუშაობის პროცესში დისტანცირების შესახებ. გარდა ამისა, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, ყოველდღიურად მოწმდებიან თანამშრომლები მაღალ ტემპერატურაზე. ამ გზით, სამშენებლო კომპანია ზრუნავს როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და მთელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
დღევანდელი მონაცემებით, "დაგის" პროექტებზე დაახლოებით 2 000-მდე ადამიანია დასაქმებული. მათი, როგორც დამსაქმებლების, მთავარი ღირებულება ისაა, რომ ყველას ერთ დიდ ოჯახად აღიქვამენ. ნებისმიერი წარმატება და წარუმატებლობა, ყველას ერთნაირად ეხება და ყველას სურს შექმნას უკეთესი მომავალი: "ყველას, იქნება ეს ახალი დასაქმებული თანამშრომელი თუ ის ადამიანი, ვინც უკვე ათწლეულია ჩვენს კომპანიაში მუშაობს, ვცდილობთ დავანახოთ, თუ რას ნიშნავს "ერთი ოჯახი". ეს არაა ცარიელი სიტყვები. როგორც ოჯახის წევრები არიან დამოკიდებულნი ერთმანეთზე, ითვალისწინებენ ერთიმეორეს მდგომარეობას, სურვილებს, ეხმარებიან, ერთიანდებიან გასაჭირში და ერთად უხარიათ, ზუსტად ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს "დაგი". ამ ბიზნესში სხვანაირად ვერ გამოვა − თითოეული ადამიანი, რომელიც აგურს აგურზე ადებს, განაპირობებს სხვა თანამშრომლების მომავალ მდგომარეობას და რა თქმა უნდა, მთელი პროექტის, კომპანიის წარმატებას. ამიტომ ვამბობ, რომ "დაგიში" ყველა ერთი ოჯახის წევრები ვართ", − ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებასთან დაკავშირებული პროექტები. როგორც გოგი გულორდავა აღნიშნავს, ეს მხოლოდ შენობა და ნაგებობა არ არის: "წარმოიდგინეთ, ამ შენობებში მომავალი თაობები უნდა გაიზარდონ, ჩვენი და ჩვენი მეგობრების შვილები. ბავშვები, რომლებიც შექმნიან უკეთეს საქართველოს. ამ ადამიანებმა ჩვენს აშენებულ სკოლებში უნდა დაიწყონ საკუთარი ცხოვრების შექმნა. ეს ძალიან ემოციური ნაწილია. ამ ეტაპზე ვაშენებთ "კომაროვის" სკოლა-პანსიონს ბათუმში, სკოლებს სოფელ ზემო მაჩხაანში და ზედა საქარაში, მარტვილში, ასევე პროფესიულ სასწავლებლებს მარნეულში, ბორჯომსა და ხაშურში. უკვე დავასრულეთ მეგასკოლა თბილისში, წილკნის საჯარო სკოლისა და სკოლა- სახელოსნო "ქვევრის სახლის" პროექტები. ეს შენობები "დაგისთვის" ნამდვილად განსაკუთრებულია და ვამაყობთ, რომ ვაშენებთ საქართველოს განათლების მომავალს".
"დაგის" დამფუძნებელს უჭირს რომელიღაც პროექტის გამოყოფა, რადგან როგორც თავად ამბობს, ყველა პროექტს თავისებური ხიბლი და ინტერესი აქვს. შესრულებული სხვადასხვა ტიპის პროექტებიდან მათთვის განსაკუთრებულად ემოციურად მნიშვნელოვანი იყო რუხის სავაჭრო ცენტრი, ვინაიდან მშენებლობიდან 200-300 მეტრში დგას ბლოკპოსტი და იწყება ოკუპირებული ტერიტორია: "მშენებლობისას უყურებ შენი ქვეყნის ნაწილს და ვერ მიდიხარ... ეს ემოციურად რთულია, თუმცა ჩვენ გვყავდა დასაქმებული ხალხი ენგურს იქით სოფლებიდანაც, რასაც სიამაყით ვიხსენებთ. ჩვენი კომპანია მუდამ მზად იქნება შეასრულოს საპასუხისმგებლო და საინტერესო პროექტები, რადგან სწორედ ისინი წერენ "დაგის" ისტორიას".