ვეცემით, რომ ფეხზე დადგომა ვისწავლოთ! შრომა, გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა და შეუპოვრობა ყველაფერს შეგაძლებინებთ!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ანტრეპრენერი და-ძმის წარმატების ფორმულა, რომელიც სამშობლოშიც და უცხო ქვეყანაშიც ერთნაირად მუშაობს – შრომა, გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა და შეუპოვრობა ყველაფერს შეგაძლებინებთ!
ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება გახდეთ წარმატებული, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ვისაც თავგადასავლები გიყვართ, ვისაც მიზანი გაქვთ და დაუღალავად ილტვით მის მისაღწევად, Entrepreneur გთავაზობთ მასალას, რომელიც შესაძლოა თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს და გიჟური იდეების განხორციელებაში დაგეხმაროთ. გაიცანით გერმანიაში მცხოვრები ქართველი და-ძმა და მათ მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ქართველი არტისტების ნამუშევრების და საქართველოს სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას, ჩვენი კულტურის, კულინარიისა თუ მუსიკის მსოფლიოსთვის გაცნობას უკავშირდება.
ლელა ბასილაშვილი ჟურნალისტი და მარკეტერია. 2007 წელს ე.წ. "ოპერის" პროგრამით, საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრა. რამდენიმე წელიწადში ბერლინის ტექნიკურ-ეკონომიკური უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით დაამთავრა. მუშაობდა BIG Four-ში შემავალ ერთ-ერთ მსხვილ აუდიტორულ კომპანიაში, Ernst & Young-ის მარკეტინგის დეპარტამენტში.
ილია ბასილაშვილი ლელას წასვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში, 2008 წელს, საკუთარი დის გზას გაჰყვა და მანაც "ოპერის" პროგრამით, გერმანიაში გააგრძელა საქმიანობა. დაამთავრა უნივერსიტეტი საერთაშორისო მენეჯმენტისა და მარკეტინგის სპეციალობით და საკუთარ საქმეზე ფიქრი დაიწყო.
გზა "ოპერობიდან" ქართული გალერეის გახსნამდე
ქართველი და-ძმის საქართველოში ცხოვრების წლები ძალიან ბევრ ლამაზ წუთს მოიცავს, მაგრამ ახსოვთ გაჭირვებისა და განუკითხაობის დღეებიც. ყველაზე არასასიამოვნოდ კი მაინც დაუფასებელი შრომა და ადამიანების მხრიდან უგულვებელყოფა იყო. როცა უნივერსიტეტი დაასრულეს, დიდხანს ეძებდნენ სამუშაოს, მაგრამ ამაოდ. ოჯახს ძალიან სჭირდებოდა ფული და ლელა იძულებული გახდა ინგლისურის კერძო გაკვეთილები აეღო, თანაც თავად დადიოდა სახლებში. თუმცა მიხვდა, რომ ეს საკმარისი არ იყო მისთვის. პარალელურად, აგზავნიდა საკუთარ მონაცემებს კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე, მაგრამ გამოხმაურება არსაიდან ჩანდა.
ლელამ გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც "ოპერის" პროგრამით გაემგზავრა. ერთ წელიწადში, ცოტა "ფეხზე რომ დადგა", ძმას – ილიასაც ურჩია, წასულიყო. ძმაც მალე გაემგზავრა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ გერმანიაში და იქ ეკეთებინათ ქართული საქმე.
ილიას მუდმივად, ბავშვობიდან ხიბლავდა უცხო ენები და უცხო კულტურის გაცნობა. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე და საკუთარ, პატარა ბიზნესზე ოცნებობდა, რომლის მეშვეობით სამშობლოს პოპულარიზაციას გაუწევდა.
ასე გაჩნდა იდეა ქართული გალერეის შექმნისა, რომელიც 2017 წელს ილიამ დააარსა.
გალერეის დაარსება არ იყო მარტივი საქმე – უამრავ დაბრკოლებას გადააწყდა და-ძმა, თუმცა როგორც თავად ამბობენ: "ბევრჯერ უნდა წაიქცე, რომ წამოდგომა ისწავლო".
გალერეის კონცეფცია
Geoline Group (geoline.berlin)-ის კონცეფცია ქართული პროდუქტების რეალიზაცია გახლავთ გერმანულ და ევროპულ ბაზრებზე, ქართული კულტურული და კულინარიული ღონისძიებების ორგანიზება ბერლინში, თუმცა ეს ყველაფერი დიდ თანხასთან, დროსთან და რისკთან იყო დაკავშირებული, ამიტომ თავდაპირველად ონლაინმაღაზია www.geoline-berlin.de შეიქმნა, სადაც ქართველი მხატვრების ტილოების შეძენა იყო შესაძლებელი. მათ ნამუშევრებზე ძალიან დიდი მოთხოვნა აღმოჩნდა და ამის შედეგად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს – გახსნეს ქართული გალერეა GeoArt Galerie (www.geoart-galerie.de). ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილია ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები, პერიოდულად ეწყობა ღონისძიებები და დამთვალიერებლებს აქვთ საშუალება გაეცნონ ქართულ კულტურას.
გალერეაში იმართება ყოველკვირეული ღონისძიებები. მაგალითად, ქართული ღვინის, პოეზიის საღამოები.
გალერეას სანახაობრივი დატვირთვა ქართული მუსიკისა და სამზარეულოს საღამოებმა შესძინა, რომელსაც ლელა უდგას სათავეში. ის იქვე ამზადებს ქართულ კერძებს, მსურველებს კი შეუძლიათ ჩაერთონ მომზადების პროცესში და ადგილზევე დააგემოვნონ კერძები.
"თუ გაქვს რწმენა და მიზანი, აუცილებლად გადალახავ ყველა დაბრკოლებას, სირთულეს, და მიაღწევ საწადელს", – ეჭვი არ ეპარება ილია ბასილაშვილს.
სამომავლო გეგმები
როცა გალერეის შექმნის იდეაზე მუშაობდნენ, და-ძმის მთავარი მიზანი ქართველების დახმარება და ნიჭიერი არტისტების ხელშეწყობა გახლდათ. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა წელს, აპრილში, ილია, რათა ახალბედა, ნიჭიერი ახალგაზრდები მოეძებნა და მათი ნამუშევრები ბერლინში წაეღო.
გარდა ამისა, ახალგაზრდა მეწარმეები საქართველოდან ჩასულ სტუდენტებს და თავგადასავლების მაძიებლებს სამსახურსაც სთავაზობენ.
მიუხედავად იმისა, რომ გალერეა სულ რაღაც შვიდი თვის გახსნილია, უკვე საკმაოდ ბევრ პროექტთან მოასწრო თანამშრომლობა. მაგალითად, Heart for Ukraine – სოციალური პროექტი, რომელიც უკრაინელი ბავშვების ომის ტერიტორიაზე დახმარებას ითვალისწინებდა. გალერეამ ორგანიზება გაუწია ერთკვირიან საქველმოქმედო გამოფენასა და ყოველდღიურ ღონისძიებებს. აღსანიშნავია საერთაშორისო ფოტოკონკურსის "ქოლგა თბილისის ფოტო" ოფიციალური პარტნიორობა და კატეგორია Newcomer-ის სპონსორობაც.
მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია ქართველ მხატვართა ნახატების გამოფენა, ასევე დიზაინერთა შოურუმების ჩვენება. პერიოდულად, გალერეა უცხოელ ხელოვანებსაც უმასპინძლებს.
ანტრეპრენერული გონება
ქართველი და-ძმა მიიჩნევს, რომ წარმატების მიღწევა და მისი შენარჩუნება არ არის ადვილი არც სამშობლოში და არც უცხო ქვეყანაში. ამისათვის ძალიან ბევრი შრომა, გამბედაობა, და რაც მთავარია – საკუთარი თავის რწმენაა საჭირო. სწორედ ამ დროს შეგიძლია ყველაფერი მიატოვო, მრავალი იმედგაცრუების შემდეგ ყველაფერი თავიდან სცადო, თანაც რამდენიმეჯერ; არ დანებდე, კიდევ სცადო, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ შეგიძლია!