ვინ არ დაისვენა? - "გითლი" გაიცანით ლაშა არეშიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორც ამას სახელიც კარგად ამბობს, "გითლი" ნათალი ფიგურების საწარმოა. ჩვენი მომხმარებელი გვიგზავნის საყვარელი ადამიანების − მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების, თანამშრომლების ფოტოს და ჩვენ მათ "გითლუკებად", ნათალ ფიგურებად ვაქცევთ. ესთეტიკური და ემოციური ფაქტორების გარდა, მათ ფუნქციური დანიშნულებაც აქვთ − ამ ეტაპზე "გითლუკები" ასევე ხის, ნათალ სანათზე თავსდება. წინ ბევრი გეგმაა და სხვა ფუნქციებიც უკვე გვაქვს მოფიქრებული.
"გითლი" არის ნათალი ფიგურების ერთადერთი ბრენდი, რომლის დანახვაზეც გემრიელად ჩაგეღიმებათ. ეს იყო შექმნის მოტივაციაც და მიზანიც, რომელსაც არასდროს გადავუხვევთ.
საკუთარი ბიზნესის მართვის მცირე გამოცდილება მქონდა, თუმცა "გითლი" სულ სხვანაირია − ბევრად ემოციური და შინაარსიანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც აქამდე მიკეთებია. წარმოიდგინეთ, ჩვენ ხომ ადამიანების ფიგურებს ვთლით.
პერიოდი მართლაც რთულია, თუმცა ამ სირთულეს ხშირად შეუძლია უკეთესი საქმის ბიძგი მოგცეს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა − ხეზე მუშაობის დაუოკებელი ოცნება რეალურად ვაქციეთ და გადავწყვიტეთ, ხალხისთვის ამ რთული პერიოდის შემსუბუქებაში, ჩვენი ძალიან პატარა, მაგრამ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა. ღიმილზე უკეთ, რამ შეიძლება ადამიანებს რთული ამბები გადაატანინოს?
მას მერე, რაც ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი, შემოვიკრიბე მეგობრები. ირაკლი კახიაშვილი (ბავშვობის მეგობარი), ციცი ოსიყმაშვილი (მხატვარი) − სულ ეს სამი ადამიანი ვაკეთებთ ყველაფერს, რაც "გითლის" და ადამიანების ჩაღიმებას სჭირდება. რაღა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის შოთა ჩინჩალაძეს, ჩვენს მეგობარს და ბრენდის სპეციალისტს, "გითლის" როგორც სახელწოდების, ასევე ზოგადად, მის შექმნაში.
ინვესტიციაც მცირე იყო − რამდენიმე დამატებითი ჩარხის შეძენა და ბრენდირებული მასალების დამზადება დაგვჭირდა. დანარჩენი, ენთუზიაზმისა და ადამიანების სიყვარულის შედეგია.