სერგი შუღაროვის ჰობით შთაგონებული ბიზნესი - "ტრანსპორტერის" წარმატების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიებში წარმატებული მენეჯერული კარიერის შემდეგ სერგი შუღაროვმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, ეკეთებინა საქმე, რაც არა მხოლოდ პროფესიულად იყო საინტერესო, არამედ უყვარდა და სიამოვნებას ანიჭებდა - ასე გაჩნდა "ტრანსპორტერის" დაფუძნების იდეა 2015 წელს.

იდეის არსი იყო საქართველოში რეკრეაციული და მოტოტექნიკის მიმართულების განვითარება, ადამიანებისთვის იმ საშუალებათა შეთავაზება, რითაც მეგობრებთან, ოჯახთან, ახლობელ ადამიანებთან ერთად დროის სასიამოვნოდ და, რაც მთავარია, საინტერესოდ გატარებას შეძლებენ.

სერგი, თავად აქტიური დასვენების დიდი მოყვარული, ხედავდა, რომ ამ მხრივ ადგილობრივ ბაზარზე მწირი არჩევანი იყო. იმის გაანალიზება, რომ მსგავსი სერვისი საქართველოში არ არსებობდა, გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა.

"გადაწყვეტილება მარტივად მივიღე. თუკი რაღაცის მჯერა, მირჩევნია დავიწყო და არ გამოვიდეს, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია. თუმცა არ მქონია შემთხვევა, რომ რაღაც დამეწყო და არ გამოსულიყო".

პირველი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბრენდთან, BRP (Bombardier Recreational Products)-თან დაკავშირება. დანარჩენი კი, როგორც ამბობენ ხოლმე, უბრალოდ, ისტორიაა.

"იმ პერიოდისთვის მათთან პირველი კომუნიკაცია მქონდა; სულ მალე საქართველოში BRP შემოვიყვანეთ. დღეს კი უკვე წარმოვადგენთ CFMOTO-ს, KAWASAKI-ს, KYMCO-ს, GARDENA-ს, HUSQVARNA-ს, SHERCO-ს და სხვა, 80-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს - ნაწილს მხოლოდ საქართველოში, ზოგს კი კავკასიასა და თურქეთშიც. სამუშაო პორტფელი გავაფართოეთ და ჩემი ჰობი - ბიზნესად ვაქციე" - იხსენებს ერგი.

"ტრანსპორტერის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Entrepreneur-თან ინტერვიუში წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი თავისი მრავალფეროვანი გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების შესახებ გვიყვება.

საკუთარი კომპანიის დაფუძნებამდე 12 წლის განმავლობაში ძვირფასი ლითონების მოპოვების ბიზნესში საქმიანობდა - საქართველოში ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ სომხეთში მართავდა ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდ ორ საერთაშორისო კომპანიას. მათი ბრუნვა ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებდა და 14 000 თანამშრომელს აერთიანებდა.

ამ დონის კომპანიების მართვის გამოცდილება ერთგვარი შემზადება იყო საკუთარი ბიზნესის სამართავად - "ამ კომპანიებმა დიდი გამოცდილება მომცეს, რაც შემდეგ ჩემს ბიზნესში წარმატებულად გამოვიყენე".

იხსენებს, რომ იმ პერიოდში, როგორც სერვისის მიმღებს, ხშირად სჭირდებოდა "ტრანსპორტერის" მსგავს თუ ავტოტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაცია და პარტნიორობა; ხუმრობით ამბობს, რომ კომპანიის დაფუძნებით მოლაპარაკებათა მაგიდაზე ადგილი შეიცვალა და თავად გახდა ამ პროდუქტებისა და სერვისის მიმწოდებელი.

თუმცა, მისივე თქმით, ორივე მიმართულებით მუშაობის გამოცდილებამ ერთი დიდი უპირატესობა მისცა - იცის, რა სჭირდებათ, ერთი მხრივ, მსგავს დიდ კომპანიებს, და რა სერვისი უნდა შესთავაზოს მათ.

"ყოველთვის ყველაფერს ვუყურებ ასე - მე რა მესიამოვნებოდა. 12 წელი, ფაქტობრივად, სერვისის შემსყიდველი ვიყავი - ექსკავატორს, გრეიდერს, მატარებლის ვაგონს და .. "ტრანსპორტერისნაირი" კომპანიებისგან ვყიდულობდი. ახლა კი სწორედ ჩვენ ვართ სერვისის მიმწოდებელი. ფაქტობრივად, ადგილი შევიცვალე მაგიდასთან; გამოცდილებით კარგად ვიცი, რა სჭირდება დამკვეთს და ეს სამუშაო პროცესს ორივე მხარისთვის აადვილებს".

სერგი იმასაც იხსენებს, რომ კომპანიის დაფუძნებისას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა წამოწყებას - ქართული ბაზრის სიმცირის გამო ასეთი მასშტაბური ბიზნესი მოგებიანი არ ეგონათ. მაგრამ მას არასდროს დაუკარგავს რწმენა, რომ "ტრანსპორტერი" იქნებოდა დიდი წამოწყება როგორც ამ სფეროში საქმიანობის გამოსაცოცხლებლად, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვის; დრომ აჩვენა, რომ რეკრეაციული ტექნიკა და კურორტების განვითარების ხელშეწყობა ჩვენს ბაზარს ძალიანაც სჭირდებოდა. "ტრანსპორტერის" იდეამ გაამართლა; გაჩნდა კომპანია, რომელმაც ზუსტად უპასუხა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას; გუნდმა კი დაამტკიცა, რომ ზუსტად ესმოდა მომხმარებლის საჭიროებები.

თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს სწორედ რეკრეაციულ ტექნიკას სთავაზობდა - კვადროციკლი, ბაგი, თოვლმავალი, კატერი, წყლის სკუტერი თუ ტრიციკლი.

"ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეიძინონ; შაბათ-კვირას ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ამ ტექნიკით საქართველოში უამრავი ადგილი მოიარონ - იქნება ეს მდინარის ხეობა, უდაბნო, ალპური თუ ბარში მდებარე ტბა, ზღვის და სამთო კურორტები; ჩვენ ადამიანებს ისეთი ადგილების მონახულების საშუალებას ვაძლევთ, სადაც ვერც ჩვეულებრივი ავტომობილით და ვერც ფეხით გადაადგილებით ვერ შეძლებდნენ დასვენებას და სიამოვნების მიღებას", - გვეუბნება სერგი.

კომპანია არსებობის მეცხრე წელს ითვლის; ამ დროის განმავლობაში, ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა "ტრანსპორტერი" ერთგული რჩება თავდაპირველი მისიის - შექმნას შესაძლებლობათა ჯაჭვი ჯანსაღი წესით დასვენების მოყვარულთათვის და ამ მიმართულების პოპულარიზაციისთვის.

თავდაპირველი იდეის ევოლუციის შედეგად ამჟამად "ტრანსპორტერი" რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მოტო და რეკრეაციული ტექნიკის შემდეგ ახალი მიმართულება მთის კურორტების განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე მუშაობა იყო - ასე გაჩნდა მაუნთინ რეზორტს სოლუშანს-ი (Mountain Resorts Solutions-ი).

ეს საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელიც ზვავების მართვასა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაზე მუშაობს. 2019 წელს, დაფუძნებიდან მალევე, Mountain Resorts Solutions-მა ფრანგულ კომპანია TAS s.a.s-თან (MND Group-ი) ერთად, საქართველოში პირველი დისტანციურად მართვადი ზვავსაწინააღმდეგო სისტემა დანერგა და მას შემდეგ ზვავსაშიში ტერიტორიების მონიტორინგსა და რისკების ეფექტურ მართვას სისტემურად უზრუნველყოფს.

კომპანიის ანგარიშზეა საქართველოში "სამთო მეზვავის" სერტიფიცირებული გუნდის ჩამოყალიბებაც - ისინი ახდენენ ნებისმიერი ტერიტორიის ზვავსაშიშროების რისკის შეფასებას, რისკების მოდულაციას, ადგილმდებარეობის შესაბამისი ზვავსაწინააღმდეგო ტექნოლოგიის შერჩევას, ზვავსაწინააღმდეგო სისტემის დანერგვა-დამონტაჟებასა და ზვავსაშიშროების რისკის მართვას.

"ზვავსაწინააღდეგო სისტემები ზღვის დონიდან 3 300 მეტრზე დავაყენეთ; ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც მთის კურორტების მართვის კომპანიას გადავეცით. ახლა მათ შეუძლიათ ყოველი დიდთოვლობისას ჩაკეტონ ტრასა, დისტანციურად მართვადი, უსაფრთხო აფეთქების მეთოდით ჩამოყარონ თოვლი საშიში ზონებიდან, გაწმინდონ ტრასა; შემდეგი თოვლის მოსვლამდე ეს ზვავსაშიში ზონები, პრაქტიკულად, განეიტრალებულია", - გვიხსნის სერგი.

გარდა ამისა, Mountain Resorts Solutions-ი წარმოადგენს პიროტექნიკური სისტემებისა და სერვისების ექსპერტი კომპანია Alsetex-სა და თოვლის სატკეპნი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია PistenBully-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტები დიდ ყურადღებას აქცევენ ზამთრის კურორტების კეთილმოწყობას. ცხადია, სასტუმროები და განთავსების ბიზნესი დიდ როლს თამაშობს; მაგრამ საკვანძო ფაქტორი ზამთრის ინფრასტრუქტურაა. ზვავებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვასთან ერთად, სწორედ თოვლის სატკეპნი ტექნიკაა ის, რაც სამთო კურორტებს სჭირდებათ, რაც მათ მიმზიდველობას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს "ტრანსპორტერის" გუნდი.

"ვართ კომპანია "კესბორერის" (kässbohrer – Pistenbully) წარმომადგენლები რეგიონში; მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეს გერმანული ბრენდი თოვლსატკეპნ მანქანებს აწარმოებს. სულ ორი დიდი კომპანია არსებობს, რომელთა ტექნიკითაც ხდება მსოფლიოში პრაქტიკულად ყველგან ტრასის მომზადება, დალაგება და შემდგომში მართვა. მათგან ერთს, "კესბორერს" წარმოვადგენთ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სწორედ ჩვენი ბრენდის 140 ერთეული ტექნიკით ხდება მთელ რეგიონში სათხილამურო ტრასების 95%-ის მომზადება", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ინტერვიუში.

საზოგადოებისთვის იმ პროდუქტის შეთავაზება, რაც ადამიანებს საყვარელი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება, "ტრანსპორტერის" მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ კომპანიის შეთავაზებებს შორის არის მებაღეობისა და აგროკულტურისთვის საჭირო ტექნიკაც.

შოურუმში მისვლით თუ ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი, ასევე ბიზნესისთვის საჭირო, შედარებით დიდი სიმძლავრის ბაღის, ბოსტნისა თუ ვენახის მოსასვლელი ტექნიკის შეძენა.

"გაქვთ ტერასა თუ 30-ჰექტრიანი ბაღი? ჩვენ გვაქვს ყველანაირი ტექნიკა, მანქანა-დანადგარები იმისთვის, რომ ყველა დიაპაზონის საჭიროება დავაკმაყოფილოთ", - გვიხსნის სერგი.

სერგი იხსენებს რისკებსა და დაბრკოლებებს, რომლებიც "ტრანსპორტერმა" დაფუძნებიდან დღემდე გადალახა. რა თქმა უნდა, სარისკო იყო მისი მხრიდან საწყისი ინვესტიციაც; თუმცა ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ სირთულეები ზრდის პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომ ბარიერების გარეშე წინსვლა მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება, რეალურ ცხოვრებაში კი პროგრესი მათი დაძლევით მიიღწევა. იგი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე მუშაობას ბავშვის დაბადებიდან მოზარდობამდე პერიოდს ადარებს; განსაკუთრებულად კი პირველ 5 წელიწადს გამოყოფს.

"კომპანია ბავშვივითაა - თავიდან საწოვარათი აჭმევ, შემდეგ კოვზით, შემდეგ იწყებს ლაპარაკს და ნაბიჯების გადადგმას. ბავშვის განვითარებაში ყოველი დღე მნიშვნელოვანია; ასევეა ბრენდის შემთხვევაშიც".

განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა კოვიდ 19-ის პანდემია; როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის, "ტრანსპორტერისთვისაც" ეს იყო სრული ლოქდაუნისა და მსოფლიო დონეზე ოპერაციების შეწყვეტის პერიოდი. კომპანიას 2019 წლის ბოლო კვარტალში აღებული ვალდებულებები 2020 წლის გაზაფხულის პერიოდიდან უნდა შეესრულებინა; პროექტი ზვავსაწინააღმდეგო სისტემებს ეხებოდა. საჭირო იყო ექსპერტების ჩართულობა, შესაბამისი აღჭურვილობის ვერტმფრენით მუშაობა ადგილზე... ზუსტად მაშინ, როცა განხორციელება უნდა დაწყებულიყო, გლობალური მასშტაბით და, ცხადია, საქართველოშიც, ყველაფერმა ოპერირება შეწყვიტა; მთელი მსოფლიო "ჩაიკეტა".

თუმცა "ტრანსპორტერი" აღმოჩნდა პირველი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ექსპერტებიც ჩამოიყვანა და ავსტრიიდან სპეციალური ვერტმფრენიც შემოიყვანა პროექტის განსახორციელებლად.

"საკუთარ თავს და სხვებსაც დავუმტკიცეთ, რომ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადავლახავთ. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ყველაზე რთულ პერიოდში უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი პროექტის ჩაბარება მოვახერხეთ. საბოლოოდ კი კოვიდის პანდემიის დასასრულისთვის ძალიან ძლიერები ვიყავით", - იხსენებს ბიზნესმენი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც, სერგის თქმით, "ტრანსპორტერს" რეგიონულ ბაზარზე გამოარჩევს და უპირატესობას ანიჭებს, მისი ტექნიკური მომსახურების ხარისხია; კომპანიის გუნდისთვის მომხმარებელთან ურთიერთობა იწყება იმ წუთიდან, როცა იგი მათი პროდუქტის შეძენას გადაწყვეტს. სწორედ ამიტომ ტექნიკური მხარდაჭერის პროფესიონალთა კვალიფიკაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

გუნდის წევრები ყოველწლიურად გადიან გადამზადებას იმავე კომპანიებში, ვისი წარმომადგენლებიც თავად არიან. ყველანაირ ტექნიკურ ინოვაციას, ახალ სერვისებსა და დაგროვილ ცოდნას მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან იღებენ აშშ-ში, გერმანიაში, კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში, შემდეგ კი ამ ცოდნას და გამოცდილებას საკუთარ საქმეში იყენებენ. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდამ მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს ქართველ მომხმარებელს.

"ნებისმიერი ტექნიკის ჩვენთან შეძენის შემდეგ პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ სერვისს, რომელიც ნომერი პირველია რეგიონში. საქართველოში ბრენდების წარმოდგენასთან ერთად, მთავარი, რაც მოვახერხეთ, არის ძლიერი ტექნიკური ჯგუფის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, ხშირადაა შემთხვევები, რომ კონკურენტების მიერ გაყიდულ ტექნიკასაც შემდგომ მომსახურებას ჩვენი ტექნიკური გუნდი უწევს".

რითაც სერგი განსაკუთრებით ამაყობს და მიიჩნევს, რომ "ტრანსპორტერს" ამიერკავკასიის ბაზარზე გამორჩეულ ადგილს ანიჭებს - არის ბრენდები, რომლებსაც კომპანია წარმოადგენს.

უძველესი ისტორიის მქონე ბრენდები საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებისა და ლიდერობის ათლწეულებსა და ასწლეულებსაც კი ითვლიან. მაგალითად, შვედური ბრენდი "ჰუსქვარნა" 330-ზე მეტი წლისაა და ჯერ კიდევ იმ პერიოდში დაფუძნდა, როცა ძირითადი ბიზნესსაქმიანობა რკინის მადნის მოპოვება და დამუშავება იყო.

ასეთი მემკვიდრეობისა და ისტორიის ბრენდების წარმომადგენლობა, ცხადია, იმასაც ნიშნავს, რომ "ტრანსპორტერის" პროდუქციაც და სერვისიც შესაბამის საფასო დიაპაზონშია. ამას სერგი შემდეგნაირად ხსნის:

"ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი კომპანია ვართ; როგორ შეიძლება ხარისხიანმა კომპანიამ უხარისხო ბრენდები გაყიდოს, ან როგორ შევთავზოთ მომხმარებელს უხარისხო პროდუქტი? ჩვენი სწორება არის ბრენდზე და მის ხარისხზე - ამიტომ გვაქვს საუკეთესო პორტფელი".

კიდევ ერთი ასპექტი, რაც "ტრანსპორტერის" გუნდს და მათ მომსახურებას ბაზარზე გამოარჩევს, არის მომხმარებლისადმი დამოკიდებულება, თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობა მათ წინაშე. როგორც სერგი ამბობს, ყველა მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებელი დარწმუნდეს: მათი უკუკავშირი ძალზე ფასეულია; ჩვენი პრიორიტეტია, რომ შოურუმი თუ მოლაპარაკებათა ოთახი მათ კმაყოფილებმა დატოვონ.

სერგი იხსენებს, რომ კომპანიაში ჰქონიათ ისეთი ფორსმაჟორული შემთხვევებიც კი, როცა ახალი წლის ღამეს ტექნიკური ჯგუფის დახმარება მომხმარებელს სვანეთში, მთაზე დასჭირდათ. მიუხედავად სირთულეებისა, "ტრანსპორტერის" გუნდმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა მათ.

"სწორედ ეს ქმნის წარმატების ფორმულას "ტრანსპორტერისთვის" - მაღალპროფესიონალური გუნდი, პასუხისმგებლობის გრძნობა თითოეული მომხმარებლის მიმართ და ჩვენი მიდგომა - შევთავაზოთ მათ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

სპორტის განვითარების ხელშეწყობა კომპანიის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით დაფუძნდა "ტრანსპორტერის ლიგა" - როგორც სერგი ამბობს, ეს, ფაქტობრივად, მოტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატია.

ლიგა ორ დისციპლინაში - ტრეკსა (წრეზე) და დრაგზე (ორ მონაწილეს შორის შეჯიბრი) ტარდება. კატეგორიები შეჯიბრში მონაწილე მოტოტრანსპორტის მახასიათებლებით განისაზღვრება. სერგი აღნიშნავს პროექტში სხვა ორგანიზაციების ჩართულობასაც და ამბობს, რომ ეს კომპანიები, მაგალითად, "გალფი", დიდ მხარდაჭერას უცხადებს ლიგას.

"ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, სხვადასხვა კატეგორიაში შეეჯიბრონ ერთმანეთს და ამით შესაბამის პირობებში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სამართლიან გარემოში მიიღონ სიამოვნება. ჩვენ, პრაქტიკულად, საქართველოს ჩემპიონატს ვატარებთ მოტოსპორტში (შესაბამის დისციპლინებში). წლის ბოლოს უკვე გამოვაქვეყნებთ სხვადასხვა კატეგორიში გამარჯვებულებს და ძალიან კარგი პრიზები" გვექნება, - ამბობს "ტრანსპორტერის" გენერალური დირექტორი.

კომპანიის დამფუძნებლისთვის "ტრანსპორტერის" ისტორია შესაძლებლობათა გამოყენების ისტორიაა. ბიზნესმა, რომელმაც გართობის ინდუსტრიაში ოპერირებით დაიწყო, შეაღწია და წამყვანი პოზიციები დაიკავა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა რეაკრეაციული და მოტოტექნიკა, ელექტრომობილები, ტურისტული და სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, მთის კურორტები, აგრობიზნესი, მებაღეობა.

სერგი იხსენებს, რომ 2016 წელს, როცა პროდუქციის რეალიზაცია დაიწყეს, ერთ-ერთი დიდი მიმართულება წყლის სკუტერები იყო. ამ პროცესმა კომპანიის დამფუძნებელი და მთელი გუნდი დაარწმუნა, რომ შავი ზღვის მიმდებარედ რეკრეაციასა და გართობას ბევრად დიდი პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე ეს იმ დროისთვის არსებულ ტურისტულ სერვისში აისახებოდა; სწორედ ასე გაჩნდა მათ პორტფელში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კატერები და იახტები.

სერგი დარწმუნებულია, რომ შავი ზღვის პოტენციალი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ათვისებული; სჯერა, რომ მთელი რიგი პროექტების განხორციელების შემდეგ გართობისა და დასვენების ინდუსტრია სულ სხვა დონეზე ავა.

2016 წელს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სამთო ტექნიკის გაყიდვა უფრო გააქტიურდა. თოვლმავლების რეალიზაციამ და მთის კურორტებზე დაკვირვებამ სერგისთვის ცხადი გახადა, რომ სამთო ტურიზმის მიმართულებით ასევე, ბევრი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. სწორედ ამ მისიას ასრულებს კომპანია Mountain Resort Solutions-ი.

"პორტფელში გვაქვს ყველაფერი, სარწყავი სისტემებითა და ხელოვნური გათოვლიანებით დაწყებული, ზვავსაწინააღმდეგო დანადგარებითა და კვადროციკლებით დამთავრებული. გართობიდან დავიწყეთ და შევედით ისეთ ინდუსტრიებში, რაზეც კომპანიის დაფუძნების მომენტში არ მიფიქრია. ადამიანი არასდროს უნდა გაჩერდეს, მოძრაობაში ყოფნით კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება", - ასე აფასებს განვლილ წლებს ბიზნესმენი.

"ტრანსპორტერი" არც თანამედროვე ტრენდებს ჩამორჩება. კომპანია მაღალტექნოლოგიურ, უმაღლესი კლასის ბრენდებს წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს და მოითხოვს კიდეც თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას.

"ტრანსპორტერის" მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე გაეცნოს პროდუქტს და შეიძინოს კიდეც იგი. ჩაფხუტი, საბურავი, კვადროციკლი, თოვლმავალი თუ წყლის სკუტერი - "ტრანსპორტერის" გუნდი ყველაფერს ადგილზე მოგაწვდით.

თუმცა უმრავლესობა მაინც ამჯობინებს, მივიდეს შოურუმში, თავად გაეცნოს მოდელს, უშუალოდ გამოსცადოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

ამასთან, ელკომერცია და გაციფრულება არ ეხება ისეთ სერვისებს, როგორიცაა, მაგალითად, მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურული პროექტები - წარმოუდგენელია მსგავსი პროექტის ონლაინშეძენა.

"ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ისე, როგორც ეს მომხმარებლისთვის არის მაქსიმალურად კომფორტული", - დასძენს ის.

კომპანიაში არასდროს წყვეტენ განვითარებაზე ფიქრს. სერგი ამბობს, რომ მისი მიდგომაა: გამოიყენოს არსებული და შექმნას ახალი შესაძლებლობები. თუმცა არ აქვს წინასწარ გაწერილი გეგმა, თუ სად უნდა იყოს "ტრანსპორტერი" რამდენიმე წლის შემდეგ; სფერო აქტიურად ვითარდება და მისი გეგმაც სწორედ მუდმივი განვითარებაა.

მთავარი მამოძრავებელი ძალა კი წარმატებისა და წინსვლისაკენ სწრაფვაა. სერგი დარწმუნებულია, რომ "ტრანსპორტერს" აქვს პოტენციალი, გახდეს საერთაშორისო კომპანია. გლობალურ ბაზარზე დამკვიდრება - სწორედ ესაა მისი უდიდესი სურვილი.

"ყველაფერი წინაა, არ ვჩერდებით, ვვითარდებით და შესაძლებლობებს ხელიდან არ ვუშვებთ. მჯერა, კვლავ გამოჩნდება ახალი არეალები, და ჩვენ მათ ავითვისებთ. როგორც ჰორიზონტს არ აქვს ბოლო, ისე განვითარების მასშტაბებიც უსაზღვროა. ყოველი მწვერვალიდან ახალი ჰორიზონტი და ახალი დასაპყრობი მწვერვალი ჩნდება. ეს მუდმივი პროცესია", - გვეუბნება სერგი შუღაროვი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი