რკო - ბიზნესი საქსოვი ჩხირებითა და ძაფით ხელში "რკოს" ნატურალური, ხელნაკეთი სამოსი და აქსესუარები თქვენი შვილებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

სამმა ახალგაზრდა ქალმა 2016 წელს საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო. დებმა – თამუნა და ნინო მესარკიშვილებმა, ასევე მათმა მეგობარმა თაკო მეგრელიშვილმა საქსოვი ჩხირები, ნემსი, ძაფი მოიმარჯვეს, და "რკო" დააარსეს. "რკოს" ნამუშევრები 0-იდან 10 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. თითოეული მოდელი ხელით იქსოვება ან იკერება. ძაფებსა და ქსოვილებს დამფუძნებლები კომპანიის შექმნის დღიდან თავად ყიდულობენ და მიუხედავად იმისა, რომ საჭირო თანამშრომლებიც ჰყავთ, სამოსს თვითონაც სიამოვნებით ქმნიან. უახლოეს მომავალში, თბილისში "რკოს" მეორე მაღაზია გაიხსნება.

იდეის ჩასახვიდან განხორციელებამდე

ორსულ თამუნა მესარკიშვილს საბავშვო ტანსაცმლის ბრენდის შექმნის იდეა შხაპის მიღების დროს გაუჩნდა. დიდხანს არ დაუყოვნებია, გეგმის განხორციელებას იმავე დღეს შეუდგა და მეგობარს – თაკო მეგრელიშვილს, დაუკავშირდა.

თაკო მეგრელიშვილი ამასობაში მესამე პატარას მოლოდინში გახლდათ. ორსულობის დროს, მარწყვისა და ალუჩის ნაცვლად, გულმა ქსოვისკენ გაუწია. იყიდა ძაფები, ჩხირები, ჩაუჯდა Youtube-ის Tutorial-ებს და არათუ მხოლოდ ისწავლა, არამედ მალე საკუთარი ხელით შექმნილ სამოსს მეგობრების შვილებსაც კი ჩუქნიდა.

მეგობრებს მალევე თამუნას და – ნინო მესარკიშვილი შეუერთდა, რომელიც როგორც იხსენებს, თურმე მთელი ბავშვობა თავს თოჯინებისთვის ტანსაცმლის კერვით ირთობდა და საბავშვო ტანსაცმლის დიზაინერობაზეც ოცნებობდა.

"მე ქსოვაში ვიყავი ჩართული, ნინო კერვამ გაიტაცა. თამუნამ, რომელიც მთლიანად ამ იდეით გახლდათ მოცული, მარკეტინგული ნაწილი და ფოტოების გადაღება აიღო თავის თავზე. მივხვდით, რომ ჩვენს განსხვავებულ მისწრაფებებსა და უნარებს ერთმანეთს კარგად შევუთავსებდით. ასე დაიწყო ყველაფერი", – იხსენებს სტარტაპის პირველ ნაბიჯებს თაკო მეგრელიშვილი.

ჩვენს ქვეყანას ბავშვის სამოსის წარმოების დიდი გამოცდილება არ გააჩნია. შესაბამისად, გოგონები საქმის დასაწყისშივე სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგნენ. "გარედან მარტივად ჩანს – შექმნი დიზაინს, შეკერავ და მორჩა. სინამდვილეში, ასეთი ადვილი სულაც არ არის. სანამ კონკრეტული მოდელი ბოლომდე ყველასთვის მისაღები არ იქნება, რეალიზაციაში არ ვუშვებთ. ვტესტავთ, ვაზომებთ, რომ ყველა ასაკის ბავშვზე შესაბამისად იყოს მორგებული. მოკლედ, დიდი პროცესია", – გვიყვება თამუნა მესარკიშვილი.

ანტრეპრენერებისთვის, ბრენდის შექმნიდან დღემდე, მთავარი, ბავშვებისთვის უმაღლესი ხარისხის სამოსის წარმოებაა. "გვინდოდა პატარებისთვის განსხვავებული, პრაქტიკული, ჯანსაღი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი შეგვექმნა", – ამბობს ნინო მესარკიშვილი.

სწორედ გოგონების სურვილებსა და ხედვას მიუსადაგა გიორგი პოპიაშვილმა კომპანიის ლოგო და სახელწოდება. გარდა იმისა, რომ "რკო" ბუნებასთან, ნატურალურ პროდუქტთან ასოცირდება, ნაყოფის ქუდის ფორმა და ფაქტურა ძალიან წააგავს ბრენდის მიერ შექმნილი ქუდების პოპულარულ მოდელებს.

"ერთ მოდელში სხვადასხვაგვარი პრინტები, ფერებია. ყველაფერი ხელით მზადდება. ბევრს არც კი სჯერა, თუმცა როცა პროდუქტს ხელში იჭერ, ხედავ, როგორი სუფთა ნაქსოვია, თუნდაც – შიდა მხარეს. ქუდები ბავშვისთვის განკუთვნილი ძაფით იქსოვება და არც ზედმეტი ნაკერები აქვს, რომ ჩვილებისთვის შემაწუხებელი იყოს. ძაფებს საქართველოში ვყიდულობთ, ნაჭრებს – საზღვარგარეთ", – გვიხსნის თამუნა.

გუნდმა ნამუშევრებს სახელებიც კი შეურჩია. მათ კატალოგში იპოვით ქუდებს – "როკეტსა" და "პიქსის", ასევე პოპკორნის ჟაკეტს. მომხმარებელიც მიეჩვია და მაღაზიაში თუ გამოწერის დროს, კონკრეტულ, სახელობით მოდელებს ითხოვენ.

თამუნა პროფესიით მარკეტერია. ცოტა ხნის წინ, Tbilisi Mall-ის მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია დატოვა და პრემიუმხარისხის წინდების – "როუზბადის" დირექტორი გახდა. ყველაზე რთული გრაფიკი ნინოს აქვს – დღის განმავლობაში "თიბისი ბანკის" თანამშრომელია. როგორც თავად ამბობს, "კლერკულ" სამუშაოშია ჩაფლული და საკუთარი კომპანიისთვის დროის გამოსანახად დიდ ენერგიას ხარჯავს. რაც შეეხება თაკოს, ცოტა ხნის წინ მესამე შვილის დედა გახდა და პატარებზე მზრუნველობასთან ერთად, "რკოს" ამუშავება-განვითარებაშია ჩართული.

თამუნა მესარკიშვილი და თაკო მეგრელიშვილი ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიას გეგმავენ. ცოტა ხნის წინ სოციალური მედიის მენეჯერიც აიყვანეს. სოციალური მედიისთვისა და კატალოგებისთვის ფოტოსესიებს საკუთარ თავზე თამუნა მესარკიშვილი იღებს. "ფოტოგრაფია ჩემი ჰობია. დასაწყისში, ცნობილ ფოტოგრაფებთან ვთანამშრომლობდით, ახლა კი უკვე თავად ვიღებ ფოტოებს. უშუალოდ ბავშვის გადაღება რთულია – გამძლე ნერვებსა და უნარებს მოითხოვს, რომლებიც ნელ-ნელა გამოვიმუშავეთ. პირველი ფოტოსესიიდან ფოტოგრაფი კინაღამ გაგვექცა. სამაგიეროდ, ახლა უკვე ვიცით, როგორ დავგეგმოთ, გადავიღოთ, მოვხიბლოთ ჭირვეული ბავშვი", – გვიხსნის თამუნა.

"რკოს" ტანსაცმელი კონტრაქტორ ატელიეში იკერება, რაც მასობრივ წარმოებაზე გასვლას ხდის შესაძლებელს.

ჰყავთ დაქირავებული მქსოველებიც, რომლებიც ნამუშევრებს შინ ამზადებენ. "ეს ხალხი საოცარი სიყვარულით ქსოვს. ადამიანებს ამ კუთხითაც ვარჩევთ – საქმე ხომ ბავშვის ტანსაცმელს ეხება, და ჰიგიენა, გარემო, სადაც პროდუქცია იქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ ნივთთან მათი დამოკიდებულება სიყვარულითაა სავსე", – ამაყობს თამუნა. დამფუძნებლები სამოსის შექმნაში თავადაც აქტიურად არიან ჩართულნი. ცოტა ხნის წინ დანადგარებიც შეიძინეს – სულ მალე საკუთარ სამკერვალოს გახსნიან და იქ 2 ადამიანს დაასაქმებენ. ვინაიდან წარმოების გაზრდას გეგმავენ, შესაძლოა საკუთარი სამკერვალოს პარალელურად, კონტრაქტი ატელიესთანაც შეინარჩუნონ.

მარკეტინგი

"რკოს" წარმატებული განვითარება პროექტის ჩაშვებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო. თავდაპირველად, ბრენდი სოციალურ ქსელებში – Facebook-სა და Instagram-ზე გამოჩნდა. მომხმარებლებს სამოსის გამოწერა ონლაინ შეეძლოთ. თამუნა სულმოუთქმელად ელოდა პირველი მოდელის გაყიდვას და მსურველმაც არ დააყოვნა: "მე და თაკო გაფაციცებით ველოდით, რა მოხდებოდა. პირველი მომხმარებელი 10 წუთში გამოჩნდა. იმავე დღეს, პროდუქციის დიდი ნაწილი გავყიდეთ. რამდენიმე ათეული ნივთი გვქონდა, ზომებისა და ფერების მიხედვით".

მიუხედავად იმისა, რომ საკურიერო სერვისს იყენებდნენ, ტანსაცმელი გამომწერისთვის საკუთარი ხელითაც ხშირად ჩაუბარებიათ. "საწყის ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი იყო ყველას გაცნობა, მათი შეფასების მოსმენა, რომ თავადაც დაგვქონდა. ჩემს მეუღლესაც კი მიუტანია შეკვეთა მყიდველისთვის. ჩვენთვის პირდაპირი ურთიერთობა პრიორიტეტულია. გვიხარია, როდესაც კვლავ მოგვმართავს მომხმარებელი, რომელმაც ერთხელ უკვე შეიძინა ჩვენი ნაწარმი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხარისხს ვინარჩუნებთ", – აღნიშნავს თაკო მეგრელიშვილი.

ცოტა ხანში გოგონებმა აღმოაჩინეს, რომ სამოსის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაღაზიის გახნის საჭიროების წინაშე დადგნენ. "გვწერდნენ, რომ მოსვლა და სამოსის ხარისხის ნახვა სურდათ – ყველას უნდა, ბავშვისთვის კომფორტული ტანსაცმელი შეიძინოს. ამ შემთხვევაში კი, სანამ ხელით არ შეეხები ნაწარმს, ხარისხს ვერ აღიქვამ. ჩვენც ვეცადეთ, მომხმარებელთა ეს მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა და ბრენდის შექმნიდან ერთ წელიწადში შოურუმი გავხსენით".

ანტრეპრენერებმა კომპანიის დასაარსებლად საჭირო საწყისი კაპიტალი თანაბრად გაინაწილეს. თითქმის 2 წლის შემდეგ კი, "ბრეიქივენზე" გავიდნენ – "რკო" საკუთარ თავს ინახავს, ხოლო რაც მოგებად რჩება, ისევ ბრენდის განვითარებას ხმარდება. დამფუძნებლები არც იმას გამორიცხავენ, რომ კომპანიის გაფართოების მიზნით, მომავალში საბანკო კრედიტით ისარგებლონ.

ბრენდის სამიზნე აუდიტორია საშუალო და მაღალი ფენაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელნაკეთი სამოსის შეძენა ძვირადღირებული სიამოვნებაა, გოგონები მაქსიმალურად ცდილობენ, მათი პროდუქცია ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე, ყოველთვიურად 100-იდან 150-მდე ნამუშევარი იყიდება.

"ამჟამად მხოლოდ ერთი შოურუმი გვაქვს. წელს დამატებით ობიექტსაც გავხსნით, ასევე დავამატებთ ვებგვერდს, სადაც მომხმარებელს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ექნება სამოსის შეძენის საშუალება. პროდუქციის მცირე ნაწილი მოსკოვშიც იყიდება, თუმცა ექსპორტისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ", – ამბობს ნინო მესარკიშვილი.

დამფუძნებლების გრძელვადიანი გეგმა "რკოს" ექსპორტზე გატანაა. მათი გათვლებით, მომხმარებელი ნამუშევრების საზღვარგარეთ შეძენას მაქსიმუმ 5 წელიწადში შეძლებს. "ყველა წარმოებისთვის მიზანი ექსპორტზე გასვლაა. აქ მცირე ბაზარია, თუმცა ვგრძნობთ, რომ ამ ეტაპზე მოძლიერებაა საჭირო. წარმოებას სისტემური ხასიათი უნდა მივცეთ და შემდეგ ექსპორტზე მუშაობასაც ავტომატურად დავიწყებთ", – გვიხსნის თაკო მეგრელიშვილი.

***

"რკოს" შექმნის წუთიდან დღემდე, თამუნა, ნინო და თაკო ბიზნესის ამუშავება-განვითარების ყველა რგოლში თავად არიან ჩართულნი – დაგეგმარებიდან და საქსოვი ძაფებისა თუ ქსოვილების შეძენიდან დაწყებული, უკვე მზა სამოსის ადგილზე მიტანითა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნით დასრულებული. "უამრავი დეტალია, ბევრი რამაა გასაკეთებელი. როცა შენი ნამუშევარი ხალხს მოსწონს, დადებითად აფასებს, შედეგიც თვალნათელია. უფრო ძლიერდები და მეტი სტიმული გაქვს, რომ ახალი და უკეთესი შექმნა", – გვეუბნება ნინო. თაკოსთვის კი ყველაზე სასიამოვნო ის ფაქტია, რომ ქსოვის სიყვარული უბრალოდ ორსულობის ახირება არ აღმოჩნდა: "დღემდე, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვჯდები და რაღაცას ვაკეთებ. ეს სიამოვნებას მანიჭებს, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვებს ეხება. თუკი ჩვენს სამოსში გამოწყობილ ბავშვს ქუჩაში ან სკოლაში ვხედავ, ვერ ვითმენ – მივდივარ და ვეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი ან აქსესუარი ჩვენი შექმნილია". აი, თამუნას კი "რკოს" ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი საკუთარი შვილის წარმატებასავით ახარებს: "ბავშვი ბაკურიანში მყავდა წაყვანილი და ისე აღმოჩნდა, რომ სასტუმროს პატარა სტუმართა 80%-ს ჩვენი ქუდები და ჟაკეტები ემოსა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვუგზავნიდი და ვუგზავნიდი გოგონებს მათ ფოტოებს".

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი