"შესაფერისი მომენტი" მითია როგორ "ვამუშავოთ" ნებისმიერი დრო ჩვენთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

"ჯერ ამის დრო არ დამდგარა". ამ ფრაზით იმ ოცნებებს იკლავთ, რომელთა ახდენის შანსიც გაქვთ. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ შესაფერის მომენტს ელოდოთ.

დროს ადამიანები სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. ვისაც ყველაფრის გაჭიანურება სჩვევია, დროის ფაქტორით უმოქმედებას ამართლებს. მიზანსწრაფული პიროვნებისთვის კი, იგი ოცნების ასრულებისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

გსურთ შეზღუდვებს თავი დააღწიოთ და წარმატება ყოველდღიურობად აქციოთ? მაშინ ღირს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინოთ.

აღმოაჩინეთ ოცნება

ძილს ზოგჯერ მხოლოდ ცუდი სიზმრები როდი გიფრთხობთ. ხანდახან ოცნებები სიზმრებად იქცევიან და მოსვენებას გიკარგავენ. მათი რეალობად ქცევა კი მეტაფორათა სწორად გაგებით იწყება. არიანა ჰაფინგტონი ამბობდა: "ჩვენი სიზმრები არის და ყოველთვის იქნება კარიბჭე სხვა სამყაროში, დაუსრულებელი მოგზაურობა სხვა განზომილებებში".

სიზმრები ხშირად საკუთარი ოცნებების გაცნობიერებას ემსახურება, ოცნება კი ბევრი გვაქვს.

მთავარია, ოცნების აღმოჩენის შემდეგ მის მისაღწევად კონკრეტული მიზნები უნდა დაისახოთ და აზრიანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუკი ასე მოიქცევით, თქვენთვის ყოველი დღე "შესაფერის მომენტად" გადაიქცევა.

დაისახეთ მიზნები, რომელთა მიღწევა შესაძლებელია

თუკი ოცნება გაქვთ, ცხოვრებას მიზანსწრაფულად ატარებთ. და თუ გსურთ, რომ დასახულს სწრაფად მიაღწიოთ, იგი კონკრეტულ დროში უნდა განახორციელოთ. გახსოვდეთ: კარგია, გქონდეთ ამბიცია, თუმცა მთავარია, მისწრაფებები რეალისტური იყოს.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები საკუთარ მიზნებს ხშირად ივიწყებენ, რადგან ისინი რთულად გასახორციელებელია. მაიკლ ჰაიატის მიხედვით, გამორიცხულია პიროვნება ერთდროულად 5-7-ზე მეტ მიზანზე კონცენტრირდეს. ზედმეტად რთული ამოცანის დასახვა კი იმისი გარანტიაა, რომ ფოკუსს დაკარგავთ და ცოტა გეგმას თუ განახორციელებთ. ამის ნაცვლად, დაისახეთ მიზნები, რომელთა ჩამოთვლას ზეპირადაც კი შეძლებთ.

გამოდით კომფორტის ზონიდან

ფსიქოლოგები გვიხსნიან, როგორ გვანადგურებს კომფორტი. ამის უარყოფას აზრი არ აქვს.

თუ თქვენ ჩვეულებრივი მოკვდავი ხართ, სავარაუდოა, რომ გართობიდან დიდ სიამოვნებას იღებთ და ყოველთვის გეზარებათ ზედმეტად დახარჯვა. სამწუხაროდ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც თქვენთვის "შესაფერისი მომენტი" არასოდეს დგება.

აუცილებელია გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, თუკი გსურთ, რომ ყოველდღიურად რაიმე ღირებული აკეთოთ.

თუმცა, მეცნიერთა აზრით, კომფორტის ზონის მიღმა ყოველთვის საჭირო რამეები როდი იმალება. საკუთარი თავის ნეგატიური ფიქრებისგან დასაცავად, იერკს-დოდსონის კანონს გაეცანით და მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას ზედმეტი შფოთის გარეშე.

ჩაანაცვლეთ შიში ურყევი თავდაჯერებულობით

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა მშვენიერია, მაგრამ არცერთი მათგანი არ იმუშავებს, თუკი შიში მოგერიათ. დამარცხების, კრიტიკის, უარყოფის შიში თქვენს თითოეულ დღეს "შეუფერებელ მომენტად" გადააქცევს.

ჟაკლინ ვიტმორი გვიხსნის, როგორ გავხდეთ თავდაჯერებულები. ბევრ სხვა მეთოდთან ერთად, მისი თქმით, დამაჯერებელი ხმით საუბარი ყველაზე გამოსადეგია. უკვე შემდეგ კი, დადებითი აზროვნება და მოქმედება, გამოწვევების უშიშრად მიღება, მშვენიერი გზაა შიშის დასამარცხებლად.

იპოვეთ შთაგონება

ზოგჯერ მხოლოდ შთაგონებაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდეთ. სხვათა წარმატების ისტორიებში კი დიდი ინსპირაციის პოვნა შეგიძლიათ. ამ მიზნით, წაიკითხეთ წიგნები და იქ მოყვანილი მეთოდები ცხოვრებაში გამოიყენეთ.

ყოველდღიური შთაგონება წარმატებული დღის იმპულსს გაძლევთ. თუ საკუთარ თავში საკმარის ინსპირაციას ვერ პოულობთ, შეგიძლიათ სხვებს მოუსმინოთ.

დრო არასოდეს იცდის. ამის გაცნობიერების შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, წარმატებული ადამიანები მოქმედებაზე გადადიან. თუკი გსურთ წარმატებული იყოთ, შესაფერისი მომენტის ლოდინს უნდა შეეშვათ.

Shakir Akorede

Founder of 501 Words

Shakir Akorede is a writer, digital entrepreneur and the founder of 501 Words. He's equally a researcher and a young professional in foreign policy.