KOMBINIZONA - ინკლუზიურობა მოდაში! ქართული ადაპტური სამოსის გლობალური პოტენციალი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

განო მელითაური პროფესიით მარკეტერია. სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. "კომბინიზონა" კი მისი ფრთაშესხმული ოცნებაა, ჯერ კიდევ ბავშვობაში წარმოდგენილი. ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა "კომბინიზონა" ქართულ ბაზარზე წელიწადნახევრის წინ შემოვიდა და ზუსტად 1 თვეში ყველა დანახარჯის ამოღება მოახერხა. "კომბინიზონას" შოურუმი და საწარმო მელიქიშვილის გამზირზე, ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული. განო მელითაური და კახა გაგნიძე წლების განმავლობაში დაგროვილ პროფესიულ გამოცდილებას სწორედ "კომბინიზონაში" უყრიან თავს და გრძელვადიან მიზნებს სახავენ.

ახდენილი ოცნება

ბრენდმა "კომბინიზონა" ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. მოწონება რიცხვებში რომ აღვწეროთ, გეტყვით, რომ "კომბინიზონამ" შექმნიდან სულ რაღაც ერთ თვეში მომგებიანობის ზღვარზე გასვლა შეძლო.

ყველაფერი პატარა განოს ოცნებით დაიწყო, რომელიც უკვე ზრდასრულ ასაკში აისრულა. განოს მეუღლე, კახა გაგნიძე მეგობართან ერთად სასტუმროს ახალ ბრენდზე მუშაობდა, როდესაც განო მარკეტერის სტატუსით გასაუბრებაზე მივიდა.

"განოს მარკეტინგული კვლევა უნდა ჩაეტარებინა და კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიცია დაეკავებინა. იმდენად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაზე სრულიად განსხვავებული თვალით შემახედა", − იხსენებს კახა.

განო, ბავშვობიდან მოყოლებული ქმნიდა ესკიზებს. ყველაფერი ფეხსაცმლის მოდელებით დაიწყო და მოგვიანებით სამოსზე გადაერთო. 4 წლის წინ, როდესაც ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში სამაგისტრო კვლევაზე მუშაობდა, თემად "ფერების მიმღებლობა საქართველოში" შეარჩია. კვლევის მთავარი მიზანი ფერთა შეხამებისა და თერაპიული დატვირთვის შესწავლა იყო.

განოს მიზანს საკუთარი ნაშრომის გამოყენება წარმოადგენდა, როდესაც თავისი ოცნების ასრულებას შეუდგებოდა – გახსნიდა ინოვაციურ სამკერვალო საწარმოს, რომელიც სამოსსა და აქსესუარებს ფერთა ფილოსოფიაზე დააფუძნებდა.

"კვლევის ფარგლებში რეპრეზენტატიულად შერჩეული 1800 მოქალაქე გამოვკითხე. ვიმუშავე ფოკუსჯგუფებთანაც. შევისწავლე, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი ფერს, როგორ უნდა დავგეგმოთ სწორად ფერთა შეხამება, ფერთა ურთიერთკავშირი, ვიკვლიე მისი გავლენა განწყობაზე და ჯანმრთელობაზე. სწორედ მაშინ გამოიკვეთა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის კონტურები. თუმცა, ამ საქმის შესრულება სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა კახას გარეშე", − ამბობს განო მელითაური.

ფერთა შეხამების კვლევა სამეცნიერო ნაშრომის სახით მალე გამოვა. იქამდე კი განო მიღებულ ცოდნასა და სტატისტიკას ესკიზების შექმნის დროს იყენებს. "შევქმენი ლექსიკონი, რომელიც თითოეულ ფერს განმარტავს. მაგალითად, ნაცრისფერი ნეიტრალური ფერია, რომელიც ითარგმნება, როგორც კომფორტი".

ერთ დღეს განომ კახას თავისი ესკიზები დაათვალიერებინა, ფერთა ფილოსოფიაზეც მოუთხრო და გადაწყდა, რომ ფაბრიკის შექმნა არცერთი დღითა და კვირით აღარ გადაიდებოდა.

ადაპტური სამოსის პირველი ქართული საწარმო

ვიდრე ფაბრიკისთვის ლოკაციას შეარჩევდნენ, ქსოვილებს შეიძენდნენ და ესკიზებს რეალობად აქცევდნენ, კონცეფციის შემუშავებას შეუდგნენ. შეისწავლეს ბაზარი და აღმოაჩინეს, რომ დღესდღეობით ქართული ბრენდებიდან არცერთი არ ეწევა სერიულ წარმოებას. განოსა და კახას მიზანი მაშინაც და დღესაც ერთი იყო − შეექმნათ ბრენდი, რომელიც სამოსსა და აქსესუარებს კონვეიერულად აწარმოებდა.

მთავარი გამოწვევა "კომბინიზონას" ბრენდის გლობალიზაცია – ქართული სამოსის ექსპორტზე გატანაა.
ბრენდის კონცეფცია მრავალმხრივია და უმნიშვნელოვანეს საკითხს − სოციალურ პასუხისმგებლობას საფუძველშივე უსვამს ხაზს. წყვილის მიზანს, უბრალოდ, ბუტიკისა და განო მელითაურის სახელობითი ხაზის შექმნა თუ სამოსის მოდის კვირეულებზე გატანა არ წარმოადგენს.

მათი სამიზნე აუდიტორია მრავალფეროვანია – დაწყებული 0-იდან 18 თვემდე ასაკის ბავშვებით, ორსული ქალებით თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებით. სწორედ ამაში მდგომარეობს "კომბინიზონას" ინოვაციურობა, რაც მას ლურჯ ოკეანეში მშვიდი ცურვის შესაძლებლობას აძლევს.

"ყველა კომპანიაში, რომელშიც კი ოდესმე მიმუშავია, მისვლისთანავე სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე ვიწყებდი ზრუნვას. მსურდა "კომბინიზონა" ძლიერი მესიჯების მატარებელი ყოფილიყო, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აეღო და უკეთესობისკენ შეეცვალა ბევრი რამ – ადამიანების ცხოვრება,
განწყობა, ჯანმრთელობა", − ამბობს განო.

"კომბინიზონა" გახდა პირველი ქართული ბრენდი, რომელმაც საორსულე დიზაინერული ტანისამოსის სერიულად გამოშვება დაიწყო. გარდა ამისა, შექმნა მოდელები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. "ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ადაპტური სამოსის წარმოება. ადაპტური სამოსის ცნება დღემდე ძალიან ცოტას თუ ესმის. მით უმეტეს, იმისი გაგება ჭირს, რომ ადაპტური
ტანსაცმელი არა ფუფუნება, არამედ პირველადი საჭიროების ნივთია. შშმ პირებს, მაგალითად, არ უნდა უჭირდეთ სამოსის გამოცვლა, დაფარული უნდა ჰქონდეთ თირკმელების მხარე. ჩემი მიზანია, 2-3 წელიწადში საქართველოში არ დარჩეს არცერთი შშმ პირი, რომელსაც "კომბინიზონას" ერთი ნამუშევარი მაინც არ ექნება".

"საქართველოს ბანკის" ფონდ "სიცოცხლის ხის" საგრანტო კონკურსი

ბაზარზე გამოჩენისთანავე, "კომბინიზონას" უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. შეკვეთები დღითი დღე იზრდებოდა − როგორც საცალო, ისე კორპორაციული. ბრენდს იმ პერიოდში დაკვეთების წარმოებისთვის სამკერვალო ემსახურებოდა. წარმოება დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

"იმ პერიოდში არაფერი გაგვაჩნდა, გარდა იდეისა, კონცეფციისა და ესკიზებისა", − იხსენებს კახა. განოსა და კახას კომპანიას უკვე 2 ტენდერი ჰქონდა მოგებული, შეკვეთები ქართველი დიზაინერებისგან, გეგმაში იყო "მგლების" სამიტზე გამგზავრება, რომლის ფარგლებშიც "კომბინიზონა" ინოვაციურ სტარტაპთა სიაში მოხვდა.

სწორედ ამ დროს წარმოების ხელმძღვანელი ავარიაში მოყვა. გამგზავრების გეგმა წყალში ჩაიყარა."კომბინიზონამ" აღებულ ვალდებულებებს თავი რთულად გაართვა.

"გადავწყვიტეთ, "კომბინიზონას" განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა აგვეღო. მით უმეტეს, რომ სწორედ იმ პერიოდში კიდევ ერთი უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვემატა", – განო და კახა რენე-ლაზარეს მშობლები გახდნენ.

იმისათვის, რომ "კომბინიზონას" საკუთარი ფაბრიკის შექმნა, აღჭურვა და სტაფის აყვანა შეძლებოდა, დაფინანსება იყო საჭირო. იმ პერიოდში "საქართველოს ბანკის" ფონდ "სიცოცხლის ხის" საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ბრენდის იდეის წარდგენის შემდეგ კი ინოვაციურ სამკერვალო ფაბრიკას "საქართველოს ბანკის" ფონდ "სიცოცხლის ხის" გრანტი ერგო, რომლითაც საწარმოო სივრცე იქირავეს, შეიძინეს დანადგარები და გუნდიც შეკრეს.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართული მოდის სამყარო მსგავს პროექტებს საჭიროებდა. საჭირო იყო ადაპტური სამოსის კონცეფციის შემოტანა, უნიკალური ფერადი სიახლეები, საორსულე ქართული ბრენდი და რეალური სოციალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება", − ამბობს განო.

ახალი დასაწყისი

განომ მაღალანაზღაურებადი სამსახური მიატოვა და მთელი ენერგიის, დროისა და ცოდნის დაბანდება "კომბინიზონაში" გადაწყვიტა. ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. უპირველესად, რასაკვირველია, ნებისმიერ პროდუქტს, იქნება ეს სამოსი თუ აქსესუარი, განო
ფერთა კვლევის მიხედვით ქმნის. აწარმოებს სამოსს ორსულთათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთათვის.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება "კომბინიზონასთვის" ქალთა უფლებებია. განომ სტატისტიკურად სამწუხაროდ ძალიან გავრცელებული სელექციური აბორტის თემის ერთგვარი
პროტესტი სამოსზე წარწერის #გოგოსდედა დატანით გამოხატა.

"ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ. თუმცა, ეს ბოლო აქტივობა არ არის, რომლითაც ქალების მხარდაჭერას ვცდილობთ. შევქმენით "კომბინიზონას" დედების/ქალების კლუბი, რომელიც
შეეცდება დაეხმაროს ორსულებს და მომავალ დედიკოებს, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, ორსულობის 9 თვე მშვიდად, ჯანმრთელად და ნაყოფიერად გაატარონ. გვექნება შეკრებები, ქალაქგარეთ გასვლები, კონკურსები და სხვადასხვა აქტივობა. გარდა ამისა, ვაპირებთ შევქმნათ ბავშვების კლუბი. უნივერსიტეტ "ალტერბრიჯის" ბაზაზე არსებულ "ალტერსქულთან" ერთად ვგეგმავთ "კომბინიზონას" არტფაბრიკის
საბავშვო პროგრამების ორგანიზებას, რომლის დამსწრეებიც ალტერნატიული, სახალისო და კომბინირებული ფორმით ეზიარებიან საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას, ხელოვნებას, კინოს, კინოს ისტორიას, რეჟისურის, დრამატურგიისა და მონტაჟის საფუძვლებს, ფოტოგრაფიას. დიდი სურვილი გვაქვს, ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება მივცეთ", − გვიზიარებს უახლოესი მომავლის გეგმებს განო.

"ალტერბრიჯთან" ერთად, არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება. განო და კახა "კომბინიზონას"
საქმიანობას გლობალურ ჭრილში განიხილავენ. ბრენდი მხოლოდ სამოსს არ აწარმოებს. ეს არის ინოვაციებისა და ბედნიერი ცხოვრების სტილის ლობისტი, ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობით და დიზაინერული გადაწყვეტილებებით.

ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის

არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზოგადად, მოდის ინდუსტრიის ხედვა, რომელიც კახასა და განოს აზრით, განვითარებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ "ალტერბირჯთან" ერთად, 2 პროექტი იგეგმება.

პირველი პროექტის ფარგლებში, განო მელითაური და კახა გაგნიძე "ალტერბრიჯთან"− მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, "კომბინიზონას" არტფაბრიკის სკოლას
აფუძნებენ.

"ვქმნით საერთაშორისო დონის სკოლას იმ ადამიანთათვის, ვისაც სურს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს შეუხამოს, შეისწავლოს მოდის მარკეტინგი და მენეჯმენტი. თითოეულ მოსწავლეს საშუალება ექნება ჩვენს საწარმოში დასაქმდეს. სულ მალე კი მიღება პროფესიულ სკოლაშიც გამოცხადდება, რომლის
სტუდენტებიც მაღალ დონეზე შეისწავლიან კონსტრუირებას. დღესდღეობით ჭრა-კერვის მიმართულებით განათლების მიღების სერიოზული პრობლემა დგას. თითოეულ მსურველს მენეჯმენტის საფუძვლებსაც შევასწავლით, რათა სურვილის შემთხვევაში, დამოუკიდებლად გააგრძელოს საქმიანობა, ან თუნდაც, რომელიღაც არსებულ საწარმოში დასაქმდეს".

ბრენდ "კომბინიზონას" გეგმები გრძელვადიანია. უახლოეს მომავალში პარიზისა და მილანის გამოფენებია. სექტემბრიდან მოყოლებული, ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა საკუთარ ნამუშევრებს ევროპულ შოურუმებში წარმოადგენს.

განოსა და კახას ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი გუნდის სწორად შერჩევაა. "ჩემს ძლიერ მხარეს ბრენდის კონცეფციის შემუშავება და მისი აღსრულება წარმოადგენს, კახა კი მენეჯმენტის კუთხითაა ძლიერი". წყვილი მაქსიმალურად ცდილობს საწარმოში დასაქმებულთ მუშაობის კომფორტული პირობები შეუქმნას. უმთავრესი მოთხოვნა, რომელსაც ისინი თანამშრომლებს უყენებენ, საკუთარი ხედვის ფლობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და საქმის სიყვარულია.

ამ დროისათვის "კომბინიზონა" სამოსის გარდა სასკოლო და ნახევრადსპორტული ჩანთების ხაზს აწარმოებს. უახლოეს ხანებში ჩაეშვება სამოსის შედარებით ძვირადღირებული დიზაინერული ხაზი, სახელად "ბებიაჩემი"− ეთნოკულტურითა და მეოცე საუკუნის "ფრანციცულ-ქართული", საქართველოს ისტორიით ინსპირირებული ელეგანტური სამოსი, "რადგან მოდის სიყვარული და ხედვა სწორედ მისგან მერგო".

მზის შუქის ხილვას ელოდება კიდევ ერთი ქვებრენდი − "ალიკაპი", რომელიც ასევე ადაპტურ აქსესუარებს გამოუშვებს. "მაგალითად, ულამაზეს თავსაბურავს მათთვის, ვისაც ჰაიმორიტი აწუხებს, რათა დაცულებიც იყვნენ და ლამაზადაც გამოიყურებოდნენ".

მსოფლიო ინოვაცია

"კომბინიზონას" მორიგი ინიციატივა ინოვაციური არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაა. იდეა განოს საკუთარ შვილებზე დაკვირვების შემდეგ გაუჩნდა. "ჩემს შვილებს ტანისამოსის ჩაცმა-გახდა არასოდეს უყვარდათ. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ უფროსი სამოსს, რეალურად, საკუთარი თავისთვის ყიდულობს, შვილს ტანსაცმელს თავისი გემოვნებით ურჩევს. სწორედ ამის გააზრების შემდეგ მომივიდა იდეა, რომ ეს პროცესი სახალისო გამეხადა. ბავშვები იმსახურებენ მოსწონდეთ სამოსი, რომელიც აცვიათ".

ინტერაქტიული ტანსაცმელი ინოვაციური პროექტია. ხაზის მიზანია პატარებს ხელი სწავლასა და განვითარებაში შეუწყოს, შეასწავლოს ფერთა გამა, ანგარიში. თითოეული მოდელი ინტეგრირებული იქნება სხვადასხვა ტიპის თამაშთან, წარმოების პროცესში გამოყენებული იქნება ფერთა თერაპიის საფუძვლები.

"სამოსზე დავიტანთ კომიქსებს, პატარების საყვარელ გმირებს, რათა ბავშვებმა მათი შეგროვება შეძლონ. მოვაწყობთ გათამაშებებს და მსგავსი ტიპის ხაზს მოზრდილთათვისაც შევქმნით. სამოსის დახმარებით ისინი შეძლებენ სტრესთან გამკლავებას, დროულად გაღვიძებას... თუმცა, ამ პროექტის განხორციელებისთვის ინდივიდუალური ინვესტიცია საკმარისი არ იქნება და ინვესტორის დახმარება დაგვჭირდება", აღნიშნავს განო.

ამ ეტაპზე ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა საკუთარ თავს ინახავს. შეკვეთები დღითი დღე ემატება, იზრდება ინოვაციური იდეების რაოდენობა და მათი განხორციელების გზებიც თვალსა და ხელს შუა იკვეთება.

წყვილის ბიზნესის განვითარების 10-წლიანი გეგმა ხორციელდება, "კომბინიზონა" საერთაშორისო სერიული ბრენდის სახელისკენ სწრაფვას განაგრძობს და მიზნად ისახავს სხვადასხვა მეგაპოლისში ბრენდის ფრანჩაიზი გაყიდოს. განო და კახა კი არც დაბრკოლებებს უშინდებიან და არც შუა გზაზე გაჩერებას აპირებენ.

WWW.TREE.GE
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით, 2016 წლიდან აფინანსებს საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, რაც წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა.

"საქართველოს ბანკი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას. ამ დრომდე, ჯამში 10 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 400 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება.

სოციალური საწარმოები იქმნება მთელ საქართველოში. ბანკის დაფინანსებით სოციალური საწარმო შეიქმნა და შშმ პირები დასაქმდნენ ლაგოდეხში, ნუკრიანში, წნორში, კასპში, ბათუმში, თბილისსა და ზესტაფონში.

ფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს − ეკონომიკური და
სოციალური (მათ შორის, სოციალური უმთავრესია). ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის, მიღწევის წინაპირობა.

წლის ბოლომდე, დამატებით შეიქმნება 5 ახალი სოციალური საწარმო, რომლის შესაქმნელად ბანკი დამატებით 250 000-მდე ლარს გამოყოფს. 2019 წლის შემოდგომაზე რიგით მეექვსე საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, სადაც სოციალური თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ საინიციატივო ჯგუფს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს სოციალური საწარმოს პროექტი, გაიმარჯვოს კონკურსში და მიიღოს 50 000 ლარამდე დაფინანსება სოციალური მისიის შესრულებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოს შესაქმნელად.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცხადებისთანავე განთავსდება ვებგვერდზე: www.tree.ge

დაფინანსებული პროექტები:

  • წნული − წნელისგან ავეჯის და ნივთების დამამზადებელი სოციალური საწარმო კასპში
  • ამფორეა − კერამიკის ნაკეთობების სახელოსნო და მაღაზია თბილისში
  • ჭკვიანი გემო − საცხობი და საგანმანათლებლო სივრცე წნორში
  • Black Sea Hostel − სოციალური ჰოსტელი ბათუმში
  • ოჩოკემპი − ინკლუზიური ეკობანაკი ლაგოდეხში
  • მწვანე საჩუქარი − მაკულატურის გადამამუშავებელი საწარმო
  • Charte.ge − ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა განათლებისთვის
  • შაბიდონ − ცქრიალა ღვინის საწარმო გარიყულაში
  • რუნა − საცხობი და თონე ნუკრიანში
  • იალონი − გამწვანებისა და ეზოს მოვლის სერვისი საგურამოში

2019 წლის პროექტები:

  • სოციალური საწარმო "მოირგე"
  • საინიციატივო ჯგუფ "თეატრო მობილეს" პროექტი – "ფორთოხლისფერი ავტობუსი"
  • პოლიეთილენის ნარჩენების მართვა – Plastic watcher
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი – "ბაბალეს ჭრელი წინდები"
  • ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი – "ინკლუზიურობა მოდაში"
ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

სიახლეები

"დეკა" - კორპორაციული კვება

"ქარხნებს, სკოლებს, ოფისებს, სასტუმროებსა თუ კომპანიებს ყველა იმ სერვისს ვთავაზობთ, რაც მომუშავე პერსონალის გამოკვებას ეხება"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია