მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ბიზნესის ზრუნვა გარემოზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღესდღეობით სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიოში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის შემოსავალი და შესაბამისად, მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ნარჩენად იქცევა. წარმოებაზე მოთხოვნის ზრდა საჭიროებს სულ უფრო და უფრო მეტ რესურსს, რომლის რაოდენობაც დედამიწაზე შეზღუდულია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების რეციკლირება და რეციკლირების შედეგად აღდგენილი რესურსების წარმოების პროცესში ჩაბრუნება.

ნარჩენების სწორი და ეფექტიანი მართვა მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ეს არის კონცეფცია, რომელიც სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს და მიჩნეულია ნარჩენების მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს მწარმოებლების ჩართვას მათ მიერ წარმოებული პროდუქციისგან მიღებული ნარჩენების მართვასა და ამ მხრივ პასუხისმგებლობის განაწილებაში. ამ სისტემის დანერგვა მოითხოვს შეთანხმებულ ქმედებებს სახელმწიფოს, მწარმოებლების, სხვა ეკონომიკური ოპერატორების და მოსახლეობის მხრიდან, რის გარეშეც შეუძლებელია სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.

საქართველო, ისწრაფვის რა დანერგოს ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელები, აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციასთან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის დახმარებით შემუშავდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა; კერძოდ საქართველოს მთავრობამ ახლახან მიიღო რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც არეგულირებს ოთხი სხვადასხვა ნარჩენის ნაკადების მართვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ქვეშ. ესენია: ელექტრონული ნარჩენები, გამოყენებული ზეთები, საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები. რეგულაციები ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ნარჩენების კიდევ ორი ნაკადის - შესაფუთი მასალის ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებების მართვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.

კანონმდებლობის განხორციელებისა და სისტემის ამოქმედების მიზნით, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ასევე შემუშავდა სხვადასხვა სახის ანალიტიკური თუ პრაქტიკული დამხმარე დოკუმენტი და განხორციელდა არაერთი შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია.

"ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთად ვმუშაობთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის პოპულარიზაციაზე, რომელიც წარმატებით მუშაობს ევროკავშირში. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვაში, რომლის მიზანია ნარჩენების რაოდენობის შემცირება და პროდუქტების მწარმოებლებისა და იმპორტიორების პასუხისმგებლობის გავრცელება მათი პროდუქტების ნარჩენად გადაქცევის ეტაპზეც. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ნარჩენების გადამუშავებას." - ამბობს ალექსანდრე დარასი, კავშირების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

"ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემას. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეფორმის განხორციელების პროცესში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ რეფორმების განხორციელების პროცესში ვიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რაც ნარჩენების მართვის სფეროს სამომავლოდ ძალიან წაადგება," - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ხელს უწყობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რეციკლირებას, რაც პირდაპირ აისახება გარემოზე - იკლებს ნარჩენების რაოდენობა ნაგავსაყრელებზე და ხდება რესურსების დაზოგვა; მცირდება სახიფათო ნივთიერებების გარემოში მოხვედრის ალბათობა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკები.

"თანამდროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მომხმარებლური საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც ძალიან ბევრ რესურსს მოიხმარს და ძალიან ბევრ ნარჩენს წარმოქმნის. ამიტომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ასეთი მიდგომის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მწარმოებელს საკუთარ პროდუქტზე პასუხისმგებლობას მისი მოხმარების შემდგომ ეტაპზეც ავრცელებს. ეს ის ეტაპია, სადაც უნდა მოხდეს პროდუქტების ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან, ორგანული ნარჩენების შემთხვევაში, მათი კომპოსტირება.

საქართველომ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მაგრამ ჩვენ ახლა გვინდა დავინახოთ რევოლუციური ცვლილებები ადამიანების ქცევაში, კერძოდ მათ დამოკიდებულებაში პროდუქტების შეძენის, მოხმარებისა და ნარჩენების მიმართ, ასევე ის, თუ როგორ ასრულებს კერძო სექტორი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას." - ამბობს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საბოლოოდ ემსახურება ერთ მიზანს - დაიცვას ადამიანები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ. იდეა პირველად 1990 წელს შვედეთში გაჩნდა და წარმატებით დაინერგა ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ.

"შეამცირე მომხმარება, გამოიყენე ხელახლა და გადაამუშავე ნარჩენები", - განაცხადა ერიკ ილესმა, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. "გვეამაყება, რომ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებაში და ეკონომიკისა და ცხოვრების მწვანე წესის დანერგვაში".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი