''საქართველოს ბანკის'' მხარდაჭერა სოციალურ საწარმო PlasticWatcher.ge-ის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

PlasticWatcher.ge პოლიეთილენის ნარჩენების შემგროვებელი და მათი მდგრადი მოდის ნივთებად გარდამქმნელი სოციალური საწარმოა თბილისში, რომელმაც "საქართველოს ბანკის" საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საკუთარი იდეის განსახორციელებლად 50 000 ლარის ოდენობის დაფინანსებაც მიიღო.

კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან შეგროვებული პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავებით მდგრადი მოდის პროდუქციას ქმნის, რომელთა შორის სხვადასხვა ნივთს, ჩანთებს, ქუდებს, საწვიმარს აღმოაჩენთ. ეს ხელნაკეთი ნივთები არის უნიკალური და ერთადერთია. მდგრადი მოდის ნივთის მთავარი დანიშნულებაა ის, რომ იგი ისევ ნარჩენად არ იქცეს, არამედ დროსთან ერთად გაქრეს. აღსანიშნავია, რომ ნივთები მნიშვნელოვან იდეასა თუ სათქმელს ატარებენ და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ გამოხატონ საკუთარი აზრი, დამოკიდებულება, და ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლებას, გარემოზე ნეგატიური კვალის დატოვების ქცევის ცვლილებაზე კონკრეტული ქმედებების მიმართვას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მიხვდნენ გარემოში ნარჩენების უკონტროლოდ განთავსების ნეგატიურ შედეგებს. მათ უნდა აღზარდონ საკუთარ თავში ნარჩენების სეპარირების კულტურა. ნარჩენები, რომელსაც გაუაზრებლად ვქმნით, შეიძლება გადამუშავდეს სხვადასხვა მდგრადი მოდის ნივთად.

თავიდან ეს ყველაფერი თამაშით დაიწყო, როდესაც პოლიეთილენისგან ნაჭრის მსგავსი მასალის მიღება ვცადე და გავაკეთე ჩანთა. ამის შემდეგ "საქართველოს ბანკის" სოციალური მეწარმეობის კონკურსზე შევიტანეთ განაცხადი, სადაც გავიმარჯვეთ, მოვიპოვეთ დაფინანსება და შევიძინეთ საჭირო დანადგარები: საკერავი მანქანა, თერმოპრესი და ა.შ." – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ეკა ასათიანი Entrepreneur-თან საუბრისას.

"საქართველოს ბანკის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებაა ბიზნესის, კერძოდ კი სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა. სფეროს აქტიური მხარდაჭერით იმ საწარმოების გაძლიერებაში შეგვაქვს წვლილი, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური, ეკომეგობრული და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავენ. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს თუ ბიზნესის მხარდაჭერას", − განაცხადა "საქართველოს ბანკის" CSR-მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკი" სოციალური საწარმოების პროექტებს 2017 წლიდან უჭერს მხარს. ამ დრომდე, ჯამში 18 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 800 000 ლარამდე მოცულობით დააფინანსა. ვრცლად ბანკის სხვა CSR-პროექტების შესახებ ბმულზე გაეცნობით.