''უმმი'' - გზა გაღივებული ბრინჯის მარცვლიდან ''შარქების'' რჩეულობამდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

მეგაშოუ "შარქ თენქ საქართველოს" საინვესტიციო რაუნდის ერთ-ერთი გამარჯვებული მინიმალისტური სამზარეულოს კონცეფციის მატარებელი კაფე "უმმი" გახდა, რომელმაც ბიზნესის 40%-იანი წილის სანაცვლოდ, 70 000-ლარიანი ინვესტიციის მიღება შეძლო.

ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ "შარქ თენქ საქართველო" გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსებული პროექტის მთავარი მიზანია, დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. "შარქებისგან", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრებისგან, რომლებიც ანტრეპრენერთა პრეზენტაციას ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან, ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

პროექტის პირველი სატელევიზიო გადაცემის ერთ-ერთი გამარჯვებული, ჯანსაღი კვების კომპანია "უმმი" გახდა, რომელმაც კომპანიის 40%-იანი წილის სანაცვლოდ, 70 000 ლარის მოზიდვა მოახერხა.

სპარტაპ "უმმის" დამფუძნებლები სალომე კალანდაძე და მარიამ გოგიტიძე არიან, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ ცხოვრების სტილის და კვების რაციონის შეცვლა და ე.წ. ნედლმჭამელობა გადაწყვიტეს. როგორც თავად აცხადებენ, ცოცხალი, თერმული და ქიმიური დამუშავების გარეშე სერვირებული საკვები, ზრდის ენერგიულობასა და პროდუქტიულობას, აუმჯობესებს განწყობას, არეგულირებს წონასა და ძილის ხანგრძლივობას და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს მკვეთრად ამცირებს.

ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით, მათ გახსნეს კაფე "უმმი", რომელიც მინიმალისტური სამზარეულოს კონცეფციას ეფუძნება და კერძების მომზადების ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. აქ ვერ ნახავთ ტაფას, ქვაბს ან სხვა სტანდარტულ სამზარეულო ინვენტარს, ვინაიდან "უმმის" კერძები არც თერმულად მუშავდება და არც ქიმიურად. გარდა ამისა, ისინი არ იყენებენ შაქარს და მარილს, ხოლო ამ ყველაფრის წყალობით, გამოყენებული ინგრედიენტები სასარგებლო თვისებებს 100%-ით ინარჩუნებენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ "უმმი" აქტიურად იყენებს სხვადასხვა მცენარის გაღივებულ თესლებსა და მარცვლებს. გაღივების პროცესში თესლში კოლოსალური რაოდენობის ენერგია აკუმულირდება და საკვების ენერგეტიკული ღირებულება ათმაგდება.

"უმმი" არის ონლაინპლატფორმაც, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტის შეძენას სთავაზობენ და იგი ხელმისაწვდომია, როგორც სოციალურ ქსელში, ისე მათ ვებგვერდზეც. ოპერირების დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში, "სხივმა" 50 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და სხვადასხვა სახის ბარტერულ შეთავაზებებზეც მუშაობს.

"შარქ თენქ საქართველოსგან" სალომემ და მარიამმა თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად და ახალი პროდუქტების შესაქმნელად, ბიზნესის 20%-იანი წილის სანაცვლოდ, 70 000 ლარის ინვესტიცია მოითხოვეს. "შარქმა" პავლე მგელაძემ მოიწონა მათი პროექტი, თუმცა პარტნიორობის გასაგრძელებლად და ინვესტიციის განსახორციელებლად, წილის 40%-მდე გაზრდის პირობა წამოაყენა, რასაც თანადამფუძნებლები დათანხმდნენ.

"შარქ თენქისგან" ინვესტიციის მოზიდვამ, შეიძლება ითქვას, იმედი ჩაგვისახა. ესაა შესაძლებლობა, შენი იდეა გახადო ფართო აუდიტორიისათვის ცნობადი. როდესაც სტარტაპერი ხარ, მნიშვნელოვანია შენს ბიზნესზე ბევრმა იცოდეს, თუმცა შეზღუდული რესურსებით ამას საკუთარი ძალით ვერ ახერხებ. გარდა ამისა, "შარქ თენქის" წყალობით, ჩვენი ბიზნესი "საქართველოს ბანკის" "რადარებზეც" გამოჩნდა, რაც გვახარებს. ამ რაუნდში მიღწეულმა წარმატებამ ჩვენს აუდიტორიაში რეპუტაცია და სანდოობაც აგვიმაღლა, ვინაიდან ქართულ რეალობაში ბევრი სკეპტიკურად უყურებს ნედლმჭამელობის კულტურას. ბიზნესმენებთან დაკავშირებამ და "შარქებთან" ურთიერთობამ აშკარად დაგვანახვა, რომ თითოეული მათგანი კეთილგანწყობილია ჩვენი იდეის მიმართ", − აცხადებენ "უმმის" დამფუძნებლები, − "თანხაზე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მივიღეთ. გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ბიზნესის განვითარებისათვის უკვე რამდენიმე ადამიანი ერთობლივად ვფიქრობდეთ. პავლე მგელაძის გამოცდილება და კონტაქტები, ბიზნესში ბევრ სიახლეს შემოიტანს და სტარტაპისთვის იდეალური შანსია ზრდისათვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით "შარქ თენქ საქართველოს". მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ ჩვენი ახალი პარტნიორი თავადაც დაინტერესებულია ამ სფეროთი და ისეთივე ენთუზიაზმით მოეკიდება "უმმის" განვითარებაზე მუშაობას, როგორც ჩვენ".

სალომემ და მარიამმა, Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნეს ისიც, რომ "შარქებმა" ზუსტად დაინახეს მათი პოტენციალი და ამ ბიზნესის წარმოების უნარი, ვინაიდან კარგი იდეის გარდა, წარმატებული საქმის მთავარი კომპონენტი ისაა, თუ ვინ დგას მის უკან.

"უმმის" დამფუძნებლების თქმით, "შარქ თენქი" ახალი შესაძლებლობაა ქართველი დამწყები ბიზნესმენებისათვის, მოიზიდონ ინვესტიცია ადამიანებისგან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება, კონტაქტები და ცოდნა უმაგრებს ზურგს. "შარქებს" შეუძლიათ ზუსტად შეაფასონ ბიზნესის პოტენციალი, რისკ-ფაქტორები და გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნები, ღირს თუ არა თანხის გაღება. ვფიქრობ, მეტი ადამიანი ეცდება საკუთარი იდეის დახვეწას, განვითარებას და ამ პროექტში მონაწილეობას", − აცხადებს სალომე კალანდაძე.

რაც შეეხება "უმმის" სამომავლო გეგმებს, ეს სტარტაპი მასშტაბების გაზრდას და საქართველოში გაღივებული ჯანსაღი პროდუქტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისათვის მეტ ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად. "სამომავლოდ, გვინდა პროდუქტების საზღვარგარეთ გატანაც, ხოლო საბოლოო მიზანია, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ჯანსაღი კვება ძვირადღირებულია, და საზოგადოებას დავუმტკიცოთ, თუ როგორ შეიძლება ჯანსაღი და გემრიელი საკვები იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი", − აცხადებს მარიამ გოგიტიძე
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia