20 ლიდერი, რომელიც დღეს მეწარმეობის მნიშვნელობას განსაზღვრავს

By Kristen Bayrakdarian

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, თუ ვინ ქმნის დღეს სამეწარმეო ამინდს. ავირჩიეთ და განვიხილეთ 20 სხვადასხვა ლიდერი, რომელთა შესახებაც სტატიაში გიამბობთ.

მასალის ავტორები: KRISTEN BAYRAKDARIAN, LIZ BRODY, RACHEL DAVIES, JASON FEIFER, KIM KAVIN, CHAD THOMAS & RACHEL WALLACE

როგორ ავაგოთ $1- მილიარდიანი კომპანია

ამისათვის საჭიროა, ხალხის ქცევა შეცვალოთ. კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ფილოსოფიაზე ივან ჟაოს უჩვეულო ხედვა აქვს.

მასალის ავტორი: JASON FEIFER

დიდი ბიზნესის ასაგებად საჭიროა ხალხის ხედვა და ქცევა შეცვალო, მაგრამ როგორ? ბევრ ანტრეპრენერს ამის გაკეთება არ შეუძლია. ზოგიერთი მათგანი პრობლემის გადაჭრას სიყვარულითა და მზრუნველობით ცდილობს. საქმეს ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით იწყებს, რადგან ფიქრობს, რომ მის იდეებს ხალხი შეიყვარებს. მაგრამ ზოგჯერ მომხმარებელი პროდუქტს ხედავს და ამბობს: "მე ეს არ მჭირდება". ასე იდეა კვდება.

ივანმა ამაზე ბევრი იფიქრა, რადგან მისმა პირველმა პროდუქტმა კრახი განიცადა.

2013 წელს ჟაო ფიქრობდა, რომ ბევრ ადამიანს სურდა აპლიკაციის ან ვებსაიტის შექმნა, მაგრამ ეს რთულად ეჩვენებოდა. ამიტომ მან დააარსა კომპანია Notion-ი, რომელიც ხალხს ციფრული პროდუქტის შექმნაში ეხმარებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არავის სურდა.

ჟაო და მისი თანადამფუძნებელი, საიმონ ლასთი სან-ფრანცისკოდან კიოტოში გადავიდნენ, სადაც ისინი სუპერგანვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროს გამოეთიშნენ და თავიანთ სტარტაპზე მუშაობა დაიწყეს. მათ მესამე თანადამფუძნებელი, აკშაი კოთარიც შეუერთდათ.

პარტნიორებმა ახალი ხედვა და კონცეფცია შეიმუშავეს. ჟაო ამას უწოდებს: "ლეგო პროგრამული უზრუნველყოფისთვის". ეს ადამიანებს Notion-ში სასურველი ოპერაციების განხორციელების საშუალებას აძლევს. როგორიცაა, მაგალითად, თანამშრომლებთან კომუნიკაცია, სოციალური მედიის პოსტების კოორდინაცია, კალენდრის შექმნა და ა.შ.

ასევე, თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანებიც დაამატოთ, რაც ყველა თქვენგანს ერთ სივრცეში მუშაობის საშუალებას მისცემს. იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოთ სხვადასხვა ხელსაწყო, როგორიცაა Google Docs-ი, Excel-ი, PowerPoint-ი, Reminders-ი, a calendar-ი, ყველა ამ ფუნქციით სარგებლობა ერთ პროგრამაში შეგიძლიათ, თანაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

Notion-ი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და უამრავ ინვესტორს იზიდავდა. 2021 წელს კომპანიამ $10 მილიარდი დოლარის ღირებულებას მიაღწია. 2024 წელს კი 100 მილიონი მომხმარებელი შეიძინა. იგი მნიშვნელოვანი პლატფორმა ხდება არა მხოლოდ სტუდენტებისა და Gen Z-ის წარმომადგენლებისთვის, არამედ კომპანიებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჟაო კი ამბობს, რომ დასაწყისში წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეეცვალა ხალხის ქცევა ან დამოკიდებულება, უბრალოდ, საკუთარ ინტუიციას ენდობოდა.

ფილოსოფოსი დამფუძნებელი

ჟაო სხვა ანტრეპრენერების მსგავსად არ საუბრობს. იგი არ ცდილობს რამე მოგყიდოს ან რამეში დაგარწმუნოს. ამის ნაცვლად, იგი წიგნებიდან ფრაზებს იმეორებს და აბსტრაქტულად საუბრობს. ბიზნესი მისთვის ფილოსოფიაა, რომელიც ცხოვრებაში ექსპერიმენტის მსგავსად მოვიდა.

მაგალითად, სამომხმარებლო სერვისი, რომელიც განსხვავებული აღმოჩნდება იმისგან, რასაც ელოდით. Notion-ი მთლიანად მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. კომპანიამ ადამიანებს შაბლონების გამოყენებისა და გაყიდვის საშუალება მისცა. ჟაო ამბობს, რომ მომხარებლები კომპანიისგან კიდევ უფრო მეტს ითხოვენ, მათ შეკითხვები აქვთ, სიახლეები სჭირდებათ. ამიტომ ჟაო სვამს კითხვას: "როგორ გაუმკლავდეს Notion-ი ამ ყველაფერს?"

კომპანიამ შექმნა სისტემა, სადაც ყველა მომხმარებლის ურთიერთქმედება ასახულია, რაც პროდუქტის შემქმნელებს პროდუქციის დახვეწაში ეხმარება. ასევე, მათთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს.

"როცა ახალ პროდუქტს ვუშვებთ, მომხმარებელს ვეუბნებით: "ჰეი, გახსოვს, ერთი წლის წინ ამ პროდუქტის შექმნა რომ გვთხოვე? უკვე მზადაა".

ჟაო ფიქრობს, რომ ეს ერთი მთლიანი სისტემაა და ყველა ლიდერის მიზანია, ამ სისტემის მართვა ისწავლოს. თავისი ფილოსოფიის უკეთ გასაგებად გვირჩევს წიგნს, სახელწოდებით Thinking in Systems by Donella Meadows.

"სისტემა ბალახს ჰგავს. თუ ამ ბალახს ამოთხრი, შესაძლოა, ქვეშ ხოჭო იპოვო. როგორ უნდა გადაირჩინოს ხოჭომ თავი? მას სჭირდება საკვები და ჟანგბადი, რასაც ბუნებისგან იღებს, შემდეგ კი ბუნებას უკან უბრუნებს. ეს წრე დაუსრულებლად გრძელდება. კომპანიამ ამისგან მაგალითი უნდა აიღოს".

"შენი მომხმარებელი გაძლევს ფულს, რაც კომპანიის ჟანგბადია. ამიტომ, სანაცვლოდ, მას ღირებულება უნდა დაუბრუნო. მომხმარებელთან ურთიერთობა, უბრალოდ, ვალდებულება არ უნდა იყოს. ხოჭო ბიზნესია და ბიზნესი ხოჭოა", - ასე ხსნის ჟაო საკუთარ შეხედულებას.

თუ კარგი ბიზნესის აგება გინდა, მაშინ ლიმიტის მნიშვნელობა უნდა გაიაზრო. ეს ის საზღვრებია, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგიწევს და მათ ვერ შეცვლი. ანტრეპრენერები ზოგჯერ ვერ ამჩნევენ, რომ მათ საკუთარი სურვილები მომხმარებლის საჭიროებებში ერევათ. 2013 წელს ჟაომ ვერ გაითვალისწინა, რომ ყველა ადამიანს რაღაცის შექმნა არ სურს. ზოგიერთს ურჩევნია, მომხმარებელი იყოს. მათ უნდათ რაღაც, რაც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებათ.

ამიტომ მან უკან დახევა და დაფიქრება გადაწყვიტა. ჟაო მიხვდა, რომ საოფისე საქმიანობა ინდუსტრიული რევოლუციის ნაწილია და ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებისგან განუყოფელი გახდა. მათ სჭირდებოდათ პლატფორმა, სადაც სხვადასხვა საქმიანობის ერთ სივრცეში ორგანიზებას შეძლებდნენ.

Romance of the Three Kingdoms-ი ისტორიული ნოველაა, რომელიც ჩინეთის იმპერიების აღზევებასა და დაცემაზე გვიამბობს. ჟაო იხსენებს ფრაზას: "იმპერია, რომელიც დიდი ხანია დაყოფილია, უნდა გაერთიანდეს. იმპერია, რომელიც დიდი ხანია ერთიანია, უნდა დაიყოს. ასე იყო და ასე იქნება".

პროგრამირებაში ამას რამდენიმე ხელსაწყოს გაერთიანება და დაყოფა ეწოდება. ადამიანის ქცევის მთავარი უცვლელი ნაწილი ისაა, რომ მას სურს, ყველაფერი მარტივად მიიღოს.

რამდენიმე წლის წინ ჟაოს კონკურენტებმა განახორციელეს პროექტი, რომელმაც იგი გაანერვიულა. მან აიძულა საკუთარი გუნდი, საპასუხო პროექტი შეექმნა და აემოქმედებინა. რაც კომპანიის სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, მოქნილი არ იყო. მომხმარებლებიც და შემქნელებიც ერთნაირად უკმაყოფილოები აღმოჩნდნენ. ამიტომ ჟაო იძულებული გახდა, უკან დაეხია.

იგი მიხვდა, რომ კომპანიას აქვს გარკვეული კოდი. მოულოდნელი ცვლილებები ყოველთვის სასარგებლო არ არის. მან გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო და შედეგებზე არ დაფიქრებულა.

თუმცა საზოგადოების ქცევა რამდენიმე წელიწადში სხვადასხვაგვარად იცვლება. მე ვუთხარი ჟაოს:

"მე Microsoft-ის დომინაციის ხანაში გავიზარდე, ახლა 44 წლის ვარ და მიჭირს Notion-ის პროგრამაში გადაწყობა".

ჟაო ამბობს, რომ ეს ბუნებრივია და არაფერია საგანგაშო. იგი არ მიმართავს რადიკალურ ცვლილებებს და მომავალ თაობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა ახალმა თაობამ ეს ჩვევები გამოიმუშაოს.

სტატიის დასაწყისში ვთქვი, რომ თუ კარგი ბიზნესის შენება გსურს, მაშინ ადამიანების ქცევა უნდა შეცვალო, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ თუ კარგი ბიზნესის აგება გსურს, მაშინ ადამიანებს უნდა გაუგო. ეს ისეთივე მარტივი და, ამავე დროს, კომპლექსურია, როგორიც პატარა ხოჭოს ქცევა.

2024 წლის ყველაზე "ცხელი" ანტრეპრენერები

მაიკლ გარეტი და რაიან დიუი

2020 წელს მაიკლ გარეტი და რაიან დიუი კალიფორნიაში სპათერაპიის ცენტრებს ფლობდნენ. მაგრამ პანდემიის გამო მათმა დახურვამ მოუწიათ და აღმოჩნდა, რომ ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ.

ისინი მოხიბლულები იყვნენ ყინულის აბაზანის იდეით, რომლის სასარგებლო თვისებებზეც ჰოლანდიელი სამოტივაციო სპიკერი, უიმ ჰოფი, ასევე პოდკასტერები, ტიმ ფერისი და ჯო როგანი საუბრობდნენ.

თუმცა ადამიანების უმეტესობა ყინულებს, უბრალოდ, აბაზანაში ყრიდა, არ არსებობდა პროდუქტი, რომელიც უფრო კომფორტულ გამოცდილებას შემოგთავაზებდათ.

მაიკლი და რაიანი გაერთიანდნენ. გარეტმა შექმნა საწყისი პროტოტიპი, ხოლო დიუიმ - ბრენდი.

შემდეგ გაჩნდა კითხვა, "რა უნდა დაერქვას ამ რაღაცას?" მათ მოკვლევა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ პროდუქტისთვის "ყინულის აბაზანის" ნაცვლად, Cold Plunge-ი დაერქმიათ. შეისყიდეს ინტერნეტდომენი და სახელიც შეამოკლეს. დღეს მას, უბრალოდ, Plunge-ი ეწოდება და წელს კომპანიის შემოსავალი $90 მილიონია.

ინფლუენსერ- მარკეტინგი დიდ როლს თამაშობს კომპანიის ზრდაში.

რა იყო თქვენი სტრატეგია?

დიუი ამბობს:

"პირველი ექვსი თვე ჩვენ ეს გეგმა გვქონდა. დავსვით კითხვა, როგორ დავუკავშირდეთ იმ გავლენიან ადამიანებს, რომლებთანაც ფილოსოფიურ ინტერესებს ვიზიარებთ? 40 სახელი ჩამოვწერეთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ამ ადამიანებთან კონტრაქტის გაფორმება ან მათი ხაფანგში გაბმა გვინდოდა.

ჩვენ, უბრალოდ, გვსურდა გვეთქვა, "ჰეი, თუ მოგწონს, გააზიარე და დედასაც უთხარი ამის შესახებ". აღმოჩნდა, რომ 3-4 თვის განმავლობაში ყველა მათგანის სახლი მოვიარეთ. ვიცოდით, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, თუ მათ პროდუქტი მოეწონებოდათ და მას შეიყვარებდნენ".

ბენ გუდვინი

ბენ გუდვინმა 2018 წელს ჯანსაღი გაზიანი სასმელის წარმოება დაიწყო. თუმცა ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ, რადგან პროდუქტი Gen Z-ისა და Gen Alpha-ს წარმომადგენლებს შორის აქტუალობას კარგავდა.

თუმცა ბენი მიიჩნევდა, რომ ამის მიზეზი არა პროდუქტის მიმართ სურვილის გაქრობა, არამედ მისი სარგებლიანობის მიმართ წარმოქმნილი კონფლიქტი იყო, ამიტომ ისეთი პროდუქტი შექმნა, რომელიც შაქრის დაბალი შემცველობითა და მაღალბოჭკოვანი ბუნებრივი დანამატებით გამოირჩეოდა. მასში შემავალი პრობიოტიკები საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

გასულ წელს Olipop-ის გაყიდვებმა $200 მილიონს გადააჭარბა.

Olipop-ს აქვს რაღაც ვინტაჟური და ნოსტალგიური. როგორ ქმნის ეს კომპანიის იდენტობას?

"როცა არომატს ვქმნი, ვფიქრობ, რომ აქ ყოველთვის არის რაღაც, ჩემთვის ნოსტალგიური. მე ისევე გავიზარდე, როგორც ყველა სხვა ამერიკელი. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩემი პროდუქტი ჩვენთვის რაღაც საერთოს და ნოსტალგიურს წარმოადგენს. Olipop-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ხელახლა განიცადონ სიმსუბუქე, დისონანსის გარეშე".

ჰეილი როზენი

2019 წელს ჰეილი ქალთა პროფესიონალური ფეხბურთიდან გამოვიდა და კალიფორნიაში გადავიდა. მაგრამ, როცა მან სპორტული აქტივობებით დაკავება კვლავ სცადა, ბევრ სირთულეს გადააწყდა. საბაზისო ინფორმაციაც კი, როგორიცაა თამაშის განრიგი და შედეგი, ხელმისაწვდომი არ იყო.

2020 წლის იანვარში მან შექმნა Just Women's Sports ( JWS) Instagram-ის გვერდი, სადაც ფოტოებს, ვიდეოებს, ინტერვიუებს და მნიშვნელოვან მომენტებს აქვეყნებდა. მან ამ საქმიანობით $13 მილიონი გამოიმუშავა, ვებსაიტიც შექმნა და პოდკასტებზე მუშაობაც დაიწყო. მხოლოდ Just Women's Sports-ის რიჩი ყოველთვიურად 80 მილიონ ადამიანს აღწევს.

როგორი იყო ქალთა სპორტული ახალი ამბების ბიზნესის წამოწყება?

"თავდაპირველად, ბევრი ამ საქმეს სკეპტიკურად უყურებდა და ამბობდა, რომ ეს ნამდვილი ბიზნესი არ იყო. "ხალხს არასდროს აინტერესებდა ქალთა სპორტი, რატომ მაინცდამაინც ახლა? უმჯობესია, რამე საქველმოქმედო წამოიწყო". მაგრამ დროთა განმავლობაში აუდიტორია გაიზარდა და მჯერა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება. ამისთვის კი ციფრული მედიაა საჭირო. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე, არა მხოლოდ აღტაცებასა და მხიარულებაზე, არამედ კარგზე, ცუდზე და ბოროტზეც. ეს ბევრს არ მოეწონება, მაგრამ უფრო მეტი ხალხი გვჭირდება, რათა ქალთა სპორტს ყურადღება მიექცეს. უფრო მეტი რესურსი და ფინანსები".

ბილ შუფელტი

ბილ შუფელტმა ალკოჰოლზე უარი თქვა. "ბარში ვიდექი და ვფიქრობდი, თუ ეს ბარმენი უალკოჰოლო ლუდს დამისხამს, სიამოვნებით გადავიხდი". ბილი მიხვდა, რომ მარტო არ იყო. "ზრდასრული ადამიანების 55% ამბობდა, რომ სიამოვნებით შეიძენდა უალკოჰოლო ლუდს, რომელსაც უკეთესი გემო ექნებოდა".

2017 წელს მრავალი უარყოფის შემდეგ, ბილი ჯონ უოკერთან გაერთიანდა, რომელიც მისი თანადამფუძნებელი გახდა. დღეს Athletic Brewing-ი უალკოჰოლო სასმელების გაყიდვების ლიდერია და უსწრებს Heineken-ისა და Budweiser-ის უალკოჰოლო სასმელებს. 2023 წელს კომპანიის ღირებულება $100 მილიონი იყო, ხოლო ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, $800 მილიონი.

თავდაპირველად თქვენი ბიზნესიდეა არასერიოზულად აღიქვეს.

"მე დავტოვე შესანიშნავი სამსახური და ჩემი საქმის კეთება დავიწყე. ინტერესი საერთოდ არ ყოფილა. ლუდსახარში, ინვესტორები, საცალო მოვაჭრეები, ამ ყველაფრის პოვნა ძალიან რთული იყო. თუმცა ყველა ამ დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენი ბიზნესი სწრაფად გაიზარდა".

ანტრეპრენერები, რომლებიც რესურსებზე წვდომას ზრდიან

იშან პატელი

იშან პატელი ყურსასმენ აპარატებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. მან 2020 წელს დააარსა კომპანია Audien Hearing-ი. როცა "ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის მარეგულირებელმა ფედერალურმა სააგენტომ" ახალი კანონი გამოსცა, მან კომპანიის უახლესი პროდუქტი შეცვალა, რათა სააგენტოს მითითებებს მორგებოდა. პროდუქტი $189 ღირდა, ხოლო Walmart-ზე გასაყიდად, მისი ფასი 50%-ით უნდა შეემცირებინა. პატელი ასეც მოიქცა და საბაზრო გაყიდვების ლიდერი გახდა. წელს მომხმარებელთა რიცხვი 1 მილიონს მიაღწევს.

როგორ გაუმკლავდით Walmart-ის გამოწვევას ფასის განახევრების შესახებ?

"ჩვენ შევამცირეთ ჩვენი მოგება, რათა პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა და, ამავდროულად, სააგენტოს სტანდარტი შეგვენარჩუნებინა. თუმცა ხალხის დარწმუნება გაგვიჭირდა, რადგან მათ ერჩივნათ, ათასობით დოლარის პროდუქტი გაეყიდათ, თუმცა ისინი ჩვენი კომპანიის ხედვაში დავარწმუნეთ. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ვიყავით ბაზარზე".

ჯეფრი გლასი

2017 წელს ჯეფრი Hometap-ის თანადამფუძნებელი გახდა. კომპანია ადამიანებს მათი სახლის ღირებულების 10%-ს აძლევს, იმ პირობით, რომ 10 წლის შემდეგ სახლის ღირებულება და, შესაბამისად, უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა გაიზრდება. 2024 წლის იანვარში კომპანიამ საინვესტიციო პროდუქტების კაპიტალმა $1 მილიარდს მიაღწია და 10 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა ბიზნესის წამოწყებასა თუ შვილის კოლეჯში გაგზავნაში.

როგორ მოიზიდეთ მომხმარებელი თავდაპირველად?

"თქვენ ვერ იქნებით წარმატებული ფინანსური პროდუქტების გაყიდვებში, თუ მომხმარებლის ნდობას არ მოიპოვებთ. ამიტომ საჭიროა, თქვენი მიზნები და შეთავაზებები რაც შეიძლება მარტივი, გასაგები და რეალური იყოს. თავიდანვე ეს იყო ჩვენი მიზანი. ასევე, საჭიროა, შენი გუნდი კარგად მოამზადო, რათა კომპანიის ხედვა და მუშაობის პრინციპი სწორად გაითავისოს და მომხარებელს უკეთ აუხსნას".

სანდრა აბრევაია

2017 წელს ბრაიან უოლახს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ამბობდნენ, რომ მას ექვსი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ბრაიანი ამერიკის საადვოკატო ბიუროს პროკურორი, ხოლო მისი მეუღლე სანდრა არაკომერციული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2019 წელს წყვილმა დააარსა ორგანიზაცია, სახელწოდებით I am ALS, რომელიც ამ დაავადების მქონე პაციენტებს კრიტიკულ დახმარებას უწევდა. ბრაიანმა ექიმების მოლოდინს გადააჭარბა და 2021 წელს ცოლ-ქმარმა სხვა პარტნიორებთან ერთად Synapticure-ი დააარსა, ტელემედიცინის კომპანია, რომელიც ალცჰაიმერის, პარკინსონისა და სხვა ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს დახმარებას უწევს.

როგორ შეძლო არაკომერციულმა ორგანიზაციამ მსგავსი კომპანიის შექმნა?

"ჩვენ გვინდოდა პაციენტებისთვის ადვოკატირება გაგვეწია. მნიშვნელობა არ აქვს, რა თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა გექნება, თუ სწორ თერაპევტს ვერ შეხვდები, რომელიც საჭირო პროცედურებს დაგინიშნავს. ჯერ არ არსებობს წამალი დაავადებისგან განსაკურნებლად, მაგრამ არის შანსი იმისა, რომ სწორი მკურნალობით პაციენტს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს. პაციენტსა და მის ოჯახს სურს სწორად გაწერილი სამკურნალო გეგმა და ექსპერტის ჩართულობა, ეს ყველაფერი მე და ბრაიანმა თავად გამოვიარეთ, ამიტომ ვიბრძოდით, რომ სხვისთვის უკეთესი შესაძლებლობა შეგვექმნა".

ტეიდ ოიერინდი

2020 წელს ტეიდისთვის ცხადი გახდა, რომ სათემო კოლეჯის მომავალი ონლაინ იყო. 4 წლით ადრე მან დააარსა პლატფორმა, სახელწოდებით Campuswire-ი, რომელიც მასწავლებლებსა და სტუდენტებს ერთმანეთთან დისტანციური ურთიერთობის, დისკუსიებისა და გაკვეთილების საშუალებას აძლევდა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ მეტის გაკეთება სურდა და უნდოდა ახალგაზრდებს ხარისხის უფრო იაფად და ხარისხიანად დაცვაში დახმარებოდა. "გადავწყვიტე სათემო კოლეჯი შემესყიდა და ჩემი ხედვის შესაბამისად გარდამექმნა". კამპუსმა ინვესტორებისგან $65 მილიონზე მეტი მოიზიდა. გასულ წელს კოლეჯი სტუდენტების პირველმა კოჰორტამ დაასრულა. და ორი წლის განმავლობაში მათი რიცხვი 100-დან 1 100-მდე გაიზარდა.

რამ განსაზღვრა კამპუსის წარმატება?

"რა არის ოთხწლიანი უნივერსიტეტი? მართალია, ეს ადგილია განათლებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის გაცნობის საიტი, სოციალური ქსელი და მაღალი კლასის კლუბური გართობის ადგილი. რაც შეეხება სათემო კოლეჯს, აქ, უბრალოდ ,მიდიხარ, გაკვეთილებს ესწრები და მერე უკან ბრუნდები. ამიტომ ამის გაკეთება დისტანციურადაც შეიძლება. ჩვენ მათ ლეპტოპებს ვაძლევთ და იმ ადამიანებთან ვაკავშირებთ, რომლებიც თავიანთი მიზნებისა და დანიშნულების უკეთ გაგებაში დაეხმარებათ".

ლინ ქიაო

ლინმა წინასწარ განჭვრიტა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროს მოიცავდა. მან ივარაუდა, რომ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების თავიანთ ბიზნესოპერაციებში გამოყენება უნდა ესწავლათ. 2022 წლის ოქტომბერში, მანამდე, სანამ ChatGPT-ი გამოვიდოდა, ლინმა Fireworks AI-ი დააარსა. სტარტაპი, რომელიც კომპანიებს საკუთარი ხელოვნური ინტელექტსისტემის შექმნაში ეხმარება. 2024 წლის თებერვლიდან კომპანიის მომხმარებელთა რიცხვი 12 000-დან 50 000-მდე გაიზარდა, ხოლო მისმა ღირებულებამ $552 მილიონი შეადგინა.

როგორ მუშაობს ხელსაწყოები?

"ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ ნემსსა და ძაფს, მაგრამ მათ ერთმანეთთან თქვენ აკავშირებთ. ჩვენ თვითმომსახურების პრაქტიკას გთავაზობთ, რისთვისაც ჩვენთან საუბარიც კი არ გჭირდებათ. ამან ბევრი მომხმარებელი მოიზიდა. ეს საინტერესოა, რადგან არსებობს შიში იმისა, თუ რას მოიტანს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ კომპანიები ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ თუ სწრაფად არ იმოქმედებენ, მაშინ ბევრ რამეს დაკარგავენ".

ანტრეპრენერები, რომლებიც ინოვაციებს ქმნიან

ანდრეა ლისბონა

მანამ, სანამ სადეზინფექციო ხსნარი აუცილებელი პროდუქტი გახდებოდა, ანდრეამ და მისმა მეუღლემ ბარსელონაში ხელის სანიტაიზერის მწარმოებელი ხაზი დააარსეს. Touchland-ი მალე ამერიკაშიც გაიხსნა და დღეს სხვადასხვა სურნელის მქონე ხსნარები კოსმეტიკისა და თავის მოვლის გიგანტ კომპანიებშიც იყიდება, მათ შორისაა Sephora, Ulta Beauty, Kohl's-ი და Target-ი. წლევანდელი შემოსავალი, სავარაუდოდ, $100 მილიონს გადააჭარბებს. "რიცხვები ყოველწლიურად იზრდება. არავინ ელოდა, რომ ხელის სადეზინფექციო ხსნარის მწარმოებელი კომპანია ამდენს შეძლებდა".

მოუწია თუ არა Touchland-ს გარკვეულ შესაძლებლობებზე უარის თქმამ?

"დიახ, მაგალითად, გვქონდა შანსი, ჩვენი პროდუქტი Sephora-ს მაღაზიებში საერთაშორისო მასშტაბით გაგვეტანა, მაგრამ ამაზე უარი ვთქვით. ჩვენ პარტნიორებთან გარკვეული ვალდებულებები გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აირჩიო ერთი ბაზარი და წარმოება დაიწყო. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ავირჩიეთ და ნელ-ნელა გაზრდას ვაპირებთ. ააგო ბრენდი, რომელიც 20-30 წლის შემდეგაც იარსებებს, მარტივი არ არის. ეს ერთ ღამეში არ მოხდება".

დერეკ რიჩარდი

როცა დერეკი საკუთარ სახლში ნათურებს ცვლიდა, მას ახალი იდეა დაებადა. "ნათურის გამოცვლა ყველას შეუძლია, მაგრამ რატომ არავინ აკეთებს ჩამრთველების დამაკავშირებელს"? პასუხი Deako იყო. კომპანია, რომელიც მომხმარებელს მოქნილ განათების სისტემას სთავაზობს. 2015 წელს Deako-ს მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა და არამხოლოდ ინდივიდუალური პირები, კერძო კომპანიებიც მოიცვა. 2023 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 52%-ით გაიზარდა. ხოლო 2024 წელს შემოსავლის 81%-ით ზრდას ვარაუდობენ.

რა არის მთავარი გეგმა მშენებლებისთვის?

მათ აქვთ წვდომა საერთო მასალებზე, მაგრამ საჭიროა დიფერენცირება და ახლებური ხედვა. Deako მშენებელს ნებას რთავს, დააყენოს განათება ყველაზე დაბალ ფასად, შემდეგ კი ეკითხება: "გსურთ ჭკვიანი განათება, სენსორები, დიმერები?" D. R. Horton-ის ტესტმა აჩვენა, რომ ხალხი 20%-ით უფრო სწრაფად ყიდულობს სახლს, როცა საქმე ჩვენს ჭკვიან განათებას ეხება".

მონიკა უილიამსი

"როგორ იგრძნობთ თავს, თუ სააბაზანოში შეხვალთ და საკუთარ საცვალში სისხლს დაინახავთ"? მონიკამ ეს კითხვა ინვესტორების ჯგუფს პოდკასტის მიმდინარეობისას დაუსვა. მონიკა იხსენებს, რომ მამაკაცების ნაწილი დაბნეულად გამოიყურებოდა. მან $100 000-ით წამოიწყო სტარტაპი, რომელიც მოზარდებისთვის სპეციალიზებულ მენსტრუალურ პროდუქტებს ქმნის. სტარტაპი RedDrop-ი 2019 წელს მეხუთე კლასის მასწავლებელთან, დანა რობერტსთან ერთად დააარსა. კომპანიამ გაყიდვები 2021 წელს დაიწყო და მას შემდეგ გაყიდვების რიცხვმა $7 მილიონს მიაღწია.

როგორია თქვენი სამომხმარებლო სტრატეგია?

"2024 წელს ახალგაზრდა გოგონებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე აქამდე. მაგრამ ვინც პროდუქტს ყიდულობს, ჩვეულებრივ, დედა, მამა ან ბებიაა. ჩვენ სოციალურ მედიაში ამ აუდიტორიას ვესაუბრებით და ვცდილობთ მათი ცნობიერება დემაგოგიის გარეშე ავამაღლოთ. ჩვენს პროდუქტს ვყიდით სკოლებში, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები აქვთ. ასევე ვმუშაობთ სკაუტ გოგონებთან. თუ მათ ბანაკში მენსტრუალური ციკლი დაეწყებათ, შეუძლიათ ჩვენი პროდუქტით ისარგებლონ. გვინდა მათ დახმარება გავუწიოთ.

აჩალ პატელი და რასელ გონგი

Deloitte-ში შეხვედრის დროს დაისვა კითხვა: "რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი?" აჩალ პატელის მისია ჯანდაცვის სფეროში ცვლილებების განხორციელება იყო. რასელის გონგის მიზანი კლიმატურ ცვლილებებსა და სოციალურ ინოვაციებზე ფოკუსირება იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არასდროს შეხვედროდა, მაგრამ მათი პასუხები გახდა მიზეზი, რის გამოც 2018 წელს ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპანია დააარსეს. Cabinet Health-ის მიზანი გარემოზე სამედიცინო ნარჩენების უარყოფითი გავლენის შემცირება და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაა. მოხმარებლებს თავიანთი დანიშნული წამლების მიღება ეკომეგობრული შეფუთვით შეუძლიათ. კომპანია საცალო ვაჭრობას ახორციელებს Target-თან. "მხოლოდ ზაფხულში პლასტმასის გამოყენება 50 000 ფუნტით შევამცირეთ".

რა არის ახლა თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?

"კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ბევრი ანტრეპრენერი ებრძვის. პრობლემა ისაა, რომ მდგრადი პროდუქტის შესაქმნელად უფრო მეტი უნდა გადაიხადო. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელზე მორგებული სწორი პროდუქტი შევქმნათ".

ლუიზა შნეიდერი

ლუიზა შნეიდერმა ყურის პირსინგი სავაჭრო ცენტრში გაიკეთა. მაგრამ, როცა მას ქალიშვილი ეყოლა, გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არის ეს პროცედურა სამედიცინო. 2017 წელს ლუიზამ დააარსა Rowan-ი, რომელიც ჰიპოალერგიულ საყურეებს ყიდის და პირსინგს ლიცენზირებული ექთანების დახმარებით აკეთებს. წელს კომპანია 65 მაღაზიას მოიცავს და წლიური შემოსავალი $100 მილიონს მიაღწევს.

რა იყო ნაბიჯი, რომელმაც თქვენს ბრენდს გზა უჩვენა?

"2022 წელს კომპანიამ 300 სამიზნე მაღაზია მოიცვა. ახალი კომპანიისთვის ეს დიდი ნაბიჯი იყო, რითაც ნდობა მოვიპოვეთ და ბევრი ექთანი შემოგვიერთდა. მაგრამ ჩვენი მომხმარებელი ვერ იაზრებდა, რომ ისინი Rowan-ის პირსინგს იღებდნენ და არა Target-ის. ეს უკანასკნელი კარგი პარტნიორი იყო, მაგრამ ასე მოგებიან ბიზნესს ვერ განვავითარებდი, ამიტომ ჩვენი საკუთარი სტუდიების გახსნა დავიწყეთ".

ანტრეპრენერები, რომლებიც უფრო ფართო სურათს ხედავენ

ამენა ალი

რაღაცების ონლაინგაყიდვა მარტივია, მაგრამ უკან დაბრუნება არა. პროგრამული უზრუნველყოფის ვეტერანი, აღმასრულებელი ამენა ალი, რომელიც Optoro-ს სათავეში უდგას, მსხვილ საცალო მოვაჭრეებს, როგორიცაა: Ikea, Gap-ი, American Eagle-ი და Best Buy, ამ პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. კომპანიამ 2020 წელს შექმნა "ექსპრესდაბრუნების" ფუნქცია, რომელიც მომმხარებლებს გამოუყენებელი ნივთების უკან დაბრუნებაში ეხმარება და 1 000-ზე მეტ მაღაზიაში მოქმედებს. 2023 წელს კომპანიამ სახლიდან დაბრუნების სერვისი აამუშავა და ახლა 40-ზე მეტ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

ძნელია მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნება და ხარჯების შემცირება. როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?

"ერთიანი მიდგომით თქვენი პოლიტიკა ან ძალიან რბილია, ან ძალიან მკაცრი. ჩვენ ვეხმარებით საცალო მოვაჭრეებს, გააზრებულად მართონ დაბრუნებების პროცესი. ეს იწყება დაბრუნების პორტალის ფორმით და შესაბამისი ვარიანტებით. მაგალითად, თუ რეიჩელი სანდო მომხმარებელია, მე მინდა დავეხმარო მას, პროდუქტი რაც შეიძლება მარტივად შეიძინოს და თუ არ მოეწონება, მარტივად გაცვალოს. ამიტომ ჩვენ მას ვაძლევთ საშუალებას, მანამ შეიძინოს მეორე პროდუქტი, სანამ პირველს დააბრუნებს. ვცდილობთ, მას სტანდარტული გაცვლა შევთავაზოთ".

ელისონ ვოლფი

ელისონ ვოლფი "სილიკონ ველზე" 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. ტექნიკური მდგრადობის პროგრამებს აყალიბებდა გიგანტ კომპანიებში, როგორიცაა: eBay, Google-ი და Facebook-ი, მაგრამ 2018 წელს კალიფორნიაში მომხდარმა მასობრივმა ხანძარმა მისი ცხოვრება შეცვალა. ელისონს სჯეროდა, რომ მიწის მენეჯმენტი ტყის ხანძრების თავიდან არიდების მთავარი ხელშემწყობია და ფიქრობდა, რომ ტექნოლოგიები ამაში დაეხმარებოდა. 2020 წელს მან Vibrant Planet-ი დააარსა, რომელიც ინტერნეტხელსაწყოს დახმარებით ინფორმირებულ და კოორდინირებულ ინფორმაციას ავრცელებს და მიწის მენეჯერებსა თუ კომპანიებს ტყის უსაფრთხოების დაცვაში ეხმარება.

რას გულისხმობს პატარა დაბრკოლებები, რომლებიც მასობრივი პრობლემის დასაძლევად უნდა გადაილახოს?

"მიწის საკუთრების 40%-60% ფედერალურია, ჩვენ შესაბამის სააგენტოებს უნდა დავუკავშირდეთ. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ჩვენი მთავრობა არ არის მზად ინოვაციისთვის. ისინი არ არიან მიჩვეულები კერძო კომპანიებსა და უცხო პირებთან მუშაობას. ამიტომ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ საკუთარი სანდოობის დამტკიცებას ვცდილობთ. ახლა ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ მათთან კოორდინირება შევძლოთ".

ჰარი რავიჩანდრანი

2014 წელს ანტრეპრენერი, ჰარი რავიჩანდრანი მიხვდა, რომ შეიძლებოდა კიბერუსაფრთხოების დარღვევას მილიონობით ადამიანზე მოეხდინა უარყოფითი გავლენა. 2017 წელს მან დააარსა Aura, რომელიც მომხმარებლებს ფინანსური და პირადი მონაცემების დაცვაში ეხმარებოდა. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მშობლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დაბლოკონ გარკვეული ვებსაიტები და აპლიკაციები ან გააკონტროლონ პლატფორმაზე გატარებული დროის ხანგრძლივობა. გასულ წელს კომპანიამ მშობლების პირველი ციფრული სამიტი ჩაატარა. Aura-ს ღირებულება ახლა $1,5 მილიარდია.

იცოდით თუ არა, რომ საოჯახო კონტროლი აპლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა?

"ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით უსაფრთხოების, ოჯახისა და დაცულობის ერთიანობაზე. მე 4 შვილი მყავს. უფროსი ახლა 15 წლისაა, მაგრამ როცა პირველად ცოცვა დაიწყო, iPad-თან მიცოცდა. ამიტომ ამაზე თავიდანვე ვფიქრობდით. არა მხოლოდ დროის გაკონტროლება, არამედ უსაფრთხოების დაცვაც უნდა შეგვძლებოდა".

ანტრეპრენერები, რომლებმაც მიმართულება შეცვალეს

არიელა საფირა

არიელა საფირა კოლეჯში სწავლობდა, როცა მისმა მეგობარმა თავის მოკვლა სცადა. 2013 წელს, როცა იგი ცენტრში მეგობრის მოსანახულებლად მივიდა, შეშინებული აღმოჩნდა. "ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მენტალური რეაბილიტაციის ცენტრი ვნახე. ამან ძალიან შემაშინა და ვიფიქრე, როგორ უნდა გამხდარიყო აქ ვინმე უკეთ". 2019 წელს არიელამ Real-ი დააარსა. სადაც ჯგუფური თერაპიები ტარდებოდა. 2024 წელს კი კომპანია Zeera-დ გადაიქცა და მიმართულება შეიცვალა. ესაა მენტალური ჯანდაცვის კომპანია აუდიოკონტენტით, როგორიცაა, მაგალითად, ანონიმური ჯგუფური თერაპია. Zeera ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლის დასაქმებულებსაც ჯანმრთელობის დაზღვევა აქვთ. პირველ წელს Zeera-ს აპლიკაციამ 100 000-ზე მეტი მომხმარებელი შეიძინა.

რამ გამოიწვია კომპანიის მიმართულების შეცვლა?

"როცა პანდემია დაიწყო, ყველას სურდა ჯგუფური თერაპია, მაგრამ გამორთული ვიდეოთი და დამალული იდენტობით. ადამიანებმა თქვეს, რომ მათ სურდათ სხვისი მოსმენა, უნდოდათ გაეგოთ, როგორ უმკლავდებოდნენ ისინი პრობლემებს. უნდოდათ თერაპევტის დახმარება, მაგრამ არ სურდათ, რომ სხვებს მათი ვინაობა გაეგოთ. ისინი, ასევე, ითხოვდნენ ხმოვან ჩანაწერებს. ეს ახალი გამოცდილება იყო, ამიტომ ჩვენ Spotify-ისა და Netflix-ის ექსპერტები სამედიცინო ექსპერტებთან დავაკავშირეთ, რათა მხოლოდ აუდიოკონტენტის მოდელი შეგვექმნა. ჩვენ გამოცდილების პერსონალიზაცია მოვახდინეთ, რათა თითოეული ადამიანისთვის შესაბამისი სესია შეგვეთავაზებინა".

ელისონ ლიი

2017 წელს ელისონ ლიიმ Hemster-ი დააარსა. კომპანია, რომელიც საცალო მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს სამკერვალო მომსახურება შესთავაზონ და მათი მონაცემები შეაგროვონ. მაგრამ რამდენიმე წელიწადში გააანალიზა, რომ სამკერვალო ინდუსტრიას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. ყოველწლიურად, დაახლოებით, 9,5 მილიარდი ფუნტი გროვდება ნაგავსაყრელზე. ამიტომ 2024 წელს კომპანიამ რებრენდინგი განიცადა. (Re)vive დაბრუნებულ პროდუქტს იღებს, წმენდს, ასუფთავებს, ხელახლა ფუთავს და ბრენდს უბრუნებს ან Poshmark-ის მსგავს საიტებზე ყიდის. კომპანიამ ამ პრაქტიკით $23 მილიონი დაზოგა და მისი შემოსავლები 10-ჯერ გაიზარდა.

როგორ იპოვეთ თავდაჯერებულობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიგეღოთ?

"მე დავინახე, რომ დაზიანებული პროდუქტი ყველა ბრენდისთვის უნივერსალური პრობლემა იყო. როცა ბრენდებს ინვენტარიზაციის პრობლემებზე ვესაუბრე, ისინი თითქოს ამბობდნენ: "მე უნდა გამოვასწორო ეს გუშინდელი დღე". როცა ძირეულ ცვლილებებს გრძნობ, საჭიროა იმ ჰიპოთეზებს გადახედო, რომლებშიც მანამდე დარწმუნებული იყავი".