Get All Access for $5/mo

"ანტრეპრენერული აზროვნება, იგივეა, რაც შენს საქმეში იყო საუკეთესო და სიახლეების შემომტანი" - გიორგი ხატიაშვილი, BTU-ს მეწარმეობის კურსის ლექტორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ყოველთვის მზად იყავი ცვლილებებისთვის" - სწორედ აქ იწყება ანტერპრენერული აზროვნების საფუძვლები, ვიღაც სამყაროს ცვლის, ვიღაც კი საკუთარ ცხოვრებას, თუმცა მთავარი არის ის, რომ მუდმივად ღია ვიყოთ სიახლეებისადმი, არ შევეგუოთ არასასურველ მოცემულობას და შემართებით დავხვდეთ ახალ გამოწვევებს" - სწორედ ამ შემართებით დაიწყო გიორგი ხატიაშვილმა საკუთარი კარიერა მეწარმეობის სფეროში. როგორც თავად აღნიშნავს, ნებსით თუ უნებლიეთ სტუდენტობიდან მიჰყვებოდა აღნიშნულ ჰიპოთეზას - სწორედ ასე გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სამეწარმეო ეკოსისტემაში. გიორგი ამჟამად BTU-ს მეწარმეობის ლექტორი, ბიზნეს კონსულტანტი და სერიული ანტრეპრენერია, რომელიც საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას უკვე სტუდენტებსაც უზიარებს.

როგორ დაიწყო გიორგი ხატიაშვილმა ანტრეპრენერული საქმიანობა? 2017 წელს, მეგობრებთან ერთად საგანმანათლებლო პლატფორმა "ქლევერტონი" დააფუძნა, რომელიც დღესაც აქტიურად მუშაობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე. ინიციატივის ფარგლებში, გახსნა ერთ-ერთი პირველი საბავშვო ბიზნეს სკოლა საქართველოში, სადაც მოზარდებს სამეწარმეო უნარების განვითარებაში ეხმარებოდა.

"მინდა, გამოვყო ბიზნეს აქსელერატორ "სპარკში" მუშაობის ოთხწლიანი პერიოდი, რა დროსაც 2 მილიონზე მეტი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვაში დავეხმარეთ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებსა და ბიზნესებს, განვახორციელეთ მრავალფეროვანი აქსელერაციის პროგრამები და აქტივობები სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე წვდომის ხელშესაწყობად", - Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს გიორგი ხატიაშვილი.

გიორგის განმარტებით, მის ცხოვრებაში ასევე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი როლი მიუძღვის სწავლებას, რასაც 2019 წლიდან აქტიურად ეწევა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მეწარმეობისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პირველივე კურსიდან სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს და ეცნობიან ყველა იმ ეტაპს, რაც ახალი ბიზნესის წამოწყებასთან არის დაკავშირებული. გიორგი სტუდენტებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ეხმარება მათ, გაიარონ ყველა ნაბიჯი იდეების გენერირებიდან მის კომერციალიზაციამდე და დააგროვონ ანტრეპრენერისთვის საჭირო ყველა უნარი.

"ანტერპრენერული, პრობლემაზე ორიენტირებული აზროვნება, იგივეა რაც შენს საქმეში იყო საუკეთესო და სიახლეების შემომტანი, შესაბამისად ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში აღნიშნული მიმართულებით პირველივე კურსიდან მიმდინარეობს აქტიური სწავლება მნიშვნელოვან შედეგს იძლევა სტუდენტების სწორად განვითარებაში. ეს კი ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, ორმაგი მოტივაციაა, რადგან ვგრძნობ მომავალი თაობისთვის ძალიან საჭირო საქმის ერთ-ერთი მონაწილე ვარ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

BTU-ში მეწარმეობის კურსები შემუშავებულია BTU-სა და ჰენლის ბიზნეს სკოლას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რაც საშუალებას ნიშნავს იმას, რომ ქართველი სტუდენტები ხელმძღვანელობენ იმ სასწავლო მასალით, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტშია დანერგილი. მეწარმეობის კურსის ფარგლებში, გიორგი ხატიაშვილის მიზანია, გაზარდოს მეწარმეთა განვითარებისა და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს სტუდენტური სტარტაპების ინტერნაციონალიზაციას, განავითაროს სტუდენტებში სამეწარმეო უნარ-ჩვევები და შედეგად, ხელი შეუწყოს ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.

"რაც შეეხება სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, აუცილებელია ლექტორს კარგად ჰქონდეს გააზრებული, რომ გარდა იმ ინფორმაციისა რასაც სტუდენტებს გადასცემს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარსამართად და წინასწარ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ამიტომ, სტუდენტებს დასაწყისში ყოველთვის ვეუბნები, რომ მათი წარმატების მთავარი ფაქტორი იქნება პრობლემაზე ორიენტირებული აზროვნება ულევი ცნობისმოყვარეობა, შეკითხვების დასმა, უპირველეს ყოვლის, საკუთარ თავთან და შემდგომ გარშემომყოფებთან. შესაბამისად, ჩემი ლექციების განმავლობაში, ყველას აქვს საშუალება შემაწყვეტინოს, დასვას კითხვები, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და მაქსიმალურად ჩართული იყოს დისკუსიის პროცესში საკითხის უკეთ გასააზრებლად", - აღნიშნავს გიორგი.

BTU-ში დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის შექმნილია კურსი "პრაქტიკული ბიზნეს პროექტი", რომლის ფარგლებშიც სტუდენტები რეალურ პრობლემაზე დაფუძნებულ ბიზნეს გეგმას ქმნიან. კურსის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ ჯგუფურად ხელმძღვანელთან ერთად, ესწრებიან სხვადასხვა ვორქშოფებს, იღებენ რჩევებს ლექტორისგან და კურსის ბოლოს საკუთარ იდეებს სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენენ. პრაქტიკული ბიზნეს პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას. ამ პროცესში კი უდიდესი როლი უკავიათ ლექტორებს - ადამიანებს, რომლებიც სტუდენტებს მუდმივად უზიარებენ საკუთარ რეალურ გამოცდილებასა და იმ გამოწვევებს, რაც თავად შეხვდათ ანტრეპრენერობისკენ მიმავალ გზაზე.

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა გიორგი ხატიაშვილი სტუდენტებსა და ანტრეპრენერობით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, იგი გვპასუხობს:

"რამდენიმე რჩევა, რომელსაც როგორც სტუდენტებს, ასევე უშუალოდ ანტრეპრენერობით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი გამოცდილებიდან გავუზიარებდი, არის შემდეგი:

  • საკუთარი იდეების განხორციელებისთვის საუკეთესო დრო არ არსებობს, ასე რომ დაიწყე დღესვე, ნებისმიერ ქმედებად, სულ მცირედით − ეს მაინც გვაახლოებს მიზანთან;
  • არ შეიყვარო პროდუქტი, არამედ შეიყვარე ხედვა, რომლის გარშემო პროდუქტს ქმნი. ეს დაგეხმარება მარტივად მიხვდე ცვლილებების საჭიროებას, აღიარო შეცდომები და მაქსიმალურად მოარგო პროდუქტი მომხმარებელს;
    • გუნდი და არა იდეა - არის ის მთავარი საფუძველი, რაც სტარტაპის კეთების საწყის ეტაპზე განსაზღვრავს მის შემდგომ წარმატებას, ამიტომ სწავლების პროცესიც მაქსიმალურად არის დატვირთული გუნდური პრაქტიკული დავალებებით და მეც მაქსიმალურაც ვცდილობ გავუზიარო სტუდენტებს გუნდის სწორად ფორმირების სხვადასხვა ასპექტები".
    ელენე ლომსაძე

    ჟურნალისტი

    ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

    ინდუსტრიული ტრენდები

    თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

    ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე