ArtOa - ქართული ინოვაციური პლატფორმა კედლის მხატვრობის ინდუსტრიაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ArtOa მსოფლიოში პირველი ინოვაციური ქართული პლატფორმაა კედლის მხატვრობის ინდუსტრიაში, რომელიც ბაზარზე ფეხს ახლა იკიდებს. ისტორიაში პირველად, პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს დამკვეთებსა და კედლის მხატვრებს ნებისმიერი მიმართულებით.
უნიკალური AI/AR Order Generator-ის საშუალებით მომხმარებელი ახდენს არტის გენერირებას, რაც სამომავლოდ შესრულდება არტისტის მიერ ინტერიერში ან ექსტერიერზე. ArtOa-ს მიზანია, კედლის ხელოვნების სფეროში მსოფლიო მასშტაბის ცვლილებებს ჩაუყაროს საფუძველი და ტრადიციული გზიდან ინოვაციამდე მივიდეს.
"გვსურს, გლობალურ wall art ბაზარზე რევოლუცია მოვახდინოთ. ერთი მხრივ, არტისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვართ გზა, გამოავლინონ მათი უნიკალური ნიჭი და ხელწერა. ხოლო, მეორე მხრივ, დამკვეთებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენთან შესაძლებლობა აქვთ, უნიკალური იდეები, ხედვები და ფანტაზიები AI-ს და არტისტის უნიკალური ნიჭის კომბინაციით გააცოცხლონ და მიიღონ ეფექტური, გაყიდვადი, ექსკლუზიური, შთამაგონებელი კედლის მხატვრობა".
პლატფორმამ დაფუძნებამდე დიდი გზა გაიარა - ჩატარდა კედლის მხატვრობის შესახებ ბაზრის კვლევა, მომხმარებლებისა და არტისტების პრეფერენციების შესახებ მოკვლევა, ბიზნესმოდელის შემუშავება და დახვეწა, მენტორ ანტრეპრენერებთან ერთად იდეის საფუძვლიანი დამუშავება.
არქიტექტურული დიზაინის მოთხოვნის ბაზარი დაახლოებით $300 მილიარდს შეადგენს. მომხმარებლების 26% ითხოვს არტის გამოყენებას, რომელიც ალამაზებს სივრცეს როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. რაც შეეხება Wall Art-ს - ამ გლობალური ბაზრის მოცულობა ამჟამინდელი მონაცემებით $63,61 მილიარდს შეადგენს. არსებობს ვარაუდებიც, რომ 2032 წლამდე გაიზრდება და $118,79 მილიარდი გახდება.
დამფუძნებლები, გიორგი ინწკირველი და მარიამ ღოღაძე ამბობენ, რომ მთავარი მოტივაცია იყო, არტისტებისთვის მიეცათ სივრცე, სადაც მათ ხელოვნების დემონსტრირება და პროფესიული საქმიანობის წარმართვა შეეძლებოდათ.
"იდეა დაიბადა ერთ დღეს, როცა გიორგი სქროლვისას გადააწყდა ვიდეოს, სადაც ახალგაზრდა გრაფიტს ხატავდა. გაგვიჩნდა იდეა, რომ მოდი, ამ ხალხს მივცეთ შანსი - შეასრულონ კანონიერად ეს საქმე და გამოავლინონ შესაძლებლობები".
იდეის გაჩენიდან დღემდე ArtOa-მ მოახერხა ბაზრის კვლევა მომხმარებლების პრეფერენციების დასადგენად, სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოება ბიზნესთან, MVP-ის ჩაშვება და 25 000-ლარიანი გრანტის მიღება.
ArtOa-ს შექმნისაკენ გიორგისა და მარიამს ერთმა ასეთმა დაკვირვებამაც უბიძგა: არ არსებობს ერთიანი პლატფორმა, სადაც კედლის არტისტი დარეგისტრირდება, დამკვეთი კი ნათლად იხილავს ნამუშევრებს და აირჩევს სასურველს.
"არტისტებს აქვთ შესაძლებლობა, ატვირთონ პორტფოლიო, გაიზარდონ კარიერულად, დამკვეთებს კი ვაძლევთ საშუალებას, აღმოაჩინონ მათთვის სასურველი არტისტები, შეაფასონ მათი პორტფოლიოები და გამოიყენონ AI/AR ტექნოლოგია, რომელიც იდეების ვიზუალურად წარმოჩენაში დაეხმარებათ. ამ ტექნოლოგიაზე ამ დრომდე ვმუშაობთ, რასაც მომხმარებელი მალე იხილავს".
როგორც წესი, არტისტები სხვადასხვა გზას მიმართავენ საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის - ზოგიერთი მათგანი ისეთ სოციალურ მედიაარხებზე ათავსებს ნამუშევრებს, როგორიცაა: Behance-ი, Facebook-ი, Instagram-ი და სხვა. არსებობენ არტისტები, რომლებსაც არ აქვთ პირადი პროფესიული გვერდები და აქტიურობენ ცალკეულ wall art ჯგუფებში.
არსებობენ Wall არტისტები, რომლებიც ცალკეულად/ტრადიციული გზით იღებენ შეკვეთებს. მათ ჩამოყალიბებული აქვთ საკუთარი ნიშა და თავად დებენ ძალისხმევას საკუთარი თავის პოზიციონირებისთვის.
"ArtOa-ს გამოჩენით არტისტებისთვის ვქმნით ახალ კარიერას, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს მუდმივი განვითარებისთვის. ბაზარზე ახალ შანსებს შევთავაზებთ დამკვეთებსაც, ახალი სახეებით და შესრულების ინოვაციური გზებით", - ამბობს ის.
პლატფორმა ერთგვარი freelancing სივრცეა არტისტებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ ატვირთონ პორტფოლიოები და გაიზარდონ კარიერულად. მომხმარებლები მათ რეიტინგული სისტემით აფასებენ. არსებობს არტისტების სამი კატეგორია - Junior, Middle, Senior, შესაბამისად, ყველა არტისტს აქვს შესაძლებლობა, გამოსცადოს საკუთარი თავი ამ ინოვაციურ სივრცეში.
"მათ შეუძლიათ ატვირთონ პორტფოლიო, თავად აირჩიონ პროექტები ბიდინგის პრინციპით და ციფრულად მიიღონ კომუნიკაციის ის ფორმა, რასაც ტრადიციულად დიდი ენერგია, ძალისხმევა და რესურსების მობილიზება სჭირდება. გარდა ამისა, სამომავლოდ ვთავაზობთ ჰაკათონებსა და ფესტივალებში მონაწილეობას და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად განვითარებას", - ამბობენ ArtOa-ში.
ArtOa-ს შეთავაზებული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც არტისტებსა და ინდივიდებს, ისე ხელოვნების შესაბამისი ნიმუშებით დაინტერესებულ კომპანიებს. პლატფორმაზე არტისტების აღმოჩენა და მათთვის ინტერიერსა თუ ექსტერიერში სასურველი მხატვრობის შეკვეთა შეუძლიათ ბრენდებსა და დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს, არიქტექტურულ თუ დეველოპერულ კომპანიებს, ნამუშევრებით დიანტერესებულ ინდივიდებსა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს (მერიებს, მუნიციპალიტეტებს, სკოლებსა და ბაღებს, უნივერსიტეტებს და ა.შ.)
შესყიდვის მიზანი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - ოფისის ინტერიერსა თუ ექსტერიერში საინტერესო ნამუშევრის წარმოდგენა, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლებისთვის მოტივაციის ამაღლება, შთაგონება, მათივე პროექტებში მეტი სიცოცხლისა და ფერების შეტანა, საცხოვრებელი ფართის გარდაქმნა კედლის მხატვრობის საშუალებით და ა.შ.
მსოფლიო მასშტაბის ნოვატორული პლატფორმის შექმნა, ცხადია, გამოწვევებით სავსე გზაა. გიორგი და მარიამი ამბობენ, რომ საყვარელი და შთამაგონებელი საქმის კეთებისას ყველანაირი დაბრკოლების გადალახვაც სახალისო პროცესად იქცევა. სწორედ ამიტომ, სირთულეებს ნეგატიურად არ უყურებენ და ყოველი პრობლემის გადაჭრით გამოცდილებას იღებენ.
"გუნდის მოტივაცია არის ის, რომ ჩვენ ვუყურებთ სამომავლო პერსპექტივებს. შეგვიძლია დავინახოთ ინოვაციური გზა, რომელსაც მივყვებით. ეს მოტივაცია შეიძლება იყოს როგორც ფინანსური, ისე მორალური, ურთიერთობებზე დამყარებული. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურ ბაზარზე ვქმნით განსაკუთრებულ, ინოვაციურ პროდუქტს რომელიც ჩვენი პოტენციური მომხმარებლისთვის იქნება ყველაზე ოპტიმალური ვერსია".
ArtOa-ს უახლოესი მიზანი ქართულ ბაზარზე ინოვაციის წარმატებული დანერგვა და სერვისების ქალაქებში გაფართოებაა. ეს საშუალებას მისცემთ არტისტებს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან შექმნან კედლის მხატვრობის ნიმუშები და ამ ინდუსტრიის ბაზარიც დიდწილად დედაქალაქში აღარ იყოს კონცენტრირებული.
გარდა ამისა, აქტიურად მიდის მუშაობა AI/AR ტექნოლოგიის უახლოეს მომავალში დანერგვაზე. ტექნოლოგიის ინტეგრირება დამკვეთს მისცემს საშუალებას, მოახდინოს 4 სხვადასხვა დიზაინის ვიზუალის გენერირება, რისი კედელზე გადმოტანის სურვილიც ექნება.
თუმცა ArtOa მხოლოდ ლოკალურ თუ რეგიონულ ბაზარზე არ იქნება კონცენტრირებული. პლატფორმის მიზანი მსოფლიო მასშტაბით კედლის მხატვრობაში გარდატეხის შემოტანაა, შესაბამისად, გაფართოება და ოპერირება გლობალური მასშტაბით იგეგმება.
ამ ეტაპზე გაწერილ გეგმათაგან ბოლო ეტაპი მობილური აპლიკაციის შექმნაა, რათა პლატფორმა მუშაობდეს ყველანაირი გაჯეტისთვის, მასზე წვდომა ჰქონდეს ყველა დაინტერესებულ პირს და, რაც მთავარია, არტისტსა და დამკვეთს ურთიერთობა მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.
პლატფორმა ცოტა ხნის წინ ამუშავდა და უკვე აერთიანებს 60-მდე არტისტს. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დაინტერესებულ მხატვრებს შეუძლიათ ეწვიონ ArtOa.io-ს გვერდს, განათავსონ პორტფოლიო და აჩვენონ მათი შესაძლებლობები. ხელოვნების ნიმუშებით დაინტერესებულ პირებსა და ბრენდებს კი შეუძლიათ რამდენიმე ათეული არტისტის პორტფოლიოს გაეცნონ და იპოვონ ის, ვისი ნამუშევრებიც მათთვის ყველაზე საინტერესოა.