BTU - 2024 წლის შეჯამება "2024 წელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებას დაეთმო"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.

განვლილ წელს აჯამებს ქართული ბიზნესიც. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა გლობალურ ეკონომიკაზე, გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და ძირითადი გამოწვევები ამ ყველაფრის ფონზე − რა სირთულეებს შეეჯახნენ ქართული კომპანიები 2024 წელს, რომელი მიღწევებით ამაყობენ და როგორი მოლოდინი აქვთ ახალი, 2025 წლისგან?

ნინო ენუქიძე
რექტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU):

2024 წელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებას დაეთმო. შევქმენით კომპიუტერული მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის ახალი და უნიკალური საბაკალავრო პროგრამა, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება და სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, BTU-სთან ერთად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტშიც მიიღოს სრული დაფინანსებით ცოდნა, გამოცდილება და დამატებით - დიპლომი. აღნიშნულ პროგრამაზე უკვე 100 სტუდენტი ირიცხება.

მოვახდინეთ AI-ს ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში, შევქმენით და განვავითარეთ BTU AI, რომელიც ადამიანისა და მანქანის ინტერაქციის ახალი მოდელია. ამ პლატფორმაზე ექსპერტ-კონტრიბუტორების დახმარებით იქმნება ანალიტიკური მასალა, ბიზნესქეისები, კვლევები და სხვა. სიახლეა ისიც, რომ სტუდენტების AI ასისტენტი გაჩნდა სასწავლო პროცესის მართვის პროგრამა Classroom-ში. ინიცირება გავუკეთეთ ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გლობალურ პროექტს AI4Globe-ი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდება და მისი მიზნობრივი ჯგუფი ბავშვები და მოზარდები, ქალები, მცირე და საშუალო ბიზნესი და აკადემიაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მარდაჭერით, სტარტი აიღო პროექტმა Women in AI. BTU-ს დაემატა ახალი კამპუსი, 6 000კვ.მ. სივრცე, რომელიც კვლევითი და სასწავლო მიზნების გარდა, ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო პროექტებსაც დაეთმობა. ახალ კამპუსში გაფართოვდება BTU AI LAB-იც და დაგვემატება ახალი სასწავლო პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები განხორციელდა ბავშვების, მოზარდებისა და ქალებისთვის, სადაც პარტნიორობა შედგა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, USAID-თან, დიპლომატიურ კორპუსსა და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება 2025 წელსაც და მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება.

რთულად პროგნოზირებადი ადგილობრივი და საერთაშორისო გარემო გამოწვევაა არა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, არამედ ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც ცდილობს, გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიოს. წლების განმავლობაში ვცდილობით შეგვექმნა კორპორაციული კულტურა, სადაც გუნდი არათუ მოერგებოდა გარემოებებს, არამედ თავად შექმნიდა ახალ რეალობას. ამ კულტურამ დიდი გამოცდა ჩააბარა 2024 წელს, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ინოვაციების ეკოსისტემაში წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება ვართ, რომელიც უძლებს გამოწვევებს, ვითარდება და სწრაფად იზრდება. ეს ასეც მოხდა. BTU-სთვის უპრეცედენტოდ წარმატებული წელიწადია 2024. ჩვენ დავაწესეთ მაღალი სტანდარტი, რომელსაც მომდევნო წელს თავადვე უნდა ვაჯობოთ.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული ყველა ნაბიჯით ვამაყობთ. 2024 წელს ციფრული წიგნიერების დონე ავუმაღლეთ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოში: სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ან პრობაციონერი, კანონთან კონფლიქტური მოზარდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ტექნოლოგიებში მოვამზადეთ და გადავამზადეთ ქალები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. უფასო კურსები და დასაქმების შესაძლებლობები შევთავაზეთ უკრაინელ ლტოლვილ ქალებს. შევქმენით AI წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც საქართველოდან მსოფლიოში პარტნიორებთან ერთად უნდა გავრცელდეს. მსგავსი ინიციტივები გამოგვარჩევს როგორც პასუხისმგებლიან ინსტიტუციას.

ბიზნესსამყარო მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რომელიც, ვიმედოვნებთ, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული იქნება. ტექნოლოგიური წინსვლა გარდაუვალად განაგრძობს სამყაროს შეცვლას 2025 წელსაც და წარმატების მსურველი ყველა კომპანიის გეგმა ციფრულ ტრანსფორმაციას დაუკავშირდება.

Business News

ქართული კომპანიების ფინანსური შედეგები ერთ სივრცეში

უკვე შესაძლებელია კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები შეადარონ კონკურენტებს