Ending Soon! Save 33% on All Access

დისციპლინის და კონცენტრაციის ძალა უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდია ამოცანა, რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას მთავარ მიზანზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

21 მარტს, ლუქსემბურგთან გამარჯვების შემდეგ, გადამწყვეტ საფინალო შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ფეხბურთელებს ამ სიტყვებით მიმართა:

"ევროპის ჩემპიონატამდე ერთი მატჩი დარჩა. მხოლოდ ერთი! დღეს კარგი პირველი ნახევარი ჩაატარეთ. ხუთ დღეში მეორე ნახევარი გველის. რასაც ამ წუთიდან სამშაბათამდე გააკეთებთ, ყველაფერს გავლენა ექნება – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. თუ კარგად არ გამოიძინებთ, სწორად არ იკვებებით, ვარჯიშზე არ დაიხარჯებით, ეს გავლენას მოახდენს სამშაბათის თამაშზე. რასაც თქვენგან ველი, არის ზუსტად იგივე, რასაც აქამდე აკეთებთ – სრული კონცენტრაცია და ფოკუსი თქვენს საქმეზე. გამოეთიშეთ ყველაფერს, ტელეფონებიც კი გამორთეთ, რომ თავი დაიცვათ გარემოსგან. დღეს ყველა ბედნიერია, აღფრთოვანებულია, რაც ბუნებრივია, რადგან ქვეყანამ უნდა იგრძნოს ეს, იზეიმოს, მაგრამ თქვენ, როგორც ფეხბურთელებს, სამშაბათს თქვენი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. დღეს შესაძლოა ჰგონიათ, რომ ჩვენ მსოფლიო თასის მოგებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვეხმარება. ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვეხმარება, არის თქვენი ქცევა, თქვენი მუშაობა და გონების კონცენტრაცია სამშაბათის ფინალზე".

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამ ამაღელვებელ სამოტივაციო სიტყვებში, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის ისტორიულ გამარჯვებაში, არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის და, რაც მთავარია, ანტრეპრენერთათვის, საინტერესო პასაჟების ამოკითხვა შეიძლება.

"რასაც ამ წუთიდან სამშაბათამდე გააკეთებთ, ყველაფერს გავლენა ექნება – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. თუ კარგად არ გამოიძინებთ, სწორად არ იკვებებით, ვარჯიშზე არ დაიხარჯებით, ეს გავლენას მოახდენს სამშაბათის თამაშზე", – დისციპლინის გარეშე დიდი გამარჯვებები რომ იშვიათია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ დისციპლინა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მაშინაა, როცა საბოლოო გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება.

ასეთ დროს დიდია ცდუნება, უკვე მიღწეულმა წარმატებამ საკუთარ ძალებში ზედმეტად თავდაჯერებული გაგხადოს და ადამიანურმა ცდუნებებმა გძლიოს, რასაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

სრულფასოვანი ძილი, სწორი კვება, რეჟიმის დაცვა და ვარჯიში ასეთ დროს გადამწყვეტია. ეს თითქოს ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოცდილი მწვრთნელი გადამწყვეტ მომენტში თავის ფეხბურთელებს მაინც დისციპლინისკენ მიუთითებს.

ამიტომაც, ყველამ, ვისაც თავის საკუთარი "ფინალი" აქვს მოსაგები, უნდა იცოდეს, რომ დისციპლინის გარეშე დიდი გამარჯვებები არ მოდის.

"სრული კონცენტრაცია და ფოკუსი თქვენს საქმეზე. გამოეთიშეთ ყველაფერს, ტელეფონებიც კი გამორთეთ", – მთავარი მწვრთნელის ეს მითითება ალბათ ყველასთვის გასაგები, ლოგიკური, მისაღები, მაგრამ ამავე დროს ყველაზე რთულად შესასრულებელი აღმოჩნდებოდა ფეხბურთელებისთვის.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდია ამოცანა, რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას მთავარ მიზანზე და ეს მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მორიგი გამარჯვებაა.

ასეთ გადამწყვეტ მომენტებში გონების გაფანტვამ, ფიქრის რაიმე სხვაზე გადატანამ, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს შედეგზე. ამიტომაც ყველას, სპორტსმენი იქნება თუ ანტრეპრენერი, უნდა ახსოვდეს, რომ მთავარზე ფოკუსირებას დიდი ძალა აქვს და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს, არაფერმა უნდა გაგვიფანტოს ყურადღება, რადგან დიდი მიზნები, დიდი გამარჯვებები ხელის შემშლელი ფაქტორებისგან სრული იზოლაციისა და მაქსიმალური კონცენტრაციის შედეგად მიიღწევა.

ასეთ დროს საჭიროა ეიფორიისგან დისტანცირება, რადგან საყოველთაო ეიფორიამ შესაძლოა, დადებითთან ერთად, უარყოფითი გავლენაც იქონიოს, თუ საკუთარ თავსა და მთავარ მიზანზე სათანადოდ არ ვკონცენტრირდებით – "დღეს შესაძლოა ჰგონიათ, რომ ჩვენ მსოფლიო თასის მოგებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვეხმარება. ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვეხმარება, არის თქვენი ქცევა, თქვენი მუშაობა და გონების კონცენტრაცია".

დღეს, როცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, ამ შეგონების შედეგი სახეზეა – საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვება მოპოვებულია, ისტორია დაწერილია და საქართველოს მთავარი გუნდი უკვე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვებებისთვის იბრძვის, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დისციპლინა და კონცენტრაცია, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტი აღმოჩნდეს როგორც სპორტში, ისე ბიზნესსა და ნებისმიერ სფეროში!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
სიახლეები

რას ნიშნავს 50%-მდე + 20% Visa ფასდაკლება?

ექსტრაზე განსაკუთრებული ფასდაკლებები დაიწყო

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"