Geosoft - 2024 წლის შეჯამება "მოხარულები ვართ, რომ 2022 წელთან შედარებით სამმაგი ზრდა გვქონდა"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.
განვლილ წელს აჯამებს ქართული ბიზნესიც. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა გლობალურ ეკონომიკაზე, გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და ძირითადი გამოწვევები ამ ყველაფრის ფონზე − რა სირთულეებს შეეჯახნენ ქართული კომპანიები 2024 წელს, რომელი მიღწევებით ამაყობენ და როგორი მოლოდინი აქვთ ახალი, 2025 წლისგან?ანდრო მესხორაძე
დამფუძნებელი და დირექტორი, Geosoft LLC
2024 წელი ჩვენთვის განსაკუთრებული წელი იყო, სავსე გამოწვევებითა და წარმატებებით. როგორც Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენი მთავარი მიზანია ქართული ბიზნესებისთვის უზრუნველვყოთ Google Workspace-ის (ყოფილი G Suite) დანერგვა და შემდგომი მომსახურება, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაზარდონ კომუნიკაციის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
მოხარულები ვართ, რომ 2022 წელთან შედარებით სამმაგი ზრდა გვქონდა. ეს წარმატება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:
- სერვისის მიწოდების სიჩქარის გაუმჯობესება: ჩვენი გუნდი გაფართოვდა Google Cloud-ის სერტიფიცირებული სპეციალისტებით, რამაც საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გაგვეწია მომსახურება ჩვენი პარტნიორებისთვის.
- რუტინული პროცესების ავტომატიზაცია: როგორც Geosoft-ში, ასევე პარტნიორ კომპანიებში მოვახდინეთ რუტინული პროცესების ავტომატიზაცია, მათ შორის ინვოისების, კონტრაქტებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების ავტომატური გენერირება. ეს უზრუნველყოფს დროისა და რესურსების დაზოგვას და ამცირებს შეცდომების ალბათობას.
- Google Workspace-ის დანერგვა: წელს ასზე მეტ კომპანიას დავეხმარეთ Google Workspace-ის დანერგვაში, რამაც მათ საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინათ კომუნიკაცია და თანამშრომლობა როგორც კომპანიის შიგნით, ასევე პარტნიორებთან. Google Workspace-ის ინსტრუმენტები, როგორიცაა კორპორაციული Gmail-ი, Google Meet-ი, ფაილების შენახვა Google Drive-ზე, კორპორაციული ჩატები და სხვა, უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ სამუშაო გარემოს.
წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ცნობადობის ამაღლება იყო. Google Workspace-ის დანერგვა კომპანიებში ხშირად მოითხოვს არსებული მიდგომებისა და ჩვევების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი პირადად იყენებს Gmail-ს, Google Drive-ს, Calendar-ს და სხვა აპლიკაციებს, Google Workspace-ის სარგებელი ბიზნესისთვის ხშირად უცნობია.
ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად აქტიურად ჩავერთეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ივენთსა და კონფერენციაში. ამან საშუალება მოგვცა, პირდაპირ გავსაუბრებოდით პოტენციურ პარტნიორებს, გაგვეცნო მათთვის Google Workspace-ის უპირატესობები და დავხმარებოდით ბიზნესის ტრანსფორმაციაში.
ასევე, აქტიურად ვიყენებთ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებს ჩვენი ცნობადობის ასამაღლებლად და პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად.
2024 წელი ჩვენთვის მართლაც გამორჩეული იყო მიღწევებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, Google Cloud Platform-ის სერვისებზე გაყიდვისა და სერვისის ავტორიზაციის მოპოვებაა.
2022 წლის მიწურულს მიზნად დავისახეთ ამ ავტორიზაციის მიღება Google Cloud-ისგან. "ჯეოსოფტის" გუნდის დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად აგვისტოში ამ მიზანსაც მივაღწიეთ. ეს საშუალებას გვაძლევს, სტანდარტული სასერვერო მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე შევთავაზოთ კომპანიებს Google Cloud Platform-ის დანერგვა. ეს უზრუნველყოფს სერვისების ქლაუდში გადატანის პროცესის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას და სასერვერო ხარჯების შემცირებას ჩვენი კლიენტებისთვის.
გარდა ამისა, სექტემბერში Geosoft-ი Google Cloud Premier Partner-ი გახდა, რაც წვდომას გვაძლევს გლობალურ ბაზარზე და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვიხსნის ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის.
დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ქლაუდტექნოლოგიები ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს ბიზნესი მის საჭიროებასა და უპირატესობას, მით უფრო მეტი უპირატესობა ექნება კონკურენციაში.
Geosoft-ი მზად არის, თავისი სერვისებითა და პროფესიონალი გუნდით დაეხმაროს ქართულ კომპანიებს ქლაუდში მიგრაციის პროცესის გამარტივებაში. ჩვენ ვთავაზობთ როგორც Google Cloud-ისა და Google Workspace-ის, ასევე Microsoft 365-ის დანერგვას და მომსახურებას. ჩვენი გუნდი ტექნოლოგიებზე მარტივად და გასაგებად საუბრობს, რაც უზრუნველყოფს კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას.
"ჯეოსოფტის" - Google Cloud Premier Partner-ის სტატუსის მოპოვებამ შესაძლებლობა მოგვცა, გავიდეთ გლობალურ ბაზარზე. 2025 წელს გავაგრძელებთ გზას დასახული მიზნებისკენ საერთაშორისო ბაზარზე და ვგეგმავთ ჩვენი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას.