ივანე ჯავახიშვილი: "შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო". ასე, ჩვენ თვალწინ, 2024 წლის სუსხიანი ზამთრის დღეებში იბადება ახალი საქართველო.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
84 დეპუტატი...
ჯორჯ ორუელის ცნობილ წიგნთან - "1984" - სიმბოლური კავშირი ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღებისას გამოჩნდა, როცა 84-მა დეპუტატმა ხმა რუსული კანონს და, შესაბამისად, საქართველოს ანტიევროპულ მომავალს მისცა.
თუმცა სიმბოლური დამთხვევები რაღა მოსატანია, როცა "ოცნების" თვითაღიარებულმა და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე ღიად დააფიქსირა, რომ მათი, ვითომდა ღირსებით, ევროპისკენ სვლის დაპირება მხოლოდ საარჩევნო მანიპულაცია იყო, რეალურად კი არაფერი აკავშირებთ ევროპულ ღირებულებებთან.
"ომი მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება, უმეცრება კი ძალა", - ისევ ჯორჯ ორუელის "1984".
სამწუხაროდ, ეს უკვე სიმბოლური დამთხვევა აღარ არის. ეს არის ის მწარე რეალობა, როცა ქართველი ხალხი ტოტალიტარული სახელმწიფოს პირისპირ აღმოჩნდა.
დღეს, როცა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ახალგაზრდები შიშველი ხელებით აპროტესტებენ დე-ფაქტო ავტორიტარული რეჟიმის გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ, მათ სასტიკად, რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან.
უსწორდებიან უმოწყალოდ. ნიღაბს ამოფარებული მოძალადეები.
დიახ. ასეთია ტოტალიტარული სახელმწიფოს გაგებით "მშვიდობა".
პროპაგანდა ხალხს აჯერებს, რომ მათ, ვინც ჩვენი წინაპრების ცივილიზაციურ არჩევანს – გახდეს თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის წევრი, ფეხქვეშ თელავს, ვითომ მშვიდობა უნდათ და ქუჩაში გამოსულ და გაფიცულ ხალხს, ვინც ამ არჩევანს შიშველი ხელებით იცავს, ომი!
"არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა!" ეს ცნობილი გამონათქვამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ ტოტალიტარული სახელმწიფოა ომის შემოქმედი, რადგან მისთვის არ არსებობს სამართალი და სამართლიანობა.
როგორ შეიძლება სამართლიანობაზე იყოს საუბარი იქ, სადაც ხალხის არჩევანს იპარავენ, მოქალაქეების ხმას ურცხვად იჯიბავენ, ძალაუფლებას იტაცებენ და შემდეგ ამ ძალაუფლების სახელით საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობენ და მათ პირდაპირი მნიშვნელობით ომს უცხადებენ?!
დღეს საქართველოს ევროპული კურსის მოღალატე თვითაღიარებული ხელისუფლებისგან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გადარჩენა ისეთივე მნიშვნელობის ამოცანად იქცა, როგორც 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის იდეა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა და დღეს კვლავ აქტუალურია მერაბ კოსტავას გაფრთხილება - "მოესწრებით დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება და მაშინ, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თუ შეწყვეტთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც".
სწორედ ამ თავისუფლებისთვის იბრძვის დღეს საქართველოს ახალი თაობა და სწორედ ამ თავისუფლებას ებრძვის თვითაღიარებული ხელისუფლება.
ებრძვის, რადგან ჭეშმარიტად თავისუფალი, ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა არ დაუშვებს კორუფციას, ძალადობას, უსამართლობას! მათ კი ძალაუფლების გახანგრძლივების და, შესაბამისად, კიდევ მეტი ქონების მოხვეჭის გარდა არაფერი აინტერესებთ.
ამიტომ არ უნდათ ევროპა! ევროპა, სადაც ხალხს ხელისუფლების თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით შეცვლა შეუძლია, სადაც ძალადობა დაუშვებელია, კორუფცია კი სასტიკად ისჯება.
არის თუ არა საკუთარი კეთილდღეობის გამო ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანისგან გადახვევა ქვეყნისა და სამშობლოს ღალატი?
რა თქმა უნდა, არის!
ამიტომაც მიიღო ხალხის პროტესტმა მასობრივი ხასიათი და ტოტალურ წინააღმდეგობასა და დამნაშავე რეჟიმის დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.
ასე, ჩვენ თვალწინ, 2024 წლის სუსხიანი ზამთრის დღეებში იბადება ახალი საქართველო.
გვესმის, რომ ამ ბრძოლამ შესაძლოა წიგნისგან დროებით მოწყვიტოს სტუდენტი თუ სცენისგან მსახიობი, მაგრამ როცა ქვეყანა შველას ითხოვს, როცა ჩვენი სამშობლო, ვისთვისაც ჩვენს წინაპრებს დიდი მსხვერპლი გაუღიათ, კვლავ დასაცავია, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოსთვის!
ალბათ არავის ექნება პრეტენზია ივანე ჯავახიშვილზე მეტად წიგნიერებისა და მეცნიერებისადმი სიყვარულისა და ერთგულებისა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრა, ივანე ჯავახიშვილმაც კი საკუთარ სტუდენტებს სამშობლოს დასაცავად მოუწოდა – "შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო".
საერთო სახალხო პროტესტის 27-ე დღე…
ქართველი ხალხის მოთხოვნა კვლავ უცვლელია:
- გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები
- დაინიშნოს ხელახალი არჩევნები
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge