Join our Waitlist for Expert Advice!

ქართული ტექ-სტარტაპი re:soft დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალური პარტნიორი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

სულ რაღაც რვა თვის წინ დაარსებული ქართული ტექ-სტარტაპი re:soft დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) წარმატებული პარტნიორობის შედეგად, მალე 30-ზე მეტ შტატს გულ-სისხლძარღვთა გადაუდებელი შემთხვევების ეფექტიან მართვაში დაეხმარება. ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს წარმოუდგენელ ინოვაციასა და თანამშრომლობას და აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია პატარა სტარტაპს ჯანდაცვის ლანდშაფტის ხელახლა გამოგონება.

აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად Entrepreneur re:soft-ის დამფუძნებელ პავლე მგელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ორი კომპანიის თანამშრომლობის დაწყების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და საინტერესო დეტალები გაგვიმხილა.

"6 მარტს ემორის უნივერსიტეტსა (აშშ, ჯორჯიის შტატი) და საქართველოს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავ ცერემონიაზე დასასწრებად, ემორის უნივერსიტეტისა და CDC-ის მენეჯმენტის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებთან საუბარშიც, ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ ახსენა re:soft-ი, როგორც ტექნოლოგიური ექსპერიმენტების სივრცე, და მოუყვა მათ ჩვენი ერთ-ერთი სტარტაპის − Biterium AI-ის შესახებ, რომელიც ცდილობს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იწინასწარმეტყველოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ იდეით დაინტერესებულებმა გვთხოვეს შეხვედრა, რის შემდეგაც ყველანი ჩვენს ოფისში დავპატიჟეთ. ჩვენთან მოსულებს გავაცანით ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და პირველი მათი გაკვირვება იყო, რომ საქართველოში მსგავს ტექნოლოგიებზე მომუშავე ახალგაზრდა ინჟინრები ნახეს. re:soft-ში ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი გვყავს. ამასთანავე, 3 სკოლის მოსწავლე".

პავლეს თქმით, ყველაზე დიდი როლი, რამაც CDC-ის მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ re:soft-თან რაიმე სახის პარტნიორობა დაეწყოთ, იყო ის მონდომება, რომელიც სტარტაპის ოფისში დაინახეს. "ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ამდენი მოტივირებული, ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ერთად დიდი ხანი არ ჰყავდათ ნანახი. წასვლისას გვითხრეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ჩვენთან პარტნიორობის დასაწყებად, რადგან 1992 წელს USAID-ის პროგრამის Georgia to Georgia ფარგლებში პირველად ჩამოსულ კენ ვოლკერსაც, სამედიცინო სფეროში ურთულესი სურათი, მაგრამ უამრავი ენთუზიაზმით სავსე, თავისი საქმისთვის თავგადადებული ექიმი დახვდა, რამაც ეს 30-წლიანი განვითარების გზა შესაძლებელი გახადა.

რაც შეეხება თავად re:soft-ის შექმნის იდეას, თავდაპირველად ის ასე წარმოიშვა:

"re:soft თავდაპირველად შეიქმნა re:invent-ის სტარტაპების მხარდასაჭერად. ჩვენ პორტფელში შემავალ და ძირითადად ყველა ტექნოლოგიურ სტარტაპს, ყველაზე დიდი გამოწვევა პრობლემური უზრუნველყოფის მიმართულებით აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, აუთსორსზე გატანა არასტრატეგიული გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან კომპეტენციები სტარტაპების განვითარებისთვის სხვა კომპანიაში დაგროვდებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საკუთარი პროგრამისტების გუნდი შეგვექმნა და საუკეთესო პროფესიონალებით დაგვეკომპლექტებინა. მაღალი დონის პროგრამისტებს ხარჯიც შესაბამისი აქვთ და ეს რომ მთლიანად re:invent-ს მხრებზე არ დასწოლოდა, დავიწყეთ პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების გაყიდვა უცხოურ ბაზრებზე. რამდენიმე პატარა პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, დავიწყეთ დიდი და სტრატეგიული პარტნიორების მოძებნა, რის პროცესშიც გამოჩნდა შესაძლებლობა CDC-ისთან პარტნიორობის".

ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა, რომ Re:soft-ის ისტორია ასახავს ინოვაციისა და თანამშრომლობის განსხვავებულ ძალას. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ CDC-ის ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტს აღემატება. აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა საშუალებას მისცემს re:soft-ს კიდევ უფრო გააუმჯობესოს პროგრამული გადაწყვეტილებები, გააფართოოს მათი წვდომა უფრო მეტ შტატში და განაგრძოს ინოვაციების წარმართვა გულ-სისხლძარღვთა გადაუდებელი დახმარების მენეჯმენტში.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას პავლემ აღნიშნა, რომ "ეს პრაქტიკულად დაუსრულებელი პროექტია, რადგან 30 შტატს მიღმა დასამატებელია 20 დარჩენილი შტატი და დასახვეწია ყველა შიდა ფუნქციონალი. ასევე, მსგავსი ანალიტიკა გასაკეთებელია ყველა დაავადებაზე და ამისთვის იმაზე მეტი ინჟინრული რესურსია საჭირო, ვიდრე ჩვენ მთელ საქართველოს შეგვიძლია მივაწოდოთ ამ ეტაპზე".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია