მარიამ გუჯაბიძე: "IWSC კონკურსში გამარჯვებამ ბევრ ქართველ მეღვინეს დაანახა ახალი შესაძლებლობები"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს წელს მესამედ უმასპინძლებს. საქართველოში მისი ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მსოფლიო მეღვინეობის რუკაზე. წელს, IWSC-ს კონკურსზე ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ ღვინის გარდა, საკუთარი ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელები წარმოადგინონ და მსოფლიოს ღვინის გარდა, ავთენტური ლოკალური სასმელებიც გააცნონ.

ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის შანსი, მოიპოვონ აღიარება მსოფლიო დონის ექსპერტებისგან და გაზარდონ თავიანთი ცნობადობა გლობალურ ბაზარზე.

კონკურსის მნიშნელობაზე, ქართველი მეღვინეებისთვის გაჩენილ პერსპექტივებსა და წლევანდელ შესაძლებლობებზე IWSC Wine & Spirits Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე გვესაუბრება.

IWSC სამი წელია საქართველოში ტარდება, რა ცვლილებებს ხედავთ ამ სამი წლის თავზე, როგორი გავლენა ჰქონდა აღნიშნულ პროექტს ქართული ღვინის ინდუსტრიაზე?

ორი კვირის წინ გამოვდიოდი სპიკერად ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი კომპანიის წარმატების გაზიარებისა. ამ ისტორიებში იყო ერთი მეღვინე ქალის და მისი ოჯახის ამბავი, რომელიც არის ჩემთვის ინდიკატორი IWSC Wine Judging in Georgia-ს ქართული ღვინის ინდუსტრიაზე გავლენისა. ეს ქალბატონი დიდი სიამაყით გვიზიარებდა თუ როგორ მოიპოვა მათმა ღვინომ ოქროს მედალი ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე და რამხელა გამარჯვება და სტიმული იყო მათთვის, როგორც მცირე მარნისთვის. მსგავსი ისტორიები მრავლად მსმენია, სიამაყის, გამარჯვების და ჩვენი მეღვინეების შრომის დაფასების, ყოველი ასეთი ისტორია მარწმუნებს, თუ რამხელა შესაძლებლობა მივეცით, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მარნებს კონკურსის საქართველოში ჩამოტანით. IWSC კონკურსში გამარჯვებამ ბევრ ქართველ მეღვინეს გაუხსნა ახალი საექსპორტო ბაზრები, დაანახა ახალი შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მათი ღვინის უნიკალურობა და ხარისხი.

წელს კონკურსზე ღვინის გარდა ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელებიც იქნება წარმოდგენილი. რა მნიშვნელობა აქვს ამ გაფართოებას ქართული სასმელების ინდუსტრიისთვის და რა მოლოდინები გაქვთ ამ ახალი კატეგორიების მიმართ?

მესამე წელია, რაც კონკურსი ტარდება საქართველოში და ყოველ წელს უფრო ვიზრდებით და ვვითარდებით. შარშან თუ ჩვენი კონკურსის გეოგრაფია გაფართოვდა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა სომეხ და აზერბაიჯანელ ღვინის მწარმოებლებს მიეცათ, წელს უკვე კონკურსში მონაწილე სასმელთა სახეობების გაფართოება გადაწყდა და შედეგად დაემატა სპირტიანი სასმელების კატეგორია. კონკურსის ჟიურის წევრებს საქართველოში ყოფნის პერიოდში, სადეგუსტაციო ოთახის გარეთ, კარგად გავაცანით და დავამეგობრეთ ქართული ჭაჭასა და კონიაკთან. აუცილებლად უნდა გამოგიტყდეთ, რომ საოცარ აღფრთოვანებას იწვევდა მათში ქართული მაღალალკოჰოლური სასმელები, ამიტომ წელს დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღფრთოვანება უკვე სადეგუსტაციო ოთახებში ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლებში გადაიზრდება. თუ IWSC საქართველოში ჩამოსვლამ ქართული ღვინისკენ მოაპყრო მსოფლიო ღვინის საზოგადოების ყურადღება. დროა, მათ ქართული ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება გავაცნოთ და მეღვინეების მსგავსად, ახალი შესაძლებლობების კარი გავუხსნათ ქართულ სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს.

წლევანდელ კონკურსზე შთამბეჭდავი საერთაშორისო ჟიური გვეწვევა. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ასეთი მაღალი დონის ექსპერტების ვიზიტი ქართული ღვინის რეპუტაციაზე გლობალურ ბაზარზე?

მესამე წელია IWSC კონკურსის ეგიდით საქართველოში ჩამოდიან ღვინის ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული და ავტორიტეტული ექსპერტები: ცნობილი ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის მაგისტრები. გარდა იმისა, რომ მათ თავად გაიცნეს და კარგად შეისწავლეს ქართული ღვინო, უმნიშვნელოვანესია, რომ ასევე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე თუ შემდგომ პერიოდშიც, აქტიურად ახდენენ მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რამაც მოგვცა შესაძლებლობა ღვინის მოყვარულთა მსოფლიო აუდიტორიაზე წვდომისა. საპატიო ჟიურის წევრთა და მსოფლიოს უძველესი და პრესტიჟული კონკურსის ზედიზედ სამი წლის განმავლობაში საქართველოში მასპინძლობამ, ქართული ღვინოს შესახებ ცნობადობა და ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და საქართველო მსოფლიო ღვინოების კონკურსების რუკაზე ღირსეულად დაამკვიდრა.

IWSC-ის ჯილდო მნიშვნელოვანი აღიარებაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელ მსოფლიოში. რა რჩევას მისცემდით ქართველ მეღვინეებს, რომლებიც აპირებენ კონკურსში მონაწილეობას, და როგორ შეუძლიათ მათ საუკეთესოდ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე დასამკვიდრებლად?

მახარებს ის ფაქტი, რომ ქართველ მეღვინეებს კარგად აქვთ გააზრებული კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობა და მისი სიკეთეები, რაზეც ორი წლის განმავლობაში, კონკურსზე წარდგენილი 1007 ღვინის ნიმუშიც მეტყველებს. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა უამრავი ახალი მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებელი, ვისაც აქამდე არასდროს წარუდგენია თავისი ღვინო ასეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო კონკურსზე. IWSC-ის მედალი კი ასეთი მეღვინეობებისთვის არის გასაღები ახალი ბაზრების კარის მარტივად გასაღებად და ხარისხის გარანტი. ამიტომ უკვე მესამე წელია ვეპატიჟებით საქართველოს მეღვინეებს და წელს უკვე ქართული სპირტიანი სასმელების მწარმოებლებსაც, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და გააცნონ თავი ბრიტანეთსა და მსოფლიოს ღვინის საზოგადოებას.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ