მსოფლიოში პირველი, თანაც ქართული, მდგრადი მოგზაურობის პლატფორმა - Biliki AI გამოყენებაში ჩაეშვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული ტექსტარტაპ Biliki App-ის შემქმნელებმა მსოფლიოში პირველი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მდგრადი ტურების გენერატორი ჩაუშვეს. ახალი პროდუქტის წარდგენა ტურიზმის ფესტივალ "ტურისტერი 2023-ის" ფარგლებში მოხდა საზოგადოებისთვის.
მდგრადი მოგზაურობის გზამკვლევი პლატფორმა სრულიად უფასოა და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია.
როგორც Biliki-ის გენერალური დირექტორი, თორნიკე ცირამუა ამბობს, ტურისტები საშუალოდ 30 საათს ანდომებენ მოგზაურობის დაგეგმვას. ეს დრო Biliki AI-მ 30 წამამდე შეამცირა. ვებგვერდი ეკომეგობრულ მარშრუტს სწორედ ამ დროში აგენერირებს და იგეგმება, რომ დრო კიდევ უფრო მეტად, დაახლოებით 3 წამამდე დავიდეს.
მისივე თქმით, გარდა სამოგზაურო მარშრუტის დაგეგმვისა, Biliki AI მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, კონკრეტულად როგორ გამოიხატება ეკომეგობრულობა რიცხვებში: მაგალითად, რამდენად ნაკლები მავნე ნივთიერებება გაიფრქვა ატმოსფეროში აღნიშნული მარშრუტით და, შესაბამისად, რამდენად "მწვანე" იყო მათი ტური.
Biliki-ის ტექნიკური დირექტორი, გიორგი ცირამუა Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პლატფორმა მრავალ უნიკალურ სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს.
ვებგვერდით დაგეგმვის პროცესი ძალიან მარტივია. როგორც გიორგი ცირამუა აღწერს, მომხმარებელს შეუძლია, მოგზაურობა დაგეგმოს მსოფლიოს მასშტაბით ყველგან: უთითებთ სასურველ სამოგზაურო მიმართულებას, ბიუჯეტსა და თარიღებს, რამდენიმე წამში კი პლატფორმა თქვენი მოგზაურობის თითოეულ დღეს დაგეგმილსა და გაწერილს გაჩვენებთ. Biliki AI-ის გაწერილ ტურში შედის ყველაფერი, რაც მოგზაურობისას შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი - მოსანახულებელი ადგილებით, კვებისა და განთავსების ობიექტები.
"პლატფორმა გთავაზობთ მდგრად ანუ ეკომეგობრულ სასტუმროებს, რომელთა დასაჯავშნად ბმულები წარმოდგენილია დაგენერირებულ ტურში. ჩვენი პლატფორმა არის უფასო, ხოლო თუ სასტუმროს დაჯავშნით ჩვენი ვებგვერდიდან, მივიღებთ საკომისიოს", - გვიყვება გიორგი.
Biliki AI-ის შემქმნებელები ამბობენ, რომ ვებგვერდის შექმნისას მთავარი მოტივაცია სამი რამ გახდა - "გარემოს დაცვის, "მწვანე" საზოგადოების მშენებლობისა და ეკო-მეგობრული მოგზაურობის ხელშეწყობის ურყევი სურვილი". გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ასპექტიც, რომ მსოფლიოში პირველი ასეთი პლატფორმა ქართულია.
რაც შეეხება გეგმებს, სტარტაპერები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში პლატფორმას დაემატება ჩატბოტიც. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ასისტენტი დაეხმარება მომხმარებელს და Biliki AI-საც უფრო ინტერაქციულს, ხოლო დაგეგმვის პროცესს მეტად სახალისოს გახდის. გარდა ამისა, იგეგმება ფრენების და ავტომობილების დაჯავშნის სისტემებთან ინტეგრაცია, რათა მოგზაურობის დასაგეგმად მომხმარებელს აღარ დასჭირდეს სხვა რომელიმე პლატფორმის გამოყენება - Biliki AI-ზე ყველაფრის ერთად მოგვარება იქნება შესაძლებელი.
თორნიკე და გიორგი ამბობენ, რომ სხვა უამრავ სიახლესაც ჰპირდებიან მომხმარებელს - ამ ყველაფრის შესახებ კი Entrepreneur-ის მკითხველი პირველი გაიგებს.