Black Friday Sale! 50% Off All Access

Mumsy - პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ქალებს პოსტსამშობიარო პროდუქტებს სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბრენდზე, რომელზეც ამჯერად გიყვებით, განსაკუთრებული ისტორია აქვს. მის შთაგონებად მნიშვნელოვანი პერსონალური გამოცდილება იქცა. Mumsy-ის დამფუძნებლები მარიამ გოგუაძე და ნათია შუკაკიძე არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, შეექმნათ სტარტაპი, რომელიც ქალებს მშობიარობის შემდგომ გამოსაყენებელ პროდუქტებს შესთავაზებდა.

დამფუძნებლების მიზანი თავიდანვე იყო, რომ ბრენდს დედები მსგავსი პროდუქციითა და საინფორმაციო რესურსებით გაეძლიერებინა.

მარი გოგუაძე, Mumsy-ის დამფუძნებელი:

"Mumsy-ის შექმნის იდეა ჩემს პოსტსამშობიარო გამოცდილებას უკავშირდება. სხვა ქვეყანაში მეორე მშობიარობის შემდეგ სრულიად განსხვავებული გამოცდილება მივიღე. აღმოვაჩინე, რომ არსებობს საშუალებები, რომლებიც პოსტსამშობიარო დისკომფორტს ამცირებს. მათ შესახებ ჩვენ ინფორმაციასაც არ ვფლობთ და ქართულ ბაზარზე არც არის მსგავსი პროდუქცია წარმოდგენილი. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში დაგვეარსებინა ბრენდი, რომელიც ქალებს ამგვარ საშუალებებს შესთავაზებდა.

Mumsy თავისი ფუნქციური თუ იდეური არსით განსაკუთრებული ბრენდია. დღეს, როცა საქართველოში მშობიარობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული ინფორმაცია დაბალია და არაერთი სტიგმა არსებობს, ამგვარი ბიზნესის დაწყება გამბედაობას ნამდვილად მოითხოვს.

"საქართველოში პოსტსამშობიარო პროდუქტების შესახებ ცნობადობა არ არის, ან ძალიან დაბალია. რთულია დაიწყო სტარტაპი, რომელიც სრულიად უცნობ პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს. გარდა ამ პროდუქტების შეთავაზებისა, Mumsy პოსტსამშობიარო თავის მოვლის კულტურასაც ნერგავს. ასეთ სტარტაპს მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მომხმარებელს საჭიროება დაანახვოს. ორსულობისა და მშობიარობის განმავლობაში დედა ორიენტირებულია მხოლოდ ბავშვზე, მისთვის ნივთების შეძენაზე. არადა ვფიქრობ, საკუთარი თავის მოვლა და საჭირო პროდუქტების შეძენა არანაკლებ მნიშვნელოვანია. რეალურად ეს პროდუქტები პოსტსამშობიარო გართულებებსა და დისკომფორტს ამცირებს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მენტალურ ჯანმრთელობასთან", - ამბობს მარიამ გოგუაძე ჩვენთან საუბრისას.

როგორც მარიამი იხსენებს, ძალიან რთული იყო შესაბამისი მომწოდებლების მოძებნა და მათთან კომუნიკაციის დამყარება. ბრენდის დამფუძნებლების ამოცანა იყო, მიეღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელსაც ხარისხისა და წარმოების სერტიფიკატი ექნებოდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მარიამ გოგუაძემ და ნათია შუკაკიძემ სანდო მწარმოებლებს მიაგნეს, რომლებიც შეერთებული შტატებისა და ევროპის ბაზრებს ამარაგებენ. ამის შემდეგ პროდუქციის ნიმუშების დატესტვა დაიწყეს. მარიამი და ნათია აქ კიდევ ერთ გამოწვევას გადააწყდნენ - პროდუქტების წარმოება მათ "მამსის" ბრენდირებით სურდათ. პატარა მოცულობის შეკვეთის დამზადებაზე მწარმოებლების დათანხმება კი რთული იყო. საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს და საქმიანობაც დაიწყეს.

მარიამ გოგუაძე:

"თითოეული ახალბედა დედა, რომელსაც პოსტსამშობიარო პერიოდი Mumsy-მ შეუმსუბუქა, ჩვენთვის შთაგონება და მოტივაციაა, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ. პოზიტიური უკუკავშირის მიღება განსაკუთრებულ ძალას გვაძლევს, რომ განვითარებაზე ვიფიქროთ. "მამსი" გეგმავს, მეტად გაიზარდოს და თავი მეტ დაინტერესებულ ადამიანს გააცნოს. უკვე ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს. გაყიდვები და ინტერესი იმაზე მზარდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას საწყის

ეტაპზე ველოდით. არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გამოვჩნდეთ. პარალელურად ვმუშაობთ განვითარების გეგმაზე, რაც ახალი პროდუქტების დამატებას და მომხმარებლისთვის პროდუქციის სხვადასხვა კომბინაციით შეთავაზებას გულისხმობს".