რა არის WeChat და როგორ გახდა აპლიკაცია ილონ მასკის შთაგონება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
WeChat ჩინური საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია − ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. დაწყებული ტაქსის გამოძახებით, დამთავრებული განქორწინებაზე განაცხადის შეტანით, აპლიკაციით ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია.
სწორედ ეს აპლიკაცია გახდა ილონ მასკისთვის შთაგონება, Twitter-ის რებრენდინგი დაეწყო. სოციალურ ქსელს უკვე გადაერქვა სახელი და X-ად გადაკეთდა. თუმცა რამდენად შორს უნდა მასკს წასვლა?
რა არის WeChat?
WeChat-ის საშუალებით ადამიანები არა მხოლოდ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, არამედ იხდიან გადასახადებს, ყიდულობენ ბილეთებს მატარებლისა თუ ფრენისთვის, უკვეთენ საკვებს ადგილზე მიტანით და კიდევ მრავალი სხვა. სწორედ ამიტომ, WeChat-ის გარეშე დარჩენას ჩინეთში "ციფრულ სიკვდილსაც" უწოდებენ.
ფოტო: El Pais
აპლიკაციის მფლობელია ჩინური ტექგიგანტი Tencent. აპლიკაციაში ჩინეთის მასშტაბით მილიარდზე მეტი აქტიური ანგარიში ფიქსირდება. თავდაპირველად ის Weixin-ის სახელით გამოჩნდა (ჩინური სახელწოდებით) 2011 წელს და WhatsApp-ის ანალოგი იყო, თუმცა გაუმჯობესებული ფუნქციონალით: გამოსვლის წელს აპლიკაციას უკვე ჰქონდა ჯგუფური ვიდეოზარები, ხმოვანი შეტყობინებები, სტიკერები და ჩინეთში Facebook-ის, Instagram-ისა და Twitter-ის დაბლოკვის შემდეგ მათ ალტერნატივადაც იქცა.
აპლიკაციას ოთხი წლის წინ დაემატა ონლაინშოპინგისა და გადახდის ფუნქცია, რითაც უნიკალური გახდა ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ WeChat მომხმარებელს უზოგავს როგორც ციფრულ მეხსიერებას გაჯეტებზე, ისე დროს, თავისი "გვერდითი მოვლენებიც" ახლავს: აქვს ინფორმაცია მომხმარებლის მდებარეობაზე, ჩვევებზე, სასაუბრო თემასა და ყველაზე პერსონალურ დეტალებზე, რასაც რეგისტრაციისას ან შემდეგ უზიარებენ პლატფორმას.
საინტერესოა ისიც, რომ WeChat-ის დაბლოკვის ინიციატივით ავსტრალიის სენატი გამოვიდა. კომიტეტში ამბობენ, რომ Tik-Tok-ზე დაწესებული შეზღუდვა WeChat-ზეც გავრცელდეს და ფედერალური მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული მოწყობილობებიდან ორივე მათგანი უნდა წაიშალოს.
ილონ მასკის მიზნები
ამერიკელ მილიარდერს სურს, მის მფლობელობაში არსებული X (ყოფილი Twitter) ისეთივე შეუცვლელი იყოს დასავლეთისთვის, როგორც WeChat არის აღმოსავლეთ აზიაში.
გასულ კვირაში მასკმა განაცხადა, რომ $44 მილიარდად ნაყიდ Twitter-ში ცვლილებების ერა დაიწყო და პლატფორმას სახელი შეეცვლებოდა − ის უკვე გადაკეთდა X-ად. მასკი ჯერ კიდევ Twitter-ის შეძენამდე ამბობდა, რომ ეს ბიზნესგარიგება "დააჩქარებდა ყოვლისმომცველი აპლიკაციის, X-ის შექმნას".
მასკმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ X-ს დაემატებოდა "ყოვლისმომცველი კომუნიკაციები და მთელი ფინანსური სამყაროს წარმართვის შესაძლებლობა".
Twitter was acquired by X Corp both to ensure freedom of speech and as an accelerant for X, the everything app. This is not simply a company renaming itself, but doing the same thing.
— Elon Musk (@elonmusk) July 25, 2023
The Twitter name made sense when it was just 140 character messages going back and forth – like…
როგორი გამოვა ჩინური პრაქტიკა დასავლურ საზოგადოებაში?
მასკის გეგმებთან დაკავშირებით დასავლეთში შეკითხვები უკვე გაჩნდა. ამაზე ატლანტიკური საბჭოს Global China Hub-ის დირექტორის თანაშემწემ, კიჩ ლიაომ, Al Jazeera-სთან ისაუბრა. მისი თქმით, საინტერესო იქნება, როგორ მოხერხდება საერთაშორისოდ გამოყენებად სოციალურ ქსელში ისეთი ფუნქციონალების ამუშავება, როგორიცაა ვალუტის გაცვლა, მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობა.
ფოტო: Gonzalo Fuentes/Reuters
მომხმარებელთა ინფორმაციის საკითხზე ორ ამერიკულ ტექგიგანტს − Meta-სა და Google-ს უკვე ჰქონდათ ევროპულ სასამართლოებში დავა. ამ მხრივ WeChat-ის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ლოკალურია − კომპანია მხოლოდ ერთი მთავრობის წინაშე არის პასუხისმგებელი. როგორ უნდა იმუშაოს საერთაშორისო მასშტაბით X-მა, ჯერ კიდევ უცნობია.