რჩევები 20 წლის მე-ს გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცოდნა
ცოდნის შეძენა არც სკოლის დამთავრების შემდეგ სრულდება და არც უნივერსიტეტის. სწავლა და თვითგანვითარება მუდმივი პროცესია და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. არ არსებობს საკითხი, რომელზეც ყველაზე მცოდნესაც კი შეუძლია თქვას, რომ ბოლომდე და ამომწურავად იცის. ყოველთვის იქნება რაღაც ისეთი, რაც ჯერ კიდევ არ გეცოდინება. ამიტომაც არ უნდე შეაჩერო სწავლა – ისწავლე ყოველთვის, ყველგან, ყველასგან... გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

მისია
რაც უფრო ადრე იპოვი შენი ცხოვრების მთავარ აზრს, შენს პირად მისიას, მით მეტის გაკეთებას შეძლებ საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. იფიქრე, რა გამოგდის ყველაზე უკეთ, რის კეთება გიყვარს ყველაზე მეტად, რა არის ის, რის გამოც ყოველ დილით გაღვიძება გიხარია, რა არის შენი ძლიერი მხარე, რომლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუდმივად იმუშავებ და მთელ შენს ცხოვრებას მიუძღვნი? გაეცი ამ კითხვებს პასუხი და მოემზადე აკეთო შენი მთავარი საქმე, რაც შენც ბედნიერს გაგხდის და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაშიც მოგეხმარება.

ნებისყოფა
ნებისყოფის გარეშე ყველაფერი უკან დაგრჩება. ეს უმთავრესი თვისებაა, რაც წარმატებულ ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს. ეცადე გამოიმუშაო სათანადო ნებისყოფა, რომელიც რთულ სიტუაციებში ყველაზე მეტად გამოგადგება. ამ უნარს კი მხოლოდ საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა შეგძენს. მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგადაა და არანაირი გარემოება არ გაიძულებს რამეზე უარის თქმას, ივარჯიშე საკუთარი ვნებებისა და სისუსტეების დაძლევაში.

ძალისხმევა
ყველა დიდი საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. წარმატებას შრომა და თავდადება სჭირდება. დიდი მიღწევები დიდი ძალისხმევის გარეშე მხოლოდ მითია. მარტივად არაფერი გამოდის. გარედან რაც მარტივად მოჩანს, სწორედ მის უკან იმალება დიდი სირთულეები, რაც სააშკარაოზე ნაკლებად გამოდის. ნუ შემოიფარგლები მხოლოდ წარმატებული ადამიანების ეიფორიული მდგომარეობის ყურებით და აღფრთოვანებით. ისიც გამოიკვლიე, რა წვალება და ოფლის ღვრა დგას მათი წარმატების უკან და შენც მოემზადე ანალოგიური თავგანწირვისთვის.

დრო
ნუ გაფლანგავ დროს. ყველაფრის უკან დაბრუნება და აღდგენა შეიძლება, დროს კი ვერ დააბრუნებ. დროს ყაირათიანად თუ არ გამოიყენებ, გული დაგწყდება და გვიანი იქნება. გაუფრთხილდი დროს, რომელიც ყველა ადამიანს თანაბრად ეძლევა, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მის სწორად განაწილებას. დრო შენი ყველაზე დიდი აქტივია, რომელიც დივიდენდებს მხოლოდ მაშინ მოგიტანს, თუ მას სწორად მართავ და სწორი საქმეების კეთებისთვის გამოიყენებ.

ყურადღება
ყურადღებით მოეკიდე ყველა საქმეს. ყურადღებით დააკვირდი ყველაფერს, რაც შენს გარშემო და გარე სამყაროში ხდება. ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებ, თუ ყურადღებას არ გაფანტავ, არ მოადუნებ და მთელი ძალებით გადასაჭრელ ამოცანაზე კონცენტრირდები. ყურადღების გამახვილების წყალობით დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებ, რაც ყველაზე საჭირო უნარია, რაც ასე გვაკლია ქართველებს.

ბრაზი
ვიცი, იქნება ცხოვრებისეული მომენტები, როცა ბრაზისგან თავის შეკავება რთულია, მაგრამ ეცადე, ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნო, მართო საკუთარი ემოციები და ასე მოიპოვო უპირატესობა. მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი სუსტად ნუ მოგეჩვენება. გახსოვდეს ლაო-ძის სიტყვები – "საუკეთესო მეომარი არასოდეს ბრაზდება..."

ნიჭი
იქნებიან ადამიანები, მათ შორის ისეთებიც, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ და შენთვის მხოლოდ კარგი უნდათ, რომლებიც მისცემენ თავს იმის უფლებას, დაადგინონ, რის ნიჭი გაქვს და რის არა. იცოდე, ეს შენ გარდა არავინ იცის. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მთავარია, რამდენად შეძლებ შენი ნიჭის განვითარებას. შესაძლოა, განსაკუთრებული მუსიკალური ან სპორტული ნიჭი მართლაც არ გქონდეს, მაგრამ რა გიშლის ხელს, იყო ნიჭიერი დისციპლინაში, შრომისმოყვარეობაში, მოთმინებაში, საკუთარი თავის მართვაში, შეუპოვრობაში, შენი საქმის სიყვარულში?

მარცხი
შეეგუე იმ ფაქტს, რომ მარცხი გარდაუვალია. რამდენად წარმატებულიც არ უნდა იყო, როდესმე მაინც დამარცხდები, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონებიც დამარცხებულან და მომავალშიც დამარცხდებიან. ვერც შენ იქნები გამონაკლისი. მარცხი წარმატების შემადგენელია, რომელიც მომავალი გამარჯვებებისკენ მიგვიძღვის. წარმატება არ არის მხოლოდ დროის კონკრეტული მომენტი, არამედ პროცესია, აღმასვლისა და დაღმასვლის წრეა, რომელზე სიარულიც უნდა ისწავლო და დაღმასვლისას თვითშეფასება კი არ უნდა დაკარგო, არამედ უნდა გაუმკლავდე მარცხს, ისწავლო მისგან, ძალები მოიკრიბო და განაგრძო სვლა.

ქება
როცა წარმატებას მიაღწევ, ბევრი ქებას დაგიწყებს და ხოტბას შეგასხამს, რამაც არ უნდა შეგაცდინოს. ეს ტესტია, გამოცდაა, რომელსაც ბევრი ვერ აბარებს, მაგრამ შენ უნდა ჩააბარო. ნებისმიერი დაწინაურება დროებითია, თუ მას არ მოჰყვება შემდგომი განვითარება. წარმატება მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნე, კარგად გაერთე და დაასაჩუქრე საკუთარი თავი, მაგრამ მიღწეულზე არასოდეს გაჩერდე, შედეგის გაუმჯობესებაზე მუშაობა განაგრძე, თავში არაფერი აგივარდეს, ღირსება შეინარჩუნე, სხვას ზემოდან არასოდეს შეხედო და განაგრძე წინსვლა ახალი გამარჯვებებისკენ!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია