Get All Access for $5/mo

სახლის მონატრებით შთაგონებული ბიზნესი, რითაც დენი ტრეჯო თვეში $40 000-მდე გამოიმუშავებს

By Amanda Breen

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ დენი ტრეჯომ მცირე ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, რათა მშობლიური მხარის მონატრებას გამკლავებოდა. მან 2020 წელს ციტრუსის მოშენება დაიწყო და დღემდე მართავს ბიზნესს.

ეს ყველაფერი მისთვის დამატებითი შემოსავლის კარგი წყაროა, თუმცა ძირითად საქმიანობას სადაზღვევო კომპანიაში მაინც აგრძელებს. Via Citrus-ის ყოველთვიური შემოსავალი $36 000-ზე მეტია. სულ ცოტა ხნის წინ კი დენიმ სათბურებისთვის დამატებითი მიწის ნაკვეთიც შეიძინა.

საიდან წამოვიდა შთაგონება ციტრუსის დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქცევისთვის?

Via Citrus-ზე მუშაობა ნიუ-იორკში გადმოსვლიდან მალევე დავიწყე. შთაგონება მშობლიური მხარისა და იქაური სურნელის მონატრება იყო - ცენტრალურ ფლორიდაში ციტრუსის უზარმაზარი პლანტაციებია. მეც ციტრუსების ბაღთან ძალიან ახლოს გავიზარდე, ფორთოხლის ყვავილის სურნელი კი ჩემი ბავშვობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ციტრუსის ბიზნესში ყოფნა ყოველთვის მინდოდა. თუმცა არ მინდოდა, ეს მხოლოდ ფინანსურად მოგებიანი გათვლა ყოფილიყო - ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს ჩემთვის სხვა დატვირთვა, მნიშვნელობა ექნებოდა. მშობლიური მხარისაგან შორს ყოფნა, ფორთოხლის ყვავილობის სურნელის მონატრება - სწორედ ამ თანხვედრამ შთამაგონა, რომ ჩემი სახლისადმი მონატრება სხვებისთვის რაღაც გზით უნდა გამეზიარებინა. მივხვდი, რომ შემეძლო მესწავლებინა, როგორ უნდა გაეხარებინათ ციტრუსი იქ, სადაც იყვნენ - ასე გავხსენი ონლაინმაღაზია.

რა იყო პირველი ნაბიჯები, რაც ამ ყველაფრისკენ მიმავალ გზაზე გადადით? დაბრკოლებები?

დასაწყისში რთული ამოცანა იყო, თუნდაც ონლაინვაჭრობისთვის პლატფორმის შექმნა. ვებსაიტებზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ ნულიდან უნდა დამეწყო, ელკომერციის ანაბანა, საიტის საჭიროებები, მისი დიზაინი და განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

პარალელურად პროდუქტზე ვმუშაობდი. ციტრუსები ძალიან მრავალფეროვანი ოჯახია - ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი, გრეიპფრუტი, მანდარინი - უნდა მცოდნოდა, მე რას ვთავაზობდი მომხმარებელს. ამიტომაც დაწვრილებით უნდა მესწავლა მათი მოვლის ნიუანსები და ის, თუ კონკრეტულად რას ვყიდდი, რა შეიძლებოდა ფართო საზოგადოებისთვის შემეთავაზებინა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა ზომის ნერგებს შესთავაზებდა Via Citrus-ი მომხმარებელს. ეს გადაწყვეტილება კი დელიკატური და დაბალანსებული უნდა ყოფილიყო. ძალიან პატარა ზომის ნერგების გაყიდვა შესაძლოა მომხმარებლის იმედგაცრუების მიზეზი გამხდარიყო - მაგალითად, შეიძლება მათ არასწორი მოლოდინები ჰქონოდათ და შენაძენით ვერ აღფრთოვანებულიყვნენ. მეორე მხრივ, შედარებით დიდი, უკვე მსხმომიარე ხის გაყიდვა ნიშნავდა, რომ ფართო აუდიტორიისთვის ეს არ იქნებოდა ხელმისაწვდომი, ფასიდან გამომდინარე. ეს მოითხოვდა ციტრუსოვანი მცენარეების ზრდის ეტაპების გააზრებას, გადაზიდვის ლოჯისტიკისა და მომხმარებელთა მოლოდინების გულდასმით გათვალისწინებას, რათა აგვერჩია ისეთი ზომები, რომლებიც სთავაზობდნენ საუკეთესო ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის.

რამდენ ხანში დაიწყო ბიზნესმა მუდმივი შემოსავლის მოტანა? დაახლოებით რა მოგებაზეა საუბარი?

პირველ თვეებში შემოსავალი $1 000-ზე ნაკლები იყო და ესეც ოჯახის წევრებისა და მეგობრების დამსახურებით. სწორედ ისინი იყვნენ Via Citrus-ის დიდი გულშემატკივრები. თუმცა მალევე შემოსავალი $7 000-მდე გაიზარდა. ყველაზე დატვირთული თვეები კი მაისი და დეკემბერი იყო - დედის დღისა და შობის გამო. ამჟამად შემოსავალი $36 000-ს სცდება, მაისი და დეკემბერი კი კვლავ ყველაზე დატვირთული თვეებია.

რა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად საქმეში?

ჩემს ფესვებთან კავშირს მინარჩუნებს. ციტრუსით გარშემორტყმული გავიზარდე. მამაჩემმა თავისი ცხოვრების 40 წელიწადი სწორედ ამ კულტურას დაუთმო და ამან ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. მამა ახლაც გვერდში მიდგას და ნერგების მოვლაში მეხმარება. Via Citrus-ი მეხმარება, ეს კავშირი ძველებურად ძლიერი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ფერმიდან 6 საათის სავალზე ვცხოვრობ. ეს ბიზნესი მაკავშირებს, პირველ რიგში, მამასთან და მაძლევს საშუალებას, ის საქმე გავაგრძელო, რაც მას ასე ძალიან უყვარს. ის მხოლოდ კულტურის მოყვანაში არ მეხმარება - ხშირად თავად ურჩევს მომხმარებელს ნერგს, ფუთავს და ამით დიდ სიამოვნებას იღებს. ასე კი ყოველ ნერგში ჩვენი ოჯახის ნაწილი ცხოვრობს და ხარობს ჩვენი ფერმიდან შორსაც კი.

ბიზნესის მომავალზე ფიქრისას რა იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აღტაცებას?

მცენარეების ინდუსტრიის ბუმია და მე მომწონს იმის გაანალიზება, რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. სამყარო ციფრული ხდება და ადამიანებს უფრო და უფრო მეტად მიუწევთ გული ბაღისკენ, უყვარდებათ მცენარეების მოვლა და ეკრანებისგან შესვენებას სწორედ ამ აქტივობებში პოულობენ. ეს ტრენდები კი Via Citrus-სთვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის.

ჩვენ ახლახან შევიძინეთ მიწა, რათა სათბურები გავაშენოთ. ეს სათბურები საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ციტრუსის ჯიშების რაოდენობა, გავაუმჯობესოთ მოყვანის პროცესი და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ გაზრდილ მოთხოვნას ვპასუხობთ.

რა რჩევა გექნებათ მათთვის, ვინც ახლა იწყებს მსგავს მოგზაურობას?

არ ინერვიულოთ, როცა ყველაფერი იდეალურად არ არის. დაიწყეთ იდეის განხორციელება და უსმინეთ მომხმარებელს. დასაწყისში მინდოდა, რომ ყველაფერი სწორად და სრულყოფილად მექნა - უნაკლო ვებსაიტი, ფართო არჩევანი, ზომა, შეფუთვა, ფოტოები და ა.შ. სრულყოფილების მიღწევაზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი. თუმცა იცოდეთ, სრულყოფილება ორლესული ხმალივითაა - რეალობა ის იყო, რომ თავიდან არავინ უყურებდა ჩემს ვებსაიტს და არც ციტრუსს ყიდულობდნენ. ამან ძალიან დიდი დრო წამართვა - დაგეგმვისა და სრულყოფის ეტაპმა ლამის წლები წაიღო. თუმცა ვებსაიტის ჩაშვების შემდეგ დავინახე, რომ მომხმარებლები უძვირფასესი შემფასებლები იყვნენ. სწორედ მათთვის ყურის გდებამ განმავითარებინა ბიზნესი და დამახვეწინა შეთავაზებები ისე, რომ ვერ ვიფიქრებდი.

Amanda Breen

Entrepreneur Staff

Senior Features Writer

Amanda Breen is a senior features writer at Entrepreneur.com. She is a graduate of Barnard College and received an MFA in writing at Columbia University, where she was a news fellow for the School of the Arts.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია