ტერაბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, FMO-ს საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას იწყებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტერაბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ში ჩაერთო. პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. იგი ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. პროგრამის დახმარებით, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ, გაიზიარონ შესაძლო დანაკარგები, შეამცირონ რისკები, უფრო ინტენსიურად დააკრედიტონ ეს ჯგუფები და გაზარდონ შესაძლებლობები ახალი სეგმენტების ასათვისებლად.
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალური ხელმოწერა 9 ნოემბერს გაიმართა. დოკუმენტს ხელი ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და ნიდერლანდების განვითარების ბანკის პროგრამა NASIRA-ს მენეჯერმა, ანელოეს მულინკ-ბოსმა მოაწერეს. ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი მელინე არაკელიანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თეა ლორთქიფანიძე, ტერაბანკის გენერალური დირექტორი: "FMO-სთან დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ფართოვდება და მონაწილეობას ვიღებთ NASIRA -ს საგარანტიო პროგრამაში. რისკების განაწილების პრინციპი, რასაც ეს ინოვაციური პროდუქტი ითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ დაკრედიტება სეგმენტებზე, რომლებსაც რესურსებზე წვდომა დღეს შეზღუდული აქვთ. შედეგად, გავაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკისა და ჩვენი ბანკისთვის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის — მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას."
ანელოეს მულინკ-ბოსი: "მოხარულები ვართ, რომ ტერაბანკთან პარტნიორობის კუთხით მომდევნო ნაბიჯს ვდგამთ და შესაძლებლობა გვეძლევა, მხარი დავუჭიროთ მას, გააფართოოს სესხებზე წვდომა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მანამდე რისკის შემცველად აღიქმებოდნენ. ფინანსური ჩართულობა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ამცირებს უთანასწორობას საზოგადოებასა და სხვადასხვა ქვეყანას შორის. მოუთმენლად ველით პროგრამის წარმატებასა და ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელებას."
ევროკავშირის წარმომადგენლობა: "ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, ევროკავშირი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების 17 მილიარდ ევრომდე მოცვას გეგმავს. ევროკავშირი მოხარულია, რომ ეს გარანტიები ადგილზე კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ფლაგმანის - საქართველოში 80 000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროცესს. აღნიშნული გარანტია ხელს შეუწყობს მდგრადი და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო ძალისხმევის უზრუნველყოფას. ნაკლებად წარმოდგენილი ეკონომიკური სუბიექტებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩართავს ეკონომიკურ საქმინობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო: ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი მელინე არაკელიანი მიესალმა NASIRA-ზე ხელმოწერას, როგორც "FMO-ს მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში უკვე შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. NASIRA ახალ შესაძლებლობებს მისცემს ახალგაზრდა და მეწარმე ქალების მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებისთვისაც სხვა შემთხვევაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოწვევას წარმოადგენს. შეთანხმება ადასტურებს ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიმართ და წარმოადგენს საქართველოს საფინანსო სექტორში ჩვენი მრავალწლიანი ჩართულობის მაგალითს."