"თუ გჯერა შენი მიზნების, ყველაფერი გამოვა" - ლუკა მიქაძის გზა საკუთარ ბრენდამდე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლუკა მიქაძეს დიზაინერობაზე არ უოცნებია − მისი ამბავი ბავშვობის ნატვრის ახდენა არ არის. მას სურდა, თავისი თავი ფეხბურთში ეპოვა და პანდემიამდე სწორედ ამ სფეროში ჰქონდა კარიერა. მართალია, ფეხბურთზე უარი არც შემდეგ უთქვამს, მაგრამ Covid-19-მა საკუთარი თავი ახლებურად აღმოაჩენინა.
როგორც Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, ხატვა საყოველთაო იზოლაციის დროს გაიხსენა − ბავშვობაშიც ხატავდა და გადაწყვიტა, კარანტინის საათები ძველი ჰობისთვის დაეთმო.
"დავიწყე ტილოზე ხატვა და დავინახე, რომ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მავიწყებდა სამყაროში შექმნილ რთულ ვითარებას. შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც უფრო მასშტაბური მჭირდებოდა და გადავედი სამოსზე", − ამბობს ის.
ლუკა მიქაძე ფიქრობს, რომ ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლადაც − მის სამოსში ასახულია ერთგვარი გზავნილები, სათქმელი, რაც ყოველდღიურობის შესახებ დიზაინერს აქვს. ამბობს, რომ ხელოვანები აქტიურად უნდა იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში ჩართულნი და აფიქსირებდნენ შეხედულებებს.
"ჩემს სამოსში ხშირია სხვადასხვა სოციალური თუ საქვეყნო პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, ერთგვარი გზავნილები. ვფიქრობ, ხელოვანი ადამიანები აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საკუთარი საქმით გავაჟღეროთ სათქმელი".
დიზაინერი ამბობს, რომ მოდის ინდუსტრია დიდი და მრავლისმომცველია, თუმცა მას ეს მხოლოდ აღაფრთოვანებს და სურს, უფრო მასშტაბურად იყოს მისი ნაწილი. ლუკას ინსპირაცია თავისუფლებაა და ამბობს, რომ ბრენდის მთელი კონცეფციაც ამ იდეის გარშემო ტრიალებს. დიზაინერის საყვარელი სამუშაო მიმდინარეობა ე.წ. ქუჩის სტილია − თავისუფალი სამოსი, რომელიც, უპირველესად კომფორტთან ასოცირდება.
როცა ბრენდზე მუშაობა დაიწყო, იცოდა, თუ როგორ ინდუსტრიაში ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას. ლუკა მიქაძე იხსენებს, რომ არასდროს ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავის გამოხატვად, ხელოვნებად არ უყურებდა და ბრენდი მისთვის იმთავითვე ბიზნესიც იყო. თუმცა, საწყის ეტაპზე სირთულეებსაც გადააწყდა.
"როდესაც დავიწყე სამოსზე მუშაობა, პირველი 3 თვე არაფერი იყიდებოდა. მაგრამ თუ გჯერა შენი მიზნის, აუცილებლად ყველაფერი გამოვა, თუნდაც ძალიან ბევრი შრომისა და იმედგაცრუების შემდეგ. დიდი მიზნები ყოველთვის რთულად მიიღწევა. როდესაც პირველი მაისური გავყიდე, ჩემი ხელით მივუტანე კლიენტს, იმდენად ბედნიერი ვიყავი. მომდევნო თვეში უკვე დაახლოებით 100 მაისური გაიყიდა და მივხვდი რომ პირველი, მთავარი დაბრკოლება გადავლახე", − იხსენებს დიზაინერი.
ლუკა მიქაძე ამბობს, რომ მისი ბრენდისთვის სწორი კომუნიკაცია და ვიზუალური კონცეფციის აუდიტორიამდე სწორად მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითად საკომუნიკაციო არხად ციფრულ მედიას იყენებს და ფიქრობს, რომ თანამედროვე, ახალგაზრდა ბრენდის სათქმელი მის აუდიტორიამდე ასე ყველაზე ეფექტიანად მიდის.
დიზაინერის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხი. ლუკა მიქაძე სამოსის შესაქმნელად უმაღლესი ხარისხის მასალას იყენებს, რადგან მისთვის მომხმარებლების კმაყოფილება ყველაფერზე მაღლა დგას.
საინტერესოა, რომ დიზაინერს ამ სფეროში ფორმალური განათლება არასდროს მიუღია. ფიქრობს, რომ ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა − "ვფიქრობ, ამ სფეროში საჭიროა გქონდეს კრეატიული ხედვა და ფლობდე ბიზნესის წარმოების უნარს".
მოდის გარდა დიზაინერს მრავალფეროვანი ინტერესები აქვს. როგორც თავადაც ამბობს, ამ ინდუსტრიაში მუშაობამ მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ არ შეცვალა. რამდენიმე წლის წინ კი აქტიურად თამაშს იმის გამო დაანება თავი, რომ დაინახა − მისი მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. როგორც ლუკა ამბობს, ყოველთვის ცდილობს, საქმისთვის მაქსიმუმი გაიღოს და შესაბამის შედეგსაც მიაღწიოს. მისთვის შესაძლებლობების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია.
მთავარ ინსპირაციას კი ყველაზე ხშირად ბუნებაში პოულობს − მოგზაურობით, ზღვითა და მზის ჩასვლით იღებს როგორც ენერგიას, ისე შთაგონებას ხელოვნებისთვის.
"ძალიან მიყვარს მოგზაურობა და როდესაც მაქვს თავისუფალი დრო, ყოველთვის ვცდილობ წავიდე სამოგზაუროდ. მიყვარს ზღვა და მზის ჩასვლა − ეს ყველაზე მეტად შთამაგონებს", − გვიყვება ლუკა მიქაძე.
გარდა ამისა, შთაგონების ულევი წყარო დიზაინერისთვის აფხაზეთია − მის შექმნილ სამოსში ეს თემატიკა დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. როგორც ლუკა ამბობს, სულაც არ არის გადამწყვეტი, რომ მისი ოჯახი აფხაზეთიდან არაა − ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ მუდმივად ეცნობა ინფორმაციას, ათვალიერებს ძველ თუ ამჟამინდელ ფოტოებს და ცდილობს, ეს ყველაფერი მუდმივად ასახოს დიზაინში.
"ჩემი ერთ-ერთი ინსპირაცია სოხუმისა და გაგრის სანაპიროებია. ნამყოფი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს საოცრება ყველა ქართველის ნაწილია. ჩემს სამოსშიც აფხაზეთის სანაპიროებით შთაგონება ყველგან ჩანს", − ამბობს დიზაინერი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას დიზაინერი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე სრულად "თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზეა" კონცენტრირებული. წინა სეზონზე მისი ბრენდი შოურუმში იყო წარმოდგენილი, წელს კი ლუკა მიქაძის მოდელებს ჩვენებაზე ვიხილავთ. როგორც თავად ამბობს, ჩვენებისთვის საინტერესო ჩანაფიქრი აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე უფრო დეტალურ ინფორმაციას ვერ გვიზიარებს.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს − ლუკა მიქაძის მთავარი მიზანი ახლა საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.
"შემოქმედებითი სფერო იმდენად უსაზღვროა, რომ რთულია დღევანდელი პერსპექტივიდან რაიმე კონკრეტულის თქმა, თუმცა მსურს საერთაშორისო ბაზარზე მოვხვდე, რათა ჩემი ხედვა და ნამუშევრები უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო", − ამბობს ლუკა მიქაძე.