10 მეთოდი კარგი განწყობისათვის ნუ მოექცევით უარყოფითი ემოციების გავლენის ქვეშ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბევრი ფიქრობს, რომ უარყოფითი ენერგია მისტიკური რამაა და ეს "ცუდი ატმოსფერო" მხოლოდ ჰიპებსა და ბოშებს უკავშირდება, რომლებიც ხელისგულზე მკითხაობენ. შედეგად, ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, რომ ეს ენერგია, რომელიც კომენტარების, გამოხედვის, ჩივილების, ჟესტების სახით ვლინდება, ყოველდღიურად ტრიალებს ჩვენ ირგვლივ, გავლენას ახდენს ჩვენს აზრებსა და ემოციებზე, და დიდი ალბათობით განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს.
რეალობა ისაა, რომ უარყოფითი ენერგია ყველგან ტრიალებს და იმდენად საზიანოა ჩვენი ემოციური კეთილდღეობისთვის (და დიახ, ჩვენი პროფესიული წარმატებისთვისაც), რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მისი ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცეთ.
ქვემოთ 10 მეთოდს გაეცნობით, რომელიც დაგეხმარებათ უარყოფით ენერგიას დააღწიოთ თავი და დადებითად იაზროვნოთ, რაც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ. მზად ხართ ისინი საკუთარ ცხოვრებაში ყოველდღიურად გამოიყენოთ?
1. იყავით ფრთხილად, როდესაც არჩევანს აკეთებთ, ვინ უნდა იყოს თქვენ გვერდით
ეს ფრაზა კარგად ჟღერს: "მითხარი, ვისთან ერთად ხარ და გეტყვი, ვინ ხარ შენ". მარტივი არ არის იმის გადაწყვეტა, თუ ვინ უნდა შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში, და ამ საკითხს სერიოზულად უნდა შეხედოთ. ადამიანები, რომლებიც არჩევანს აკეთებენ და სურთ მათ გარშემო დადებითი ატმოსფერო სუფევდეს, უარს ამბობენ ბოროტ, შურიან ან წუწუნა ადამიანებთან ურთიერთობაზე და ცდილობენ გარშემო ოპტიმისტი და კეთილგანწყობილი ადამიანები შემოიკრიბონ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად.
2. ყურადღება მიაქციეთ სტიმულებს, რომლებსაც იღებთ
შესაძლოა გაზვიადებულად ჟღერდეს, მაგრამ თქვენს ემოციებზე ყველაფერი ახდენს გავლენას, რაც კი თქვენს სხეულში შედის, და მხოლოდ საკვებს არ ვგულისხმობ. ამაში შედის ასევე, რასაც ხედავთ, რაც გესმით და რასაც ყნოსავთ ყოველდღიურად. თუ პირველი, რაც გაღვიძებისთანავე გესმით, ცუდი ამბავია; თუ პირველი, რასაც წაიკითხავთ, სამსახურის ელექტრონული წერილია, და თუ პირველი, რასაც ყურს მოკრავთ, გარშემო ატეხილი გუგუნია, რას ელოდებით, როგორ დაიწყებენ დღეს თქვენი სხეული და გონება?
3. ივარჯიშეთ, რომ გონება გაგიმახვილდეთ
ამ ქაოსურ სამყაროში მნიშვნელოვანია შექმნათ სივრცე, სადაც უარყოფითი სტიმულებისგან "გაწმენდთ" თქვენს გონებას და მას ზრდისკენ მიმართავთ. იოგას კურსებზე დარეგისტრირდით (ან თუნდაც, შინ ივარჯიშეთ) ან მედიტაციას მიმართეთ, დღეში თუნდაც ხუთი წუთის განმავლობაში. ხატვა გირჩევნიათ? გსურთ ცეკვის გაკვეთილებს დაესწროთ? კულინარია გაინტერესებთ? − ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
4. ვარჯიში
ვარჯიში გასაოცარი რამ არის: მდგომარეობაა, როდესაც ჯანმრთელი ხართ და გრძნობთ კიდევაც ამას. ფიზიკური ვარჯიშის დროს ენდორფინები და ნეიროტრანსმიტერები გამოიყოფა, რომლებიც ბედნიერების განცდასთანაა დაკავშირებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარჯიშის ჩართვა სტრესსაც შეგიმცირებთ, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და თვითშეფასებასაც გაგიზრდით. კიდევ რა მიზეზი გჭირდებათ, რომ კუნთების გააქტიურებაზე იზრუნოთ?
5. სათანადოდ შეაფასეთ, რას ნიშნავს დასვენება
ეს სამყარო ქანცგამწყვეტ მუშაობას სცემს პატივს და პირდაპირ შეპყრობილია პროდუქტიულობით. აქ ხშირად სათანადოდ არ აფასებენ დასვენებას და უფრო მეტიც − მასზე საერთოდ უარს ამბობენ. თუ გსურთ, საღი აზროვნება შეინარჩუნოთ, ეს შეცდომა არ უნდა დაუშვათ. დროის გამოყოფა დასასვენებლად, წასაკითხად, გარეთ გასასვლელად ან ჰობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული ზრდა და თქვენს საბანკო ანგარიშზე ფულის მოზიდვა. ისწავლეთ იმ დროის დაფასება, რომელსაც საკუთარ თავთან ატარებთ!
6. უარი თქვით რუტინაზე
შესაძლოა უზომოდ დამღლელი იყოს ყოველდღიურად სტრესის ქვეშ ცხოვრება. რა მოხდება, თუ ეცდებით და ამ "შავ ხვრელში" არ ჩავარდებით? გარდა იმისა, რომ დღის განმავლობაშიც გექნებათ სივრცე შესასვენებლად და რამდენიმე დღით რუტინისგან თავის დასაღწევად, ეს დიდი დახმარება იქნება თქვენი სხეულისთვის − გონების გაწმენდასაც შეძლებთ და ყველაფრის თავიდან დაწყებასაც. თუ შესაძლებელია, ქალაქიდან მოშორებულ ადგილას გაემგზავრეთ, სადაც სუფთა ჰაერია და სადაც თქვენს პრობლემებს დაივიწყებთ. ძალიან შორს ვერ წახვალთ? თუ ასეა, მაშინ თქვენს ქალაქში მოძებნეთ დასასვენებელი აქტივობები.
7. დაიჯერეთ, რომ წარუმატებლობა ზრდის ნაწილია
ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია: წარუმატებლობა ცხოვრების ნაწილია და თითოეულისთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს. ზოგჯერ თავი დამარცხებულადაც უნდა ვიგრძნოთ, მაგრამ მთავარია შეცდომის დაშვებისას, იმედგაცრუების ნაცვლად, დავფიქრდეთ: "რატომ დავმარცხდი?", "რის სწავლა შემიძლია აქედან?" თომას ედისონმა კარგად თქვა: "მე არ დავმარცხებულვარ. უბრალოდ 10 ათასი გზა ვიპოვე, რომელმაც არ გაამართლა".
8. ისწავლეთ თქვენი აზრებისა და ემოციების კონტროლი
ემოციური ინტელექტი სწორედ ეს არის: ჩვენი აზრებისა და ემოციების მართვის უნარი უნდა შეგვეძლოს და არ უნდა მივცეთ მათ უფლება, ჩვენზე იბატონონ. ჩვენი მიზნების მისაღწევად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ბრაზი, მრისხანება, მწუხარება და უარყოფითი აზრები... და როგორ უნდა მივიღოთ სიამოვნება პროცესით.
9. ისწავლეთ "არა"-ს თქმა
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კეთილი იყოთ და როდესაც შესაძლებელია, სხვებს დაეხმაროთ, მაგრამ იმის ცოდნა, როგორ უნდა თქვათ "არა" როდესაც საჭიროა, არის უნარი, რომელიც თქვენი ყველაზე ღირებული აქტივის ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ. ეს აქტივი კი, დროა. "არა"-ს თქმა თქვენს ცხოვრებაზე კონტროლის აღებას და თქვენი ენერგიის მიმართვას ნიშნავს იმ საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად ფასეულია.
10. ნურავისგან ელოდებით თანხმობას
გსურთ, სხვების აზრებით მართოთ თქვენი ცხოვრება? თუ გსურთ, იცოდეთ, რომ თავს ნამდვილად იგრძნობთ პარალიზებულად. თქვენს პრიორიტეტებზე გაამახვილეთ მთელი ყურადღება, სხვებისგან ნუ ელოდებით თანხმობას და მოწონებას, და ადრინდელზე ბევრად თავისუფლად იგრძნობთ თავს!