12 გზა ფულის საშოვნელად მაშინაც კი, როდესაც გძინავთ ეს ბევრად, ბევრად უკეთესია, ვიდრე გეღვიძოთ და იმაზე ფიქრით იმტვრევდეთ თავს, თუ როგორ იშოვოთ ფული
By ჯონ რამპტონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გახსოვთ, როგორ გვაფრთხილებდნენ არცთუ შორეულ წარსულში, რომ სესხის აღებისას რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რადგან პროცენტების გადახდა უსასრულოდ დიდხანს მოგვიწევდა, თანხა არასდროს შემცირდებოდა, დადგენილ ვადას ერთ დღესაც ვერ გადავაცილებდით, ვერასოდეს ამოვისუნთქავდით და ა.შ. დღემდე ასეა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის საპირისპირო მოსაზრებებიც სიმართლეს შეესაბამება.
საინტერესოა, თქვენს ფულს მაშინაც თუ მოაქვს ფული, როდესაც გძინავთ? ეს ვარიანტი იმდენად ფანტასტიკურად ჟღერს, რომ შეუძლებელია სიმართლე იყოს, არა? რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ეს სიმართლეა, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, და ამიტომ დამატებითი ფულის გამომუშავება არც ისე რთულია.
მსგავსი სტატია: 8 ბუნებრივი გზა გაბედნიერებისთვის
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 12 გზას გთავაზობთ, რომლის დახმარებითაც ფულის გამომუშავებას ფაქტობრივად მაშინაც კი შეძლებთ, როდესაც გძინავთ.
დაიწყეთ საკუთარი ბლოგი
ალბათ ყველაზე პოპულარული გზა პასიური შემოსავლის მისაღებად, თქვენი, საკუთარი ბლოგის შექმნაა, რომლის აწყობასაც სულ რამდენიმე წუთი და ცოტაოდენი ფული თუ დასჭირდება. უბრალოდ, დომენის სახელი უნდა შეიძინოთ და ჰოსტინგის საფასური გადაიხადოთ.
ამის შემდეგ, საინტერესო ინფორმაციის შექმნაზე უნდა დაიწყოთ ზრუნვა, რომელიც ადამიანებს ისე მიიზიდავს, რომ წაიკითხავენ და გააზიარებენ კიდეც. მაგალითად, თუ ბუღალტერი ხართ, რომელიც მცირე ბიზნესის მფლობელებს გადასახადების გადახდაში ეხმარება, შეგიძლიათ თქვენი ბლოგი ამ საქმეს მიუძღვნათ. პირადად მე, ანგარიშ-ფაქტურების გამოსაწერი ბლოგი მაქვს, და მომხმარებლებს ამ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში ვუწევ კონსულტაციებს. ეს სფერო საკმაოდ ბევრს იზიდავს და ამიტომ თვეში ათასობით ხელმომწერი მყავს.
საკუთარი ბლოგის შექმნისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თემები, რომლებზეც დაწერთ, პოპულარულია. თუ Pet Rock-ის უცნაური და სასაცილო ქვის სათამაშოები ჯერ კიდევ მოგწონთ, ღრმად მეპარება ეჭვი, თქვენს საიტზე საკმარისი ადამიანი შემოვიდეს და მინიმალური თანხა მაინც გამოიმუშავოთ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ წინასწარ ვერაფერს გაიგებთ.
როგორც კი თქვენს ბლოგს მიმდევრები გაუჩნდება, შეგიძლიათ შემდეგი სქემებით დაიწყოთ ფულის გამომუშავება:
გამოიმუშავეთ საკომისიო პარტნიორის რანგში. ეს რას ნიშნავს? თქვენს საიტზე, სხვის პროდუქტებს ან მომსახურებებს გაუკეთებთ რეკლამას. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს პროდუქტები ან მომსახურება თქვენი ბლოგის შესაბამისი უნდა იყოს. მაგალითად, თქვენი ბუღალტრული ბლოგი შესაძლოა, საბუღალტრო აღრიცხვის ან ანგარიშ-ფაქტურების გამოსაწერი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის პარტნიორი გახდეს. როგორც კი პარტნიორს მოძებნით, უნიკალურ კოდს მიიღებთ და ყოველთვის, როდესაც სტუმარი თქვენს საიტზე ბმულს დააჭერს ხელს, საკომისიო გერგებათ.
გაყიდეთ რეკლამა. თუ თქვენს ვებგვერდს ტრაფიკი აქვს, და შესაბამისად, უკვე შეგიძლიათ ვინმეს პარტნიორობა შესთავაზოთ, ეს საკმაოდ კარგი ვარიანტი იქნება, თქვენს გვერდზე რეკლამის გასაყიდად. მცირედით დაიწყეთ. მაგალითად, რეკლამის გაკეთება $20-ად და მოგვიანებით, შესაძლოა, ამაში სამჯერ მეტი თანხაც კი მოითხოვოთ. და რაც ყველაზე მთავარია, არ დაივიწყოთ, რომ თქვენი გვერდი მაღალი ხარისხის უნდა იყოს.
მოძებნეთ სპონსორები. ეს ვარიანტი თქვენს საიტზე რეკლამის გაყიდვისგან ცოტა არ იყოს განსხვავდება. ამ შემთხვევაში, სპონსორობა შესაძლოა გარკვეული ინფორმაციის ერთჯერად განთავსებაში გამოიხატებოდეს, ან ლოგოს სპონსორობა იყოს განუსაზღვრელი ვადით, რომელიც თქვენი გვერდის ქვედა ნაწილში იქნება ჩამონტაჟებული.
თქვენი გამოცდილება გამოიყენეთ, შექმენით და გაყიდეთ პროდუქტები
თუ რომელიღაც სფეროში კარგად ერკვევით, ისეთი პროდუქტის შექმნა შეგიძლიათ, როგორიცაა ელექტრონული წიგნები ან ვიდეორგოლები, ხოლო შემდეგ მათი გაყიდვა თქვენსავე ბლოგზე. შესაძლოა, თქვენი პროდუქტის შექმნას და მის მარკეტინგს დიდი შრომა დასჭირდეს, მაგრამ როდესაც ინფორმაციას მოუყრით თავს და მზა პროდუქტი გექნებათ ხელთ, სულ მცირე ხნით მაინც უნდა შეჩერდეთ და ამასობაში, ფულიც დაიწყებს შემოსვლას.
გამოიმუშავეთ საავტორო ჰონორარი
თუ ნიჭიერი მუსიკოსი, მსახიობი ან მწერალი ხართ, თქვენს ნამუშევრებში საავტორო ჰონორარის მიღება შეგიძლიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები თქვენი ნაწარმოების ან შემოქმედებითი აქტივების ყოველი გამოყენებისას, ფულს გადაგიხდიან. თუ შემოქმედებითი კარიერის ადრეულ ეტაპზე ხართ, Royalty Exchange-ს გადახედეთ − ბაზარს, სადაც თქვენი საავტორო ჰონორარის შეძენასაც შეძლებთ და გაყიდვასაც.
მსგავსი სტატია: MENTAL HEALTH - ანუ მენტალური ჯანმრთელობის სპირალი
შექმენით საზოგადოება
თუ უკვე დაამტკიცეთ, რომ ავტორიტეტული ფიგურა ხართ, საზოგადოების შექმნა შეგიძლიათ, რომლის წევრობისთვისაც აბონენტები ყოველთვიურ საფასურს გადაიხდიან და სანაცვლოდ, დამატებით, მაღალი ხარისხის ინფორმაციას მიიღებენ, რომელიც არაწევრთათვის არ არის ხელმისაწვდომი. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ტიმოთი საიკსია. მის საზოგადოებაში გაწევრიანებულები სრულ ინფორმაციას იღებენ ფულის გამომუშავების გზებზე, ყველაზე პატარა კომპანიების აქციების გამოყენებით, რომლებიც საკმაოდ დაბალ ფასად იყიდება.
დააინსტალირეთ ავტომოპასუხე
კიდევ ერთი გავრცელებული ონლაინ ბიზნესმოდელი, ავტომოპასუხეების გამოყენებაა, მომსახურებისა და პროდუქციის გასაყიდად, ან გასაწევრიანებლად. ეს რეალურად, გარკვეული ადგილია თქვენს ვებგვერდზე, სადაც დაინტერესებული ადამიანები თავიანთი ელექტრონული ფოსტის მისამართებს დატოვებენ და შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულ წერილს მიიღებენ, რომელშიც პროდუქტების ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩამოსატვირთად ბმული იქნება მითითებული, რომელსაც თქვენ სთავაზობთ.
ავტომოპასუხეების გამოყენება რომ შეძლოთ, OptinMonster-ის დახმარება დაგჭირდებათ. ამასთან ერთად, მუშაობის დასაწყებად მოკლე სახელმძღვანელოს, Quick Sprout-ის წაკითხვასაც გირჩევთ.
იყიდეთ, გააუმჯობესეთ და გაყიდეთ ვებგვერდები
თუ საკმაო დრო და ძალისხმევა მოახმარეთ თქვენი ვებგვერდის შექმნას, და უკვე დიდი ტრაფიკიც გაქვთ, მის გაყიდვას მარტივად მოახერხებთ Flippa-ს მსგავსი ბაზრების ჩამონათვალში შეტანით. მე აქ საკმაოდ ბევრი ვებგვერდი მაქვს როგორც ნაყიდი, ისე გაყიდული, და საკმაოდ ბევრი ფულიც მაქვს გამომუშავებული.
გაყიდეთ ფიზიკური პროდუქტები
ისევე, როგორც ბლოგის გვერდის შემთხვევაში, ფიზიკური პროდუქტების გაყიდვითაც არსებობს პასიური შემოსავლის გამომუშავების მრავალი გზა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი − თქვენი ძველი, უსარგებლო "ხარახურის" eBay-ზე გაყიდვაა. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი არაფერი გაქვთ გასაყიდი, შეგიძლიათ შუამავალი გახდეთ და ვირტუალური გაყიდვა დაიწყოთ. ამ გზით, ნებისმიერი კომპანიის პროდუქტციას გაყიდით eBay-ზე ან Amazon-ზე, დანარჩენზე კი, მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდების ჩათვლით, ისინი თავად იზრუნებენ.
გარდა ამისა, საკუთარი ელექტრონული კომერციის მაღაზიის გახსნაც შეგიძლიათ, ისეთი პლატფორმის გამოყენებით, როგორიცაა Shopify. ისინი ყველაფერს უზრუნველყოფენ, რაც კი პროდუქტის ონლაინგაყიდვისთვის დაგჭირდებათ − სრულყოფილი ინტერნეტმაღაზიით დაწყებული და თქვენს სოციალურ მედიაარხებზე შესაძენი ღილაკების გააქტიურებით დამთავრებული.
გახდით კრედიტორი
ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Lending Club, Prosper და Harmoney, ახალი ინდუსტრია შექმნეს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია კრედიტორი გახდეს. ისინი იმ მომხმარებელთან დაგაკავშირებენ, რომელიც ბანკიდან სესხის აღებას, თქვენგან სესხებას ამჯობინებს, რადგან შესაძლოა, სესხის უზრუნველყოფის პრობლემა აქვს. გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიღებას შეძლებთ თქვენ მიერ გაცემულ სესხებზე, რადგან უშუალოდ მსესხებელთან გექნებათ შეხება.
გააქირავეთ უძრავი ქონება
Airbnb-ის დახმარებით, შეგიძლიათ იჯარით გასცეთ თქვენი სახლი, როდესაც შვებულებაში გახვალთ ან აგარაკი, რომელსაც არ იყენებთ. ასევე შეგიძლიათ თქვენი ავტოსადგომის ან გამოუყენებელი საოფისე ფართის გაქირავება. ეს შესანიშნავი დამატებითი შემოსავალია, რომელსაც პრინციპში არაფერი სჭირდება, სარეკლამო განცხადების გამოქვეყნების გარდა. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ თუ არ ხართ სივრცის იურიდიული მფლობელი, თქვენს საიჯარო ხელშეკრულებაში შესაძლოა ისეთი პირობებიც იყოს, რომლებზეც Airbnb არ იქნება თანახმა.