Get All Access for $5/mo

30-დღიანი გამოწვევა, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარებათ რატომ მაქვს შეგრძნება, რომ ერთ ადგილას ვარ გაყინული?

By Alex Banayan

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თითქმის ორი წელიწადი გავიდა პანდემიის დაწყებიდან და ბევრ ადამიანს უჩნდება შეკითხვები კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ ახალ ინსტრუმენტს, რომელიც იმის დადგენაში დაგეხმარებათ, თუ რა იქნება თქვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე.

ალბათ ნებისმიერს, ერთი და იგივე შეკითხვა არ აძლევს მოსვენებას: რას ვაკეთებ ცხოვრებაში?

მაგრამ ამ საკითხს ხშირად სხვა შეკითხვები მოსდევს: რატომ მაქვს შეგრძნება, რომ ერთ ადგილას ვარ გაყინული? კარგი სამსახური მაქვს და რატომ არ ვარ მადლიერი? რატომ არ უნდა ვიყო ისეთივე კმაყოფილი, როგორც ყველა სხვა? რა მემართება?

თუ თქვენც გაწვალებთ ეს შეკითხვები, გილოცავთ − თქვენ ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანი ხართ, რომელმაც გლობალური პანდემიის წელიწადნახევარი გადალახა, და სრულიად ბუნებრივია, რომ დიდი ცხოვრებისეული შეკითხვები თქვენს კარზეც აკაკუნებს.

მას შემდეგ, რაც რეალობას შეეგუებით, უფრო სასარგებლო შეკითხვებს დაუსვამთ საკუთარ თავს, კერძოდ: რა ნაბიჯების გადადგმა შემიძლია ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპის მოსაძებნად? ამის დადგენაში კი, ეს 30-დღიანი გამოწვევა დაგეხმარებათ.

30-დღიანი გამოწვევა

ბოლო ათი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, როგორი აზროვნებაა საჭირო წარმატების მისაღწევად. მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ლიდერთან მქონდა ინტერვიუ − ბილ გეიტსით და ლედი გაგათი დაწყებული, და ჯეინ გუდოლით, მაია ანჯელოუთი, ლარი კინგით, ჯესიკა ალბათი, სტივ ვოზნიაკითა და კვინსი ჯონსით დამთავრებული, ეს იდეები მარტივ ინსტრუმენტებად ვაქციე, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია ზრდისათვის და იმის აღმოსაჩენად, თუ რა მისცემთ ძალას, რა გამოაცოცხლებთ.

30-დღიანი გამოწვევა განსაკუთრებით პოპულარულია. სავარჯიშოს მიზანი არ არის კარიერის ზუსტი რუკა მოგაწოდოთ. შესაძლოა, თქვენ მთელი ცხოვრების იდეალური გეგმა გსურთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეს რეალური ინსტრუმენტია, რომელიც გონებას გაგინათებთ და მინიშნებებს მოგაძებნინებთ, რომლებიც სწორი მიმართულებით წაგიყვანთ. 30-დღიანი გამოწვევა თქვენი "კომპასის" დასახვეწ საშუალებად მიიჩნიეთ.

როგორია ეს გეგმა?

აიღეთ ახალი ბლოკნოტი, ყდაზე წააწერეთ "30-დღიანი გამოწვევა" და ის წმიდათაწმიდა გახადეთ.

გადაშალეთ თქვენი დღიური და 15 წუთი გამოყავით ამ ვარჯიშის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს შესასრულებლად, ოცდაცხრა დღის განმავლობაში, პირდაპირ სამსახურის შემდეგ ან დაძინებამდე ერთი საათით ადრე. შემდეგ შეხსენების სისტემა შექმენით − შესაძლოა, ეს მაღვიძარა იყოს ყოველ საღამოს, ან ეს ახალი ჩვევა თქვენს ყოველდღიურ რუტინასთან გააერთიანეთ. თქვენი დღიური სადმე ისეთ ადგილას შეინახეთ (თქვენს ტუმბოზე ან ჟურნალების მაგიდაზე), სადაც ყოველდღე თვალში მოგხვდებათ, და ესეც დაგეხმარებათ.

მომდევნო 29 დღის განმავლობაში, ყოველდღე ერთსა და იმავე სამ შეკითხვას უპასუხეთ და თქვენს დღიურში შეიტანეთ: რამ ამავსო დღეს ენთუზიაზმით? რამ გამომაცალა დღეს ენერგია? რა გავიგე დღეს ჩემ შესახებ?

პასუხები ვრცლად ჩაწერეთ, მოკლე პასუხები არ გამოდგება. წარმოიდგინეთ, რომ ეს თავისუფალი წერაა და არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ მოცულობაზე. უბრალოდ, ეცადეთ დღიურთან თხუთმეტი წუთი გაატაროთ და დაახლოებით ხუთი წუთი დაუთმოთ თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. თუ რომელიღაც დღეს იგრძნობთ, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე არ გაქვთ პასუხი, მიზეზი დაწერეთ, რატომ შეიძლება არ გქონდეთ პასუხი იმ დღეს ამ შეკითხვაზე.

პირველი 29 ჩანაწერი ერთი და იგივე იქნება, მაგრამ 30-ე დღეს − განსხვავებული. ეს თქვენი გამოსაშვები ცერემონიაა. საბოლოო ჩანაწერის გასაკეთებლად ერთი საათი გამოყავით და ეს დღე დღესასწაულად აქციეთ − საყვარელ კაფეში ან ლამაზ პარკში გაისეირნეთ. ეს ერთი საათი თქვენი წინა ჩანაწერების წასაკითხად გამოიყენეთ და კანონზომიერებებს დაუკვირდით. ოცდამეათე დღეს შეკითხვები იცვლება: რამ ამავსო ენთუზიაზმით ამ თვეს? რამ დამიკარგა ენერგია ამ თვეს? რა ვისწავლე ჩემ შესახებ ამ თვეს? რაც შეიძლება ნათლად და ლაკონიურად უპასუხეთ შეკითხვებს, თითქოს რეზიუმეს წერდეთ რამდენიმე წინადადებით. ეს საბოლოო პასუხები თქვენს გამოსაშვებ სადიპლომო ნამუშევარს უნდა ჰგავდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ახალი მინიშნებები უნდა იყოს, რომლებიც გზას გიჩვენებთ.

რატომ ამართლებს ეს გზა

30-დღიანი გამოწვევა ყველაზე მეტად ყოველდღიურ კარდიოვარჯიშს ჰგავს. ზოგიერთი დღე უფრო ხალისიანი იქნება, ზოგი კი, თითქოს ერთფეროვანი. ზოგიერთი დღე ენერგიით აღსავსე იქნებით, ზოგიერთი კი, უაზროდ მოგეჩვენებათ. გახსოვდეთ, რომ წარმატების გასაღები თანმიმდევრულობაა. თუ ერთი კვირის შემდეგ შეწყვეტთ დღიურის წერას, იმის გამო, რომ "არ გაამართლა", ეს იგივე იქნება, ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ დატოვოთ სპორტული დარბაზი, რადგან ჯერ კიდევ ვერ დაემსგავსეთ ბოდიბილდერს. შედეგები შრომით, დროთა განმავლობაში მიიღწევა.

ბევრი ჩვენგანი გაიზარდა გარემოში, სადაც ტაშს გვიკრავდნენ იმის გამო, რომ უამრავ საქმეს ვაკეთებდით და მიღწევები გვქონდა. თუმცა, არასდროს უჩვენებიათ, როგორ უნდა დაგვეხვეწა ჩვენი კუნთები საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენით და როგორ გაგვეღვივებინა ის, რაც გამოგვაცოცხლებდა. ისე, როგორც ბიცეფსისა და ტრიცეფსის გაძლიერება, ამ უნარების გაძლიერებაც სწორი ყოველდღიური რეჟიმით არის შესაძლებელი.

ეს 30-დღიანი გამოწვევა Nike-ის, Mastercard-ის, Disney-ისა და Google-ის პროფესიონალებთან და ანტრეპრენერებთან გამოვცადე ინდოეთში, ნიგერიაში, ავსტრალიაში და იაპონიაში. მე მთელი რიგი ტრანსფორმაციების მოწმე გავხდი, რომლებიც დიდ სპექტრს მოიცავს. ამ პროგრამამ გაუნათა გონება ბალტიმორის იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელს და სულ სხვა კარიერისკენ უბიძგა, მოქანდაკე და მხატვარი გახდა. Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელს კი, ახალი ენერგია და მიზანი გაუჩნდა − დაადგინა, რომ კომპანიაში დარჩენა, მაგრამ სხვა გუნდში გადასვლა სურდა. ხოლო ამსტერდამელმა ანტრეპრენერმა გააცნობიერა, რომ მას უფრო დიდი მასშტაბები იზიდავდა და ახლა 50 000-კაციანი კომპანიის დირექტორია. ზოგიერთმა პროფესიონალმა იმდენად ბევრი სარგებელი მიიღო ამ სავარჯიშოთი, რომ ექვს-შვიდჯერაც კი გაიმეორეს.

30-დღიანი გამოწვევა უზომოდ ეფექტურია დამოუკიდებლად განხორციელებისას, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტური ხდება ორ ან სამ მეგობართან ერთად და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისას.

თუ რაღაც ხმა ჩაგჩურჩულებთ, რომ თქვენც უნდა სცადოთ, სცადეთ. ყველას განსხვავებული შედეგები ექნება, მაგრამ გარანტია არსებობს იმისა, რომ ერთი თვის შემდეგ უკეთ გაიცნობთ საკუთარ თავს და თქვენი გზა უფრო ნათელი გახდება.

Alex Banayan

Author and Keynote Speaker

Alex Banayan has been featured in major media including Fortune, Businessweek, Bloomberg TV, Fox News and CBS News. An acclaimed keynote speaker, Banayan has presented the Third Door framework to Apple, Nike, IBM, Dell, MTV, Harvard and countless others.
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე