დავით ბირმანი - ინტრაპრენერი ციფრულ ინდუსტრიაში Connecting the dots
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული რუბრიკის − "ინტრაპრენერის" რესპონდენტი, თანამედროვე ბიზნესწრეებში კარგად ნაცნობი, მრავალმხრივი ნიჭითა და უნარებით დაჯილდოებული და საინტერესო, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ადამიანი, დავით ბირმანია, რომელიც სულ ახლახან, კომპანია "სილქნეტის" Chief Brand Officer (ბრენდის მართვის მიმართულების დირექტორი) გახდა. ანტრეპრენერისაგან განსხვავებით, ინტრაპრენერი არის ის, ვინც არა საკუთარ, არამედ სხვა მსხვილ ორგანიზაციაში ანტრეპრენერულ გადაწყვეტებს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ დავითი საკმაოდ თავმდაბალი, როგორც თავად ამბობს, "პერსონაჟია", მასთან ინტერვიუმ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი დაგვანახვა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ და ვფიქრობთ, მისი ისტორია მამოტივირებელი და შთაგონების მიმცემი გახდება ბევრი ჩვენგანისთვის.
დავით ბირმანი დაიბადა ქალაქ ბათუმში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიზნესი და ზოგადად, კომერცია არცთუ საამაყო და ჩვენდა სამწუხაროდ, ნაკლებად პრესტიჟულ საქმიანობად მიიჩნეოდა. ჯერ კიდევ უმაღლესი განათლების მიღებამდე, ოჯახურმა ბიზნესმა მას ბაზარზე დაკვირვების, ანალიზის, მომხმარებლის ქცევისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესწავლის შესაძლებლობა მისცა, რამაც საბოლოო ჯამში, განაპირობა კიდეც მისი მომავალი. ბავშვობიდან იტაცებდა მათემატიკა და პრაქტიკულად გადაწყვეტილიც კი იყო, რომ დავითი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა კონკრეტულად სად მიიღებდა განათლებას, მისი პირადი, დამოუკიდებელი არჩევანი გახდა. მან ყურადღება შეაჩერა ESM თბილისზე, რომელიც გასულის საუკუნის 90-ანების ბოლოს უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილ და პრესტიჟულ ბიზნესსკოლად მიიჩნეოდა, განსაკუთრებით კი საქმიან წრეებში. თუმცა, როგორც თვითონ ღიმილით იხსენებს, სასწავლებელსაც და თითოეულ სტუდენტსაც, მუდმივ რეჟიმში უწევდა იმის მტკიცება, რომ "კომერციული" არ ნიშნავს ცუდს და კერძო უნივერსიტეტიც შეიძლება, საკმაოდ პერსპექტიულ კადრებს უშვებდეს ბაზარზე.
ESM-ში სწავლის პერიოდს დავითი იხსენებს, როგორც ე.წ. Mindset-ის, მთლიანად აზროვნების სისტემის ცვლილებისა და გარდატეხის მთავარ კატალიზატორს, არა მარტო პირადად მისთვის, არამედ მისი კურსელებისთვისაც. ეს იყო შესაძლებლობა საიმისოდ, რომ მიგეღო, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, უმაღლესი ხარისხის განათლება და თითოეულ სტუდენტს გასჩენოდა განვითარების, დასაქმებისა და საკუთარი თავის რეალიზების შანსი, ვინაიდან ESM-ის კურსდამთავრებულები საკმაოდ მოთხოვნად კადრებად მიიჩნეოდნენ შრომით ბაზარზე. მისი თქმით, სტუდენტებმა პირველად პიჯაკი სწორედ ESM-ის ლექციებისთვის მოირგეს, რაც ერთი მხრივ ფორმალურ გარემოს, ხოლო მეორე მხრივ საქმიან დამოკიდებულებას აღვიძებდა ახალგაზრდებში. სასწავლებელს ჰქონდა უნიკალური მიდგომა თითოეულ სტუდენტთან. ფორმდებოდა კონტრაქტები და არ არსებობდა ე.წ. შიდაგანაწესი, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობას უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის. თუმცა ამავდროულად, მომავალ საქმოსნებს ხელშეკრულებით ურთიერთობებს აჩვევდა. დავითი, ლექტორებს, განსაკუთრებით კი თავად ESM-ის დამფუძნებელ, სულიკო ქადაგიძეს, გამორჩეული სითბოთი იხსენებს. იგი აღნიშნავს, რომ მესამე კურსიდან ლექტორები აქტიურად ინტერესდებოდნენ, თუ სად და როგორ იწყებდნენ მუშაობას მათი სტუდენტები, თვალყურს ადევნებდნენ მათ წარმატებებს და ყველანაირად ხელს უწყობდნენ იმისათვის, რომ სწავლისა და სამუშაოს შეთავსება შესაძლებელი გამხდარიყო. გარდა ამ ყველაფრისა, თავად ESM-ის შენობაში, სტუდენტებს გამოყოფილი ჰქონდათ ოთახები სხვადასხვა აქტივობისთვის, სადაც დავითმა "რა? სად? როდის?" კლუბი დააფუძნა.
დავით ბირმანი საკუთარ თავს მარკეტერად მიიჩნევს, ხოლო ჩვენთვის საინტერესო იყო, თუ როგორ მივიდა იგი მარკეტინგამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ESM ზოგადი მენეჯმენტის კურსს აწვდიდა სტუდენტებს, ხოლო რა მიმართულებით განვითარდებოდნენ, ეს უკვე მათი ასარჩევი ხდებოდა. მსოფლიო ბიზნესლიტერატურაში მარკეტინგის განმარტების უამრავ ვარიანტს შევხვდებით. საქართველოში ამ სპეციალობას ძირითადად კომუნიკაციას უკავშირებენ, რაც ერთი მხრივ შეცდომა არაა, რადგან კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესისა და ადამიანების ურთიერთობის, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან ზღუდავს ამ მრავლისმომცველი სფეროს ასპარეზს. უშუალოდ დავითი უპირატესობას მსოფლიოში მარკეტინგის მოწინავე ექსპერტ ფილიპ კოტლერის ერთ-ერთ განმარტებას ანიჭებს, რომლის მიხედვითაც, მარკეტინგი სწავლობს მომხმარებლის საჭიროებებს, ეძებს მათი დაკმაყოფილების საშუალებებს, მონაწილეობს ღირებულებების შექმნაში და ამ გზით ორგანიზაციას მოგების მიღებაში ეხმარება.
დავითი ანტრეპრენერს თავისი სამუშაო გამოცდილების შესახებაც უამბობს. მისი პირველი კარიერული ნაბიჯები საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკს უკავშირდება. რთული კონკურსის საფუძველზე, იგი მრავალი აპლიკანტიდან, საკრედიტო ექსპერტად აარჩიეს. ის აღნიშნავს, რომ 2000-ანების დასაწყისის საქართველოში, მაშინ როდესაც საზოგადოებაში სესხის მიმართ დამოკიდებულება მეტად ოპტიმისტური იყო, ის და მისი გუნდის წევრები ავლაბრიდან ორხევის დასახლებამდე, თითოეულ მაღაზიას, ჯიხურს თუ სხვა მცირე მეწარმეს ფეხით აკითხავდნენ და სესხს სთავაზობდნენ. ბაზრის შესწავლის, ადამიანებთან ურთიერთობისა და საზოგადოების პულსზე ხელის ჭერის გამოცდილება, შეიძლება ითქვას, რომ დავითის კარიერული განვითარების საწყისი საფეხურებიდანვე, მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა.
"პროკრედიტ ბანკის" შემდეგ იყო მუშაობა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: "გაერთიანებული ქართული ბანკი", "მაგთიკომი", "თბილისის წყალი", "სარკე კონსალტინგი", "პროგრეს ბანკი". 2010 წლიდან, დავითი "საქართველოს ბანკის" ჯგუფს შეუერთდა, სადაც არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა და როგორც მარკეტერმა და ინტრაპრენერმა, კიდევ ერთი ტრანსფორმაცია განიცადა, როდესაც ციფრული საბანკო პროდუქტების შექმნისა და განვითარების ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. ამის შემდეგ კიდევ ერთი ახალი გამოწვევა აზერბაიჯანული Yelo ბანკის ტრანსფორმაციის პროექტი იყო, რომელიც თიბისის გუნდთან ერთად წარმატებით განხორციელდა.
"ანტრეპრენერთან" საუბრისას, დავითი აღნიშნავს, რომ მთელი მისი კარიერული გზა უკავშირდება სტივ ჯობსის ცნობილ Connecting the dots, ანუ ადამიანის ცხოვრებაში ყოველი მომდევნო ნაბიჯი კანონზომიერების ნაწილია და "მნიშვნელოვანი წერტილების შეერთებით" ჩვენ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ და ისინი, ვინც ვართ. საინტერესო მენეჯერული მიდგომების გარდა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ, დავითი თავად ზრუნავს მომხმარებლის ციფრული გამოცდილების განვითარებისათვის და არაერთი აპლიკაციის ინტერფეისზე პირადადაც უმუშავია. თანამედროვე ციფრულ სამყაროში, თუნდაც ერთი ღილაკის ვიზუალის შეცვლით ან დამატებით, უამრავი ადამიანის განწყობა და დამოკიდებულებები იცვლება, რაც როგორც ციფრული საბანკო პროდუქტების, ასევე ზოგადად, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებისათვის ერთგვარი ინდიკატორია, თუ რას ვაკეთებთ სწორად, ან პირიქით.
დავით ბირმანი გვესაუბრა იმაზეც, თუ როგორ ურთიერთობს სამუშაო გუნდებთან და რა მიაჩნია თავის მთავარ მიღწევად. ინტრაპრენერი მენეჯერის განსაკუთრებული სახეა, რომელსაც გუნდი მნიშვნელოვან მიგნებამდე მიჰყავს, თუმცა თვითონ დამკვირვებლის როლშია და სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს აგრძნობინებს, რომ ესა თუ ის გამარჯვება მათი საერთო მიღწევაა და არა საკუთრივ მისი. ხშირად, განსაკუთრებით კი მსხვილ ორგანიზაციებში, მაღალი რგოლის მენეჯმენტი ამ მიდგომას არ ითვალისწინებს, თუმცა დავითი ამბობს, რომ მისი შექმნილი უმაღლესი დონის პროფესიონალთა გუნდით ამაყობს და თუ დავითის სამუშაო გამოცდილებას გადავხედავთ, არცთუ უმიზეზოდ.
სპონტანურობა თუ დაგეგმილი ნაბიჯები? − დავით ბირმანისათვის ამ ორი ცნების ბალანსი მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც სპეციალისტი მენეჯერად დაწინაურდება, სპონტანური, სტიქიური ხასიათის გადაწყვეტილებები ხშირად დამანგრეველი ხდება გუნდისთვის. შეუძლებელია ადამიანი 24 საათის განმავლობაში საქმის კურსში იყოს, თუ რას ფიქრობს და როგორ მოიქცევა მისი მენეჯერი. გუნდის პროდუქტიული მუშაობისათვის საჭიროა დაგეგმილი, მიზანზე ორიენტირებული ამოცანების დასახვა, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოში, სპონტანურობასაც თავისი ადგილი უჭირავს და ინტრაპრენერი იმპროვიზაციის უნარითაც უნდა იყოს დაჯილდოებული.
ვინ არიან დავით ბირმანისთვის ანტრეპრენერი და ინტრაპრენერი? − მისი თქმით, ეს არის "ყინულმჭრელი", რომელმაც არსებული რეალობა უნდა შეცვალოს, თავის თავზე დიდი რისკის აღების არ უნდა შეეშინდეს და შორსმჭვრეტელი ხედვით უნდა გამოირჩეოდეს. საქართველოსათვის ანტრეპრენერების მნიშვნელობა შეუფასებელია, ვინაიდან ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც გაკვალულ ბილიკზე თამამად სიარული არ უჭირს, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა ხშირად არ გვყოფნის. დავითი ხუმრობით აღნიშნავს რამდენიმე მაგალითსაც, როდესაც პირველი საშაურმის გახსნას მოჰყვა "შაურმების ქუჩების" ჩამოყალიბება; პირველი წარმატებული რესტორნის ჩაყოლებაზე, კვების უამრავი ობიექტი აღმოცენდა; პირველი ავტოსალონის გამოჩენის შემდეგ, მსგავსმა დაწესებულებებმა, მთელი ხეივანი მოიცვეს. ასე რომ, ყველაზე რთულია იყო პირველი და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ასეთი მაგალითების არსებობა. დავითი, ციფრული პროდუქტების განვითარების სფეროში საქმიანობს და მისთვის "ყინულმჭრელი" ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის არსებობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ადამიანები, რომლებიც არ ეძებენ ტრივიალურ გზებს და მუდმივად სიახლის ძიებაში არიან, ციფრული ინდუსტრიის ლოკომოტივია და როგორც დავითი აღნიშნავს, ასეთ გუნდთან მუშაობა მისთვის ყველაზე კომფორტული და პროდუქტიულია.
სულ ცოტა ხნის წინ, დავით ბირმანი ცნობილი საკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" ბრენდის მართვის მიმართულების დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ეს არის ბრენდი, რომელთან შეხება, ერთხელ მაინც თითქმის ყველა ჩვენგანს ჰქონია, ვინაიდან იგი აერთიანებს უამრავ პროდუქტსა და მიმართულებას − დაწყებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის მოწოდებით, დამთავრებული სატელევიზიო არხებითა და მაუწყებლობით. ბრენდის ცნობადობა, რომელიც თავის მხრივ უკვე საკომუნიკაციო გზავნილია მომხმარებლისათვის, ასევე დიდ პასუხისმგებლობასაც ანიჭებს მის მენეჯმენტს. საჭიროა მუდმივად იკვლევდე მომხმარებლის დამოკიდებულებას, ფიქრობდე რით შეიძლება გაუმარტივო მათ ცხოვრება და შენი სერვისის ისეთი დიზაინი შეიმუშაო, რომელიც მათ ურთიერთობას კომპანიასთან კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. დავითის თქმით, სამუშაო ბევრია, თუმცა გუნდის პროფესიონალიზმი, რუტინის საინტერესო გამოცდილებად აღქმას განაპირობებს.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დავით ბირმანი "ანტრეპრენერს" უზიარებს, რომ გრძელვადიანი პროგნოზები დიდად არ უყვარს, ვინაიდან თანამედროვე ციფრულ რეალობაში გარემო სწრაფად ცვლადია, გეგმებიც ხშირად გადახედვას ექვემდებარება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან, აპრილის ბოლოს, "სილქნეტთან" დაიწყო თანამშრომლობა, მისი ყველა გეგმა ამასთანაა დაკავშირებული და იგი ბოლომდე გადაშვებულია იმ პროექტებში, რომელიც, როგორც კომპანიის, ისე ქართული საკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული. "ანტრეპრენერი" დავითს წარმატებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი მაგალითი, უამრავი ადამიანისათვის, დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის შთაგონების წყაროდ იქცევა.