BE ACTIVE - სპორტი ახალი პოტენციალით "მოკლე დროში შევძელით, რომ ჩვენმა ტურნირებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა."
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო დროს საქართველოში სამოყვარულო სპორტული ტურნირებისა და ღონისძიებების აქტიურობა შეინიშნება, რომლის მიზანიც სპორტული ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად პოზიციონირება გახლავთ. ღონისძიებების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ზურა ბოქოლიშვილია, რომელსაც საერთაშორისო სპორტულ ინდუსტრიაში სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით 26-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მოძრაობა Be Active-ის დამფუძნებლისთვის სპორტული სულისკვეთების გაღვივება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება მთავარი მოტივაციაა, რისთვისაც საკუთარ გუნდთან ერთად დიდ ძალისხმევას სწევს. სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებასა და ტურნირს შორის კი საქართველოსთვის გამორჩეული სიახლე გოლფია, რომლის ტურნირი Taste & Play, შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად იქცა და მეორე წელია არაერთ ადამიანს სპორტის ამ სახეობით სივრცული ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.
"მოკლე დროში შევძელით, რომ ჩვენმა ტურნირებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ორგანიზების უმაღლესი დონე, მრავალფეროვანი, სწორად დაგეგმილი გასტრო-კულტურული პროგრამა და ჩვენი უნიკალური მასპინძლობის ტრადიციები − ამ კომპონენტების სიმბიოზმა სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. წლევანდელი Taste & Play-იც, რომელსაც Ambassadori Kachreti Golf Resort-მა უმასპინძლა, ჩვენი მეოთხე დიდი ტურნირია. უმაღლესი შეფასების გამო კი World Amateur Golfers Championship-ის ექსკლუზიური პარტნიორი გავხდით საქართველოში. ყოველი შემდგომი ღონისძიება სწორედ მათი ეგიდით გაიმართება. ასევე, დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გოლფ-კურორტმა MaxxRoyal პარტნიორობა შემოგვთავაზა და ტურნირის გამარჯვებულთათვის უნიკალური პრიზები დააწესა", − უყვება ზურა ბოქოლიშვილი Entrepreneur-ს.
სპორტული, აქტიური და ველნესტურიზმი ამ მსხვილ საერთაშორისო ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და წამყვან მიმართულებებად ყალიბდება, მათ შორის საქართველოში. ტურიზმის სექტორისთვის პანდემიის შედეგად გლობალურად მიყენებული დარტყმით, მოგზაურთა პრიორიტეტებში ცვლილებებია მოსალოდნელი.
"გაცილებით მოიკლებს ე.წ. "გაუცნობიერებელი ტურისტების" რიცხვი. ისინი ბევრად მომთხოვნები გახდებიან. პრიორიტეტი კი გარკვეული ინტერესების გარშემო დაგეგმილი ტურები გახდება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ისეთ შეთავაზებებსა და პროდუქტებს, რომელიც სპორტული, გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასტრონომიული კომპონენტების ერთობლიობას წარმოადგენს. საქართველოს ამ მხრივ მართლაც დიდი პოტენციალი აქვს. გოლფი, ჩოგბურთი, იოგა, გამაჯანსაღებელი, სარბენი, ველოტურები და ა.შ. ჩვენს უნიკალურ ბუნებასთან ერთად გვაძლევს მყარ გარანტიას, რომ სწორად შექმნილი პროდუქტებითა და დაგეგმილი კამპანიით, შევძლებთ ჩვენი ქვეყანა სპორტული, აქტიური, ველნესტურიზმისა და სპორტის მიყვარულთა ეპიცენტრად ვაქციოთ", − ზურა ბოქოლიშვილი.
ტურიზმის ტენდენციების ცვლილებების პროგნოზირება და ამ ყველაფრისთვის დროულად ფეხის აწყობა საქართველოს სრულიად ახალ და "მსუყე" პერსპექტივებს ჰპირდება. სპორტის სახეობებისა და ტურიზმის ასპექტების საინტერესო, ახლებური კომბინაციით შექმნილი პროექტები კი სხვადასხვა სექტორის ჩართულობასა და მხარდაჭერას მოითხოვს, რაც თავის მხრივ შემდეგ მათზეც დადებითი ჯაჭვური ეფექტით აისახება.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადად, სპორტის ბიზნესმა ტრანსფორმაცია განიცადა. რა თქმა უნდა, არის და მუდმივად იქნება სპორტის ე.წ. Cool-სახეობები (ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, რაგბი, რალი და ა.შ.), რომელიც მაყურებელთა და სპონსორთა დიდ ინტერესს იწვევს. მუდმივად იზრდება წამყვანი სპორტული ლიგების სატელევიზიო კონტრაქტების ღირებულება, საუკეთესო სპორტსმენები უკვე დიდი ხანია პირად ბრენდებად იქცნენ, მაგრამ ამასთანავე, სულ უფრო ეცემა ინტერესი სპორტის სხვა სახეობების მიმართ. შესაბამისად, იკლებს მათი მარკეტინგული ღირებულებაც. ხშირ შემთხვევაში კი ნაწილობრივ ან სრულიად სახელმწიფო დოტაციაზე რჩებიან ან სხვა სამსახურის შეთავსება უწევთ (განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სპორტის მართვის მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოდელებისგან). ამ დროს წინა პლანზე იწევს სამოყვარულო და კორპორაციული სპორტი. უპირველეს ყოვლისა, ეს ემოციური ფონის გამო ხდება. სამოყვარულო ტურნირებში ყველა გამარჯვებულია. მისთვის მთავარი მიზანი არა ფულადი ჯილდო, არამედ ჯანმრთელობა და ის დადებითი ემოციებია, რომელსაც უხვად იღებს", − გვაცნობს უახლეს ტენდენციებს ზურა ბოქოლიშვილი.
დაკვირვებები და გამოკვეთილი სოციალური პორტრეტი კი გვიჩვენებს, რომ სამოყვარულო სპორტით აქტიურად დაინტერესებული ადამიანების უმრავლესობას, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები წარმოადგენენ, რაც კომპანიებისთვის მარკეტინგული თვალსაზრისით განსაკუთრებით მიმზიდველი ფაქტორია. ყოველწლიური კვლევები, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიები ატარებენ (Deloitte, KPMG), ნათლად აჩვენებს, რომ კორპორაციებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება სამოყვარულო სპორტთან ასოცირება და სპონსორშიპი. ასევე, თითქმის ყველა დიდ კომპანიას აქვს შიდა სპორტული ტურნირები, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და ემოციური დატვირთვა აქვს.
ამგვარად, პროფესიული სპორტის სამოყვარულო რელსებზე გადასვლა, მისი მეტად მასშტაბირება და სხვა სფეროებთან კომბინაცია, ახალ ინტერესთა დარგებს აყალიბებს, რომელიც გამორჩეულ ღირებულებათა ჯაჭვს, ქვეყნისთვის კი ახალ საერთაშორისო პოტენციალსა და წარმატების ასპარეზს ქმნის.