მომავლის 5 პროფესია, რომელთა შესახებ თქვენ არაფერი გსმენიათ, მაგრამ თქვენს შვილებს ნამდვილად ეცოდინებათ "დედიკო, მამიკო, კვანტური კრიპტოლოგი უნდა გავხდე" - გეტყვით ერთ დღეს თქვენი შვილი. გაეცანით, როგორ უნდა მოემზადოთ მომავლის პროფესიებში გასარკვევად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შრომის ბაზარი მნიშვნელოვნად წინა ნახევარ საუკუნეზე მეტად ბოლო ათი წლის განმავლობაში შეიცვალა. ამის მთავარი მიზეზი ორი ტენდენციაა − მოდერნიზაცია და ავტომატიზაცია. მათი გავლენით ზოგიერთი პროფესია სულ სხვაგვარი გახდა, ზოგი კი მთლიანად გაქრა.
მაგრამ თითეული პროფესიის ნაცვლად, რომელიც მოძველდა და გაქრა, რომელიღაც ახალი ჩნდება. ცოტა წინ თუ გავიხედავთ, ამ ვითარებაში მომავალი თაობების დახმარებას ისინი შეძლებენ, ვისაც მათი აღზრდა ევალება (მშობლები, მასწავლებლები, კონსულტანტები და ბევრი სხვა). არ აქვს მნიშვნელობა, ანტრეპრენერი ვეტერანია თუ დამწყები, მომავალი მეფეა თუ დედოფალი − ნებისმიერისთვის სასარგებლო იქნება ამ ახალი პროფესიების განხილვა და ამასთან გაცნობიერებაც, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ მზარდ სამუშაო ძალაზე.
1. პროფესიონალი ელექტრონული სპორტის ათლეტი/პროფესიონალი გეიმერი
ელექტრონული სპორტის ინდუსტრია (შეჯიბრებები ვიდეოთამაშების გამოყენებით) უზომოდ კონკურენტუნარიანი გახდა და სწრაფად ვითარდება. ამ ინდუსტრიის ანალიტიკური ორგანიზაცია Newzoo-ს მონაცემებით, მისი შემოსავლები 2019 წელს სავარაუდოდ $1 მილიარდს გადააჭარბებს. ამ სფეროს ზრდა შესაძლოა ნაკადური პლატფორმა Twitch-ის პოპულარობის ზრდასთან იყოს დაკავშირებული, რომელსაც ყოველდღიურად საშუალოდ 15 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
აქ ყველაზე პოპულარული პლატფორმა NINJA-ა, რომელიც 14 მილიონზე მეტ მიმდევარს ხელმძღვანელობს, ხოლო მასზე საშუალო მომხმარებელი ყოველდღიურად 95 წუთს ატარებს.
ამ სუბიექტების ზრდის გათვალისწინებით, არც ისე რთულია დასკვნის გაკეთება, რომ გასართობი სპორტის მიმდევარ მოზარდთა გარკვეული პროცენტი აუცილებლად აისრულებს ოცნებას და სტრიმერი და/ან პროფესიონალი ელექტრონული ათლეტი გახდება.
დასკვნა: გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტთამაშებს უარყოფითის დაღი უკვე აღარ აქვს. ყველაზე მთავარი თვისება, რაც ნებისმიერ ანტრეპრენერს გამოარჩევს, საკუთარი საქმისადმი სიყვარულია, ამ სფეროში კი საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია.
2. დირექტორი ემოციური ინტელექტის სფეროში
ემოციურ ინტელექტს ასეთი განმარტება აქვს: "საკუთარი ემოციების გააზრების, გაკონტროლებისა და გამოხატვის, ასევე პიროვნული ურთიერთობების გონივრულად და ემპათიურად მოგვარების უნარი". თავისი არსით იგი თვითშემეცნების გამახვილებული გრძნობაა, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია და ადამიანს ძალას მატებს. მისი განვითარება სათანადო მომზადებითაც შეიძლება. როგორია ემოციური ინტელექტის პოტენციალი? გარი ვაინერჩუკმა, ავტორმა წიგნისა "ჰკითხეთ გარი ვიის" , სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა: "ჩვენ იმ ეპოქის შესაყართან ვართ, როდესაც ემოციური ინტელექტი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია ხდება".
ძნელია არ დაეთანხმო.
ამ "მომავლის უნარზე" მოთხოვნა ყოველთვის იქნება და ამიტომ ახლანდელმა და მზარდმა სამუშაო ძალებმა ემოციური ინტელექტის მაღალ დონეს უნდა მიაღწიონ, რომელიც საბოლოოდ ბრენდის მთავარი ღირებულებების ნაწილი გახდება.
დასკვნა: უპირველესად, თქვენი ემოციური ინტელექტის გასაუმჯობესებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მოიძიეთ და გამოიყენეთ რესურსები, და ისეთ პროფესიულ თვისებებს შეიძენთ და განავითარებთ, რომლებიც უახლოეს ხანში ფასდაუდებელი გახდება.
მსგავსი სტატია: 7 შეკითხვა, რომელიც ემოციური ინტელექტის განსაზღვრის საშუალებას იძლევა
3. კვანტური კრიპტოლოგი
Accenture-მა ბოლო ხანებში სხვადასხვა კომპანიების 6672 ხელმძღვანელის აზრი გამოიკვლია და უახლოესი წლების ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ტენდენციები გამოავლინა. მათგან ერთ-ერთი DARQ-ია. ეს აბრევიატურაა და მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დასახელებებს აერთიანებს:
- საბუღალტრო საინფორმაციო ტექნოლოგიები (D);
- ხელოვნური ინტელექტი (A);
- რეალობა (ორივე− როგორც ვირტუალური, ისე დამატებითი) (R);
- კვანტური კომპიუტერი (Q).
აშშ-ის ეროვნული კვანტური ინიციატივის აქტი 2018 წლის 21 დეკემბერს იქცა კანონად. იგი 10-წლიან გეგმას უჭერს მხარს, რომლის მიზანი კვანტური ინფორმატიკისა და ტექნოლოგიური აპლიკაციების (კვანტური კომპიუტერი გახლავთ მანქანა, რომლის გამომთვლელი ძალა დღევანდელი კომპიუტერებისას ბევრად აღემატება) განვითარების დაჩქარებაა.
კვანტური ერა ნამდვილად მოიტანს დადებით ცვლილებებს, მაგრამ ამასთან ერთად, მონაცემებთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კვანტურ საფრთხესაც. ასეთ შემთხვევაში, გარდაუვალი გახდება სამუშაო ძალის აღზრდა, რომელიც გათვითცნობიერებული იქნება კიბერუსაფრთხოების საკითხებში და მოახლოებულ საშიშროებასთან გამკლავებას შეძლებს.
დასკვნა: ცოდნა ძალაა და უცხო ტერიტორიაზე მოხვედრისას სათანადო მომზადება და განათლების წინასწარ მიღება აუცილებელია. დოქტორის ხარისხი არ დაგჭირდებათ იმის დასადგენად, ახალი სექტორი ნამდვილად თქვენი შესაფერისია თუ არა. თუმცა, მოქმედებაზე ნამდვილად უნდა გადახვიდეთ. ყოველი ახალი მოვლენის, კანონმდებლობისა და ინდუსტრიის ცვლილებების კურსში ყოფნა აუცილებელია, რომ სწორი ინფორმაციით იყოთ შეიარაღებული.
4. მთავარი ოფიცერი მოდერნიზაციის საკითხებში
ციფრული ნახტომის გაკეთება უკვე აღარ არის ერთ-ერთი ვარიანტი, აუცილებელი ნაბიჯი არსებობის გასაგრძელებლად. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია თქვენი კომპანია − თუ მოდერნიზაცია ვერ შეძელით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ წარუმატებლობისთვის ხართ განწირული. ამის ილუსტრირება შემდეგი მაგალითებით შეიძლება:
- Blockbuster ციფრულ მოდელზე გადასვლას ვერ ახერხებს;
- Toys "R' Us'-მა ეფექტური ელექტროკომერციის სტრატეგიაზე გადასვლა დააგვიანა;
- Borders-მა ონლაინ ან ელექტრონული კითხვის მოდელების დროულად გამოყენება ვერ შეძლო.
ამ დანაკარგებს უკვალოდ არ ჩაუვლია. კომპანიებმა, რომლებმაც ციფრულ ეპოქაში გზის გაკვალვა ვერ შეძლეს, გაკვეთილი ჩაგვიტარეს, რომ ინოვაციები უცილებელია. ასევე აშკარაა, რომ ლიდერებიც აუცილებელია, რომლებიც უცხო ტერიტორიაზე ორიენტირებას მოდერნიზაციის სრულიად ნათელი ხედვით შეძლებენ. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ეს პრაქტიკულად ნებისმიერ ორგანიზაციას დასჭირდება.
დასკვნა: სერიოზულად გააანალიზეთ მოვლენები და საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ. ვერავინ შეძლებს წინასწარმეტყველებას, თუ როგორ შეიცვლება ბაზარი, მაგრამ სიგნალებსა და ტენდენციებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც ბაზრის გავლენის შეფასებაში დაგვეხმარება.
5. არქიტექტორი, მშენებელი ან დიზაინერი, რომელიც "ჭკვიანი სახლის" ტექნოლოგიას იყენებს
Parks Associates-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული გამოკვლევით, სრულიად მოულოდნელი ფაქტი გამოვლინდა: ამერიკელი მომხმარებლის 48 პროცენტმა განაცხადა, რომ "ჭკვიანი სახლის" სულ მცირე ერთი აპარატურის შეძენა აქვს გადაწყვეტილი; ეს ციფრი წინა წელთან შედარებით 66 პროცენტამდე გაიზარდა. დიდი ინვესტიციები და ტექნოლოგიური მიღწევები ამ ტიპის სახლებთან დაკავშირებულ საბაზრო რევოლუციაზე მეტყველებს.
"ჭკვიანი სახლის" კონცეფცია აქტიურად ვითარდება და მათი დაპროექტება არქიტექტორებისა და მშენებლების ახალ ტალღას დაევალება, ისინი კი "მზა ჭკვიან სახლებს" შექმნიან. ასევე, მათ უნდა განსაზღვრონ თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტიპის სახლებში შემდეგი თაობის ტექნოლოგიების დამონტაჟება. მოკლედ რომ ვთქვათ, სახლის დიზაინერისა და არქიტექტორის პროფესია მთლიანად შეიცვლება.
დასკვნა: მასშტაბურად იაზროვნეთ. წარმოიდგინეთ, რა უსაზღვრო შესაძლებლობებია ამ სფეროში და სრული გასაქანი მიეცით თქვენს შემოქმედებით აზროვნებას. შეეცადეთ ის იპოვოთ, რაც ჯერ კიდევ არ არის "ჭკვიანი სახლის" ავტომატიზაციაში, ან ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ცხოვრების თუნდაც სულ ოდნავ გასამარტივებლად. ეს სურვილი სხვა სფეროებსაც მისცემს ბიძგს.
მომავლის ზოგიერთი პროფესია დღეს სრულიად წარმოუდგენელი ჩანს, ზოგიერთი საერთოდ გაურკვეველი, მაგრამ მომავალი თაობა თითოეულის არსს უნდა ჩაწვდეს და წარმატების მისაღწევად ახალი გზები მოძებნოს. ხოლო ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ წარმატებას საფუძველი ჩავუყაროთ, ვუბიძგოთ ბავშვებს ის იდეები და ინოვაციები გაითავისონ, რაც ყველაფრის განხორციელებას გახდის შესაძლებელს.