Cyber Monday Sale! 50% Off All Access

მშობლები, შვილები და წარმატება ადამიანი ერთი კომპლექსური მთლიანობაა და რაც უნდა მკვეთრად ჰქონდეს გამიჯნული კარიერული და პირადი სფეროები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი დაყოფა პროფესიულ და არაპროფესიულ დილემებს შორის პირობითია. ადამიანი ერთი კომპლექსური მთლიანობაა და რაც უნდა მკვეთრად ჰქონდეს გამიჯნული კარიერული და პირადი სფეროები, ის ვერ გაურბის იმ სინამდვილეს, რომ პირველი მეორეზე მოქმედებს და პირიქით. წარმატების საყოველთაოდ ცნობილი რეცეპტის მიხედვით, სამსახურში მისვლამდე პირადი პრობლემები შინ უნდა დავტოვოთ და სამსახურის ხურჯინი შინ არ უნდა წავიძღვანიოთ. სინამდვილეში, ეს შეუძლებელია. თეორიული თვალსაზრისით, ადამიანს ხელეწიფება, განაცალკეოს სამსახურებრივი და არასამსახურებრივი საკითხები ერთმანეთისგან. თუმცა, სიღრმისეული დაკვირვების გარეშე, ხშირად ძალიან რთულია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ემოციური მდგომარეობები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს უკავშირდება.

ნებისმიერი კარგად ნასწავლი და კვალიფიციური პროფესიონალის უკან დგას ადამიანი, რომლის ხედვა, მსოფლმხედველობრივი საზრისი, ღირებულებები და ქცევის მოდელები ოდესღაც სადღაც ჩამოყალიბდა. ამ თვალსაზრისით, აღზრდასა და მშობლებთან ურთიერთობას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. ცნობილი ფსიქოლოგი, ესტერ პერელი აღზრდის სამ მოდელზე საუბრობს.

პირველ შემთხვევაში მშობელი შვილს შთააგონებს ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მაძიებელი იყოს. ასეთი აღზრდა ადამიანს ადრეული ასაკიდანვე ნდობას უყალიბებს სამყაროსა და ადამიანების მიმართ. ამ პარადიგმით ცხოვრება საინტერესო და გამოწვევებით სავსე მოგზაურობაა, რომელშიც მშობელი შვილს ლოცვა-კურთხევით უშვებს და შეახსენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის მის საყრდენად რჩება. ასეთ ადამიანებს ნაკლებად აწუხებთ თვითშეფასების პრობლემა ან აღიარების მოთხოვნილების დეფიციტი. ისინი ნაკლებად უჩივიან უსიყვარულობას ან ერთფეროვნებას. ასეთი აღზრდისა და მოპყრობის შედეგად, ადამიანებს პირიქით − გამუდმებით საკონტაქტო წრის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების უწყვეტ ფერხულში ყოფნა სურთ; არ ეზარებათ შრომა და საკუთარი შრომის შედეგის შერგებაც იციან.

აღზრდის მეორე მოდელი ადამიანს ცხოვრების მიმართ პესიმისტურ და უნდობლობით გაჯერებულ პერსპექტივას სთავაზობს. ამ საზრისის მიხედვით, ცხოვრება ომია, ადამიანი კი ულმობელი ცხოველი. ამ პარადიგმაში წარმატება გამართლებაა, ბედნიერება კი ილუზია. ამ თვალსაწიერში შრომა ტანჯვასთან, ტანჯვა კი ცხოვრებასთან არის გაიგივებული. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანებს სულ მცირე შეკავებული აგრესიის პრობლემა აწუხებთ საკუთარი გულუბრყვილობის გამო. როგორც წესი, ასეთი აღზრდა ადამიანს საკუთარ ბრაზში ჩარჩენასა და მუდმივ გარიყულობას უქადის. ეს მოდელი ადამიანს მიჯაჭვულობების მიდრეკილებას უყალიბებს და ართმევს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის გამბედაობას.

მესამე მოდელი ყველაზე სასტიკი და ორაზროვანია. მოცემულ მოდელში მშობელი ფორმალურად თავისუფლებას აძლევს შვილს, მაგრამ სინამდვილეში სინანულისა და დანაშაულის განცდას თესავს მასში. თუ პირველ შემთხვევაში მშობელი შვილს ეტყოდა: "წადი, იცხოვრე, იბედნიერე", მეორეში კი: "არ წახვიდე, დაიღუპები", მესამე მოდელში მშობელი დანანებით მიმართავს შვილს: "წადი, წადი, შვილო, და მე მივხედავ ჩემს თავს რამენაირად". კოგნიტიური დისონანსისთვის დამახასიათებელი ორაზროვნება სრულიად ფიტავს ადამიანს ფსიქიკური ენერგიისგან და არ აძლევს მას საშუალებას, სრულფასოვნად იცხოვროს და შეირგოს საკუთარი წარმატებები. ასეთი პატერნით აღზრდილი ადამიანები, პერელის მიხედვით, სერიოზულ წარმატებებს აღწევენ და არც შრომაზე ამბობენ უარს, მაგრამ ისინი გამუდმებით უკან იყურებიან და არ აძლევენ საკუთარ თავს წინ ღირსი სისწრაფითა და თავდაჯერებულობით გაჭრის უფლებას.

დანაშაულის განცდა ზოგადად ადამიანური აზროვნების ნაწილია. თუ ჯორდან პიტერსონს დავუჯერებთ, დანაშაულის განცდა ის მენტალური მემკვიდრეობაა, რომელსაც ბიბლიური სიუჟეტის რწმენა გადმოგვცემს. თუმცა, როგორც უნდა იყოს, აღზრდის მოდელი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ქცევის პატერნებს და ღირებულებათა სისტემას. სანამ ადამიანი გაუცნობიერებელი არაკომპეტენტურობის საფეხურზე იმყოფება, როდესაც მან არც იცის ის, თუ რა არ იცის, იგი ინერციით მიყვება ოჯახის, სოციუმისა და სხვადასხვა სისტემის მიერ ნაკარნახევ წესებს. თუმცა, ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გარემო მისგან სერიოზულ ტრანსფორმაციას მოითხოვს. ეს ის პროცესია, როდესაც ადამიანი ნელ-ნელა ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას იწყებს და საკუთარი თავის ხელახალი აღზრდის ნაკადში სათითაოდ გადააფასებს ყველა ღირებულებასა და საზრისს. საკუთარ თავზე საფუძვლიანად ნამუშევარი ადამიანი, მისი ბავშვობის სცენარის მიუხედავად, გამოდის კრიზისიდან და პოზიტიურად მოაზროვნე, განვითარებაზე ორიენტირებულ, ჯანსაღ სოციალურ არსებად ყალიბდება. სამსახურებრივ ჭრილში ასეთი თანამშრომლები მადლიერებით გამოირჩევიან. ისინი განსაკუთრებულად აფასებენ კეთილგანწყობილ გარემოს, ზრუნვას, სიყვარულსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ბავშვობაში დააკლდათ. მსგავსი ცხოვრებისეული გამოცდილების ლიდერები კი მაღალი ემოციური ინტელექტით გამოირჩევიან. ისინი წარმატებით ახერხებენ, თავად იქცნენ იმ რწმენისა და სიყვარულის გამტარ ჯანსაღ არხად, რომელიც თავის დროზე დააკლდათ. ასეთი ლიდერები უბრალოებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, ემოციური ემპათიისა და შთაგონების უნარით გამოირჩევიან.

იყო დრო, როდესაც თვითშემეცნება ფუფუნებისა და არჩევანის საგანს წარმოადგენდა. ჩვენს დროში საკუთარი თავის შემეცნების გარეშე ადამიანი სრულყოფილად ცხოვრების ვერცერთ სფეროში ვერ რეალიზდება. როგორი ბავშვობა და აღზრდის მოდელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, არასდროსაა ზედმეტი საკუთარ წარსულში ჩახედვა, იქ მიღებული გამოცდილების გადაფასება, იქიდან ძვირფასი ჯილდოების წამოღება და არასაჭირო პროგრამების გადაწერა. ყველა წარმატებული ადამიანი საკუთარ თავთან ომში გამარჯვებული გმირია, რომელმაც მრავალი წყენისა და იმედგაცრუების მიუხედავად, საკუთარ თავში რწმენა, მადლიერება და სიყვარული იპოვა.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს