Get All Access for $5/mo

როდის ვჩერდებით? I wanna stop. We can't!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

I wanna stop. We can't!

Imagine Dragons. Believer

როდის ვჩერდებით? იქნებ მაშინ, როცა წარმატებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი?

ერთხელ ერთმა ფერმერმა გარდაცვლილი მშობლების დატოვებული წერილით იმ ადგილის შესახებ შეიტყო, სადაც მიწაში დიდძალი სიმდიდრე ინახებოდა. ფერმერი მიწის თხრას შეუდგა. თავდაპირველი შემართების მიუხედავად, ბარის ყოველი პირის ამოღებისას იმედგაცრუება ეუფლებოდა, რადგან განძი არ ჩანდა. რამდენიმედღიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ იმედი ბოლომდე გადაეწურა, თხრას შეეშვა, ხელი ჩაიქნია და გულაცრუებულმა მიწის გაყიდვა და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა გადაწყვიტა.

მიწის ახალმა მკვიდრმა კი ინტერესისთვის ბარით მცირეოდენი მიწა ამოიღო და ჰოი, საოცრებავ! − სიმდიდრე სწორედ იმ ადგილიდან ერთი ბარის პირის სიღრმეზე ყოფილა დაფლული, სადაც ფერმერმა თხრა შეწყვიტა...

რას გვასწავლის ეს ისტორია? რა არის მისი მორალი?

არავინ იცის, რამდენად შორს ან ახლოს ვართ წარმატებასთან, დასახულ მიზანთან. არიან ადამიანები, ვისაც წლები შეუძლია ითმინოს მძიმე შრომა, უარი, იმედგაცრუება, მაგრამ მაინც არ დანებდეს და ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც პირველივე დაბრკოლებისას, ზოგიც შუა გზაზე, ან როგორც ამ ფერმერის შემთხვევაში, ფინიშამდე თითქმის მისული, ფარ-ხმალს ყრის და ნებდება.

ამიტომაც არის, რომ შეუპოვრობა, მით უფრო დროში გამოცდილი, მთავარი თვისებაა, რაც წარმატებული ადამიანის პორტრეტს ძერწავს.

თუ დანებდები, არასოდეს გეცოდინება, რა შესაძლებლობა გაუშვი ხელიდან, რამდენად ახლოს იყავი მიზანთან. დანებება ხომ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ნიშნავს და მანამ არ გეცოდინება, რა გაუშვი ხელიდან, ვიდრე ამ შანსით შენ მაგივრად სხვა არ ისარგებლებს, შენ კი მხოლოდ სხვისი წარმატების პასიური მაყურებლის როლში აღმოჩნდები, როცა თავად შეგეძლო შეგექმნა, თავად შეგეძლო მიგეღწია, თავად შეგეძლო გეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და შენი წარმატებით სხვა ადამიანებისთვისაც მოგეტანა სიხარული და ბედნიერება.

ყველას გვქონია და გვაქვს რთული დღეები, რთული ცხოვრებისეული პერიოდები, რამაც შესაძლოა ადამიანში იმედგაცრუება და დეპრესია გამოიწვიოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს რთული დღე, არამედ არსებობს ჩვენი მტკიცე და ურყევი ხასიათის გამომუშავების დღე. ამიტომაც, უნდა ვიყოთ მადლიერი ყველა იმ რთული დღისთვის, რომელსაც ჩვენი განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის გვჩუქნის განგება!

წარმატებისთვის ბევრი რამეა მნიშვნელოვანი – ნიჭი, უნარები, ცოდნა, იღბალი, მაგრამ მთავარი მაინც გამძლეობის გამოცდის ჩაბარებაა. მთავარია, რამდენს გაუძლებ. რამდენად მტკიცე ხასიათს და ურყევ ნებისყოფას გამოიჩენ! რამდენად შეძლებ, იყო შეუპოვარი, მოთმინებითა და მიზანდასახულობით ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე.

ჟინი, გამძლეობა, გაუტეხლობა, სიჯიუტე ის თვისებებია, რაც ძლიერი ხასიათისა და შეუპოვარი სულისკვეთების ჩამოყალიბებაში დაგეხმარება და თუ ასე შეხედავ, შეიძლება მადლიერიც კი დარჩე ყველა იმ სირთულისა და დაბრკოლებისთვის, რაც ცხოვრებამ ასე უხვად გამოგიგზავნა, მათ გადალახვაში კი შეუჩერებელ და დაუმარცხებელ მეომრად გაქცია, რომლისთვისაც არ არსებობს მოუგებელი ბრძოლა, მოუგებელი ომი!

დავიღალე, უნდა გავჩერდე, მორჩა, საკმარისია – ეს ფიქრები თან სდევს სირთულეებით სავსე ცხოვრებას და დანებებისკენ მოგვიწოდებს, გვიბიძგებს იმისკენ, რომ სირთულეებით სავსე გზას, რომელსაც განვითარებისა და პროგრესისკენ მივყავართ, სიმშვიდე და შეჩვეული კომფორტი ვარჩიოთ.

ასეთ ფიქრებს გასაქანი არ უნდა მივცეთ, არ უნდა დავემორჩილოთ და სანაცვლოდ, კონცენტრაცია საბოლოო მიზანზე მოვახდინოთ, ძალები მოვიკრიბოთ, არ გავჩერდეთ და დღეს იქნება თუ ხვალ, წარმატებაც არ დააყოვნებს!

უნდა გვახსოვდეს, მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ და რა ვითარებაში დავმარცხდით − მთავარია, არასოდეს გავჩერდეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, არასოდეს შევეგუოთ წინააღმდეგობას და განცდილმა მარცხმა არ შეგვაშინოს, დასახულ მიზანზე ხელი არ აგვაღებინოს.

გვახსოვდეს ჩერჩილის გამონათქვამი: "წარმატება სხვა არაფერია, თუ არა მარცხიდან მარცხამდე ბორძიკით სიარული ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე".

დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანებს, მით უფრო ქართველებს, ყველაფერი სწრაფად გვინდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატება დროში გამოიცდება – ვინც გაუძლებს, ის გაიმარჯვებს!

"დაჟინებითი მისწრაფება" – ალბათ საუკეთესო ტერმინია, რაც ასე გვაკლია ქართველებს და რაც ასე ზუსტად ჩამოაყალიბა დიმიტრი უზნაძემ, რომ რაც გვაკლია ქართველებს და რაც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევასა და დოვლათის შექმნაში, ეს არის "დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა"...

"დაჟინებითი მისწრაფება" და "თავდავიწყებითი ჭაპანის წევა" მისურვებია!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge