Cyber Monday Sale! 50% Off All Access

წარმატების წარუმატებლობა სად შევაჩერეთ განვითარება?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

გიფიქრიათ თუ არა, რამდენად ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს წარმატება მომავალში უფრო მეტი წარმატების მისაღწევად?

გახსენდებათ თუ არა წარმატებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ისე ვეღარ აღგვაფრთოვანებენ თავისი უნიკალური მიღწევებითა და პროგრესულობით, როგორც ერთ დროს?

წარმატებული რეჟისორი, რომელიც ვეღარ იღებს შედევრებს, წარმატებული სპორტსმენი, რომელიც ვეღარ იპყრობს ახალ მწვერვალებს, წარმატებული მეცნიერი, რომელიც ვეღარ გვაოცებს ახალი აღმოჩენებით, წარმატებული მუსიკოსი, რომლის ნაწარმოები მალევე მიეცემა დავიწყებას...

ეს ჩამონათვალი შესაძლოა, უსასრულოდ გავაგრძელოთ... წარმატებული ადამიანები, ნაცვლად საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელებისა და მუდმივი განვითარებისა, პრივილეგირებულნი და წარმატებულობის ხიბლში მყოფნი, ხშირად უარს ამბობენ ახალ იდეებზე, ახალ აღმოჩენებზე, ახალ, საინტერესო მოგზაურობაზე და წარმატებულის სტატუსით ტკბობას განაგრძობენ.

სად შევაჩერეთ განვითარება?

სკოლის დამთავრებისას? უნივერსიტეტის? სამსახურში დაწინაურებისა თუ ბიზნესში მიღწეული წარმატების შემდეგ? პოპულარობის მოხვეჭისა და მიმდევრების გაჩენის შემდეგ?

ადამიანთა ნაწილი, ერთხელ რომ მოიპოვებს აღიარებას, ერთხელ რომ შექმნის რაიმე უნიკალურს და მოიპოვებს წარმატებულის სტატუსს, მზად არის ამ სტატუსით გააგრძელოს კომფორტის ზონაში ცხოვრება და არ დაარღვიოს საკუთარი მყუდროება ახალ, ხშირად დისკომფორტის მომგვრელ, მაგრამ საინტერესო გამოწვევებთან შეჭიდებით.

ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ხომ ცნობისმოყვარე ბავშვისას ჰგავს, როცა ყველაფერი უნდა გვაინტერესებდეს, კითხვებს უნდა ვსვამდეთ და ვტკბებოდეთ სამყაროს შემეცნების უაღრესად სასიამოვნო პროცესით.

წარმატებული ადამიანი კი კითხვის დასმას მოერიდება. მან ხომ ყველაფერი იცის. ის ხომ წარმატებულია...

არადა, დადგენილია, რომ ადამიანის გონებას, როგორც მშიერს საჭმელი, ისე სწყურია სწავლა, ახალი ცოდნა, შემეცნება, ცნობისმოყვარეობა, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად იცნობს მას სოციუმი.

სწორედ სოციუმის მიერ მოკერებული წარმატებულის სტატუსი, ბევრი ადამიანისთვის, შესაძლოა, პერსონალური თუ პროფესიული განვითარების გზაზე, ერთგვარ ბარიერად იქცეს.

"მარადმწვანე სტუდენტი" თუ ერთ დროს დამცინავ და შეურაცხმყოფელ სტატუსად მიიჩნეოდა, დღეს ყველაზე აქტუალური ტერმინი უნდა იყოს! მაგრამ მოისურვებენ კი "მარადმწვანე სტუდენტობას" წარმატებული ადამიანები?! ისინი ხომ უკვე წარმატებულები არიან? მათ ხომ ერთხელ უკვე დაასრულეს სწავლა? მათ ხომ უკვე ყველაფერი იციან? ახლა კი სხვებს თუ ასწავლიან და დაარიგებენ ჭკუას, თორემ თავად რაღა უნდა ისწავლონ?

ადვილია, შეიყვარო წარმატება და დაკმაყოფილდე მიღწეულით. კმაყოფილება კი სტაგნაციას იწვევს. ამიტომაც, უარი თქვით თვითკმაყოფილებაზე, არ დაკარგოთ ახალი მწვერვალების დაპყრობის მწველი სურვილი, დაისახეთ ახალი მიზნები და დაუღალავად იმუშავეთ მათ მისაღწევად!

რადგან თუ გაჩერდები და აღარ მოინდომებ განვითარებას, არ ამოირჩევ ახალ სამიზნეს, რაც უნდა წარმატებული იყო, შენი მონდომება ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც წარსულში, როცა წარმატების მისაღწევად დაუღალავად შრომობდი, რადგან ჩათვლი, რომ შენ უკვე მიაღწიე წარმატებას და ახლა დასვენებისა და მიღწეულით ტკბობის დროა.

რა უნდა იყოს ჩემი შემდეგი მიღწევა? ესაა შეკითხვა, რომელიც ყველა წარმატებულმა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს და ახალი წარმატების მისაღწევად დაიწყოს ფიქრი და მუშაობა, ოღონდ არა როგორც უკვე წარმატებულმა, არამედ როგორც დამწყებმა, რომელიც მთელი არსებით ისწრაფვის სწავლის, განვითარების, გაფართოებისა და გაზრდისკენ!

ამას წინათ, ერთ ცნობილ თანამედროვე ავტორთან საინტერესო ეპიზოდი წავიკითხე – მასწავლებელი მოსწავლეს ფინჯანში ჩაის უსხამს, ჭიქა ივსება, მაგრამ მასწავლებელი აგრძელებს დასხმას, ამატებს და ამატებს ჩაის, რომელმაც უკვე ლამბაქიც შეავსო და მაგიდაზეც დაიღვარა, მაგრამ მასწავლებელი მაინც არ ჩერდება.

მოსწავლის შეკითხვაზე, თუ რატომ იქცეოდა ასე უცნაურად, მასწავლებელმა უპასუხა – შენი შინაგანი მდგომარეობა ამ ჩაის ფინჯანს ჰგავს, რომელიც მუდმივად სავსეა. შესაბამისად, როცა ახალ სითხეს ცარიელი ადგილი არ ხვდება, იღვრება და იკარგება. შენ, ისევე, როგორც შენი ფინჯანი, სავსე ხარ შენი იდეებით, ახალი აზრებისთვის, ახალი ცოდნისთვის კი ცარიელი ადგილი აღარ გაქვს და არც გექნება, თუ თავად არ დაცალე ფინჯანი და არ მომეცი საშუალება, შეგივსო ახალი სითხით.

იცნობთ ადამიანებს, რომელთა ჭიქა მუდმივად სავსეა? დარწმუნებული ვარ, იცნობთ! შესაძლოა, თქვენი ჭიქაც სავსეა...

და თუ ასეა, თუ გსურთ, ერთ წარმატებას მეორე დაუმატოთ, მესამეს მეოთხე და წარმატების მიღწევა, ახალი მწვერვალების დაპყრობა არა ერთჯერად ამოცანად, არამედ სიცოცხლის თანმდევ მუდმივ პროცესად აქციოთ, მაშინ დაცალეთ ფინჯანი!

რა სჯობს ახალ, ცხელ, არომატულ ჩაის...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს