Buildy - ქართული აპლიკაცია, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა მომწოდებლის სამშენებლო და სარემონტო მასალებს აერთიანებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რემონტი და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ხშირად დამღლელ და შრომატევად პროცესთან ასოცირდება, რომელიც უამრავ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბაზარზე არსებული მომწოდებლების შესწავლა, პროდუქტების ფასებისა და ხარისხის შედარება, ადგილზე მისვლა, ამ ყველაფრის არჩევა, შეძენა და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება - სწორედ ის პროცესებია, რომელიც თეო ზანგურაშვილმა გუნდთან ერთად Buildy-ის აპლიკაციაში გააერთიანა.
ბილდის აპლიკაცია ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ისა და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია "სიემსის" ინდუსტრიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა.
დღეს თანამედროვე, აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანს ნაკლებად აქვს იმის დრო, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული და ინდივიდუალურად ეწვიოს ყველა მაღაზიას პროდუქტის შესარჩევად. Buildy-ში კი მათთვის ყველაფერს ერთ სივრცეში მოუყარეს თავი, სხვადასხვა მომწოდებლისგან შერჩეულ მასალებს კი ერთი კურიერი აერთიანებს და მოკლე დროში მიაქვს მომხმარებლამდე. კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებელს გაუმარტივონ რემონტის/მშენებლობის პროცესი და მეორე მხრივ, მასალების მომწოდებლებს დაეხმარონ ბიზნესის გაციფრულებაში და მათთვის შექმნან ონლაინგაყიდვების ახალი წყარო - https://buildy.ge/.
"ვფიქრობ, ბიზნესის დაწყება, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური სტარტაპის ნებისმიერ დროს მოითხოვს გამბედაობას, რადგან დაწყების დროს არასდროს ვიცით რა შედეგებს მივიღებთ და როგორ მიიღებს ახალ პროდუქტს მომხმარებელი, მაგრამ ვიცით რატომ ვიწყებთ ამ საქმის კეთებას და ვფიქრობ, ამ კითხვაზე მკაფიო და ნათელი პასუხის ქონით, წარმატების მისაღწევად ყველაზე დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმული გვაქვს.
სამშენებლო სფერო დღეს ძალიან სწრაფად ზრდადია, ჩვენი მიზანი არის, რომ სწორედ ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ინდუსტრია გავაციფრულოთ და ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვით ამ სფეროში არსებული პროცესები გავამარტივოთ როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე სამშენებლო კომპანიებისთვის - ამ ამბიციური მიზნის უკან კი, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიმამაცე დგას", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თეო ზანგურაშვილი, Buildy-ის აღმასრულებელი დირექტორი და Noxtton-ის პარტნიორი.
დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისას რესპონდენტს უამრავი გამოწვევის გადალახვამ მოუწია, ვინაიდან მსგავსი ინდუსტრიის გაციფრულება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებას მოითხოვს. როგორც თავად გვიყვება, თავდაპირველად ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა იდეას, თუმცა დღეს ყველა ოპერაციული, ტექნიკური თუ ლოჯისტიკური გამოწვევა გადალახულია და უნიკალური ციფრული პროდუქტის დახმარებით მომხმარებელს უკვე შეუძლია, სამშენებლო და სარემონტო მასალები "ბილდის" აპლიკაციაში ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძინოს.
"რაც შეეხება გენდერულ გამოწვევებს, სამშენებლო სფერო და ტექნოლოგიები დღეს ალბათ ორი ის სფეროა, სადაც ქალების ჩართულობის ნაკლებობას გლობალურად განვიცდით. სტერეოტიპებთან გამკლავება სამშენებლო ტექკომპანიის მართვის დროს, როგორც ყველას, მეც მიწევს, მაგრამ ჩემთვის ეს ერთგვარ მოტივაციის წყაროდაც იქცა, რაც უფრო მეტი ქალი დაარღვევს ამ სტერეოტიპებს, უფრო მოკლე დროში მივალთ იქამდე, რომ ქალების რომელიმე პროფესიაში ცალკე განხილვის საჭიროება აღარ გვქონდეს.
ჩემი მთავარი რჩევა იმ ქალების/გოგოების მიმართ, ვისაც საკუთარი საქმიანობის დაწყება უნდა, იქნება ის, რომ. პირველ რიგში .აკეთონ და აირჩიონ ის საქმე, რომელიც უყვართ და სიამოვნებას ანიჭებთ, სხვანაირად სხვა ყველა რჩევა არაფრის მომცემი იქნება. ასევე, დასაწყისში მზად უნდა იყვნენ, რომ მარტივი არ იქნება, ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწევთ, მაგრამ სწორედ ეს გამოწვევები გაგხდით უფრო ძლიერს და ყოველ მომდევნოს უფრო მარტივად გადალახავთ.
რაც შეეხება გოგონებს, ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში აღარ არის იმის დრო, რომ რაიმე არ გავაკეთოთ ჩვენი გენდერის გამო, გქონდეს სურვილი, რაიმე აკეთო და თავს იკავებდე გარე ფაქტორების, სტერეოტიპების გამო, ჩემი აზრით, დიდი დანაშაულია, რადგან ყველა ადამიანის პოტენციალი უსაზღვროა, მთავარი არის ჩვენს თავს ამის აღმოჩენის, გააზრებისა და მიზნების განხორციელების საშუალება მივცეთ", - განმარტავს Buildy-ის აღმასრულებელი დირექტორი.
თეო ზანგურაშვილისთვის ანტრეპრენერობა, პირველ რიგში, ცხოვრების სტილია. ანტრეპრენერია ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ყოველდღიურ დაბრკოლებებში ახალი შესაძლებლობების დანახვა და მისი სწორად გამოყენება. ანტერპრენერი მუდმივი განვითარებისა და სწავლის პროცესშია. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არ ჩერდება და ამ ადამიანებისთვის ფინიშის ხაზი არ არსებობს, მათ თვალთახედვაში ყოველთვის ბევრი გეგმა, მიზანი და ოცნებაა. ამ ყველაფერში კი უმნიშვნელოვანესია ის ინსპირაცია, რომელიც ანტრეპრენერს ყველა დასახული გეგმის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებაში ეხმარება.
"ინსპირაციის მთავარი წყარო ჩემი გუნდის წევრები არიან, როდესაც მათი მოტივაციით სავსე თვალებს ვუყურებ, ჩემი ენერგიაც ორმაგდება და შეუძლებელად აღარაფერი მეჩვენება.
ასევე, ჩემთვის მოტივიაციის და ინსპირაციის ძალიან დიდი წყარო ჩემი სტუდენტები არიან, მათთან ურთიერთობით მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ ყოველდღიურად".
სამომავლოდ, Buildy-ის გუნდი გეგმავს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუმარტივონ სარემონტო პროცესი და პარალელურად, აპლიკაციაში ყოველდღიურად გაზარდონ პროდუქტების ასორტიმენტი. შედეგად, მომხმარებელი მისთვის საჭირო, ნებისმიერი კატეგორიისა და ბრენდის პროდუქტის მოძიებას შეძლებს, შეძენის შემდეგ კი ყველაფერს ერთი კურიერი მიუტანს. ამასთან, თეო ზანგურაშვილი გეგმავს, უახლოეს მომავალში გაზარდოს გუნდიც და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის დახმარებით, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილება შექმნან ბაზარზე.
Buildy-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-იდან, ასევე Play Store-დან:
App Store: https://shorturl.at/adzZ4
Play Store: https://shorturl.at/amrGJ