ნათია სართანია -კრეატიული ანტრეპრენერი კრეატიული განათლებისთვის მთავარი ფული არაა. მთავარი საქმეა, რომელიც მიყვარს!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"შემოქმედებითი განათლების სტუდია" (Creative Education Studio – CES) შვიდი წლის წინ შეიქმნა. მისი სულისჩამდგმელი, ნათია სართანია პროფესიით პიანისტია. მის ცხოვრებაში მუსიკას ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ კლასიკური მუსიკით იყო დაინტერესებული, შემდეგ კი ჟანრების მთელი მრავალფეროვნება რადიოს დახმარებით აღმოაჩინა. მეტიც – ლონდონის კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად, DJ-ეობაც დაიწყო და ასე გადაიქცა კლასიკური მუსიკის პიანისტი დიჯეიდ და პროდიუსერად, სასცენო ფსევდონიმით – sTia. 10 წლის წინ დაიწყო ძებნა ადამიანის, რომელიც მისი ელექტრონული ხმაურის პარტიტურას ფორტეპიანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისა და სხვა ინსტრუმენტებისთვის დაწერდა, თუმცა საკმაოდ უსიამოვნო რეალობას შეეჯახა: ამგვარი ადამიანი ფაქტობრივად არ იძებნებოდა; მიზეზი კი ის იყო, რომ თანამედროვე მუსიკალური განათლება და პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ქართულ სასწავლებლებში არ არსებობდა. და აი, სწორედ მაშინ გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა CES-ის იდეაზე.
პროფესიული წიაღსვლები
ნათია სართანიას გამზრდელი ბებია პიანისტი გახლდათ და იმ პერიოდისთვის ტიპურად, მოსწავლეებს შინ იღებდა. შესაბამისად, გოგონასთვის კლასიკური მუსიკა ყოველდღიურობა გახლდათ. მის ცხოვრებაში ფორტეპიანოს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა და ამ ინსტრუმენტის სრულყოფილად დაუფლებისთვის, საათობით მეცადინეობდა. ნათია იმ ბავშვების რიცხვში ნამდვილად არ შედიოდა, რომლებიც მოვალეობის მოხდის მიზნით სწავლობდნენ გამებს, სოლფეჯიოს, ან მუსიკის ისტორიას.
როცა წამოიზარდა, მისაღები გამოცდები კონსერვატორიაში ჩააბარა და კლასიკური მუსიკის შესწავლა გააგრძელა.
პირველი დიდი გადატრიალება კი მის ცხოვრებაში მაშინ მოხდა, როდესაც ჩაბნელებულ 1990-იან წლებში სააბაზანოში სანათი შეიტანა. სანათს რადიომიმღები ჰქონდა, რომლის მეშვეობით საქართველოში პირველი FM-რადიოტალღა დაიჭირა და Earth, Wind & Fire მოისმინა.
"მივაგენი ისეთ ადამიანებს, რომელთაც ჩემნაირი გემოვნება ჰქონდათ. იმ პერიოდში მეგონა, ამ მუსიკას სულ 20 ადამიანი ვუსმენდით. მაშინ საქართველოში ცხოვრება ძალიან რთული იყო, მუსიკას ერთმანეთისგან კასეტებით ვიწერდით". მოგვიანებით რადიოში მეგობარი აღმოაჩინა, რომელიც იქ მუშაობის დაწყებაში დაეხმარა. ასე გახდა ნათია რადიოწამყვანი. შემდეგ, როცა სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში გაემგზავრა, თბილისში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა და რადიოში მუშაობას აგრძელებდა.
ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ლონდონმა მოახდინა. "იქ აღმოვაჩინე Drum'n'Bass და შევეცადე ეს ჟანრი საქართველოშიც შემომეტანა". სამშობლოში აღნიშნული ჟანრის პოპულარიზაციას შეუდგა. ამ პერიოდში დაიწყო დიჯეობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ sTia ერთ-ერთი პირველი ქალი დიჯეი იყო თბილისში.
CES-ის შექმნისა და განვითარების ისტორია
კლასიკური მუსიკისადმი ინტერესმა ლონდონშივე იკლო. იმავე პერიოდში პირველი შვილი შეეძინა და სწორედ მაშინ შეეშვა პიანისტობას. "გადავედი ელექტრონული მუსიკის წარმოებაზე. CES-იც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიქმნა. ახლა ძალიან ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენაა მისი არსებობა, მაშინ კი ეს იდეა სრულიად არაორდინარულად ჟღერდა. აქ რომ ჩამოვედი, კონცერტი დამიკვეთეს. მინდოდა სიმებიანი კვარტეტის, ტრადიციული ინსტრუმენტებისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავი ცოცხლად დამეკრა. მსურდა, ჩემი შექმნილი ელექტრონული ტრეკების პარტიტურა დამეწერა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ინსტრუმენტალისტების პოვნა ძალიან მარტივი იყო, პარტიტურის დაწერა კი, რომელიც ელექტრონული მუსიკის გაცოცხლებას მოიაზრებდა, სრულიად წარმოუდგენელი. გაუკვალავ ტყეში აღმოვჩნდი. სწორედ ამ მომენტში გამიჩნდა სასწავლებლის შექმნის იდეა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლებაზე არასოდეს მიოცნებია". უნდოდა, საქართველოში ის თანამედროვე პროფესიები და დისციპლინები შემოეტანა, რომლებიც სფეროს განვითარების შანსს მისცემდა, ახალი თაობის პროფესიონალებს გამოზრდიდა.
"არსებობის შანსი CES-ს ჩემმა მეგობარმა, კახა წამალაიძემ მისცა. სწორედ მან გამოთქვა მზადყოფნა, ამ წამოწყებაში ინვესტიცია დაებანდებინა. "ბრიტანულ-ქართული აკადემია" მისი აწყობილია და შესაბამისად, გამოცდილებაც დიდი ჰქონდა. ამასთან, ის ფაქტიც დამეხმარა, რომ ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავდა". "შემოქმედებითი განათლების სტუდია" მეგობრების ინიციატივით შეიქმნა.
CES-მა მუშაობა 2011 წელს ორი კურსით დაიწყო. გვაჯი (გიორგი გვარჯალაძე) ხმის ინჟინერიას 11 სტუდენტს ასწავლიდა. პარალელურად, 4 სტუდენტი გრაფიკული დიზაინის კურსს გადიოდა. 7 წელიწადში უკვე 1500 სტუდენტი გამოუშვეს. სხვათა შორის, დღეისათვის 11-ივე წარმატებული პროფესიონალია. "თვითგადარჩენაზე ვმუშაობდით. ერთდროულად ვიყავი დამლაგებელიც, დარაჯიც და ვორქშოფების წამყვანიც. სკამები და ჭიქები შინიდან მომქონდა, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, წამოწყებულ საქმეს არ შევეშვით. პირველსავე წელს ჩამოვყალიბდით როგორც კომუნა. კურსებს ეტაპობრივად ვამატებდით".
პირველი კურსდამთავრებულების სიაში შედიან ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორებიც არიან DR. LOVE – სთრით არტისტი, ნიკა ჭავჭავაძე – ამჟამად CES-ის Ableton Live-ის კურსის ხელმძღვანელი, და ნიკა დავითაშვილი, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს და Tesla-ს პროექტშია ჩართული.
CES-ს მალევე შეემატა დიჯეინგის კურსი, რომელსაც გიო შენგელია უძღვება. Songwriting-ისა და მუსიკათწარმოების კურსს კი ნიკა მაჩაიძე და ტუსია (TBA) ბერიძე ხელმძღვანელობენ. დაარსების დღიდან სასწავლებელი 2 მიმართულებით მუშაობს – ხმა (Sound) და დიზაინი.
კურსები ერთმანეთისგან სასწავლო მასალის რაოდენობისა და ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ხმის ინჟინერიის კურსი 1 წელი გრძელდება. წელიწადში 40-50 ადამიანს იღებენ, სერტიფიკატის აღებას კი მხოლოდ 30-35 მათგანი ახერხებს – ისინი, ვინც კურსის დატვირთვას ბოლომდე უძლებენ.
ხმის ინჟინერიის ლექციები კვირაში ორჯერ ტარდება. სალექციო კურსს, საერთო ჯამში, 4 საათი ეთმობა, თუმცა აქ მთელი დატვირთვა თვითგანვითარებაზე მოდის. მთავარია, სტუდენტმა CES-ის სტუდიებში პრაქტიკული მეცადინეობები არ დაიზაროს. სტუდიები მუდმივად დაკავებულია, მსურველები წინასწარ ეწერებიან. "ძალიან ბევრი სამუშაოა, უამრავი დავალება. სტუდენტები მოდიან, ვარჯიშობენ, პროექტები აქვთ – ჩაწერა, დამიქსვა და მასტერი. გვყავს მოწაფეები, რომლებიც ყოველდღე დადიან. არსებობენ ისეთები, რომლებიც ზარმაცობენ. მიუხედავად იმისა, რომ ლექციების დრო კვირაში მხოლოდ 4 საათია, მინიმუმ 8 საათი პრაქტიკულ მეცადინეობებს უნდა დაეთმოს, რადგან სწორედ პრაქტიკაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენი მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა სტუდიაში გადიან პრაქტიკულ ჩაწერებს. CES-ში 5 სტუდია ფუნქციონირებს – პირველ მათგანში დიზაინერები მეცადინეობენ, მეორე სტუდია მთლიანად კინოსარეჟისორო კურსის სტუდენტებს ეთმობა, მესამეს გრაფიკული დიზაინერები და ვიზუალური მედიახელოვნების სტუდენტები იყოფენ, მეოთხეში ხმის ინჟინერიას, მუსიკის წარმოებას, ხმის დიზაინს, სინთეზის კურსს, მუსიკის თეორიას, Ableton Live-ს შეისწავლიან, მეხუთე სტუდია კი დიჯეინგის კურსის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.
CES-ში ასევე ტარდება ინდივიდუალური გაკვეთილები გიტარის შესწავლის მსურველთათვის, რომელსაც ლევან შანშიაშვილი უძღვება. ძალიან პოპულარულია ლადო კობახიძის გრაფიკული დიზაინის პროგრამა, რომელსაც წელიწადში 150 სტუდენტი ესწრება.
"სწავლის დაწყებამდე უნდა მოხვიდეთ, ან მოგვწეროთ, დარეგისტრირდეთ და დაესწროთ ღია კარის დღეს. არის შემთხვევები, როცა ზუსტად არ იციან რისი შესწავლა სურთ. შესაძლოა კურსის სახელითაც ვერ მიხვდნენ, რომელი პროგრამა აინტერესებთ. ამიტომ ვუხსნით, საიდან სჯობს სწავლის დაწყება. შესაძლებელია ინდივიდუალური დაგეგმვაც. ასე ბევრი მოსწავლე იქცევა".
CES-ში ამჟამად 15-მდე პედაგოგი ჰყავთ, "და რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ჩვენი პედაგოგების 40% ჩვენი ყოფილი სტუდენტია".
CES Records! მალე!
ცოტა ხნის წინ ნათია სართანია კიდევ ერთ რთულ საქმეს შეეჭიდა. სულ მალე CES Records შეიქმნება – ლეიბლი, რომელზეც სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოვა. შეკითხვაზე, როგორია ლეიბლზე მუშაობა, სართანია ერთი სიტყვით გვპასუხობს: "ძალიან რთული! თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიმული დიდია, რადგან CES Records-ზე "შემოქმედებითი განათლების სტუდიის" სტუდენტების ჩანაწერები გამოვა. მაგალითად, ეთო გელაშვილის ერთი სიმღერა, რომელიც ტუსიას ხმის წარმოების კურსზე დაწერა და ჩვენს პირველ კომპილაციაში შევა. ლეიბლის შექმნა ჩვენი სტუდენტებისთვის კიდევ მეტი ხელშეწყობაა".
CES Records კონკრეტულ ჟანრზე ფოკუსირებას არ აპირებს. ლეიბლი იმ სტუდენტების ნამუშევრებს გააერთიანებს, რომლებიც ღირებული პროდუქტის შექმნას მოახერხებენ – არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მუსიკალურ ჟანრში.
შემდგომი ეტაპი ჩანაწერების გავრცელებაა. შესაძლოა მუსიკაც გქონდეს, ფინანსებიც, მაგრამ ფასი არაფერს აქვს, თუკი შესაბამისი დისტრიბუტორი არ გყავს. საქართველოში კი, სამწუხაროდ, დისტრიბუცია არ არსებობს. ერთადერთი მაღაზია, რომელშიც მუსიკალური პროდუქციის გაყიდვაა შესაძლებელი, Vodkast-ია. სწორედ აქ ვაპირებთ ჩვენი ფირფიტები ლოკალურად გავავრცელოთ, მაგრამ მთავარია, მისი გაყიდვა საზღვრებს გარეთ მოვახერხოთ".
კიდევ ერთ სირთულეს ის წარმოადგენს, რომ CES-მა უკვე 3 სახლი გამოიცვალა: რამიშვილის 40-კვადრატულ მეტრიანი პატარა ოთახის შემდეგ, ფალიაშვილის ქუჩაზე, შედარებით მოზრდილ სტუდიაში გადავიდა, ბოლოს კი ბინა "ფაბრიკაში", ნინოშვილის 8 ნომერში დაიდო. "ჩვენი ყოველი გადასვლა ახალი სტუდიების მოწყობას საჭიროებს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული". ძვირადღირებული სიამოვნებაა აპარატურის შეძენა და საქართველოში ჩამოტანაც. CES-ისთვის კი უახლესი აპარატურა და სტუდიის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად მოწყობა უპირველესი პრიორიტეტია. "რა თანხაც უნდა შემოვიდეს, ყოველთვის რეინვესტირებას ვაკეთებთ. ვცდილობთ განვითარებას, ახალი აპარატურის შეძენას. რომ გითხრათ, აქ ფინანსური დაინტერესების გამო ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. იმიტომ კი არა, რომ შემოსავალი არ გვაქვს, უბრალოდ, მირჩევნია ამ ფინანსებით რამე ვიყიდო, განვაახლო. ტექნოლოგია წინ მიდის და ტენდენციებს უნდა დავეწიოთ. შესაბამისად, ეს საქმე ფინანსურად მიმზიდველი სულაც არ არის, ან მე არ ვარ ამ კუთხით ყოჩაღი. ჩემთვის მთავარია, რომ ის, რისიც მჯერა და მიყვარს, ნამდვილად მუშაობს".
აქედან გამომდინარე, ცხადია, CES-ის გახსნისას ნათიას მოტივაცია ფინანსური არ ყოფილა. საერთაშორისო პრაქტიკაც იმას ამტკიცებს, რომ მსგავს სკოლებს ხშირ შემთხვევაში თავის შენახვაც კი უჭირთ.
"არასოდეს მიფიქრია ფინანსურ სარგებელზე. თუკი მხოლოდ ფულის შოვნით ხარ დაინტერესებული, წახვალ და სახინკლეს გახსნი. აპარატურა და პროფესიული აღჭურვილობა ძალიან ძვირი ჯდება. საზღვარგარეთ მსგავს სტუდიებს მრავალი პარტნიორი ჰყავთ, რომლებიც აპარატურით უზრუნველყოფენ. ჩვენ კი ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც "თიბისი ბანკმა" Generic-ის აპარატურით დაგვასაჩუქრა".
ნათია სართანიას პროექტი 7 წელია ვითარდება. "ჩვენ ფაქტობრივად თაობა აღვზარდეთ. დიდი კომუნა ჩამოვაყალიბეთ. ყველა სტუდენტი ერთმანეთს ეხმარება. სხვადასხვა კომპანია ხშირად მოგვმართავს, როცა DJ, დიზაინერი, შემსრულებელი ან ხმის რეჟისორი სჭირდება. დიდი საქმე კეთდება", – სიამაყით აცხადებს ნათია. "სადაც უნდა წავიდე, ყველგან ჩვენი აღზრდილი გვხვდება და სწორედ ეს შეგრძნებაა ყველაზე კარგი".