თეონა თავართქილაძე ანტრეპრენერის ამპლუაში Beauty and The Box
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რა დევს ყუთში? – სწორედ ამ შეკითხვამ შეიპყრო მთელი მსოფლიო, როდესაც რამდენიმე წლის წინ, ეგრეთ წოდებული Beauty Subscription Box სერვისი გამოჩნდა. წარმოიდგინეთ: იწერთ კოსმეტიკური პროდუქტებით დატვირთულ ამანათს და არ იცით, გახსნის დროს რას აღმოაჩენთ. თუმცა, ნებისმიერი მსგავსი საიტი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ასაკი, კანის ტიპი, თმის ფერი და მსგავსი მნიშვნელოვანი მახასიათებლები გათვალისწინებული იქნება. მცირე დანახარჯით, შესაძლოა ცნობილი ბრენდის სუნამო, რუჟი, სახის გამწმენდი ლოსიონი, თვალის ლაინერი, ყინულოვანი ნიღაბი, ან სულაც, ყველაფერი ერთად მიიღოთ. ბრენდული ტესტერებით "გაძეძგილ" ბოქსებს საქართველოშიც ბევრი იწერს. თეონა თავართქილაძე კი პირველია, რომელმაც სერვისი გააქართულა და კომპანია Beauty and The Box შექმნა.
თავადაც იყო მსგავსი სერვისის გამომწერი. შემდეგ მის საბანკო ბარათს ვადა გაუვიდა, ტექნიკური პრობლემის მოგვარება დროში გაიწელა და თეონა ამანათების გარეშე რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩა. ლოდინი კი ნამდვილად გაუჭირდა და იფიქრა, რომ მასავით ბევრი იქნებოდა ბოქსებზე "დამოკიდებული". სწორედ ამ დროს გაუჩნდა იდეა, კომპანია თავად დაეარსებინა.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს მეგობარს, თანამშრომელსა თუ ოჯახის წევრს ყოველთვე მოუსვენრობა იპყრობს, სანამ ამანათს მიიღებდეს, შემდეგ კი ლამაზად შეფუთული მომცრო ყუთის გახსნისას, ერთი სული აქვს, შიგთავსი შეამოწმოს. "დღეს სილამაზის სფეროში ერთ-ერთი ახალი ტენდენცია მსგავსი ბოქსებია. ვიფიქრე, რატომ არ უნდა გვქონდეს საქართველოშიც? ორი დანიშნულება აქვს – თუკი არ გაქვს საშუალება, ძვირადღირებული პროდუქცია შეიძინო, შეგიძლია მაღალი ხარისხის ბრენდების ტესტერები გამოიწერო. ან უბრალოდ, სრულფასოვანი პროდუქტის შესყიდვამდე გატესტო, ერგება თუ არა შენს გემოვნებას".
როგორც თავად ამბობს, მთავარი გამოწვევა პროექტზე მუშაობის დაწყებისას ის იყო, რომ ბოქსის ღირებულება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. თეონას პერფექციონისტული ხასიათიდან გამომდინარე კი შრომა გაორმაგდა – ავტორს სურდა შეფუთვიდან, ყუთიდან და ყუთში ჩაფენილი ქაღალდიდან დაწყებული, კოსმეტიკით დამთავრებული, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და გამორჩეული ყოფილიყო. "კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნა მქონდა – ყოველ ყუთს თან ჟურნალი უნდა მოჰყოლოდა, რომელშიც იმ კოსმეტიკური საშუალებების განმარტება და ღირებულება იქნებოდა მოცემული, რომელთაც ბოქსი შეიცავდა".
თეონა თავართქილაძემ, უპირველესად, პარტნიორი კომპანიების მოძიება დაიწყო. Beauty and The Box ხომ, ფაქტობრივად, სარეკლამო პლატფორმაა იმ ბრენდებისთვის, რომელთაც სურთ ტესტერები ყუთში მოახვედრონ და რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მომხმარებელს გაასინჯონ თავიანთი პროდუქცია. ეს არის სარეკლამო პლატფორმა იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. რაც მეტი ადამიანი გასინჯავს მათ ნაწარმს, მით მეტი დაბრუნდება შესაძენად. Beauty and The Box კი უზრუნველყოფს, რომ ეს ტესტერები დაინტერესებულ ადამიანებამდე მიიტანოს.
"ჩემთვის პრიორიტეტული პროდუქციის ხარისხია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თავიანთ ტესტერებს მიგზავნიან, ხშირად, თუკი თავის მოვლის რომელიღაც საშუალება ძალიან მომწონს, თავადაც ვყიდულობ".
გამომწერებს ბოქსი ყოველი თვის დასაწყისში მისდით. მთავარი აქცენტი სეზონზეა გამახვილებული. ყველაფერი, რაც ამანათშია მოთავსებული, კონკრეტული სეზონისა და თვის შესაფერისია. მაგალითად, თუკი აგვისტოს ყუთში ყინულოვან ნიღაბს და მზისგან დამცავ ლოსიონს აღმოაჩენთ, დარწმუნებულები იყავით, რომ ჩაშავებულ და გადაღლილ თვალებთან მებრძოლ ყინულოვან სათვალეს იანვრის ან თებერვლის ბოქსში ვერასოდეს იპოვით. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზაფხულს სიგრილე და ყინული უხდება – თეონა თავართქილაძე ამბობს, რომ ამანათში ერთხელ შესული კოსმეტიკური ნაწარმი შემდგომ ბოქსებში აღარ განმეორდება.
"ყოველი თვის შიგთავსი უნიკალურია. ის, რაც მაგალითად, აგვისტოს ყუთში დევს, ზუსტად უნდა ერგებოდეს ზაფხულის ტენდენციებს. უპირველესად, სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ საქმის კურსში – ვიცოდეთ, რა ტრენდებია კოსმეტიკის სფეროში და რომელია Must Have პროდუქტი კონკრეტულ სეზონზე".
ამანათებში მოხვედრის შანსი ყველა იმ ბრენდს აქვს, რომელიც ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია. მათ შორისაა ქართული კოსმეტიკური ბრენდებიც. მაგალითად, აგვისტოს ბოქსში "ეიფორიას" მბზინვარე ზეთს მიიღებთ.
Beauty and The Box-ის შექმნისას თეონას მთავარი მოთხოვნა იყო, ნებისმიერ მომხმარებელს, ფინანსური შესაძლებლობებისა თუ გემოვნების მიუხედავად, თავისი შესაფერისი ერთი პროდუქტი მაინც აღმოეჩინა. "ისიც საქმეა, თუკი რაიმეს გამოიყენებენ და მიხვდებიან, რომ ესა თუ ის ნაწარმი არ მოსწონთ ან არ უხდებათ. შესაძლოა, ყუთში Guerlain-ის 300 ლარად ღირებული სუნამოც იპოვოთ, მის გვერდით კი 25-ლარიანი სახის კრემიც. გვაქვს როგორც ტესტერები, ისე სტანდარტული ზომის კოსმეტიკა. ბოქსში არსებული პროდუქციის უმეტესობა საქართველოშიც იყიდება, თუმცა ყოველი თვის ამანათში აღმოაჩენთ თითო პროდუქტს, რომელიც მხოლოდ გამომწერს ექნება, რადგან ის საქართველოში არ იყიდება. ეს ხომ ქართული Beauty Box-ია და რატომ უნდა გავუშვათ მომხმარებლები Amazon.com-ზე საყიდლად?"
კოსმეტიკის ნაწილს თეონა თავართქილაძეს სხვადასხვა კომპანია თავად აწვდის. "თავდაპირველად ყველაფერს ვტესტავთ. თუკი მივიჩნევთ, რომ ხარისხი მაღალია, ბრენდის და ფასის მიუხედავად, ბოქსში ვამატებთ. ჩვენ სწორედ ახალ აღმოჩენებზე ვმუშაობთ – გვინდა ვიპოვოთ კარგი პროდუქტი კარგ ფასად. ასევე გვსურს ადეკვატური ფასი შევინარჩუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, ბევრი ბრენდი გატესტოს და თავად აირჩიოს".
ყოველი თვის ბოქსის შიგთავსზე წინასწარ ზრუნავენ, რომელიც მუდმივად იცვლება. Beauty and The Box-ის ვებსაიტზე რეგისტრაციის შემდეგ კი, მას მერე, რაც გუნდი თქვენი ასაკის თუ კანის ტიპის შესახებ შეიტყობს, თვის ბოქსის პროდუქციის სხვადასხვა ვარიაციას კრებს და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულ პაკეტს ქმნის.
Beauty and The Box-ის სილამაზის პროდუქტების გზავნილის მიღება თვეში 30 ლარად შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, მუდმივი ხელმომწერი გახდებით და ახალ-ახალ ამანათებს წლიურად 300 ლარის გადახდის შემდეგ მიიღებთ.
კომპანია დაარსების დღიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს. თუკი თბილისში გამომწერთა ამანათების მიტანაზე კერძო კომპანია ზრუნავს, რეგიონებში ბოქსებს "საქართველოს ფოსტა" არიგებს. მაქსიმალური დრო გამოწერიდან მიღებამდე 3 დღეა. "ხანდახან რეგიონებში ბევრად სწრაფად მიაქვთ, ვიდრე თბილისში. რა თქმა უნდა, თბილისიდან ყველაზე მეტი გამომწერი გვყავს, თუმცა ასევე უამრავ ადამიანს ვუგზავნით ქუთაისში, ბათუმში და მთელი ქვეყნის მასშტაბით", − ამბობს თეონა.
Beauty and The Box 2018 წლის მარტში შეიქმნა. თეონა თავართქილაძის გათვლით, გამომწერთა რაოდენობა 2500-მდე საახალწლოდ უნდა ასულიყო, თუმცა ეს ციფრი უკვე ივლისში მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სწრაფი ზრდა კომპანიაში ყველას გაუხარდა, ისიც აღმოაჩინეს, რომ გაზრდილი მოთხოვნისთვის მზად არ იყვნენ და საგანგებო სიტუაციაში მუშაობაც მოუწიათ. სასწრაფოდ შეავსეს მარაგი, ბევრი იშრომეს, რომ ყუთების მიწოდება არ დაგვიანებულიყო.
პირველადი ინვესტიცია ჯერჯერობით არ ამოუღია, თუმცა თუკი კომპანიის განვითარების დინამიკას გავითვალისწინებთ, წლის ბოლოს Beauty and The Box დიდი ალბათობით მომგებიანი გახდება.
თეონა თავართქილაძისთვის, ბოქსის ხელმისაწვდომობის გარდა, პრიორიტეტული გამოწერის გამარტივებაც იყო. სწორედ ამ მიზნით შეუკვეთა მარტივი ვებსაიტი. მცირე განმარტების წაკითხვისა და კითხვარის შევსების შემდეგ, რამდენიმე Click-ში Beauty and The Box-ის გამომწერი ხდებით.
თეონას მთავარი გამოწვევა, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ბოქსის მაქსიმალური ხელმისაწვდომობაა. იმის მიუხედავად, რა ღირებულების კოსმეტიკური ნაწარმი დაგხვდებათ ბოქსში, მთავარია მან თქვენამდე მარტივად და იაფად მოაღწიოს.
სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა, ბოქსის სტანდარტული ვერსია შეექმნა. "არავითარი VIP და ძვირადღირებული ბოქსები. ეს მასობრივი პროდუქტია . განვიხილავდით, მაგალითად, 50-ლარიანი ყუთის გაკეთების იდეასაც, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობის დროსაც, კამპანიაში ცნობილი ადამიანების ჩართვის ვერსიაც კი არ დამიშვია. მინდა ჩემი კომპანიის სახე ჩვეულებრივი მომხმარებელი იყოს − ყველა ასაკის, ყველანაირი მონაცემის. გამომწერები ფოტოებს გვიგზავნიან და გარეგნობიდან გამომდინარე ვარჩევთ, ვინ რომელი სეზონის ჟურნალს მოუხდება. ეს ბოქსი ყველასთვისაა და მეც თავიდან ბოლომდე ამ პროდუქტისთვის ვიხარჯები".
გამომწერთა ძირითადი ასაკობრივი კატეგორია 25-იდან 35 წლამდე მერყეობს. თუმცა საიტზე 18 წლის ასაკიდანაც რეგისტრირდებიან.
ქართული ბოქსის პრაქტიკა ამერიკულისგან ოდნავ განსხვავებულია. თუკი შეერთებულ შტატებში არსებული მსგავსი კომპანიები აქცენტს დეკორატიულ კოსმეტიკაზე ამახვილებენ, თეონა თავართქილაძის პროექტის ამოსავალი წერტილი თავის მოვლის ხარისხიანი საშუალებებია. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ამერიკაში გამომწერთა ძირითადი მასა 18-იდან 24 წლამდე მერყეობს, საქართველოში კი მათ რიცხვში შედარებით უფროსი, თავის მოვლის ხარისხიანი საშუალებებით დაინტერესებული ადამიანები შედიან.
ამ ეტაპზე მამაკაცთა თანამონაწილეობა Beauty and The Box-ის გაყიდვებში მხოლოდ მჩუქებლის პოზიციიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თხოვნა უკვე მიიღო ამანათების მამაკაცის ხაზიც შეექმნა, თეონა ჯერჯერობით თავს იკავებს. როგორც ამბობს, ამისთვის არც ისე დიდი მოთხოვნაა და პროდუქციის მიწოდებაც შეზღუდულია კოსმეტიკის ბაზარზე. ყველაზე რეალისტურად, სამომავლოდ მამაკაცების სეზონური ბოქსების შექმნა მიაჩნია.
Beauty and The Box-ს სოციალურ ქსელში საკუთარი კომუნაც გაუჩნდა − "როცა ფეისბუქგვერდზე ვინმე შეკითხვას სვამს, სანამ პასუხს ავკრეფთ, უკვე სხვა მომხმარებლის პასუხი ან რჩევა ჩნდება", − ამბობს თეონა. მისთვის მომხმარებელთა გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია. "არ იფიქროთ, რომ ვინმეს შენიშვნა მწყინს. ყველას მოსაზრება გულთან ახლოს მიმაქვს, ვითვალისწინებ და ვცდილობ, გასავითარებლად გამოვიყენო. მე ჩემს მომხმარებელს ვერგები, ვუსმენ. არის საკითხები, რომლებზეც განსხვავებული შეხედულება მაქვს", − ამბობს თეონა, − "თუმცა, საბოლოო ჯამში, მე მათთვის ვმუშაობ. ბევრ რჩევას ვისმენ და კრიტიკას ბოქსის გასაუმჯობესებლად ვიყენებ".